საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.04.2022
საქმის ნომერი
2კ-87აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.04.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №87აპ-22 თბილისი

დ-ე გ., 87აპ-22 14 აპრილი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. დ-ეს ბრალი დაედო უხარისხო მომსახურების გაწევაში, რაც არ შეესაბამება მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: გ. დ-ე 2017 წლის 23 ივლისს დასაქმებული იყო შპს “-- ჯგუფის“ დირექტორის პოზიციაზე. ამ საწარმოს საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენდა მომხმარებლისათვის სარესტორნო მომსახურების გაწევა. საქართველოს კანონის - „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად, გ. დ-ეს, როგორც საწარმოს დირექტორს, მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის მიზნით, ევალებოდა, მიეღო ყველა აუცილებელი ზომა, რათა პროდუქტი, რომელიც სამუშაო ადგილზე გამოიყენებოდა, ყოფილიყო უსაფრთხო. მიუხედავად ამისა, 2017 წლის 23 ივლისს, თ-ში, .......ის მიმდებარედ, შპს “-- ჯგუფის“ კუთვნილ „........ის კლუბის“ სადღესასწაულო დარბაზში გამართულ საქორწილო წვეულებაზე, გ. დ-ემ ვერ უზრუნველყო მითითებული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო უხარისხო მომსახურება გაუწია წვეულებაზე სტუმრად მყოფ გ. შ-ესა და ლ. ქ-ს, რაც გამოიხატა იმაში, რომ მომსახურების გაწევისას, სადღესასწაულო დარბაზში არსებულ ე.წ. ფრანგულ ღია აივნებზე განთავსებული ხის მოაჯირის მზიდუნარიანობა არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტს, რის გამოც 2017 წლის 23 ივლისს, 00:30 საათიდან 01:45 საათამდე დროის მონაკვეთში, ლ. ქ-ი და გ. შ-ე ხის მოაჯირზე მიყრდნობისას, მოაჯირის ჩატეხვის გამო, გადავარდნენ დაახლოებით სამი მეტრისა და ოცდაათი სანტიმეტრის სიმაღლიდან. მომხდარის შედეგად ლ. ქ-მა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო გ. შ-ემ - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენით გ. დ-ე, - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მასვე განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია გურულმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; გ. დ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; გ. დ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის ადეკვატური, კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს გ. დ-ის ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე