საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 240100120003523367
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№111აპ-21 ქ. თბილისი
ქ–ა ი., 111აპ-21 1 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი კოდუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი კოდუამ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და ითხოვს მასში ცვლილების შეტანასა და ი. ქ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას; კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ ი. ქ–სთვის შეფარდებული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლისას არ გაითვალისწინა მის ქმედებაში გამოკვეთილი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები - მისი კრიმინალური წარსული, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და დაზარალებულის პოზიცია, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა.
2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ივნისის განაჩენით ი. ქ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2020 წლის 5 თებერვლიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ქ–მ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2020 წლის 2 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.ს..........ში, ......ის ქ. №..-ში მდებარე, ს.......ის დროებითი მოთავსების იზოლატორში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაკავებულმა ი. ქ–მ სენაკის დროებითი მოთავსების იზოლატორის უმცროს ინსპექტორს - ფ. ს–ს, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. ქ–მ და მისმა ადვოკატმა რ. შ–მ, რომლებიც ითხოვდნენ განაჩენის შეცვლასა და სასჯელის შემსუბუქებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ნოემბრის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება; ი. ქ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. ი. ქ–ს სასჯელი აეთვალა 2020 წლის 5 თებერვლიდან.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლებით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და ი. ქ–ს სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის ნაწილიც, კანონის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინებითა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარა და მოინანია დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას თანხმობა განაცხადა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულიყო კანონისმიერი შეღავათები) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობითად, ხოლო სასჯელის კიდევ უფრო გამკაცრება და მისი პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოხდა საკასაციო სასამართლოს სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად არ მიაჩნია აუცილებლად.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი კოდუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი