შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100122005713170
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1228აპ-22 28 თებერვალი, 2023 წელი
ქ. ლ., №1228აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ლ. ქ. (პირადი ნომერი: ....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2022 წლის 5 მარტს, დაახლოებით 19:10 საათზე, თ-ში მდებარე შპს „კ–ს“ კუთვნილი ჯართის მიმღები პუნქტის ჯიხურში, ლ. ქ. თავს დაესხა ამავე ობიექტის თანამშრომლებს - პ. თ-სა და ა. ბ-ეს, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარითა და ძალადობით, რაც გამოიხატა იარაღიდან ერთხელ გასროლაში, მოითხოვა თანხის გადაცემა. ლ. ქ-მ აღნიშნული თავდასხმით შეძლო და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა შპს „კ–ს“ კუთვნილი თანხა - 30 ლარი, რის შემდეგაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
1.3. 2022 წლის 5 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, თ-ში მდებარე შპს „....“ კუთვნილ სავაჭრო ობიექტზე, ლ. ქ. თავს დაესხა ამავე ობიექტის მოლარე-ოპერატორს - თ. ყ-სა და კონსულტანტს - ზ. რ-ს, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თ. ყ-ს მოსთხოვა სალაროს გახსნა და თანხის გადაცემა. ლ. ქ-მ აღნიშნული თავდასხმით შეძლო და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა შპს „მ-----“ კუთვნილი თანხა - 175 ლარი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ. ქ-ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს ,,......ს“ მიადგა ქონებრივი ზიანი, ხოლო თ. ყ-სა და ზ. რ-ს - მორალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენით ლ. ქ.ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა (შპს ,,კ–ს“ კუთვნილი ჯართის მიმღები პუნქტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,....“ კუთვნილი სავაჭრო ობიექტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,კ–ს“ კუთვნილი ჯართის მიმღები პუნქტის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,.....“ კუთვნილი სავაჭრო ობიექტის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,.....“ კუთვნილი სავაჭრო ობიექტის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,კ–ს“ კუთვნილი ჯართის მიმღები პუნქტის ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა - 2 წელი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიანა ონიანმა, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ქ-ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 1 ნოემბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ, დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ლ. ქ-ისთვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამასთან, ლ. ქ. ერთ დღეს, დროის მცირე პერიოდში, იარაღის გამოყენებით ყაჩაღურად თავს დაესხა ორ სხვადასხვა ობიექტს, რა დროსაც იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. მოცემულ საქმეზე არის არაერთი დაზარალებული, რომლებსაც ლ. ქ-ის ქმედებით მიადგათ მორალური და ქონებრივი ზიანი. გარდა ამისა, ლ. ქ. სამართალდამცავ ორგანოში არ გამოცხადებულა და მისი, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირის, დადგენა მოხდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. ლ. ქ-ის განმარტებით, დანაშაული ჩაიდინა იმიტომ, რომ გადაეხადა ბინის ქირა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მსგავსი პრობლემების მოგვარების გზად მას დანაშაულის ჩადენა მიაჩნია. აღნიშნული კი სასამართლოს უნდა შეეფასებინა ლ. ქ-ის პიროვნების ნეგატიურ მახასიათებლად.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
5.3. განსახილველ შემთხვევაში ლ. ქ.მსჯავრდებულია ყაჩაღობის ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენისთვის, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს როგორც თითოეული დანაშაულისთვის შეფარდებული სასჯელის, ასევე საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელის სამართლიანობას და შესაბამისობას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
5.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მსჯავრდებულ ლ. ქ-ისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,კ-ს“ კუთვნილი ჯართის მიმღები პუნქტის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი კანონის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევით არის დანიშნული, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში არ მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი სასჯელის განსაზღვრის სავალდებულო წესი, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
5.5. განსახილველ შემთხვევაში ლ. ქ.მსჯავრდებულია იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით ყაჩაღობის ჩადენისთვის (შპს ,,კ–ს“ კუთვნილი ჯართის მიმღები პუნქტის ეპიზოდი), კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2022 წლის 5 მარტს, დაახლოებით 19:10 საათზე, შპს „კ-ს“ კუთვნილი ჯართის მიმღები პუნქტის ჯიხურში, ლ. ქ.თავს დაესხა ამავე ობიექტის თანამშრომლებს - პ. თ-სა და ა. ბ-ს, რა დროსაც იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარითა და ძალადობით, რაც გამოიხატა იარაღიდან ერთხელ გასროლაში, მოითხოვა თანხის გადაცემა.
5.6. ის გარემოება, რომ დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული იარაღის მსგავსი საგანი განეკუთვნება იარაღს, დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის N... დასკვნით, კერძოდ, დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის - თ.. ჯართის მიმღებ პუნქტში ჩატარებული დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ერთი ცალი მასრა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით არის ქარხნული წესით დამზადებული, 9მმ, ნომინალურკალიბრიანი პისტოლეტებისა და რევოლვერებისთვის განკუთვნილი ხმოვანი ვაზნის შემადგენელი ნაწილი - მასრა, ხოლო ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, იარაღად მიიჩნევა ისეთი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად, ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი წარმოადგენს სამოქალაქო იარაღთა კატეგორიას.
5.7. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ლ. ქ-მ დანაშაული (შპს „კ–ს“ კუთვნილი ჯართის მიმღები პუნქტის ეპიზოდი) ჩაიდინა იარაღის გამოყენების მუქარით და მისი გამოყენებით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის უპირობო დამძიმების საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,კ–ს“ კუთვნილი ჯართის მიმღები პუნქტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით შეეფარდებინა ამ მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, ლ. ქ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისებისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დანაშაული ჩადენილია იარაღის გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,კ–ს“ კუთვნილი ჯართის მიმღები პუნქტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უნდა განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.8. რაც შეეხება ლ. ქ-ისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,...“ კუთვნილი სავაჭრო ობიექტის ეპიზოდი) შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით - შეესაბამება ლ. ქ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას. მართალია, მოცემულ შემთხვევაშიც ლ. ქ-ს ბრალი ედება იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით დანაშაულის ჩადენაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე უტყუარად ვერ დადგინდა, წარმოადგენს თუ არა იგი იარაღს, სასჯელის დანიშვნისას ვერ იქნება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი.
5.9. საკასაციო სასამართლო დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ლ. ქ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აანაზღაურა დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი, რის გამოც მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებით.
5.10. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენებით განხორციელდება სასჯელის მიზნები. ამასთან, პროკურორი ვერ უთითებს ვერცერთ რელევანტურ კრიტერიუმს, რაც მოცემულ შემთხვევაში მიზანშეუწონლად აქცევდა ნაწილობრივ პირობითი მსჯავრის მექანიზმის გამოყენებას.
5.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში სასჯელის დამძიმების კუთხით უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ლ. ქ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,კ–ს“ კუთვნილი ჯართის მიმღები პუნქტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ლ. ქ-ს შეფარდებული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,მ..........“ კუთვნილი სავაჭრო ობიექტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ლ. ქ-ს შეფარდებული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით და 4 (ოთხი) თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და 8 (რვა) თვით ჩაეთვალოს პირობით;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,კ–ს“ კუთვნილი ჯართის მიმღები პუნქტის ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,....“ კუთვნილი სავაჭრო ობიექტის ეპიზოდი) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;
6. ლ. ქ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 9 მარტის 04:26 საათიდან;
7. მსჯავრდებულ ლ. ქ-ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პირობით გამოსაცდელ ვადაში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევასა და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი ნივთმტკიცების ნაწილში დარჩეს უცვლელად.
9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე