საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 120100121004900627
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე№1127აპ-22 1 თებერვალი, 2023 წელი
ბ–ე რ.,№1127აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. რ. ბ–სეს (პირადი ნომერი ...........) წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
რამდენიმე წლის განმავლობაში ქ. ა–ში, რ–ს ქ. N..-ში მდებარე ბინა N..-ში, თავისივე საცხოვრებელ სახლში, რ. ბ–ე, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების - 02.12.2012 წელს დაბადებული გ. ბ–სა და ....... წელს დაბადებული ე. ბ–ს თანდასწრებით, სისტემატურად ძალადობდა მეუღლის ი. ჩ–ს მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა. ამასთან, 2021 წლის 22 მაისს, რ. ბ–მ, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების - ....... წელს დაბადებული გ. ბ–სა და ..... წელს დაბადებული ე. ბ–ს თანდასწრებით, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ი. ჩ–ს, ხოლო შემდგომ ესროლა სამზარეულოს ხის სკამი, რომელიც დაზარალებულს მოხვდა ჯერ მკერდის არეში - მარჯვენა მხარეს, ხოლო შემდგომ - ფეხებში და ორივეჯერ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, რ. ბ–მ გადმოაბრუნა მაგიდიდან ცხელი ყავით სავსე ფინჯანი და ყავის შხეფები ფეხებზე დაესხა ი. ჩ–ს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ტკივილი და სხეულზე მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
რამდენიმე წლის განმავლობაში ქ. ა–ში, რ–ს ქ. N...-ში მდებარე ბინა N..-ში, თავისივე საცხოვრებელ სახლში, რ. ბ–სე, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, სისტემატურად სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და ძალადობდა მეუღლის - ი. ჩ–ს მიმართ, რის გამოც 2021 წლის აპრილში ი. ჩ–მ სცადა თავის ჩამოხრჩობა თავისივე საცხოვრებელ სახლში კარის სახელურზე ჩამოკიდებით, კერძოდ: ქამარი წაიჭირა ყელში და კარის სახელურზე შეეცადა თვითმკვლელობას, მაგრამ იგი ჩამოხსნა რ. ბ–მ.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენით რ. ბ–ე საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და რ. ბ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 25 ოქტომბერს გაასაჩივრა პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება, რ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. პროკურორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გამამართლებელი განაჩენი რ. ბ–ს მიმართ არის უკანონო, იგი უნდა გაუქმდეს და დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენი, რადგან სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა რ. ბ–სის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ: 2021 წლის 22 მაისს სსიპ 112-ის ოპერატორთან დაზარალებულ ი. ჩ–სიას შეტყობინებით დადასტურებულია, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. 2021 წლის 22 მაისის N.......... შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ რ. ბ–ს ი. ჩ–ს მიმართ ჩადენილი ძალადობისათვის 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა და მასთან ნებისმიერი კომუნიკაციის დამყარება, ასევე თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტ დ. მ-ის ჩვენების თანახმად, ი. ჩ–ს სხეულზე არსებული ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და თითოეული, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ასევე, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. მოწმე ხათუნა ნემსაძის ჩვენებით ირკვევა, რომ 2021 წლის 22 მაისს, დილის საათებში თავის საცხოვრებელ სახლში მყოფს, ეზოდან შემოესმა ი. ჩ–ს განწირული კივილი. მოწმემ განაცხადა, რომ ეზოში ჩასვლისას დაინახა იქ მყოფი მეზობელი - ი. ჩ–ა, რომელიც ტანსაცმელს იგლეჯდა, იყო ძალიან ანერვიულებული და შეწუხებული; შეკითხვაზე, თუ რა მოხდა, ი-მ უპასუხა, რომ 9 წელია ცუდად იყო და ამის ატანა აღარ შეეძლო. ი. ჩ–სიამ ასევე თქვა, რომ ქმარმა - რ. ბ-მ ყავა დააქციაო. მოწმის განმარტებით, ი. ჩ–სია არეულად და გაუგებრად საუბრობდა და ამბობდა, პოლიცია უნდა გამოვიძახოო. მოწმემ განაცხადა, რომ ი. ჩ–ს აქვს ჯანმრთელობის ფსიქოლოგიური პრობლემები და მკურნალობს, შიშზე ეწყება აღგზნება და ვეღარ აცნობიერებს თავის საქციელს. ასევე, ი–მ უთხრა, რომ როდესაც თავს იხრჩობდა, იგი მეუღლემ რ. ბ–მ გადაარჩინა და მოხსნა ყელიდან ქამარი. მოწმე ე. ხ-ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2022 წლის 22 მაისს, დილის საათებში, მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის ეზოში, როდესაც შენიშნა ამავე ბინაში მცხოვრები ი. ჩ–ა, რომელიც ტიროდა, აღელვებული იყო და ითხოვდა 112-ის ოპერატორთან დარეკვას პოლიციის გამოსაძახებლად. 2021 წლის 22 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ ქ. ა–ში, რ–ს ქუჩა N...-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ი. ჩ–მ დემონსტრაციულად მიუთითა სამზარეულო ოთახზე და განმარტა, რომ 2021 წლის 22 მაისს, დილით იდგა სამზარეულოში, გაზქურასთან, სადაც ასევე იმყოფებოდა მისი მეუღლე - რ. ბ–ე, რომელმაც ესროლა სამზარეულოს სკამი. აღნიშნულის შემდეგ ი. ჩ–მ მიუთითა სამზარეულოს სკამზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული სკამი ესროლა რ. ბ–მ, რომელიც მოხვდა მკერდის არეში და მიიღო დაზიანება, ხოლო შემდეგ მოხვდა ფეხებში და ორივე შემთხვევაში განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. საქმის სასამართლოში განხილვის პროცესში დაზარალებულებმა: ი. ჩ–მ, გ. ბ–მ და ე. ბ–მ გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის - რ. ბ–ს (მეუღლის და მამის) მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. ამასთან, არც პირველი ინსტანციისა და არც სააპელაციო სასამართლოებმა გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინეს რ. ბ–ს პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ, ის გარემოება, რომ მან ჩაიდინა მძიმე კატეგორიის, განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულთა ერთობლიობა, რაც ცალსახად მიუთითებს რ. ბ–ს მიდრეკილებაზე ახალი დანაშაულის ჩადენისაკენ. ასევე, გასათვალისწინებელია სახელმწიფოს მიდგომა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე, რამდენადაც სახელმწიფომ პრიორიტეტად დაისახა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.
5.2. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებს. პროკურორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა რ. ბ–სის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავისთავად გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19, 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები). ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეებში, სადაც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკას, თვითმხილველ მოწმეთა სიმცირესა და პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა მოპოვებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რის გამოც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილი საკანონმდებლო სტანდარტის შეფასებისას მხედველობაში იღებს ცალკეული საქმის ინდივიდუალურ მოცემულობას, სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ხარისხსა და მნიშვნელობას, მათ ურთიერთშესაბამისობას და თანხვედრას ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.
5.6. აღსანიშნავია, რომ რ. ბ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება შეეხება მეუღლის სისტემატური ცემასა და მის თვითმკვლელობამდე მიყვანას, თუმცა ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულება ბრალდებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. დაზარალებულმა ი. ჩ–მ და მოწმეებმა - გ. ბ–მ და ე. ბ–მ ისარგებლეს ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს სასამართლოს. მოწმეების - ე. ხ–სა და ხ. ნ–ს ჩვენებებით დგინდება, რომ 2021 წლის 22 მაისს დაზარალებული ი. ჩ–სია იყო აღელვებული, ტანსაცმელს იგლეჯდა და იყენებდა თვითდაზიანებებს, ასევე აცხადებდა, რომ მეტის მოთმენა არ შეეძლო და პოლიცია უნდა გამოეძახა. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რ. ბ–ს მიერ ი. ჩ–ს მიმართ სკამის სროლისა და ყავის განზრახ გადასხმის თვითმხილველი პირი ან სხვა პირდაპირი მტკიცებულება. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც სრულად დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმებას ასახავს, არ შეიცავს ფაქტების დამოუკიდებლად და ობიექტურად დასადგენად საკმარის პირდაპირი ხასიათის ინფორმაციას. ის გარემოება, რომ დაზარალებულმა ი. ჩ–მ მიუთითა შემთხვევის ადგილისა და სკამის შესახებ, მისი ჩვენების გარეშე, არ ქმნის ძალადობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის დამოუკიდებელ და პირდაპირ მტკიცებულებით საფუძველს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა შემთხვევის დღესთან ხანდაზმულობით შესაბამისი დაზიანებები, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ვერ გამოირიცხება გონივრული ეჭვი აღნიშნული დაზიანებების წარმოშობასთან მიმართებით, მითუფრო, რომ მოწმეები ადასტურებენ ხსენებულ დღეს დაზარალებულის მიერ თვითდაზიანების მიყენებას. შესაბამისად, ვინაიდან ვერ დგინდება რ. ბ–ს შესაძლო ძალადობასა და ი. ჩ–სიას დაზიანებებს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, დაუშვებელია ბრალდების ფორმულირების აღნიშნული ნაწილის მისთვის ობიექტურად შერაცხვა. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება სისტემატური ცემის დასადასტურებლად. რაც შეეხება თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებას, უშუალოდ ბრალდების მხარის მოწმეები, რომელთაც ი. ჩ–მ განუცხადა, რომ თავს იკლავდა და რ. ბ–მ გადაარჩინა, ასევე საქმეში არსებული ინფორმაცია დაზარალებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, განაპირობებს ეჭვს ბრალდების მოცემული ეპიზოდის საფუძვლიანობის მიმართ. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერსა და 112-ის შეტყობინების ბარათს, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ ხსენებულ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციები მწირია, საქმეზე ფაქტების უტყუარად და ბრალდების ფორმულირების შესაბამისი თანმიმდევრობით დასადგენად, რამეთუ ისინი არ შეიცავს საკმარის ცნობებს, თუ რაში გამოიხატა ძალადობა და განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. საგულისხმოა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ი. ჩ–ს ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდია. დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებულია გამოსაკვლევი პირის მდგომარეობა კვლევის პროცესში და აღნიშნულია, რომ გამოსაკვლევი პირი ფსიქიკური პრობლემების არსებობას არ უარყოფს და აღნიშნავს, რომ რამდენჯერმე მოთავსებული იყო ფსიქიატრიულ კლინიკაში, რადგან აღენიშნებოდა სმენითი ხასიათის ჰალუცინაციები. მის საუბარში იკვეთება მის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ფაქტის გაზვიადებული განმარტებებით გადატვირთვის მცდელობა.
5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები არათუ არ აკმაყოფილებს ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა სტანდარტს, არამედ ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა რ. ბ–ის დამნაშავედ ცნობისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე