საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.10.2021
საქმის ნომერი
2კ-488აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.10.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100121004313159

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№483აპ-21 ქ. თბილისი

თ. ჯ. 483აპ-21 4 ოქტომბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და ჯ. თ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან გამოყენებული სასჯელი აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას; კასატორის მტკიცებით, შეფარდებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს და შესაძლოა, წაახალისოს დამნაშავე, განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა; სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ჯ. თ-მ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, მოკლა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების პირას მყოფი მურა დათვი, რითაც გარემოს მიაყენა - 50000 ლარის ზიანი, რომელიც არ აუნაზღაურებია.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენით ჯ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა ჯარიმა - 5 400 ლარი, რაც დაკავებაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმცირდა და განესაზღვრა - 5 000 ლარი. მასვე ჩამოერთვა ნადირობის უფლება - 1 წლით.

3. ამავე განაჩენით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, რ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ე. პ. - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2371-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. თ-მ ჩაიდინა დანაშაული - ინადირა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ნადირზე, რაც გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის 13 დეკემბერს, დილით, ჯ. თ-მ ... უკანონოდ მოინადირა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მურა დათვი, რითაც გარემოს მიაყენა 50 000 ლარის ქონებრივი ზიანი.

5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელიც ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და ჯ. თ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 24 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ჯ. თ-ს კანონიერი სასჯელი განუსაზღვრა, რომლის გამკაცრება მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, მსჯავრდებულის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი წამახალისებელი ნორმაა და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მურა დათვზე ნადირობა ჯ. თ-სათვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია და პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ იქნება მხედველობაში მიღებული.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი