საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100121004257526
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1086აპ-22 ქ. თბილისი
ფ. ლ., 1086აპ-22 26 იანვარი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ფ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ზ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. ფ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ზ-მ, რომლებიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სათანადოდ არ შეაფასეს ერთადერთი ნეიტრალური მოწმის - გ. ჩ-ს ჩვენება, ხოლო საქმის შედეგით დაინტერესებული პოლიციელების მონათხრობი, რომლებიც თავად მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებებში, უკრიტიკოდ გაიზიარეს და საფუძვლად დაუდეს ლ. ფ-ს გამამტყუნებელ განაჩენს; სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ პოლიციელების ჩვენებები, თითქოსდა, ლ. ფ-ს ქურთუკის გახსნისას გამოუჩნდა იარაღი, ვერ დადასტურდა სასამართლო განხილვისას მსჯავრდებულის ქურთუკის გამოკვლევისას, რომელსაც გახეული ჯიბე უერთდებოდა სარჩულს და შეუძლებელია იქიდან იარაღი გამოჩენილიყო; აღსანიშნავია, რომ ჩხრეკაში მონაწილე არცერთ პოლიციელს საჭიროდ არ ჩაუთვლია ვიდეო ან ფოტოგადაღება ან/და ჩხრეკაზე ნეიტრალური მოწმის - გ. ჩ-ს დასწრება, რაც მეტად დამაჯერებელს გახდიდა ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას; არასარწმუნოა მოწმე დ. ნ-ს ჩვენება, რადგან შეუძლებელია, ერთი მხრივ, მოწმეს ავტომანქანაში დაენახა იარაღი, რომელიც მსჯავრდებულს ქურთუკიდან არ მოუჩანდა, ხოლო, მეორე მხრივ, ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებიდან დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ლ. ფ. გაჩერებულიყო იმავე ადგილზე, სადაც იგი დააკავეს, ისევე, როგორც - მოწმე ვ. ა-ს განმარტებები, რომ უფროსმა ოპერაციის დასაგეგმად დაიბარა 22:00 საათზე, მაშინ, როდესაც ლ. ფ. დაკავებულია 20:55 საათზე; კასატორი უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებაზე - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი კანონის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. ფ-ს ბრალად დაედო: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება; ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის) მართლსაწინააღმდეგო შეძენა, იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 20:55 საათზე, ... ქუჩაზე არსებული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ფ. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ, 16 მმ კალიბრიან, ,,TO3-БМ“ მოდელის, ორლულიან, გადაჭრილ, ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც სამართალდამცავებმა ამოიღეს 2020 წლის 7 დეკემბერს ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას.
2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის განაჩენით ლ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2017 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის ნასამართლევმა ლ. ფ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა - 16 მმ კალიბრიანი, ,,TO3-БМ“ მოდელის, ორლულიანი, გადაჭრილი, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ამოიღეს 2020 წლის 7 დეკემბერს ... ქუჩაზე არსებული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას.
3. ლ. ფ.ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 აგვისტოს განაჩენით ლ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. ფ.მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ზ-მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 სექტემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო კასატორების მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებით - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით; გ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
10. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების სადავო ნორმატიული შინაარსის დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან ძალადაკარგულად ცნობა შექმნიდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესების დაზიანების საფრთხეს და იმისათვის, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტურად უზრუნველეყოთ ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სათანადო, ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება, საჭიროდ ჩათვალა, რომ მათ ჰქონოდათ მკაფიო საკანონმდებლო ინსტრუქციები, ასევე - რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, საჭირო გამხდარიყო სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული სტანდარტები ემსახურება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა თვითნებობის რისკების პრევენციას, თუმცა ჩხრეკის ჩატარების სათანადო ინსტრუქციისა და ტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფის გარეშე სადავო ნორმის დაუყოვნებლივ გაუქმებას შესაძლოა შეეფერხებინა სამართალდამცავთა ლეგიტიმური ქმედებები, რომელთა მოქმედებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კანონმდებელს და შესაბამის ორგანოებს უნდა მისცემოდათ გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ინსტიტუციური ცვლილებების განსახორციელებლად და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც უშვებდა ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდებოდა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებით და ამავე დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად ცნობა გადავადებულიყო - 2021 წლის 1 ივლისამდე.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე, ლ. ფ-ს მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია 2020 წლის 7 დეკემბერს ჩადენილი დანაშაულის გამო, საპროცესო კანონმდებლობის უკუძალით გამოყენებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას: ,,საპროცესო კანონმდებლობის კავშირი რეტროაქტიულობასთან, ძირითადად, საფუძველშივე გამოირიცხება, რადგან ის არეგულირებს პროცედურებს, რომლებიც, დამოუკიდებლად იმისგან, როდის მოხდა დანაშაულის ჩადენა, მიმდინარეობს დროში, განგრძობადია, დინამიკურია. ამ პროცედურების მიზანია, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, არსებობდეს საკმარისი და ეფექტური მექანიზმები, ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დანაშაულის ფაქტის დადასტურებას ან გამორიცხვას. [...] მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია, გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი კანონი. [...] საპროცესო-სამართლებრივ ნორმებს უკუძალით გამოყენებასთან კავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ კონკრეტული საპროცესო ნორმები, თავისი არსით იქნება დაკავშირებული ქმედების დანაშაულებრიობისა და დასჯადობის გაუქმებასთან ან სასჯელის შემსუბუქებასთან“ (იხ.: mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/01/2014 წლის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-73-74; 77), რაც განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ლ. ფ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეები - ი. ა., ბ. გ. და ვ. კ. ლ. ფ-სათვის ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენასა და ამოღებასთან დაკავშირებით საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, იძლევიან თანმიმდევრულ და დამაჯერებელ ჩვენებებს, რომლებიც ურთიერთთავსებადი და თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე - ჩხრეკის ოქმთან და ერთობლივად შეფასებისას აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს. ამასთან, პოლიციელთა ჩვენებების არასანდოდ მიჩნევის ობიექტური და დამაჯერებელი საფუძველი არც კასატორებს მიუთითებიათ თავიანთ საკასაციო საჩივარში და არც საქმის მასალებით გამოკვეთილა; ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ლ. ფ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული „TO3-БМ“ მოდელის სანადირო თოფის კონდახისა და ლულების თვითნაკეთი წესით დამოკლებისა და გადაკეთების გზით დამზადებული, 16-კალიბრიანი, ორლულიანი, გადაჭრილი თოფი, რომელსაც გადაშლილი აქვს ნომერი, გასროლებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო იმავე თოფში მოთავსებული, ქარხნული წესით დამზადებული, 16-კალიბრიანი სანადირო ვაზნა გასროლისთვის ვარგისია და მიეკუთვნება გლუვლულიანი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალას; საყურადღებოა ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც სარწმუნოდ დადგენილი არის, რომ ლ. ფ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ გადაჭრილ თოფზე აღმოჩენილი ლაქები და იმავე თოფში მოთავსებული ვაზნიდან ამოღებული ლაქა არის ადამიანის სისხლი, რომელიც იდენტურია ლ. ფ-ს ჯინსის შარვალსა და მარცხენა ფეხსაცმელზე აღმოჩენილი სისხლის ლაქისა, რისი გათვალისწინებითა და მტკიცებულებების შეფასებისას, ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცება იმისა, რომ ლ. ფ.ს ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღთან კავშირი არ ჰქონია და იგი უდანაშაულოა, არასარწმუნო და არადამაჯერებელია.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ფ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ზ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი