საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 28.05.2021
საქმის ნომერი
2კ-185აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.05.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100120003558833

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №185აპ-21 ქ. თბილისი

ბ–ი დ. 185აპ-21 28 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ დ. ბ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ბ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - სსკ-ის) 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დ. ბ–სათვის დანიშნული სასჯელის შემცირებას.

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი გოჩა ცინცაძე შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულ დ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ–ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენის ძალაში დატოვებას.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დ. ბ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულმა დ. ბ–მ დანიშნული სასჯელი გამოჯანმრთელებამდე ან/და ფსიქიკური მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებამდე უნდა მოიხადოს სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში, კერძოდ, აკად. ..........ის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (..........). მსჯავრდებულის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მოთავსება დაევალა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულებას.

მსჯავრდებულ დ. ბ–ს გამოჯანმრთელების ან/და ფსიქიკური მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესების შემდეგ მან სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით.

დ. ბ–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 23 თებერვლიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 22 თებერვალს, ღამის საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ......ის რაიონის სოფელ ..........ში, მთვრალი დ. ბ–ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ტ. გ–ის მფლობელობაში არსებულ, ეროვნული სატყეო სააგენტოს ...............ის სატყეო სამსახურის კუთვნილ, 7000 ლარად ღირებულ ავტომანქანა ,,ნივას“ სარეგისტრაციო ნომრით ......

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დ. ბ–სთვის დანიშნული სასჯელის ერთი მესამედის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების საფუძველზე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების შესაბამისად (მსჯავრდებულმა დ. ბ–მ პირველი ინტანციის სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა საბოლოო სიტყვის წარმოთქმის ეტაპზე, არც გამოძიებასთან უთანამშრომლია), მსჯავრდებულ დ. ბ–ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი.

8. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

9. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში განსახილველ საქმეში არ მოიპოვება ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ დ. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების თაობაზე ვერ იმსჯელებს.

10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 7 აგვისტოს სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N.... დასკვნით, დ. ბ–ს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს (2020 წლის 22 თებერვალს) აღენიშნებოდა ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა (კოდი - ....; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით, ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). შემდგომში, იზოლაციის პირობებში მას განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქოზური აშლილობა - ალკოჰოლური ფსიქოზი (კოდი - ... დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) და მას არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი მან უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (აკად. ...........ის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; ............) მისი ფსიქიკური მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით).

11. საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში.

12. მსჯავრდებულ დ. ბ–ს ფსიქიკურ მდგომარეობასთან მიმართებაში კასატორის მითითებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ მსჯელობას რომ ალკოჰოლური თრობით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასჯელის დანიშვნისას პასუხისგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე