საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.03.2022
საქმის ნომერი
2კ-1080აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 140100121004370735

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1080აპ.-21 14 მარტი, 2022 წელი

გ-ი გ., 1080აპ.-21 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2020 წლის 25 დეკემბერს გ. გ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ); საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, სამი ეპიზოდი).

1.2. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის დეკემბერში, დღისით, კ–ში, .........ის ქუჩა N..-ში, გ. გ–მ ეჭვიანობის გამო, არასრულწლოვანი შვილების - სამი წლის ლ. წ–ს და ოთხი წლის მ. გ–ს თანდასწრებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლეს - ი. წ–ს ხელი დაარტყა სახეში, ხელი ჰკრა და მიაჯახა სამზარეულოს კედელზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, გ. გ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, რა დროსაც ი. წ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2020 წლის 23 დეკემბერს მთვრალი გ. გ–ი დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ი. წ–ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2020 წლის 24 დეკემბერს, ოთხ საათზე, გ. გ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ი. წ–ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის განაჩენით გ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის პოზიცია:

4.1. 2021 წლის 26 ნოემბერს პროკურორმა ნიკა მახარაძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ, გ. გ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4.2. საკასაციო საჩივრის ავტორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: დაზარალებულის ჩვენებით, მოწმეების - ი. მ–სა და პ. ჯ–ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, შემაკავებელი ორდერით დადასტურებულია გ. გ–ის მიერ ძალადობისა და მუქარის (სამი ეპიზოდი) ჩადენა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაასტურებდა პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

5.2. მართალია, დაზარალებული ი. წ–ი აღწერს მის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ფაქტებს, მაგრამ მისი ჩვენება არ არის თანმიმდევრული და ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. აღსანიშნავია, რომ ჯვარედინი დაკითხვის დროს დაზარალებული ცდილობს, თავი აარიდოს დაცვის მხარის შეკითხვებზე პასუხის გაცემას, ასევე ფაქტებს გადმოსცემს გაზვიადებულად - ერთ შემთხვევაში უთითებს, რომ ღამით გ. გ–მ, ეჭვიანობის გამო, ბუნებრივი აირი გაუშვა, ,,ასანთი უნდა აენთო და უნდა აეფეთქებინა“, თუმცა ჯვარედინი დაკითხვისას აღნიშნავს, რომ ბუნებრივი აირი პოლიციის თანამშრომლებმა გადაკეტეს. პოლიციის თანამშრომლები კი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მეორე დღეს, დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ. გარდა ამისა, დაზარალებული უთითებს, რომ გაზი მეზობელთან - ი. მ–ნაც მოშვებული იყო, რაც აჩენს ეჭვებს დაზარალებულის მიერ ფაქტების სწორად აღქმასთან დაკავშირებით.

5.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან“ მიღებული ამონაწერით დასტურდება, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ი. წ–ი ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, დიაგნოზით - გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევითი პათოლოგიით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული ნიშნით შეზღუდული შერაცხადობა თავისთავად არ წარმოადგენს პროცესში პირის მიერ მოწმის სახით მონაწილეობის დამაბრკოლებელ გარემოებას, თუმცა მოწმის ჩვენების უტყუარობის საკითხის შეფასებისას მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა გავლენას ახდენს კონკრეტული ნაკლი პირის უნარზე - აღიქვას, დაიმახსოვროს და გადმოსცეს მის მიერ ნანახი ან მოსმენილი. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და თავად დაზარალებულის ჩვენების ანალიზით აღმოფხვრილი არ არის ეჭვი, რომ დაზარალებული ზუსტად და თანმიმდევრულად გადმოსცემს განვითარებულ მოვლენებს, ხოლო საქმის განხილვისას წარმოშობილი ეჭვი უნდა გადაწყდეს გამართლებულის სასარგებლოდ.

5.4. ამდენად, გ. გ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ემყარება ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულ ი. წ–ის ჩვენებას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ი. წ–ის განმარტების საფუძველზე გამოცემულ შემაკავებელ ორდერს, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან არსებობს ეჭვი დაზარალებულის ჩვენების უტყუარობასთან დაკავშირებით.

5.5. რაც შეეხება პროკურორის აპელირებას მოწმეების - ი. მ–სა და პ. ჯ–ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციაზე, აღნიშნულ პირთა ჩვენებები ეფუძნება სხვა პირის (დაზარალებულ ი. წ–ის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამდენად, მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.6. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.7. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე