საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002706808
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №893აპ-19 ქ. თბილისი
ქ. ჯ. 893აპ-19 20 მაისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:
1.1. ჯ. ქ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
1.2. გ. ო–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
1.3. ო. დ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. თ–ში, ვ–ში, მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ. ო–ი, ო. დ–ი და გ. ო–ი, სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ ფ. ც–სა და ვ. მ–ს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს 9000 აშშ დოლარად ღირებული, BMW-ს მარკის ავტომანქანა, ფულადი თანხა - 355 ლარი, ,,აიფონ 6-ისა“ და ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით:
3.1. ჯ. ო–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“,„გ“ ქვეპუნქტებიდან და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
3.2. ჯ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. ჯ. ქ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 17 აგვისტოდან;
3.4. გ. ო–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებიდან და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
3.5. გ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვრა - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.6. გ. ო–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 15 სექტემბრიდან;
3.7. ო. დ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებიდან და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
3.8. ო. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.9. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ო. დ–ს მოსახდელად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.10. ო. დ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 17 აგვისტოდან;
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, ჯ. ო–ისა და გ. ო–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ხოლო ო. დ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან გურაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, ჯ. ო–ისა და გ. ო–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ხოლო ო. დ–ს - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში -საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001).
9. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთაც განაპირობეს ჯ. ო–ის, გ. ო–სა და ო. დ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაცია და მათი დამნაშავედ ცნობა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ყაჩაღობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. ყაჩაღობის დროს პირი თავდასხმის გამოყენებით ზემოქმედებს დაზარალებულზე, რათა სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლოს. ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია აგრეთვე დადგინდეს, დაზარალებულმა როგორ აღიქვა და შეაფასა მის მიმართ განხორციელებული/გამოთქმული მუქარა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის 837აპ-21 განაჩენი).
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულთა ჩვენებები მომხდარი შემთხვევის გარემოებებთან მიმართებით - თავდამსხმელთა რაოდენობა, თავდასხმაში მონაწილე პირთა ქმედებები და გადაადგილება - შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს. შესაბამისად, ჩვენებებს სასამართლო აფასებს როგორც ურთიერთსაწინააღმდეგოს და ურთიერთგამომრიცხველს, რაც ერთობლივად უკარგავს მათ სანდოობას და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. ამასთან, მსჯავრდებულთა დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას, ავტომობილის ჩხრეკისას თუ სხვა საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებისას ამოღებული არ არის არც დანაშაულის ჩადენის საგნები და არც ის ნივთები, რომელთა მსჯავრდებულთა მიერ დაუფლებაზე დაზარალებულებმა მიუთითეს(მობილური ტელეფონები, ფულადი თანხა). გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულების მიერ აღწერილი ფაქტი მოხდა შუა დღეს (15:30 საათზე), მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, მოწმეთა(ნ. ე–ს, ზ. გ–ს, ნ. რ–ს, ზ. ლ–ს, ნ. თ–სა და ნ. ს–ს) გამოკითხვის ოქმებით კი დასტურდება, რომ ცხოვრობენ ქ. თ–ში, ვ–ი, მე-.. ზონა, მე-.. კორპუსი. 2018 წლის 16 აგვისტოს იმყოფებოდნენ სახლში, მაგრამ კორპუსის მიმდებარედ საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ, არც ხმაური გაუგიათ. მოწმის სახით დაკითხულმა მ. ჯ–მ კი მიუთითა, რომ დაახლოებით შუადღეს ავტოფარეხიდან გამოდიოდა, რა დროსაც დაინახა უცხო ,,BMW X5“ მარკის ავტომანქანა, რომელიც ჩქარი სვლით მიდიოდა. მასში ორი, წვერიანი ახალგაზრდა იჯდა, ცოტა ხანში მას სწრაფი ნაბიჯებით გამოჰყვა ორი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი უფრო ახალგაზრდა იყო. ისინი არ ყვიროდნენ და არც შველას ითხოვდნენ. 2018 წლის 16 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ვ. მ–მ მიუთითა ის ადგილები, სადაც, მისი გადმოცემით, მსჯავრდებულებმა ყაჩაღობის ჩადენისას მიიყვანეს, კინოლოგიის ექსპერტებმა აიღეს სუნის კვალის ნიმუშები, სუნის კვალზე გაუშვეს სამძებრო ძაღლი, რომელმაც იტრიალა ეზოში და გაჩერდა, რაც დაზარალებულთა ჩვენებებს, ე.წ. „ნავესში“(რომელიც ვ. მ–ს განმარტებით 15-17 მეტრით იყო დაშორებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან) ჩაყვანასთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს(იხ.: ტ.1, ს.ფ. 3-9).
12. სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების გარდა, საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ჯ. ო–ის, ო. დ–სა და გ. ო–ს შეიარაღებული თავდასხმა დაზარალებულებზე.
13. სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ე.წ. „ხამუთებზე“ ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილის ო. დ–სათვის კუთვნილების ყაჩაღობის ჩადენასთან კავშირის შესახებ, ვინაიდან, მართალია გამოძიების ფარგლებში შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს ე.წ. „ხამუთები“, თუმცა ბრალდების მხარის ვარაუდის გარდა, სხვა რაიმე მტკიცებულებით(მათ შორის არც დაზარალებულთა ჩვენებებით) არ დგინდება ამოღებული საგნების რაიმე კავშირი დანაშაულის ჩადენასთან.
14. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ჯ. ო–ის, ო. დ–სა და გ. ო–ს მიერ განხორციელებული ქმედება არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და მათ მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - თვითნებობა, რომლის ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს მნიშვნელოვანი ზიანი.
15. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არის შედეგით დაფუძნებული მატერიალური შემადგენლობა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. საქართველოს სსკ-ის ოცდამეხუთე თავით გათვალისწინებული საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისგან განსხვავებით, სადაც ქმედებით გამოწვეული ზიანის მნიშვნელობა საკანონმდებლო წესით არის განსაზღვრული, თვითნებობის შემთხვევაში ზიანის ოდენობა და ხასიათი (მნიშვნელოვანია თუ არა ქმედებით გამოწვეული ზიანი) სასამართლოს შეფასების საგანია და განისაზღვრება კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის 173აპ-21 განჩინება). მნიშვნელოვანი ზიანი შეიძლება იყოს როგორც მატერიალური, ასევე არაქონებრივი - მორალური სახის ან უკავშირდებოდეს კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ფაქტობრივი გარემოება, რომ ავტომობილი „BMW X5-ის“ ღირებულება იყო 9000 აშშ დოლარი, შესაბამისად, ჯ. ო–ის, გ. ო–სა და ო. დ–ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანი - 9000 აშშ დოლარი, უნდა შეფასდეს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანად, რაც ქმედების საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციისათვის სავალდებულო კომპონენტია.
17. სასამართლო მიუთითებს, რომ უსაფუძვლოა პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულების - ჯ. ო–ისა და გ. ო–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ხოლო ო. დ–ს - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულების ქმედება სწორად გადააკვალიფიცირეს საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR,02/09/2014).
19. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან გურაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე