დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802221004733713
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№385I-21 ქ. თბილისი
ა. ჰ., 385I-21 1 ივლისი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ა.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ა-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2012 წლის 1 მარტს თურქეთის რესპუბლიკის თ-ს რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს N.... განაჩენით ჰ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 170/1-c მუხლით და 6136 კანონის 13/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების (საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნა, ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვიების შეძენა, შენახვა, ტარება) ჩადენაში. იმავე განაჩენით ჰ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 თვით, 1 წლითა და 6 თვით.
აღნიშნული განაჩენი თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დარჩა ძალაში.
2013 წლის 31 დეკემბერს გამოტანილია ჰ. ა.ს დაკავების ბრძანებები ზემოაღნიშნული განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით.
2014 წლის 29 მაისს თურქეთის რესპუბლიკის თ-ს რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს N ... განაჩენით ჰ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 106/2-a მუხლით და 6136 კანონის 13/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების (ცეცხლსასროლი იარაღით მუქარა, ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვიების შეძენა, შენახვა, ტარება) ჩადენაში. იმავე განაჩენით ჰ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 8 თვით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. იმავე განაჩენით ჰ. ა. მსჯავრდებულია შეურაცხყოფის მიყენების დანაშაულისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა, თუმცა ჰ. ა-ს ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობის თანახმად, მისი ექსტრადიცია მითითებულ დანაშაულთან დაკავშირებით არ მოითხოვება.
2014 წლის 7 ნოემბერს გამოტანილია ჰ. ა-ს დაკავების ბრძანებები ზემოაღნიშნული განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით.
2014 წლის 26 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის თერმეს რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს N ... განაჩენით ჰ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის 6136 კანონის 13/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვიების შეძენა, შენახვა, ტარება) ჩადენაში. იმავე განაჩენით ჰ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2014 წლის 28 ნოემბერს გამოტანილია ჰ. ა.ს დაკავების ბრძანება ზემოაღნიშნული განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით;
ამასთან, თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, თ-ს რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ჰ. ა.ს მიმართ დადგენილი სასჯელები შეიკრიბა და მას ფაქტობრივად მოსახდელად დარჩა 2 წელი, 38 თვე და 27 დღე.
2015 წლის 2 აპრილიდან ჰ. ა. იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები:
2014 წლის 29 მაისის განაჩენის მიხედვით: 2006 წლის 4 იანვარს, თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ს-ში, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, ჰ. ა. მოკვლით დაემუქრა დ. გ-სა და ი. გ-ს და გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც ფლობდა და ატარებდა შესაბამისი ნებართვის გარეშე.
2014 წლის 26 ივნისის განაჩენის მიხედვით: 2010 წლის 26 მარტს, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჰ. ა.ს პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცავმა ორგანოებმა ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიები, რომლებსაც იგი ფლობდა და ატარებდა შესაბამისი ნებართვის გარეშე.
2012 წლის 1 მარტის განაჩენის მიხედვით: 2012 წლის 11 იანვარს, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქორწინო ესკორტის გადაადგილებისას, ხალხმრავალ ადგილას, ჰ. ა-მა რამდენჯერმე გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც ფლობდა და ატარებდა შესაბამისი ნებართვის გარეშე.
3. ჰ. ა.ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2019 წლის 20 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. ა..
2019 წლის 23 აპრილს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ჰ. ა. შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2019 წლის 29 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ჰ. ა.ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
2019 წლის 5 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპტენეტური ორგანოებისაგან გამოითხოვნა დამატებითი ინფორმაცია ჰ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო 2019 წლის 29 ივლისს.
2019 წლის 18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჰ. ა.ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 20 ოქტომბრამდე.
2019 წლის 17 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჰ. ა.ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2020 წლის 20 იანვრამდე.
2019 წლის 6 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჰ. ა.ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაოთი და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან. იმავე განჩინებით ჰ. ა-ს დაეკისრა სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი აკრძალვა და ვალდებულებები.
2019 წლის 24 დეკემბერს ზემოაღნიშნული გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოქალაქე რ. გ-ს (პ/ნ ...) უძრავ ქონებას.
4. 2021 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა, რომელმაც მოითხოვა:
- ჰ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა თურქეთის რესპუბლიკის 6136 კანონის 13/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვიების შეძენა, შენახვა, ტარება) ჩადენისათვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის თერმეს რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 1 მარტის N ... განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით;
- ჰ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა თურქეთის რესპუბლიკის 6136 კანონის 13/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვიების შეძენა, შენახვა, ტარება) ჩადენისათვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის თერმეს რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის N ... განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით;
- ჰ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა თურქეთის რესპუბლიკის 6136 კანონის 13/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვიების შეძენა, შენახვა, ტარება) ჩადენისათვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის თერმეს რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 26 ივნისის ... განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით;
- დაუშვებლად იქნეს ცნობილი ჰ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 170/1-c მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნა) ჩადენისათვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის თერმეს რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 1 მარტის N 2012/42- 2012/92 განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით;
- დაუშვებლად იქნეს ცნობილი ჰ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 106/2-a მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ცეცხლსასროლი იარაღით მუქარა) ჩადენისათვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის თერმეს რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის N ... განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
- დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის 6136 კანონის 13/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვიების შეძენა, შენახვა, ტარება) ჩადენისათვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის თერმეს რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 1 მარტის N ... განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით;
- დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის 6136 კანონის 13/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვიების შეძენა, შენახვა, ტარება) ჩადენისათვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის თერმეს რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის N ... განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით;
- დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის 6136 კანონის 13/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ცეცხლსასროლი იარაღისა და ტყვიების შეძენა, შენახვა, ტარება) ჩადენისათვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის თერმეს რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 26 ივნისის ... განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით;
- დაუშვებლად იქნა ცნობილი ჰ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 170/1-c მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნა) ჩადენისათვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის თერმეს რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 1 მარტის N ... განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით;
- დაუშვებლად იქნა ცნობილი ჰ. ა-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 106/2-a მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ცეცხლსასროლი იარაღით მუქარა) ჩადენისათვის, მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის თერმეს რაიონული ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის N ... განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის განჩინების გაუქმებასა და ჰ. ა-ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგი საფუძვლებით: ჰ. ა.ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე, ასევე არსებობს მისი წამებისა და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის რეალური საფრთხეები, რის შესახებაც დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას; ჰ. ა.ს ექსტრადიცია ასევე გამოიწვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევას.
7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ა.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
8. პროკურორმა წარმოადგინა თავისი პოზიცია ადვოკატ ე. ბ-ს საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე მასალა თუ შუამდგომლობა არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. ა. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 20 აპრილს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას. უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia) ECtHR, №36378/02, 12/04/2005, §352); („მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) ECtHR, №46827/99, 46951/99, 04/02/2005, §70).
5. უსაფუძვლოა კასატორის განმარტება, რომ ჰ. ა.ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე, ასევე არსებობს მისი წამებისა და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის რეალური საფრთხეები, ვინაიდან დაცვის მხარეს რაიმე მტკიცებულება, რაც მითითებული საფრთხეების რეალობასა და საფუძვლიანობას დაადასტურებდა, არ აქვს წარმოდგენილი. ამ საკითხთან მიმართებით ინფორმაცია, თავის მხრივ, ვერც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოიძია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხოლოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ზეპირი განცხადებები მისი უფლებების შესაძლო შელახვასთან მიმართებით, რაც არ არის დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებით, ვერ იქნება მიჩნეული ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად.
6. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ მიიჩნია, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).
7. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა წარმოადგინეს გარანტია იმის თაობაზე, რომ ჰ. ა.ს ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისთვის. აგრეთვე, წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ჰ. ა. უზრუნველყოფილი იქნება დაცვის უფლებით. გარდა ამისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, ასევე წარმოდგენილ იქნა გარანტია, რომ სისხლის სამართალწარმოების ან/და სასჯელის მოხდის პერიოდში თურქული მხარე მიიღებს ყველა შესაძლო გონივრულ ძალისხმევას, რათა საჭიროების შემთხვევაში დაცული იყოს ჰ. ა.ს სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
8. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის კიდევ ერთი მოსაზრება, რომ ჰ. ა.ს ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისათვის სახელმწიფოთა შორის არსებული თანამშრომლობა ექსტრადიციის საკითხებზე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პირადი ან ოჯახური ცხოვრება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის კანონიერ მიზანს, რომელსაც პირის ექსტრადიცია მიემართება. ანალოგიურ შემთხვევებში უფლებაში ჩარევის პროპორციულობის შესაფასებლად სასამართლო მხედველობაში იღებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ არსებული ბრალდებების სიმძიმესა და უფლებაში ჩარევის ინტენსივობას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (King v. The United Kingdom), no. 9742/07).
10. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ჰ. ა.ს ექსტრადიცია მოთხოვნილია მის მიმართ რამდენიმე განაჩენის აღსრულების მიზნით, მათ შორის - მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, აგრეთვე იმ გარემოებასაც, რომ, მართალია, საქართველოში ცხოვრობს ჰ. ა-სთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენს საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოს, რომელთანაც მოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. აგრეთვე, მისი მეუღლის საზღვრის კვეთის მონაცემების თანახმად, 2009 წლიდან იგი სისტემატურად კვეთს საზღვარს თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, მათ შორის - მან ბოლოს საზღვარი გადაკვეთა 2019 წლის სექტემბერში, რის შესაბამისადაც, იგი ყოველგვარი დაბრკოლებისა და შეზღუდვების გარეშე შეძლებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრებასა და მის მონახულებას. გარდა ამისა, თურქეთის რესპუბლიკაში პერიოდულად ცხოვრობენ ჰ. ა.ს დედა და მამა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჰ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ა.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი