საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 26.07.2021
საქმის ნომერი
2კ-492აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.07.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002878240

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№492აპ-21 ქ. თბილისი

ბ–ე ი., 492აპ-21 26 ივლისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ალექსანდრე ძირკვაძის

ადვოკატ - მ. პ–ს

მსჯავრდებულ - ი. ბ–ს

მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენზე და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ბ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ძარცვა, ესეიგი სხვისი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 14:15 საათზე, ქ. ბ–ში, .... ქ.№..-ში მდებარე ბ-ს საზღვაო ნავსადგურის მესერთან განთავსებული სს „......... ბანკის“ ბანკომატიდან ი. ბ–მ აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაზარალებულ ი. კ–ს მიერ ფულადი თანხის განაღდებისას გაიტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი 100 აშშ დოლარი, რაც ს-ს ე. ბ-ს კურსით იმ დროისათვის შეადგენდა 266.75 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის განაჩენით ი. ბ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

გამართლებულ ი. ბ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ივლისის განაჩენი.

ი. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 25 იანვრიდან იმავე წლის 27 იანვრის ჩათვლით.

ი. ბ–ს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს ამ განაჩენის საფუძველზე დაკავების დღიდან და შესახლებულ იქნეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. პ–მ, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება და ი. ბ–ს გამართლება.

5. 2021 წლის 12 ივლისს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.

6. 2021 წლის 19 ივლისს ბათუმის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა - ალექსანდრე ძირკვაძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიასა და მსჯავრდებულ ი. ბ–ს შორის 2021 წლის 12 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ:

ი. ბ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეუნქტით და მიესაჯოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

7. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ი. ბ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. პ–მ საკასაციო საჩივართან მიმართებით დააზუსტეს მოთხოვნა და იშუამდგომლეს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენზე ი. ბ–ს მიმართ.

8. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ, მსჯავრდებულმა ი. ბ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. პ–მ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება: სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძესა და მსჯავრდებულ ი. ბ–ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

3. საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.

4. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ი. ბ–ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; მსჯავრდებულის განმარტებით, მას ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ადვოკატებისაგან ეფექტური დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე. საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის - ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; სრულად აცნობიერებს დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ ი. ბ–ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულისათვის ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; ასევე ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა. ი. ბ–ე და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. ი. ბ–ე ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

5. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი. ბ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

6. სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები არის სწორი. სასამართლო ასევე იზიარებს პროკურორის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ ბრალდებულს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან.

7. ი. ბ–ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ი. კ–სა და მოწმეების - მ. ა–ს, მ. შ–ს, ზ. გ–ისა და სხვათა ჩვენებებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობით.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მოტივს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

9. ამდენად, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას შუამდგომლობა მსჯავრდებულ ი. ბ–ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს კასატორის - მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ–ს მიერ სასამართლო სხდომაზე საკასაციო საჩივრის დაზუსტებულ მოთხოვნას და საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ დანაწესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ აკაკი მოქერიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძესა და მსჯავრდებულ ი. ბ–ს შორის;

4. ი. ბ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;

5. მსჯავრდებულ ი. ბ–ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან - 2021 წლის 22 აპრილიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 25 იანვრიდან იმავე წლის 27 იანვრის ჩათვლით;

6. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. მსჯავრდებულ ი. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენის გაუქმების შესახებ არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე