საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.03.2022
საქმის ნომერი
2კ-79აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 160100119002886546

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №79აპ.-22 24 მარტი, 2022 წელი

გ–ი ს., 79აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - ს. გ–სა და რ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს. ფ–სა და ო. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2019 წლის 8 მარტს ს. გ–ი (პირადი ნომერი: .....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში, დაკეტილ რესტორან „....–დან“, დაუდგენელმა პირებმა მიიყვანეს რ. ა–ი, სადაც ასევე მივიდნენ ს. გ–ი და მისი ბიძაშვილი - რ. გ–ი. შურისძიების მოტივით, ს. გ–მ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან რ. ა–ს დაუწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება იმის გამო, რომ რ. ა–მ ტელეფონში შენახული ინტიმური შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გავრცელების მუქარით, ს. გ–ის არასრულწლოვან შვილს - ე. გ–ს გამოსძალა ფული და ოქროს საყურეები. ს. გ–მ აიძულა რ. ა–ი, გაეხადა შარვალი, ასევე, ტანსაცმელი წელს ზემოთ და ჩაეცვა ქალის ჭრელი ქვედაბოლო. ამის შემდეგ, მან რ. ა–ს რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა გაშლილი ხელით სახის არეში. იმავდროულად, ს. გ–მ კუთვნილი მობილური ტელეფონი მიაწოდა რ. გ–ს, რომელმაც, ს. გ–ის მითითებით, შემდგომი გავრცელების მიზნით, ტელეფონში ვიდეოჩაწერით დააფიქსირა ს. გ–ის მიერ წელს ზემოთ შიშველი და წელს ქვემოთ ქალის კაბით შემოსილი რ. ა–ის ცემის ფაქტი. ამ ქმედებით ს. გ–მ და რ. გ–მ ჯგუფურად დაამცირეს არასრულწლოვანი რ. ა–ი, ჩააყენეს არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში, რითაც მას მიაყენეს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

1.2. 2019 წლის 8 მარტს რ. გ–ი (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში, დაკეტილ რესტორან „.......სთან“, დაუდგენელმა პირებმა მიიყვანეს რ. ა–ი, სადაც ასევე მივიდნენ ს. გ–ი და მისი ბიძაშვილი - რ. გ–ი. შურისძიების მოტივით, ს. გ–მ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან რ. ა–ს დაუწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება იმის გამო, რომ რ. ა–მ ტელეფონში შენახული ინტიმური შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გავრცელების მუქარით, ს. გ–ის არასრულწლოვან შვილს - ე. გ–ს გამოსძალა ფული და ოქროს საყურეები. ს. გ–მ აიძულა რ. ა–ი, გაეხადა შარვალი, ასევე, ტანსაცმელი წელს ზემოთ და ჩაეცვა ქალის ჭრელი ქვედაბოლო. ამის შემდეგ, მან რ. ა–ს რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა გაშლილი ხელით სახის არეში. იმავდროულად, ს. გ–მ კუთვნილი მობილური ტელეფონი მიაწოდა რ. გ–ს, რომელმაც, ს. გ–ის მითითებით, შემდგომი გავრცელების მიზნით, ტელეფონში ვიდეოჩაწერით დააფიქსირა ს. გ–ის მიერ წელს ზემოთ შიშველი და წელს ქვემოთ ქალის კაბით შემოსილი რ. ა–ის ცემის ფაქტი. ამ ქმედებით ს. გ–მ და რ. გ–მ ჯგუფურად დაამცირეს არასრულწლოვანი რ. ა–ი, ჩააყენეს არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში, რითაც მას მიაყენეს ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განაჩენით:

ს. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

ს. გ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ს. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 35000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში გატარებული ვადის (2019 წლის 7 მარტიდან 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით) გათვალისწინებით, ს. გ–ს შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 30000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

ს. გ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

რ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

რ. გ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 24,1443-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

რ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24,1443-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 30000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში გატარებული ვადის (2019 წლის 7 მარტიდან 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით) გათვალისწინებით, რ. გ–ს შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 25000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

რ. გ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა მოითხოვა ს. გ–სა და რ. გ–ს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მათთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა. ს. გ–სა და რ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ს. ჩ–მ მოითხოვა რ. გ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო ს. გ–ის მიმართ - დანიშნული სასჯელის - ჯარიმის შემცირება 15000 ლარამდე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ო. მ–მ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას რ. გ–ის გამართლების ნაწილში და მოითხოვა ს. გ–ს მიმართ შეფარდებული ჯარიმის შემცირება 5000 ლარამდე.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

3.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:

ს. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

ს. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

ს. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 7 მარტიდან 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით.

რ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;

რ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

რ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსასრულებლად პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 7 მარტიდან 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით.

3.3. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ს. გ–მ და რ. გ–მ ჯგუფურად ჩაიდინეს პირის დამცირება და იძულება, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს.

3.4. 2021 წლის 23 დეკემბერსა და 24 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. გ–სა და რ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ს. ფ–მ და ო. მ–მ. ადვოკატმა ს. ფ–მ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: რ. გ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ს. გ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა. ადვოკატმა ო. მ–მ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, კერძოდ: რ. გ–ისა და ს. გ–ის უდანაშაულოდ ცნობა და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.5. ადვოკატი ს. ფ–ე საკასაციო საჩივრის დაშვების სამართლებრივ საფუძვლებად უთითებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე.

3.6. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება რ. გ–ის რაიმე სახით (ამსრულებლის ან დამხმარის სტატუსით), მოქმედებით თუ უმოქმედობით მონაწილეობა რ. ა–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მას დაზარალებულისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მის მიმართ არც იძულება ჩაუდენია. ამასთან, მსჯავრდებულს არ გააჩნდა ხსენებული დანაშაულის ჩადენის რაიმე მოტივი, მიზანი და განზრახვა. კასატორის განმარტებით, მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ რ. გ–მ და რ. ა–მ იცოდნენ ვიდეოგადაღების შესახებ, რაც, ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად, გამორიცხავს რ. გ–ის ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციას.

4.2. ადვოკატ ს. ფ–ს განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ს. გ–მ დანაშუალი ჩაიდინა ერთპიროვნულად, ხოლო რ. გ–ს მასში მონაწილეობა არ მიუღია, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს, ხოლო ს. გ–ის ქმედება - გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველ ნაწილზე. იმავდროულად, ადვოკატ ო. მ–ს განმარტებით, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნებით არ დასტურდება საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის ავთენტიკურობა და მასზე ასახული პირების ვინაობა (არიან თუ არა ისინი ნამდვილად ს. გ–ი და რ. ა–ი), ს. გ–ის მიმართაც სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საჩივრების დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. გ–სა და რ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას, კერძოდ:

5.4. დაზარალებულ რ. ა–ის განმარტებით, ს. და რ. გ–ებმა აიძულეს ქალის ქვედაბოლოს ჩაცმა, რის შემდეგაც, ს. გ–მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო რ. გ–ი ტელეფონით იღებდა აღნიშნულ ფაქტს. მოწმის განმარტებით, ჩანაწერი არ უნახავს, თუმცა იცის, რომ იღებდა. მათი ქმედებების გამო თავი ძალიან ცუდად იგრძნო. ცემის დროს ტკივილს გრძნობდა, თუმცა ძალიან - არა.

5.5. ს. გ–მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა რ. ა–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების - სახეში დარტყმისა და მისთვის ქალის ქვედაბოლოს ჩაცმის იძულების ფაქტი, ამასთან, მოწმის განმარტებით, ტელეფონი მიაწოდა რ. გ–ს და უთხრა, რომ ვიდეო გადაეღო.

5.6. რ. გ–მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ს–მ მიაწოდა გათიშულეკრანიანი ტელეფონი, რომელზეც ფანარი იყო ჩართული. ამასთან, დაადასტურა, რომ ს–მ როიალს რამდენჯერმე გააწნა სილა.

5.7. ს. გ–სგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილ, 2019 წლის 28 თებერვლის ვიდეოჩანაწერში ასახულია მოყავისფრო, თეთრკოპლებიან ქვედაბოლოში ჩაცმული, მუხლებზე დამხობილი რ. ა–ი, რომელსაც სახისა და თავის არეში მრავლობით დარტყმებს აყენებს და სიტყვიერად შეურაცხყოფს ს. გ–ი. ვიდეოჩანაწერში ასახულია, თუ როგორ ტირის რ. ა–ი და სთხოვს გაშვებას ს. გ–ს. ჩანაწერის დასრულებას წინ უსწრებს ს. გ–ის მიერ ვიდეოს გადამღები პირის მიმართ წარმოთქმული სიტყვა - „გათიშე“.

5.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მოწმეების - ს. გ–ის, რ. ა–ის, რ. გ–ის ჩვენებებით, ს. გ–ის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით უტყუარად დასტურდება ს. გ–ის მიერ რ. ა–ის დამცირების, იძულების, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტი. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს ს. გ–ის უდანაშაულობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით ვერ დასტურდება ვიდეოჩანაწერის ავთენტიკურობა და მასზე ასახული პირების ვინაობა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვიდეოჩანაწერი სრულად ემთხვევა მოწმეთა ჩვენებებს, მათ შორის, თავად ს. გ–იც არ უარყოფს დაზარალებულის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია მასზე ასახული პირების ვინაობა. ამდენად, კასატორის არგუმენტი მითითებული ჩანაწერის არაავთენტიკურობისა და მასზე ასახული პირების დაუდგენლობის შესახებ, მოკლებულია საფუძველს.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას რ. გ–ის უდანაშაულობის შესახებ. ის ფაქტი, რომ რ. გ–ი შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა და ხელში ეჭირა ს. გ–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, დადასტურებეულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, თავად რ. გ–ის ჩვენებითაც. დაცვის მხარე სადავოდ ხდის რ. გ–ის მიერ ვიდეოგადაღების ფაქტის გაცნობიერებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ს. გ–ის განმარტებით, მან ვიდეოს გადაღება სთხოვა რ. გ–ს და მიაწოდა ტელეფონი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია ვიდეოჩანაწერითაც, საიდანაც ირკვევა, რომ ვიდეოს გადამღები პირი გადაღებას წყვეტს ს. გ–ის მითითებით. შესაბამისად, კასატორის არგუმენტი იმის შესახებ, რომ რ. გ–მ არ იცოდა ვიდეოგადაღების შესახებ, მოკლებულია საფუძველს და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან.

5.10. რაც შეეხება რ. გ–ის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობასთან შესაბამისობას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „კონვენციის მე-3 მუხლი არ ეხება ექსკლუზიურად ფიზიკური ტკივილით ტანჯვას, არამედ მოიცავს ფსიქოლოგიურ ტანჯვასაც, რომელიც გამოწვეულია სტრესული გარემოს შექმნით სხვადასხვა საშუალებით, რაც არ უკავშირდება ფიზიკურ ძალადობას (El-Masri v. the former Yugoslav Republic of Macedonia [GC], no.39630/09, §202, ECtHR, 13/12/2012; Iljina and Sarulienė v. Lithuania, no. 32293/05, § 47, ECtHR, 15/03/2011). მოპყრობა, თუ ის, მათ შორის, „წარმოშობს შიშის, ტანჯვის ან არასრულფასოვნების გრძნობას, რასაც შეუძლია პიროვნების მორალური ან ფიზიკური წინააღმდეგობის გატეხვა, შეიძლება შეფასდეს, როგორც დამამცირებელი და ასევე, მოექცეს მესამე მუხლით დადგენილი აკრძალვის ფარგლებში“ (Bouyid v. Belgium, [GC], no. 23380/09, §87, ECtHR, 28/09/2015; Vasyukov v. Russia, no.2974/05, § 59, ECtHR 5/04/2011; Gäfgen v. Germany [GC], no.22978/05, §89, ECtHR 01/06/2010).

5.11. მაშინაც კი, როდესაც პირს არ აყენებენ სხეულებრივ დაზიანებას, ინტენსიურ ფიზიკურ ან მენტალურ ტანჯვას, თუ მოპყრობა აკნინებს ან ამცირებს პიროვნებას, ავლენს მისი ადამიანური ღირსებისადმი უპატივცემულობას ან იწვევს შიშის, ტკივილის ან არასრულფასოვნების გრძნობას, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს ინდივიდის მორალური და ფიზიკური წინააღმდეგობა, ის შეიძლება შეფასდეს, როგორც დამამცირებელი და ასევე მოექცეს კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების სფეროში (Muršić v. Croatia, no.7334/13, §98, ECtHR, 20/10/2016).

5.12. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ დაზარალებულისათვის ფიზიკური დაზიანებების მიყენებით და მოიცავს ნებისმიერ იმ ქმედებას, რომელიც მსხვერპლში იწვევს როგორც ძლიერ ფიზიკურ, ისე - ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას.

5.13. საქმეში არსებული მტკიცებულებებით: რ. ა–ისა და ს. გ–ის ჩვენებებით, აგრეთვე, ს. გ–ის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ რ. გ–ი, ს. გ–ის მითითებით, ტელეფონის ვიდეოკამერის მეშვეობით იღებდა რ. ა–ის დამცირების, იძულების, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების ფაქტს, რაც დაზარალებულისთვისაც ცნობილი იყო - რ. ა–მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ იგი აცნობიერებდა რ. გ– ს მიერ მისი დამცირებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის გადაღებას. ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და აღნიშნავს, რომ რ. გ–ის ქმედება წარმოადგენდა დანაშაულებრივი ქმედების შემადგენელ ნაწილს და ემსახურებოდა დაზარალებულის შეურაცხყოფასა და მისი ღირსების დაკნინებას, რამაც შედეგად დაზარალებულის ფსიქოლოგიური, მორალური ტანჯვა გამოიწვია. კერძოდ, დაზარალებულის მიერ მის მიმართ განხორციელებული დამცირების, ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტების ჩაწერისა და მისი შემდგომი გავრცელების საფრთხის არსებობის გაცნობიერება წარმოადგენს იმგვარ სტრესულ ვითარებას, რაც გარდაუვალად იწვევს მსხვეპრლის მორალურ ტანჯვას, ფსიქიკურ ტკივილს, შიშსა და არასრულფასოვნების შეგრძნებას, ამასთან, მნიშვნელოვნად აქვეითებს დაზარალებულის მიერ მორალური და ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის უნარს. მსგავსი მოპყრობა დაზარალებულის მიმართ ჩადენილ იძულებასა და ცემასთან ერთობლივად აღწევს შეურაცხყოფისა და დამცირების იმ ზღვარს, რომელიც დამამცირებელ მოპყრობად კვალიფიცირდება. ამდენად, ს. გ–მ და რ. გ–მ თავიანთი ქმედებებით ერთობლივად განახორციელეს საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური შემადგენლობა.

5.14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს რ. გ–ის ქმედებაში განზრახვის არარსებობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია განზრახვის სამივე კომპონენტის - ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნების არსებობა. რაც შეეხება მოტივს, იგი გავლენას არ ახდენს ქმედების საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით კვალიფიკაციაზე, ხოლო პირის დამცირების მიზანი, მართალია, მნიშვნელოვანია, თუმცა არა - გადამწყვეტი და მის არარსებობას არ შეუძლია, გამორიცხოს დანაშაულის შემადგენლობა. თუმცა, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კონტექსტის გათვალისწინებით, დაზარალებულის იძულების, ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტის გადაღება სწორედ მისი დამცირებისა და დაკნინების მიზანს ემსახურებოდა.

5.15. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.16. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - ს. გ–სა და რ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ს. ფ–სა და ო. მ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე