საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.09.2021
საქმის ნომერი
2კ-668აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.09.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002821026

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №668აპ-21 ქ. თბილისი

კ-ე კ, 668აპ-21 20 სექტემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ- ვ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განაჩენით:

1.1. კ. კ-ე, - დაბადებული .... წლის .. ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

1.2. კ. კ.ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 25 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2018 წლის 18 დეკემბრიდან იმავე წლის 19 დეკემბრის ჩათვლით.

1.3. გაუქმდა კ. კ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. კ-მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2018 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 13:40 საათზე, ზ-ს რაიონის დაბა შ-ი გამავალი საავტომობილო გზის თ-ს 192-ე კილომეტრზე „ოპელ ასტრას“ მოდელის, სახ.№..., ავტომობილით მოძრაობისას, კ. კ-მ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად: „გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია გასწრება ისე განახორციელოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე ან დაბრკოლება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. იგი აგრეთვე უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია და ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა“, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „ჰარლეი დევიდსონის“ მოდელის, სახ.№...., მოტოციკლს, რომელსაც მართავდა ლ. მ-ი. შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო მოტოციკლის მძღოლმა ლ. მ-ა, რომელიც მიღებული ტრავმების გამო იმავე დღეს გარდაიცვალა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 მაისის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორი - მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ვ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას; კასატორის მოსაზრებით, საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები კ. კ-ს მიმართ ბრალდების დასადასტურებლად.

5. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

6.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.2. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებული კ.კ-ე არის უდანაშაულო და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მისი გამართლების თაობაზე არის უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, კერძოდ:

8. მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ლ. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის ლ. მ-ს დედა. ლ. მ-ი იყო ძალიან წინდახედული, ღირსეული და გამორჩეული ადამიანი. ლ. პროფესიით ექიმი იყო და რამდენიმე ადგილზე მუშაობდა, პარალელურად ჰქონდა გატაცება და იყო მოტოციკლისტების კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი. კლუბი ეწეოდა ქველმოქმედებას და რეგიონებში ჰქონდათ გასვლები. 2018 წლის 27 ივლისს, დილით, ლ-მ განუმარტა, რომ ერთ-ერთი ტურით, მოტოციკლით მიდიოდა რ-ს მიმართულებით და დაახლოებით 09:00 საათზე სახლიდან გავიდა. რამდენიმე საათის შემდეგ ლ-ს მეგობარი დაუკავშირდა და განუმარტა, რომ გზაში იყვნენ და უკვე ხ-ს გასცდნენ. დაახლოებით 16:00 საათზე მეუღლეს რძალმა შეატყობინა, რომ ლ-ა მოტოციკლით დაიმტვრა. თავდაპირველად ავარიის მიზეზი ლ-ს შეცდომა ეგონა, თუმცა შემდეგ შვილის მეგობრებმა განუმარტეს, რომ ისინი ავტოსაგზაო შემთხვევას არ შესწრებიან, თუმცა ადგილზე მალე მივიდნენ, სადაც სამხედროები დახვდნენ, რომლებმაც ლ-ს პირველადი დახმარება გაუწიეს და აღნიშნეს, რომ ლ-ა თავის ზოლში, გვერდულთან ახლოს მოძრაობდა და კ. კ-ე მის ზოლში შეიჭრა. ლ.ა იმ დღეს, 19:20 საათზე, გარდაიცვალა. დაახლოებით ორთვე-ნახევრის შემდეგ გამომძიებელმა ექსპერტიზის დასკვნა გააცნო, რომლითაც დარწმუნდა, რომ ავტოსაგზაო შეთხვევა კ. კ-ს ბრალეულობით იყო გამოწვეული. კ. კ-ს დაკავებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მასთან ექვსი-შვიდი ადამიანი მივიდა, პატიებას და კ. კ-ს სასჯელის არიდებას ითხოვდნენ. მოწმემ განმარტა, რომ იგი კ. კ-ს არ შერიგებია.

9. მოწმის სახით დაკითხული, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ი-ს მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ გ. შ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის 2018 წლის 27 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. სამორიგეო განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ზ-ს რაიონის დაბა შ-ი მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც მოქალაქემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. მოახდინა საქმის დარეგისტრირება, დაიწყო გამოძიება და გაემართა შემთხვევის ადგილზე. შემთხვევის ადგილი, რომელიც პატრულ-ინსპექტორების მიერ დაცული დახვდა, ექსპერტ-კრიმინალისტ ზ. გ-ს მონაწილეობით დაათვალიერა, შეადგინა სქემა და ექსპერტ-კრიმინალისტმა მოახდინა შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება. შემთხვევის ადგილზე გზის სიგანე დაახლოებით რვა მეტრია, ღერძულა ხაზი წყვეტილია და გასწრება ნებადართულია. მხედველობის არე ქ-ს მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის დაახლოებით 100 მეტრი, ხოლო თ-ს მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის დაახლოებით 150 მეტრია. თ-ს მიმართულებით სამოძრაო ზოლის გვერდულზე „ოპელის“ მარკის ავტომობილი იდგა, რომელსაც მარცხენა საბურავი და მარცხენა ფრთა ჰქონდა დაზიანებული. შეჯახების ადგილიდან დაახლოებით 20-30 მეტრში, ელექტრობოძთან იყო მთლიანად დაზიანებული „ჰარლი დევიდსონის“ მარკის მოტოციკლი. ავარია მომხდარი იყო ქ-ს მიმართულებით სამოძრაო ზოლში, ღერძულა ხაზიდან დაახლოებით 2-2,5 მეტრის დაშორებით, სადაც ამოტეხვის კვალი შეინიშნებოდა. ამოტეხვის კვალი კიდევ იყო ერთ ან ორ ადგილას, შეჯახების ადგილიდან მოტოციკლის მიმართულებით. შეჯახების ადგილის შემდეგ გვერდულის მიმართულებით, ასფალტირებული გზის სიგანე დაახლოებით ერთი მეტრია, შემდეგ - ხრეშიანი გვერდული, შემდეგ კი გადასავარდნია. მოტოციკლის სამოძრაო ზოლიდან ავტომობილის წინა, მარცხენა საბურავის მოთრევის კვალი „ოპელის“ მარკის ავტომანქანის წინა, მარცხენა საბურავთან მიემართებოდა. შემთხვევის ადგილზე ასევე აღინიშნებოდა სისხლისა და სავარაუდოდ, ადამიანის ძვლისა და ქსოვილის ნარჩენები. „ოპელის“ მარკის ავტომობილი და „ჰარლი დევიდსონის“ მარკის მოტოციკლი დათვალიერების შემდეგ გადაყვანილ იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე. კ. კ-ე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და სქემის შედგენისას იქ იმყოფებოდა და ყველაფერს ესწრებოდა, შემდეგ კი იგი საავადმყოფოში მიიყვანა, სადაც სპეციალისტის მონაწილეობით სისხლის ნიმუში აუღო. მოგვიანებით, იმავე დღეს, მოტოციკლის მძღოლი - ლ. მ-ი გარდაიცვალა და გვამზე დანიშნა ექსპერტიზა, ასევე კ. კ-ს სისხლის ნიმუშზე დანიშნა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა. კ. კ-ს გამოკითხვის შემდეგ ასევე დაინიშნა ავტოტექნიკური ექსპერტიზა. დასკვნით დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო კ. კ-ს მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ლ. მ-ს დედა, რომელიც მოწმის სახით გამოკითხა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს კ. კ-ე და წარედგინა ბრალდება.

10. მსჯავრდებულ კ. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ რომ 2018 წლის 27 ივლისს სახლიდან გავიდა და ავტომობილით მარტო მიდიოდა თ-ს მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობდა დაახლოებით 80-90 კმ/სთ სიჩქარით. გზის მონაკვეთი, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ფართოა და ღერძულა ხაზი წყვეტილია. მის წინ მოძრაობდა ავტომობილი, შემხვედრ ზოლში კი - სატვირთო, რომელიც მისგან საკმარისი მანძილით იყო დაშორებული, რათა წინ მიმავალი ავტომანქანისათვის გაესწრო. გვერდით სარკეში გაიხედა და გასწრების მანევრის შესრულება დაიწყო, რა დროსაც საპირისპირო მიმართულებით, მოსახვევიდან, რომელიც მისგან დაახლოებით 150 მეტრით იყო დაშორებული, დიდი სიჩქარით გამოვიდა მოტოციკლი, რომელმაც სატვირთოს გადმოასწრო, თავის ზოლში ჩადგა და მისი ავტომობილისათვის გვერდის ავლა სცადა, მაგრამ მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, ვერ გავიდა და იმ დროს, როდესაც თავად შემხვედრ ზოლში იმყოფებოდა და თავის ზოლში უნდა ჩამდგარიყო, მოტოციკლი ავტომობილის მარცხენა ფრთას შეეჯახა, შედეგად ავტომანქანის მარცხენა დისკი გატყდა და კარი დაზიანდა. შეჯახების შემდეგ მოტოციკლი 42 მეტრზე გადავარდა და ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ასევე გატყდა ავტომანქანის წინა საქარე მინა და თვალებში შეეყარა, რის გამოც ვერაფერს ხედავდა და ინსტინქტურად ავტომანქანა გვერდზე გადააყენა. შემთხვევის ადგილზე სამხედროები გაჩერდნენ, რომლებმაც მოტოციკლის მძღოლს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. სამხედროებმა განმარტეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მოტოციკლმა მათაც გადაასწრო, რა დროსაც სწრაფად მოძრაობდა და მათ ავტომანქანას ლამის სარკეზე გაედო. შემთხვევის ადგილზე ასევე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, შემდეგ კი - გამომძიებელი. თავად ავტომანქანაში იჯდა, გამომძიებელმა ნახაზი შეადგინა, რომელიც მისთვის არ უჩვენებიათ, შემდეგ კი საავადმყოფოში წაიყვანა და სისხლის ნიმუში აუღო, თუმცა სრულიად ფხიზელი იყო. შემდეგ მეორე საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მოტოციკლის მძღოლი - ლ. მ-ი ჰყავდათ გადაყვანილი. მეორე დღესვე სასულიერო პირის დახმარებით სცადა გარდაცვლილის ოჯახთან დაკავშირება, თუმცა აღნიშნულმა პირმა ურჩია, რომ გარდაცვლილის მშობლები გაღიზიანებული იქნებოდნენ და მათთან კონტაქტისაგან თავი შეეკავებინა, მოგვიანებით კი თავად შეარიგებდა. შემდეგ კვლავ ცდილობდნენ ლ. მ-ს ოჯახთან დაკავშირებას, თუმცა აღნიშნული სასულიერო პირი კვლავ ეუბნებოდა, რომ ჯერ ადრე იყო. ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, ავტოსაგზაო შემთხვევიდან დაახლოებით ხუთ თვეში დააკავეს.

11. 2018 წლის 27 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზ-ს რაიონის დაბა შ-ი და წარმოადგენს თ-ის საავტომობილო გზის 192-ე კილომეტრს. გზა აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტირებული და უდეფექტოა, მასზე კარგადაა აღნიშნული, როგორც წყვეტილი ღერძულა, ისე გვერდულის აღმნიშვნელი ხაზები. ქ-ს მიმართულებით სამოძრაო ზოლში არის შეჯახების ადგილი, რაც ღერძულა ხაზიდან დაშორებულია 2,50 მეტრით. შეჯახების ადგილიდან ქ-ს მიმართულებით 9,30 მეტრის მანძილზე, იმავე სამოძრაო ზოლში, ასფალტის საფარზე, აღინიშნება ამოტეხვის კვალი, რაც გვერდულა ხაზიდან დაშორებულია 0.40 მეტრით, აღნიშნულიდან 2.0 მეტრის მანძილზე, გვერდულის ხაზთან, არის მეორე ამოტეხვის კვალი, შეჯახების ადგილიდან 40.80X4,0 მეტრის მანძილზე, გზის ლითონის ჯებირთან, დევს შავი ფერის „ჰარლეი დევიდსონის“ მოდელის სახ.№... მოტოციკლი, რომელიც დაზიანებულია მთლიანად. აღნიშნული მოტოციკლი გვერდულის ხაზიდან დაშორებულია 2.50 მეტრით. იმავე ლითონის ჯებირის დასაწყისში, მიწაზე, აღინიშნება დიდი ზომის სისხლისმაგვარი ლაქა. შეჯახების ადგილიდან 6,40X80,70 მეტრის მანძილზე, თ-ს მიმართულებით სამოძრაო ზოლის გვერდულზე, წინა ნაწილით თ-ნ დგას ,,ოპელ ვექტრას“ მოდელის სახ.№... ლურჯი ფერის ავტომობილი, მას დაზიანებული აქვს წინა მოპირკეთება, წინა მარცხენა ფრთა, საბურავი, წინა მარცხენა საყრდენი. წინა მარცხენა კარი სხვა ფერისაა. ავტომობილის წინა მარცხენა საბურავი ღერძულა ხაზიდან დაშორებულია 4,30 მეტრით, ხოლო უკანა მარცხენა საბურავი ღერძულა ხაზიდან დაშორებულია 3.90 მეტრით. ავტომობილიდან შეჯახების ადგილისაკენ მიემართება 82.90 მეტრი სიგრძის მოთრევის კვალი. სხვა რაიმე კვლები და საგნები შემთხვევის ადგილზე ნანახი ვერ იქნა. შემთხვევის ადგილზე მოხდა ფოტოგრაფირება და შედგა სქემა.

12. მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - კ. ქ-ს ჩვენებისა და მის მიერ გაცემული ავტოტექნიკური ექსპერტიზის N...ა დასკვნის თანახმად, მძღოლის - კ. კ-ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34.3 (გ) მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. მძღოლის - ლ. მ-ს მოქმედებაზე არ იყო დამოკიდებული მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

13. სამედიცინო ექსპერტიზის N.....დასკვნის თანახმად, მოქ. ლ. მ-ს სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული მარცხენა ზედა კიდურის არასრული და ქვედა კიდურის სრული ტრავმული ამპუტაციის შედეგად დაზიანებული სისხლძარღვებიდან განვითარებული გარეგანი სისხლდენის შედეგად. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „ჯ-ს“ ზ-ს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ცნობა N11452 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 27.07.18წ.)) - მონაცემების თანახმად, მოქ. ლ. მ-ს ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი კონსტატირებულ იქნა 27.07.18წ. 20:00სთ-ზე. სიკვდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ დროს. მოქ. ლ. მ-ს გვამზე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. დაზიანებათა აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია წარმოდგენილია გვამის გარეგნული და შინაგანი გამოკვლევის მონაცემებში. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ლ. მ-ს გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპრორილის სპირტები.

14. მოწმის სახით დაკითხული ნ. ყ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 ივლისს საკუთარი ავტომანქანით მიდიოდა ზ-ნ შ-ს მიმართულებით, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევას შეესწრო. იმ მონაკვეთზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გზა სწორია, თავსა და ბოლოში კი ორივე მიმართულებით მოსახვევია. იმ ადგილას გზა ფართოა, ღერძულა ხაზი წყვეტილია და მანქანებს შეუძლიათ ერთმანეთს გვერდი აუარონ. თავად 60-70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, საპირისპირო მიმართულებით კი სატვირთო ავტომანქანა მოძრაობდა. შემხვედრ ზოლში შეამჩნია მოტოციკლი, რომელმაც მოსახვევიდან გამოსვლის შემდეგ მკვეთრად მოუმატა სიჩქარეს და სატვირთოს გადასწრება დაიწყო, რომელიც უკვე გზის სწორ მონაკვეთზე იყო. როდესაც შეხედა, რომ მოტოციკლმა, რომელიც დაახლოებით 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, სატვირთოს გასწრება დაიწყო, თავად სიჩქარეს უკლო და გვერდულისაკენ მიიწია, რაიმე რომ არ მომხდარიყო. გასცდა თუ არა მოტოციკლი, სარკეში გახედვაც კი ვერ მოასწრო, რომ ხმა გაიგო. მიხვდა, რომ რაღაც მოხდა, ავტომანქანა გააჩერა და გადავიდა. დამტვრეული მოტოციკლი დაინახა, რომელიც შეჯახების ადგილიდან დაახლოებით 40 მეტრში იყო. კ. კ-ს ავტომანქანა გზის მარჯვენა მხარეს იყო გაჩერებული, საბურავი ჰქონდა გახეთქილი და წინა საქარე მინა იყო ჩამტვრეული. კ. კ-ე ყვიროდა „ეს რა გააკეთაო“. შემდეგ მოტოციკლისაკენ გაემართა და მოტოციკლის მძღოლის მდგომარეობა ნახა. ამ დროს მოტოციკლისტი და სამხედროები გაჩერდნენ, რომლებიც მოტოციკლის მძღოლს ეხმარებოდნენ. ადგილზე ასევე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

15. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არ შეფასებულა მოწმის სახით დაკითხული ნ. ყ-ს ჩვენება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო განაჩენში დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ პრეტენზიაზე მართებულად მიუთითებს შემდეგს: მოწმე ნ. ყ-ს ჩვენებიდან გამომდინარე, მას უშუალოდ შეჯახების ფაქტი არ დაუნახავს და ამასთან, იმის დასადგენად, ნორმის დარღვევამ გამოიწვია თუ არა სისხლისსამართლებრივად დასჯადი შედეგი, საჭიროა სპეციალური ცოდნა. ამიტომ სატრანსპორტო დანაშაულებთან მიმართებით განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ექსპერტიზის დასკვნასა და მის უტყუარ/კატეგორიულ ხასიათს ენიჭება, შესაბამისად, მოწმის სახით დაკითხული ნ. ყ-ს მიერ მიცემული ჩვენება ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობისა და კ. კ-ს გამართლების საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმის ჩვენების მეშვეობით ხდება მოხდარი ფაქტების დადგენა, ხოლო მათი სამართლებრივი შეფასება სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსისაა და ქმედების კვალიფიკაციის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს, დაარღვია თუ არა ბრალდებულმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი და შეეძლო თუ არა მას კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. უსაფრთხოების წესის დარღვევის დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან იმის დადგენა, წინდახედულობის ნორმის დარღვევამ გამოიწვია თუ არა სისხლისსამართლებრივად დასჯადი შედეგი, მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. რიგ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ წინდახედულობის ნორმის როგორც დაცვის, ისე მისი უგულებელყოფის დროს ერთი და იგივე შედეგი დადგეს. ამიტომ სატრანსპორტო დანაშაულებთან მიმართებით განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ექსპერტიზის დასკვნასა და მის უტყუარ/კატეგორიულ ხასიათს ენიჭება. ექსპერტმა ზუსტად უნდა დაადგინოს საფრთხის შექმნის მომენტი და განსაზღვროს, მიიღო თუ არა მძღოლმა საფრთხის შექმნის მომენტიდან ის ზომები, რასაც მას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს.

17. მოცემულ შემთხვევაში, გარდა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობისა, თავად კ. კ-ს ჩვენებითაც დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 13:40 საათზე, ზ-ს რაიონის დაბა შ-ი გამავალი საავტომობილო გზის თ-ის 192-ე კილომეტრზე კ. კ-ე „ოპელ ასტრას“ მოდელის სახ.№.... ავტომობილით მოძრაობისას შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „ჰარლეი დევიდსონის“ მოდელის სახ.№.....მოტოციკლს, რომელსაც ლ. მ-ი მართავდა. შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო მოტოციკლის მძღოლმა ლ. მ-ა, რომელიც მიღებული ტრავმების გამო იმავე დღეს გარდაიცვალა. ის გარემოება, რომ ლ. მ-ი „ოპელ ასტრას“ მოდელის სახ.№.... ავტომობილთან, რომელსაც კ. კ-ე მართავდა, შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით.

18. საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ კ. კ-ს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია და აღნიშნულთან მიმართებით სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში განვითარებულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კ. კ-ს მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ი-ს მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ გ. შ-ს ჩვენებით დგინდება, რომ შეჯახება მომხდარი იყო ქ-ს მიმართულებით სამოძრაო ზოლში, ღერძულა ხაზიდან დაახლოებით 2-2,5 მეტრის დაშორებით, სადაც ამოტეხის კვალი შეინიშნებოდა. გამომძიებელ გ. შ-ს ჩვენებასთან თანხვდენილია სქემა და 2018 წლის 27 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ შეჯახების ადგილი არის ქ-ს მიმართულებით სამოძრაო ზოლში, რაც ღერძულა ხაზიდან დაშორებულია 2,50 მეტრით. იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შეჯახება მოტოციკლის სამოძრაო ზოლში მოხდა, ასევე ადასტურდებს მოწმე ნ. ყ-ა და მსჯავრდებულ კ. კ-ს ჩვენებები. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ავტოტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნით კი დასტურდება, რომ მძღოლის - კ. კ-ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34.3 (გ) მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლ ლ. მ-ს მოქმედებაზე არ იყო დამოკიდებული მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

19. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ავტოტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნაზე და უთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლს ბლანკეტური ხასიათი გააჩნია. ამდენად, უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ (კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები).

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების სრულყოფილი და ობიექტური ანალიზის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ კ. კ-მ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამრიგად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ვ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი