დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 03.06.2021
საქმის ნომერი
2კ-365-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №365I-21 თბილისი

ა-ი ნ-ნ, 365I-21 3 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ნ. ა-ის ადვოკატების - გ. დ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ნ. ა-ის მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები ყაზახეთის რესპუბლიკაში:

· 2014 წლის 4 თებერვალს ნ. ა-ს წარედგინა ბრალი ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის;

· ქალაქ ასტანის ალმაატის რაიონის №2 სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ა-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა 2 თვით პატიმრობა;

· 2015 წლის 17 მარტიდან ნ. ა-ი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით;

· ყაზახეთის რესპუბლიკის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს (ანტიკორუფციული სამსახურის) საგამოძიებო დეპარტამენტის 2018 წლის 5 მაისის დადგენილებით ნ. ა-ი ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (1997 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვა ან/და მითვისება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) შესაძლო ჩადენისათვის;

· ყაზახეთის რესპუბლიკის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს (ანტიკორუფციული სამსახურის) საგამოძიებო დეპარტამენტის 2018 წლის 5 მაისის დადგენილებით ეჭვმიტანილ ნ. ა-ის ქმედება დაკვალიფიცირდა ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (1997 წლის რედაქცია).

2. საქმის მასალების მიხედვით, ნ. ა-ის დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2006 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში შპს “ყ-ის ტ-ი ტ-ის“ (შემდგომში - შპს “---ს“) ფაქტობრივმა მმართველმა და შემდგომ დირექტორმა - ნ. ა-მა სს „ტ-ის“ პრეზიდენტ ა. ნ-თან, აგრეთვე, ვიცე-პრეზიდენტ მ. ა-სა და სს „ს-ის“ პრეზიდენტ რ. ხ-თან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრები გაფლანგა და მიითვისა, კერძოდ: ნ. ა-ისა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების ერთობლივი განზრახვითა და ქმედებებით სს „ტ-სა“ (მითითებული კომპანიის 100% აქციების მფლობელი იყო სახელმწიფო) და შპს „---ს“ შორის დაიდო არახელსაყრელი და უკანონო შეთანხმება, რომელიც ფინანსურ ზიანს აყენებდა სს „ტ-ის“ (შესაბამისად მისი ერთადერთი მფლობელის - სახელმწიფოს) ინტერესებს და უზღუდავდა ამ უკანასკნელს ცალმხრივად ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობას. დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთიან განზრახვაზე სახელმწიფო ქონების უკანონო გაფლანგვისა და შემდგომ დაუფლების თაობაზე მიუთითებს შემდეგი გარემოებები: სს „ტ-ის“, სს „ს-ისა“ და „---ის“ ხელმძღვანელები/დამფუძნებლები იყვნენ ერთმანეთთან აფილირებული პირები და რიგ შემთხვევაში გააჩნდათ ნათესაური კავშირი. შესაბამისად, აღნიშნული პირები მოქმედებდნენ შეთანხმებულად, სახელმწიფო ხარჯზე უკანონო საერთო სარგებლის მიღების მიზნით. 2003-დან 2005 წლამდე პერიოდში სს „ტ-ს“ გაფორმებული ჰქონდა ტელეკომუნიკაციისა და სატელიტური მოწყობილობების იჯარის ხელშეკრულება სს „ს-სა“ და შპს „---თან“. აღნიშნული მოწყობილობების იჯარისათვის სს „ტ-ი“ იხდიდა თვეში 29,4 მილიონ ყაზახურ ტენგეს. ამასთან, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, სს „ტ-ს“ გააჩნდა ტელეკომუნიკაციის და სატელიტური მოწყობილობების უპირატესი შეძენის უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა, დანაშაულებრივი დაჯგუფების გეგმის შესაბამისად, სს „ტ-მა“ არ ისარგებლა მითითებული უფლებით და არ გააგრძელა ხელშეკრულება იმავე პირობით, არამედ დადო ახალი ხელშეკრულება (ფაქტობრივად იჯარის) შპს „---თან“ ცალსახად არახელსაყრელი პირობებით. აღსანიშნავია, რომ გეგმის შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულება აშკარად არახელსაყრელი პირობებით დაიდო უშუალოდ ნ. ა-ის ძალისხმევით. იმავე მოწყობილობების იჯარისათვის, რომელშიც სს „ტ-ი“ იხდიდა 29,4 მილიონ ყაზახურ ტენგეს თვეში, შპს „---სთვის“ უნდა გადაეხადა 64,4 მილიონი ყაზახური ტენგე თვეში და ამასთან - ყოველთვიური შემოსავლის 15%. აღსანიშნავია, რომ მოწყობილობები იყო არა მსგავსი, არამედ იგივე, რომელსაც სს „ტ-ი“ იჯარით იღებდა სს „ს-ისა“ და შპს „---სგან“. დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, მითითებულ მოწყობილობებს „ს-ისა“ და შპს „---სგან“ იჯარით იღებდა „--“ და შემდეგ აწვდიდა სს „ტ-ს“. ამასთან, ხელშეკრულების ფარგლებში სს „ტ-ს“ გააჩნდა შეზღუდული უფლებები, მათ შორის, არ გააჩნდა ხელშეკრულებაზე ცალმხრივად უარის თქმის შესაძლებლობა. აგრეთვე, იგი ვალდებული იყო, უზრუნველეყო შემოსავლის მიღება, ხოლო თუ შემოსავალი აღმოჩნდებოდა სავალდებულო ყოველთვიურ შენატანზე (64,4 მილიონი ყაზახური ტენგე) ნაკლები, სს „ტ-ს“ უნდა გადაეხდა ჯარიმა. ამასთან, დადებული ხელშეკრულების ფარგლებში აშშ დოლართან ან/და ევროსთან ყაზახური ტენგეს გაუფასურების შემთხვევაში სს „ტ-ს“ უნდა გაეზარდა ყოველთვიური შენატანი „---ს“ სასარგებლოდ. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, 2006 წლის ივნისიდან 2012 წლის დეკემბრამდე პერიოდში სს „ტ-მა“ უკანონოდ დადებული შეთანხმების შესაბამისად, შპს „---ს“ სასარგებლოდ გადარიცხა 4423277607 ყაზახური ტენგე და სწორედ ამ ოდენობის ზიანი მიადგა სახელმწიფოს. ამასთან, მითითებული თანხის ნაწილს - 964892939 ყაზახურ ტენგეს უკანონოდ დაეუფლა ნ. ა-ი, კერძოდ - დროებითი ფინანსური დახმარების მიზეზით მან მითითებული თანხა გაიტანა შპს „---ს“ სალაროდან, თუმცა, ფაქტობრივად, უკან აღარ დაუბრუნებია.

3. ნ. ა-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

o 2018 წლის 16 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ძებნილი ნ. ა-ი;

o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით ნ. ა-ს შეეფარდა 3 თვით საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის ათვლა დაეწყო 2018 წლის 16 აპრილიდან;

o თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2018 წლის 2 მაისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ნ. ა-ის ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე;

o 2018 წლის 11 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნ. ა-ის ექსტრადიციის თაობაზე მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები;

o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით ნ. ა-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 16 ოქტომბრამდე;

o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ნ. ა-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 16 იანვრამდე;

o თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ნ. ა-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაო - 20000 ლარით. მასვე დაეკისრა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

4. 2021 წლის 10 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნ. ა-ის ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა და დასაშვებად იქნა ცნობილი ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნ. ა-ის, - დაბადებულის 1965 წლის 3 მაისს, - ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ყაზახეთის რესპუბლიკის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს (ანტიკორუფციული სამსახურის) საგამოძიებო დეპარტამენტის 2018 წლის 5 მაისის დადგენილებით ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (1997 წლის რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვა ან/და მითვისება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) მიმართებით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ნ. ა-ის ადვოკატებმა - გ. დ-მა და გ. მ-მა, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ნ. ა-ის მიმართ ყაზახეთის რესპუბლიკაში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ნურსულთან ნაზარბაევის ოჯახთან კონფლიქტის გამო და მას ემუქრებიან წამებითა და ფიზიკური განადგურებით. ამასთან, დაცვის მხარე ითხოვს, რომ ნ. ა-ის საქმე ადგილმონაცვლეობის პრინციპის გამოყენებით განიხილოს საქართველოს სასამართლომ.

7. პროკურორი არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს და ითხოვს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს და ორმაგი დასჯის აკრძალვის (non bis in idem) პრინციპებს, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, არის დაცული.

3. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების მიხედვით, ძებნილი ნ. ა-ის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისა და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ნ. ა-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების სტანდარტები და იგი დაექვემდებარება წამებასა და ფიზიკურ ლიკვიდაციას. ამასთან, ადვოკატებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება, რომელიც ნ. ა-ის მიმართ ყაზახეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ვარაუდს დაადასტურებდა, ხოლო მათი ზოგადი განცხადებები ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის გამომრიცხავ გარემოებად.

5. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99, 46951/99, მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) 04/02/2005, §70).

6. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა თანახმად: ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა მიზნად არ ისახავს ნ. ა-ის დევნას პოლიტიკური მოტივით, მისი რასობრივი კუთვნილების, აღმსარებლობის, ეროვნების ან პოლიტიკურ შეხედულებების გამო; ექსტრადიციის შემთხვევაში მას მიეცემა დაცვის ყველანაირი კანონიერი შესაძლებლობა, მათ შორის - ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის უფლება; იგი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას; საჭიროების შემთხევაში ნ. ა-ს გაეწევა სამედიცინო დახმარება.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ნ. ა-ის ადვოკატების - გ. დ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 18 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე