დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№429I-21 ქ. თბილისი
გ-უ ე 429I-21 22 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. გ-ს (E. G-U) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ყ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე. გ-ს მიმართ თ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2013 წლის 6 მარტს ქ. ა-ს მძიმე დანაშაულთა სასამართლოს №2010/99-2013/13 განაჩენით ე. გ-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 109/2, 109/3-b-f, 109/5 მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 35-ე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთობლივად - 103/1-b, 103/2, 103/3 მუხლით (ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. იმავე განაჩენით ე. გ-უს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა, შესაბამისად, 7 წლითა და 6 თვით და 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. 2018 წლის 27 სექტემბერს ზემოაღნიშნული განაჩენი თ-ის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩა ძალაში.
1.3. 2018 წლის 5 ნოემბერს გამოცემულია ე. გ-ს დაკავების ბრძანება ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
1.4. 2018 წლის 30 ნოემბერს თ-ს რესპუბლიკის ქ. ა-ის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს გადაწყვეტილებით ე. გ-ს მიმართ დადგენილი სასჯელები შეიკრიბა და მას განესაზღვრა 13 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
1.5. 2021 წლის 8 ივნისს ქ. ა-ის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს გადაწყვეტილებით ე. გ-ს, ექსტრადიციის შემთხვევაში, მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა.
2. ე. გ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2.1. 2020 წლის 20 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ე. გ-ს ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.
2.2. 2021 წლის 18 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ს-ოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. გ-უ.
2.3. 2021 წლის 19 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ე. გ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2.4. 2021 წლის 24 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ე. გ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
2.5. 2021 წლის 15 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ე. გ-ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2021 წლის 18 სექტემბრამდე.
2.6. 2021 წლის 21 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღო დამატებითი ინფორმაცია ე. გ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
2.7. 2021 წლის 16 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ე. გ-ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2021 წლის 18 დეკემბრამდე.
2.8. ამჟამად ე. გ-უ მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის № 2 პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. თ-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ე. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
3.2. 2010 წლის 8 მაისს, თ-ის რესპუბლიკაში, ქ. ხ-ი, ე. გ-მ, ი. ი-ა და ა. ი-ნ ი-ა უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება 18 წელს მიუღწეველ დაზარალებულ პირს - გ. შ.-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიყვანეს იგი ე. გ-ს სახლში და ძალადობით შეეცადნენ მასთან სქესობრივი კონტაქტის დამყარებას. აღნიშნული ქმედების დასრულება მათ ვერ შეძლეს, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველი ორგანოები და გაათავისუფლეს გ. შ.
4. 2021 წლის 5 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა ე. გ-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ე. გ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ ქ. ა-ის მძიმე დანაშაულთა სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის №2010/99-2013/13 განაჩენით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ყ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ე. გ-უ დარჩეს საქართველოში, გააგრძელოს თავის ოჯახთან თანაცხოვრება, რათა არ დაირღვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებები.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ე. გ-ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ ე. გ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებებს, კერძოდ:
· 2021 წლის 27 მაისს ე. გ-ნ გაიმართა გასაუბრება მისი ექსტრადიციის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შესაბამისობის დასადგენად. აღნიშნულ გასაუბრებაში ე. გ-ნ ერთად მონაწილეობდნენ თურქული და ქართული ენების მცოდნე თარჯიმანი და ე. გ-ს ადვოკატი. გასაუბრებისას ე. გ-მ განმარტა, რომ მას საქართველოში მცხოვრები ოჯახის წევრები არ ჰყავს;
· ვინაიდან საკასაციო საჩივრის ფარგლებში ე. გ-მ შეცვალა პოზიცია და განმარტა, რომ საქართველოში ცხოვრობენ მისი მეუღლე და შვილები, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შეამოწმა ე. გ-ს მიერ მითითებული პირების მიერ საზღვრის კვეთის მონაცემები, რომლის თანახმად, მის მიერ დასახელებული არცერთი პირი საქართველოში არ იმყოფება, არ გააჩნია საქართველოში მუდმივად ცხოვრების რაიმე კანონიერი საფუძველი და არც მუდმივად ცხოვრების გამოცდილება;
7.2. პოზიციის ავტორის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში, ზოგადად, არ იკვეთება მე-8 მუხლის შეზღუდვის საფრთხე, ასეთი შეზღუდვის შემთხვევაშიც იგი პროპორციული იქნებოდა ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმურ მიზანთან და არ გამოიწვევდა აღნიშნული უფლების დარღვევას, ვინაიდან ე. გ-ს ექსტრადიცია მოითხოვება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სექსუალური ძალადობის დანაშაულისათვის, რისთვისაც მის მიმართ კანონიერ ძალაშია შესული გამამტყუნებელი განაჩენი; ამასთან, რ-ს ფედერაციის მოქალაქეებისათვის, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, თ-ის რესუბლიკაში მოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 60 დღემდე ვადით; ე. გ-უს მიერ დასახელებულ პირებს გააჩნიათ თ-ის რესპუბლიკაში ცხოვრების გამოცდილება და სწორედ თ-ის რესპუბლიკის მიმართულებით აქვთ გადაკვეთილი საზღვარი; თავად დაცვის მხარის პოზიციის თანახმად, ე. გ-ა და მისი მეუღლის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა თ-ის რესპუბლიკაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. გ-უ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2021 წლის 18 მარტს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ე. გ-უ არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან ე. გ-უ არის თ-ის რესპუბლიკის მოქალაქე.
5. ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და “სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ე. გ-ს უარი ეთქვა საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გაუსაჩივრებია.
7. ე. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 109/2, 109/3-b-f, 109/5 მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 35-ე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთობლივად - 103/1-b, 103/2, 103/3 მუხლით (ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის მცდელობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში). ამასთან, ზემოაღნიშნული დანაშაულები თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობით სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით, ხოლო ე. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 13 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
8. ე. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები საქართველოს იურისდიქციაში ჩადენის შემთხვევაში დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით და 19,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
9. ამდენად, ე. გ-ს მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.
10. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისათვის ე. გ-უ მსჯავრდადებულია თ-ის რესპუბლიკაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს და 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდების დროს. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.
11. ე. გ-ს მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენის თარიღის (2013 წელი) მხედველობაში მიღებითაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები არცერთ დანაშაულთან მიმართებით არ არის გასული.
12. ამასთან, თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ვადა არც თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვითაა გასული. დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება ე. გ-ს ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი იყოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ე. გ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპის დარღვევა.
13. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
14. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, § 66, 23/05/2011).
15. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. გ-ს მიმართ რაიმე კონკრეტული საფრთხის არსებობის ან/და რეალურობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ-ის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიის თანახმად, ე. გ-ს ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისთვის; ამასთან, ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ე. გ-ს უფლებები სრულად იქნება დაცული.
17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის - წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, no. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი გარანტიები. ამდენად, „არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ე. გ-უ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი.
18. სასამართლო მიანიშნებს ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობაზე, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას (Trabelsi v Belgium, no.140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
19. თ-ის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებიდან გამომდინარე, არ იკვეთება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლების) დარღვევის საფრთხეც. ე. გ-ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვევა.
20. მოცემულ შემთხვევაში ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენი გამოტანილია ნაწილობრივ ე. გ-ს დაუსწრებლად და თ-ს რესპუბლიკამ წარმოადგინა გარანტია, რომ თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მას მიეცემა საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა.
21. ადვოკატის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ე. გ-უს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე, ვინაიდან ე. გ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია საფრთხეს შეუქმნის ოჯახის ურღვევობის პრინციპს, რადგან მას მოუწევს შვილებისა და მეუღლისაგან განცალკევებულად ცხოვრება წლების მანძილზე.
22. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).
23. საექსტრადიციო მასალებით ირკვევა, რომ 2021 წლის 27 მაისს ე. გ-ნ გაიმართა გასაუბრება, მისი ექსტრადიციის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. აღნიშნულ გასაუბრებაში ე. გ-ნ ერთად მონაწილეობდნენ თურქული და ქართული ენების მცოდნე თარჯიმანი და ე. გ-ს ადვოკატი. გასაუბრებისას ე. გ-მ განმარტა, რომ მას საქართველოში მცხოვრები ოჯახის წევრები არ ჰყავს (ტ.2/ს.ფ.102).
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ყ-ი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოში ცხოვრობენ ე. გ-ს მეუღლე და შვილები.
25. აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შეამოწმა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. გ-ს მიერ მითითებული პირების - მეუღლისა და შვილების მიერ საზღვრის კვეთის მონაცემები და უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ საკუთარ პოზიციაში იმსჯელა დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მოცემულ არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ე. გ-ს მიერ დასახელებული არცერთი პირი საქართველოში არ იმყოფება, არ გააჩნია საქართველოში მუდმივად ცხოვრების რაიმე კანონიერი საფუძველი და არც მუდმივად ცხოვრების გამოცდილება.
26. ამასთან, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. გ-ს მიერ მითითებული პირები - მეუღლე და შვილები არიან რ-ს ფედერაციის მოქალაქეეები, ხოლო რ-ის ფედერაციის მოქალაქეებისათვის, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, თ-ის რესპუბლიკაში მოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 60 დღემდე ვადით; ე. გ-უს მიერ დასახელებულ პირებს გააჩნიათ თ-ს რესპუბლიკაში ცხოვრების გამოცდილება და სწორედ თ-ის რესპუბლიკის მიმართულებით აქვთ გადაკვეთილი საზღვარი; საკასაციო საჩივრიდანაც ირკვევა, რომ ე. გ-ა და მისი მეუღლის ქორწინების რეგისტრაცია მოხდა თ-ის რესპუბლიკაში. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მისი ექსტრადიცია მოითხოვება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სექსუალური ძალადობის დანაშაულისათვის. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ე. გ-ს მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ყ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი