საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119003281452
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№348აპ-20 ქ. თბილისი
ო. რ., 348აპ-20 2 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და რ. ო-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს; კასატორი მიიჩნევს, რომ გამოყენებული სასჯელი სიმბოლურია და ვერ უზრუნველყოფს მის მიზნებს; სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ რ. ო-ს, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ჩაქუჩის გამოყენებით დააზიანა და გაანადგურა ხ. და ს. მ-ების საფლავზე არსებული ძეგლები, დაზარალებული არ შერიგებია.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენით რ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა - 120 საათით; მასვე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა: 2 გაუსროლელი ვაზნა, „ “ მოდელის, სანადირო კარაბინი № ცარიელი მჭიდი და ჩაქუჩი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ო-მ ჩაიდინა საფლავის ძეგლისა და მისი სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა და დაზიანება, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2019 წლის 7 ივლისს .. რ. ო-მ, შურისძიების მოტივით, ჩაქუჩით დააზიანა და გაანადგურა ხ. და ს. მ-ების საფლავზე არსებული ძეგლები, ხოლო შემდგომ კუთვნილი „ “ მოდელის სანადირო კარაბინიდან გასროლით დააზიანა და გაანადგურა ხ. და ს. მ-ების საფლავის მიწისზედა ნაგებობის სახურავი, რითაც დაზარალებულს ჯამურად - 2953 ლარისა და 95 თეთრის ზიანი მიაყენა.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და რ. ო-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რ. ო-ს სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომლის გამკაცრების საფუძველი სასჯელის მიზნების მისაღწევად მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება; საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს ან/და აანაზღაუროს ზიანი, წამახალისებელი ნორმებია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი