განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №307I -21 თბილისი
ც-ე კ-რ, 307I -21 8 აპრილი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ც-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ კ. ც-ის პირადი საქმე.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ც-ის, - - - მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.
3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. ც-ემ, რომელიც ითხოვს 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე შეფარდებული ჯარიმის - 10000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ კ. ც-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით, ვინაიდან ამ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული ძირითადი სასჯელისაგან კ. ც-ე გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 29 მარტის განჩინებით (რომლითაც უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე.
3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის.
4. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ კ. ც-ეს ჯარიმა - 10000 ლარი შეფარდებული აქვს 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, რომელიც, საქმის მასალების მიხედვით, აღსრულებული არ არის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. ც-ის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი და ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განაჩენით მისთვის დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის - 10000 ლარის გადახდისაგან.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. ც-ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ კ. ც-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებული კ. ც-ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 აპრილის განაჩენით მისთვის დამატებითი სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის - 10000 (ათი ათასი) ლარის გადახდისაგან;
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. ვასაძე