საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100121004677697
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№987აპ-22 ქ. თბილისი
კ–ა რ., 987აპ-22 20 დეკემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. კ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. კ–მ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან გამოტანილია საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, კერძოდ, დაფუძნებულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე, რაც ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენით რ. კ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2021 წლის 19 აპრილიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. კ–მ ჩაიდინა პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 აპრილის განაჩენით ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული რ. კ–სა, რომელიც მოთავსებული იყო ქ. ქ–ში, ხ–ს ქ. №..-ში მდებარე №.. პენიტენციურ დაწესებულებაში, 2021 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 11:02 საათზე, №.. პენიტენციური დაწესებულების „ე“ კორპუსის №.. დეესკალაციის ოთახის საკვებურიდან გასაუბრებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექთანს - ნ. ბ–ს, კერძოდ, სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულს მარცხენა თვალბუდის არე შეუშუპდა, განუვითარდა ჰიპერემია და ფიზიკური ტკივილი განიცადა.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. შ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან არ ეფუძნება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რადგან განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დგინდება რ. კ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა; საყურადღებოა, რომ №.. პენიტენციური დაწესებულების ექთნის, დაზარალებულ ნ. ბ–ს მონათხრობი იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევის დღეს დეესკალაციის ოთახში მყოფმა მსჯავრდებულმა რ. კ–მ საკვებურიდან მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის არეში, თანხვდენილია და დასტურდება მხარეთა მონაწილეობით, თანაბარი და შეჯიბრებითი პროცესის პირობებში გამოკვლეული არაერთი სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებით, კერძოდ: დანაშაულის თვითმხილველი მოწმეების - გ. გ–სა და გ. გ–ს ჩვენებებით, რომლებმაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ დეესკალაციის ოთახში მყოფმა რ. კ–სამ საკვებურიდან გასაუბრებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. ბ–სიას; შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილი, ერთი მხრივ, დეესკალაციის ოთახის, ხოლო, მეორე მხრივ, დერეფნის ვიდეოჩანაწერებით, რომლებშიც ნათლად ჩანს, როგორ ურტყამს დეესკალაციის ოთახის საკვებურიდან რ. კ–სა მარცხენა ხელის მკვეთრი მოძრაობით დერეფნის მხარეს მყოფ ნ. ბ–ს, რასაც პირადად ესწრებიან დაზარალებულის მახლობლად მყოფი - გ. გ–ი და გ. გ–ე; მოწმის სახით დაკითხული, №.. პენიტენციური დაწესებულების ექიმის - მ. მ–ს ჩვენებით, რომელმაც ცალსახად დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს შეამოწმა დაზარალებული, რომელსაც მარცხენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა შეშუპება და ჰიპერემია (შეწითლება), რაზეც შეადგინა სათანადო ცნობა; გარეგანი დათვალიერების ამსახველი სამედიცინო ცნობით ირკვევა, რომ 2022 წლის 6 აპრილს №.. პენიტენციური დაწესებულების ექთანს - ნ. ბ–ს გარეგანი დათვალიერებისას მარცხენა თვალბუდის არეში აღენიშნებოდა ჰიპერემია და შეშუპება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. კ–სას ბრალეულობა უტყუარად არის დადგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობით, რისი მხედველობაში მიღებითაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მისი მსჯავრდება კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ იკვეთება.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. კ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი