საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.03.2023
საქმის ნომერი
2კ-13-I-23
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.03.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141323006770239

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №13I-23 თბილისი

ს–ი რ., 13I-23 14 მარტი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ს–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2023 წლის 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა რ. ს–მა, რომელმაც მოითხოვა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მის მიმართ გავრცელება.

2. საქმის მასალების მიხედვით:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის პირველი ივლისის განაჩენით რ. ს–ი, - დაბადებული 19.. წლის პირველ იანვარს, - დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყო დაკავებიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2002 წლის 8 თებერვლიდან იმავე წლის 5 ივნისის ჩათვლით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ს–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყო დაკავებიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2002 წლის 8 თებერვლიდან იმავე წლის 5 ივნისის ჩათვლით.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ს–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის პირველი ივლისის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2.4. 2023 წლის 12 იანვარს ძებნილი მსჯავრდებული რ. ს–ი დააკავეს, რის შემდეგაც იმავე წლის 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას მიმართა შუამდგომლობით მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელების შესახებ.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ს–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი არ გავრცელდა.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ს–მა, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც 2004 წლის პირველ იანვრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლში მითითებული შემთხვევებისა, ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-109-ე, 137-141-ე, 142-1443-ე, 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-224-ე, 236-239-ე, 253-2552-ე, 280-ე, 353-ე, 378-379-ე, 404-413-ე მუხლებითა და XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით მსჯავრდებულმა პირადად უნდა მიმართოს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოს. ძებნილ მსჯავრდებულს მის მიმართ ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მოთხოვნით მიმართვის უფლება წარმოეშობა ხელისუფლების ორგანოში გამოცხადების მომენტიდან.

3. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან რ. ს–სი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის პირველი ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მსჯავრდებულია 2004 წლის პირველ იანვრამდე ჩადენილი დანაშაულისათვის (კერძოდ, დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა 2002 წლის 8 თებერვალს) და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას დაკავების შემდეგ პირადად მიმართა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ რ. ს–ს მიმართ უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი, კერძოდ: ამ კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე იგი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის პირველი ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის (რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის კანონების საფუძველზე შემცირებული აქვს) მოხდისაგან.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ს–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ს–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებული რ. ს–ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის პირველი ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შეფარდებული სასჯელის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის (რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის კანონების საფუძველზე შემცირებული აქვს) მოხდისაგან;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე