საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.04.2022
საქმის ნომერი
2კ-54აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120004225705

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №54აპ-22 ქ. თბილისი

ტ. ი. 54აპ-22 14 აპრილი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალიკა დვალიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ტ–ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ტ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. თ–ში, ო–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, ი. ტ–მ ი. ტ–ს ყელის არეში დანის დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. ი. ტ–ს სიცოცხლის შენარჩუნება დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გახდა შესაძლებელი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განაჩენით ი. ტ–ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე;

ი. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, ი. ტ–ე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისგან;

მსჯავრდებულ ი. ტ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და გათავისუფლდა პატიმრობიდან.

4. სასამართლომ დაადგინა: 2020 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. თ–ში, ო–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების დროს ი. ტ–ემ ი. ტ–ს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით - დანის გამოყენებით ყელის მიდამოში მიაყენა ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალიკა დვალიშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ი. ტ–ს წარდგენილი ბრალდებით - საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალიკა დვალიშვილმა, რომელიც საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ი. ტ–ს საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობასა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

9.სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ი. ტ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა; ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ი. ტ–ს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით მსჯავრდებისა და სასჯელის, მათ შორის - ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ ი. ტ–ს, მოწმეების - ლ. ტ–ს, ა. შ–ს, ბრალდებულ ი. ტ–ს ჩვენებებით, ასევე, მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 18 ნოემბრისა და 2020 წლის 7 ოქტომბრის დასკვნებით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2021 წლის 10 თებერვლის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი. ტ–მ ჩაიდინა არა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, არამედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

12. დადგენილია და არც ი. ტ–ე უარყოფს, რომ მან დანის გამოყენებით ი. ტ–ს ყელის მიდამოში მიაყენა ჭრილობა, რომელიც, სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 18 ნოემბრის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, თუმცა დაცვის მხარის პოზიციით ი. ტ–ს ძმისშვილის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და დანის გამოყენებით ჭრილობის მიყენება მოხდა შემთხვევით - თავდაცვის დროს.

13. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ი. ტ–ს ჩვენებაზე, რომლის თანახმად, ის ცხოვრობს ქ. თ–ში, ო–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მეუღლესთან ა. შ–სთან, დედასთან - ლ. ტ–სთან და ბიძასთან - ი. ტ–სთან ერთად. სახლის პირველ სართულზე ცხოვრობენ ის და მისი მეუღლე, ხოლო მეორე სართულზე - დედამისი და ბიძამისი. 2020 წლის 14 სექტემბერს, ღამით, იყო ძალიან ნასვამი. დაახლოებით 01:00 საათზე იდგა საცხოვრებელი სახლის წინ, ქუჩაში და ხმამაღლა საუბრობდა მობილური ტელეფონით. ამიტომ ბიძამ - ი. ტ–ემ სიმთვრალისა და ხმაურის გამო, მეორე სართულიდან მშვიდი ტონით, ყოველგვარი შეურაცხყოფისა და გამომწვევი ფორმის გარეშე, მისცა შენიშვნა - „გეყოფა, ი..., შემოდი, დაწექი, დაიძინე“. ამასობაში დაუზიანდა ტელეფონი. შევიდა მეუღლესთან, გააღვიძა და სთხოვა, თავისი ტელეფონი ეთხოვებინა. მეუღლემ ტელეფონი არ მისცა და მანაც მოუწოდა, შესულიყო სახლში. აღნიშნულის გამო მეუღლესთან მოუვიდა კამათი. ბიძამ კვლავ მშვიდი ტონით მისცა შენიშვნა. ვინაიდან იყო ნასვამი, ბიძის შენიშვნაზე გაღიზიანდა და ავიდა შენობის მეორე სართულზე, სადაც მასთან დერეფანში მოუხდა სიტყვიერი შელაპარაკება, ხოლო შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდა. პირველად მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ი. ტ–ს - ხელი დაარტყა სახის არეში და გადავიდა შეტევაზე. ისინი გააშველეს ლ. ტ–მ და ა. შ–მ. იგი ჩავიდა პირველ სართულზე, საიდანაც მალევე აბრუნდა მეორეზე და უკვე სამზარეულოში მყოფ ბიძას ხელმეორედ დაესხა თავს - სამზარეულოში მჯდომს ხელები მოუჭირა ყელზე და ჯაჯგური დაუწყო. ამ დროს დედამისი ლ. ტ–ე მის ზურგს უკან იდგა და ცდილობდა ი. ტ–სგან მის მოშორებას, ხოლო ა. შ–ა ჩასული იყო პირველ სართულზე. ჯაჯგურისა და ძიძგილაობის დროს ჯერ მუშტი მოხვდა მხარში, ხოლო შემდეგ კი - კისრის არეში დანა. დაჭრის გამო მან ხელი გაუშვა ი. ტ–ს, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ სურვილის შემთხვევაში ი. ტ–ე კიდევ შეძლებდა დანის დარტყას, თუმცა იგი ჭრილობის დანახვაზე შეშინდა, თავისი ოთახიდან პირსაწმენდი გამოიტანა და დედამისთან და მეუღლესთან ერთად ცდილობდა მისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას. მართალია, ბიძამისის გაგუდვის სურვილი არ ჰქონია, მაგრამ სიმთვრალის გამო ვერ მოზომა და ძლიერად მოუჭირა ყელში ხელები, თან არის ბიძამისზე გაცილებით ძლიერი. შესაბამისად, მიაჩნია, რომ ბიძამისი მხარში მუშტის დარტყმით და დანით დაჭრით მისი თავდასხმის შეჩერებას ცდილობდა და არა - რაიმე დაზიანების მიყენებას.

14. თავის მხრივ, ი. ტ–ემ განმარტა, რომ ყელზე ხელების მოჭერისა და ჯაჯგურისას არ უფიქრია, რომ ძმისშვილს მისი მოკვლა სურდა, მაგრამ ვინაიდან ის არის ფიზიკურად მასზე გაცილებით ძლიერი, ამასთან, იყო მთვრალი და ვერ ზომავდა, ყელში ხელის მოჭერით შეეკრა სუნთქვა და იხრჩობოდა. თვითგადარჩენის ინსტინქტითა და გათავისუფლების/მოგერიების მიზნით, მის ზურგს უკან მდგარი მაგიდიდან შეეცადა რაიმე ნივთის აღებას, სამწუხაროდ, ხელში მოხვდა სამზარეულოს დანა და ი–საგან გათავისუფლების მიზნით მკლავისკენ მოუქნია. ვერ ხსნის, კისერში როგორ მოარტყა. როდესაც დაინახა, რომ ი.... დაჭრილი იყო და სისხლი მოსდიოდა, ინსტინქტურად ჩადო დანა თავისივე ბუდეში და როდესაც ძმისშვილისათვის დახმარების - სისხლის შეჩერების მიზნით თავისი საძინებელი ოთახის კარადიდან პირსაწმენდს იღებდა, დანა თავისი ბუდით მექანიკურად ჩააგდო ამავე კარადაში. ი. ტ–მ დაადასტურა, რომ დახმარების პარალელურად ყვიროდა, რომ სასწრაფო დახმარება გამოეძახათ, რადგან თვითონ არ ჰქონდა მობილური ტელეფონი. მან საძინებლიდან გამოტანილი პირსაწმენდი ი. ტ–ს შემოახვია ჭრილობაზე და დაეხმარა სასწრაფო დახმარების დასახვედრად დაბლა ჩასვლაში.

15. მომხდარის თვითმხილველმა მოწმემ, ლ. ტ–მ ასევე დაადასტურა ი. და ი. ტ–ებს შორის ჩხუბის ფაქტი და ის გარემოება, რომ მას შემდეგ, რაც გააშველა ისინი, ა. შ–მ ი. ტ–ს სამზარეულოში დაუმუშავა დერეფანში ჩხუბის დროს მიღებული დაზიანებები, ი. ტ–ემ ისევ გადასძახა ი. ტ–ს შესულიყო სახლში და დაეძინა, რის გამოც ი. კვლავ ავიდა მეორე სართულზე, შევიდა სამზარეულოში და სკამზე მჯდომ ი. ტ–ს ურტყამდა მუშტსა და გაშლილ ხელს, შემდეგ კი ხელები მოუჭირა ყელში და აჯანჯღარებდა. ლ. ტ–ე ცდილობდა ფიზიკურად ძლიერი ი. ტ–ს შეკავებას, მაგრამ - უშედეგოდ. ამ დროს შენიშნა, რომ ი. ტ–ემ ი–ს ბეჭის მიმართულებით მოუქნია ხელი, თუმცა ხელში დანა არ დაუნახავს. შემდეგ შენიშნა, რომ ი. ტ–ე კისრის არეში იყო დაჭრილი. ი. ტ–ემ თავისი საძინებელი ოთახიდან გაიტანა პირსახოცი და ა–სთან ერთად ი–ს აღმოუჩინა დახმარება. ასევე ითხოვდა სასწრაფოში დარეკვას, რადგან თვითონ ტელეფონი არ ჰქონდა. სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, მათ შორის, ი. ტ–ე ეხმარებოდა დაჭრილს.

16. მოწმე ა. შ–მ ასევე განმარტა, რომ შეესწრო ი. და ი. ტ–ებს შორის პირველი ჩხუბის ეპიზოდს, რა დროსაც ი. ტ–ე თავს იცავდა, ვინაიდან ი. ტ–ე მასზე ფიზიკურად გაცილებით ძლიერია. ჩხუბის შედეგად ი. ტ–ს სახის არეში ჰქონდა დაზიანებები, ამიტომ ა. შ–მ ი. ტ–ს სამზარეულოში დაუმუშავა ჭრილობები. მეუღლის სხეულზე დაზიანებები არ შეუნიშნავს. პირველ სართულზე ჩასულს ლ. ტ–მ დაუძახა, რომ სასწრაფო - სამედიცინო დახმარება გამოეძახა. მათ მისვლამდე კი დაჭრილს ყველამ ერთად აღმოუჩინეს პირველადი დახმარება, ასევე ჯერ შენობის პირველ სართულზე ჩაიყვანეს, შემდეგ კი ქუჩაში გაიყვანეს.

17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, მხარეების მიერ უდავოდ ცნობილ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 7 ოქტომბრისა და 2020 წლის 18 ნოემბრის დასკვნებს, რომელთა თანახმად:

17.1. 2020 წლის 16 სექტემბერს მოქალაქე ი. ტ–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

17.2. მოქალაქე ი. ტ–ე სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 14.09.20წ-21.09.20წ. დიაგნოზით: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, საძილე არტერიის ტრავმა, შიგნითა საუღლე ვენის ტრავმა, ჰიპოვოლემიური შოკი, ჰემორაგიული შოკი, საერთო საძილე არტერიის პლასტიკა, სხვა ვენის პლასტიკა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, ტრაქეაზე აღენიშნებოდა დეფექტი. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. დასკვნის თანახმად, ი. ტ–ს აღენიშნებოდა ღია სისხლმდენი ჭრილობა კისრის არეში, ლოკალურად აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა კისრის წინა, მარცხენა ზედაპირზე, საძილე სამკუთხედში, კისრის მარცხენა ნახევრის დაჭიმული მზარდი ჰემატომა. ჭრილობა ზომით 1,5X0,5 სმ.

18. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებით დასტურდება: კონფლიქტის ინიციატორი იყო მთვრალი დაზარალებული - ი. ტ–ე; იგი ორჯერ დაესხა თავს ი. ტ–ს; ი. ტ–ე ცდილობდა მის დამშვიდებას და მხოლოდ ერთხელ, თავდაცვის სურვილით მოუქნია დანა, მაშინ, როდესაც ფიზიკურად ძლიერი და ნასვამი დაზარალებულის მხრიდან ყელზე ხელის მოჭერის შედეგად იხრჩობოდა; იმ პირობებში, როცა ი. ტ–ემ დაჭრისთანავე გაუშვა ხელი ი. ტ–ს, მას ჰქონდა შესაძლებლობა, კიდევ დაერტყა დანა და მიეყენებინა დაზიანებები დაზარალებულისათვის, ასეთი სურვილის შემთხვევაში, თუმცა მას სხვა დაზიანების მიყენება არც კი უცდია, საპირისპიროდ, აღმოუჩინა პირველადი დახმარება, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ დაზარალებულისათვის ყელის არეში მიყენებული დაზიანება თავისთავად ადასტურებს ი. ტ–ს განზრახვას მოეკლა ი. ტ–ე და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხოლოდ დანის დარტყმის ფაქტი და დაზიანების ლოკალიზაცია, ასევე მსჯავრდებულის მიერ დანის საძინებელ ოთახში არსებულ კარადაში შენახვა, უპირობოდ ვერ გახდება საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების საფუძველი; სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ი. ტ–ს მიერ ი. ტ–ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა, თუმცა უტყუარად დადგინდა ი. ტ–ს მიერ ი. ტ–სთვის აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჯანმრთლობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი, შესაბამისად, ი. ტ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე.

19. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს: იმისათვის, რათა დადგინდეს, გადასცილდა თუ არა პირის მოქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს, პირველ რიგში უნდა გაირკვეს, იმყოფებოდა თუ არა იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მხოლოდ ამის შემდეგ დადგება დაცვის მართლზომიერების ფარგლების განსაზღვრის აუცილებლობა; პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის №593აპ-15 განაჩენი; 2020 წელის 17 მარტის №756აპ-19 განჩინება).

20. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

21. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

22. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალიკა დვალიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე