შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100120003961314
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №301აპ-21 ქ. თბილისი
ს–ე დ., 301აპ-21 1 ივნისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დ. ს–ე - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ს–ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 11 აგვისტოდან იმავე წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.
დ. ს–ს როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის სექტემბერში, .............ში, ........ის მე-.. პლატოს ..-ე კორპუსის ბინა №..-ში, უსაფუძვლო მიზეზით, დ. ს–მ ორსულ მეუღლეს - ნ. ს–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარცხენა მკლავზე დაარტყა ხელი. დ. ს–ს ქმედების შედეგად ნ. ს–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 17:30 საათზე, .......ში, .........ის მე-.. პლატოს ..-ე კორპუსის ბინა №..-ში, დ. ს–მ ყოფილ მეუღლეს - ნ. ს–ს, ამ უკანასკნელის დის - ლ. ს–ს და თავიანთი არასრულწლოვანი შვილის - ლ. ს–ს თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში.
2020 წლის 8 აგვისტოდან 10 აგვისტომდე დროის პერიოდში, ელექტრონული საშუალების გამოყენებით, დ. ს–ე ყოფილ მეუღლეს - ნ. ს–ს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა, რის გამოც ნ. ს–ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ცვლილების შეტანას და დ. ს–სათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. პროკურორი მედეა ცირამუა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ დ. ს–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას თავისუფლების აღკვეთის სახით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო არ იზიარებს პროკურორ მედეა ცირამუას საჩივრის მოტივებს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ დ. ს–ს მიმართ არ იქნეს გამოყენებული პირობითი მსჯავრი.
3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
4. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5. საქმის მასალების თანახმად, დ. ს–ს მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, იგი ნასამართლობის არმქონეა, მას ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადავო არ გაუხდია და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
6. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინა პირობა, რის გამოც დ. ს–ს მიმართ მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია, წარმოადგენს საკმარის ზომას მისი გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის და შესაბამისად, არ არსებობს მისი დამძიმების საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს დ. ს–ს ბრალეულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით - დ. ს–ს აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ნ. ს–სისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, ვიზუალური დათვალიერების ოქმით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მის მიერ ჩადენილი დანაშაული.
8. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია ოჯახური დანაშაული, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
9. მოცემულ შემთხვევაში დ. ს–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს ქმედების ჩადენას ოჯახის წევრის მიმართ. შესაბამისად, მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით კვალიფიკაციისას, რაც გულისხმობს მუქარას, ჩადენილს ოჯახის წევრის მიმართ, დამატებით იმავე კოდექსის მე-111 მუხლზე მითითება საჭირო აღარ არის, რის გამოც დ. ს–ს წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს სსკ-ის მე-111 მუხლი (მაგ.იხ.საქმე #965აპ-20).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. დ. ს–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლი;
4. დ. ს–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ს–ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 11 აგვისტოდან იმავე წლის 29 სექტემბრის ჩათვლით;
5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე