საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100122006597680
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №450აპ-23 9 ივნისი, 2023 წელი
დ–ი დ., №450აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ალექსანდრე ჩხეიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენით დ. დ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა -1 წელი.
1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. დ–მა ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს ინტერესების არსებითი დარღვევა, ასევე, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 18 აგვისტოს, საღამოს საათებში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაწესებულებიდან - თ–ში, .......ის ჩიხი №..-ში მდებარე შპს „........... ცენტრში“ გადაყვანილი იქნა ბრალდებული გ. ს–ე, რომელსაც ფსიქოლოგიურ-ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ესაჭიროებოდა შესაბამისი მკურნალობა. პატიმარი გ. ს–ე მოთავსებულ იქნა ხსენებული ცენტრის მე-.. სართულზე მდებარე №... პალატაში, სადაც მასზე უწყვეტად მიმდინარეობდა ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა.
2022 წლის 19 აგვისტოს, 10:00 საათიდან, 2022 წლის 20 აგვისტოს 10:00 საათამდე პერიოდში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-.. განყოფილების ესკორტის უფროსი ოფიცერი დ. დ–ი (ჯგუფის უფროსი), ამავე სამმართველოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თ–ში, ........ის ჩიხი №..-ში მდებარე შპს „................... ცენტრის“ მე-.. სართულზე, სადაც სხვადასხვა პალატებში განთავსებული იყვნენ პატიმრები, მათ შორის - გ. ს–ე.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №... ბრძანების 27-ე მუხლის თანახმად, დაწესებულებაში შესვლისას საბადრაგო ჯგუფის წევრები ტოვებენ იარაღს და საბრძოლო მასალებს დაწესებულების სამორიგეო ნაწილში. ამავე ბრძანების 74-ე მუხლის თანახმად, საბადრაგო ჯგუფის წევრები ვალდებულნი არიან: არ დატოვონ მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე ბრალდებული/მსჯავრდებული, რომლის გაყვანა/გადაყვანა ან დაცვა ევალება ყოფნის სხვა ადგილებში, ასევე, აწარმოონ დაკვირვება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე, არ მისცენ მათ ნება იხმაურონ, მოწიონ, იყვნენ კარების გისოსებთან, დაფარონ განთავსების შიგნითა ნაწილი. პატიმრობის კოდექსის 572-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ან/და შენახვა, რომელსაც უშუალო შეხება აქვს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა, გარდა პატიმრობის კოდექსის 572-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის და ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაცვის განხორციელების შემთხვევებისა. ზემოაღნიშნული ნორმატიული მოთხოვნებისა და ხელმძღვანელი პირების სიტყვიერი მითითების მიუხედავად, 2022 წლის 20 აგვისტოს, 09:30 საათზე, სამუშაო ცვლის დასრულებამდე ჯგუფის უფროსმა დ. დ–მა, მის დაქვემდებარებაში მყოფ 3 სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის თანამშრომლებს ნება დართო სამორიგეო ოთახში არსებული რკინის კარადიდან გამოეღოთ სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთა გამოყენებითაც სამუშაო საათების დასრულებამდე შეძლებდნენ გადაადგილებას. შპს „................ ცენტრში“ მონიტორთან მორიგეობის გრაფიკის მიხედვით, 2022 წლის 20 აგვისტოს, 08:00 საათიდან 10:00 საათამდე დროის პერიოდში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-.. განყოფილების ესკორტის ოფიცერი ვ. გ–ი ვალდებული იყო აღნიშნული ცენტრის მე-.. სართულზე განთავსებული სამორიგეო ოთახში არსებული მონიტორის საშუალებით, პირდაპირ რეჟიმში ეკონტროლებინა პატიმრები, მათსავე პალატებში დამონდაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობით. 2022 წლის 20 აგვისტოს, 09:31 საათზე, თ–ში, ........ის ჩიხი №..-ში მდებარე შპს „.................. ცენტრის“ მე-.. სართულზე მდებარე დერეფანში, რომლის მიმდებარე პალატებშიც განთავსებული იყვნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები, ვ. გ–ი წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი საშტატო იარაღით. გარდა აღნიშნულისა, ვ. გ–მა, იქვე დერეფანში მყოფ პატიმარ გ. ს–ს, არ მიუთითა, რომ შესულიყო მისი განთავსების პალატაში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა განთავსების სივრცე. ვ. გ–მა არც ვიზუალური კონტროლი განახორციელა პატიმარ გ. ს–ს მიმართ, რომელიც მიეპარა მას და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა, რის შედეგადაც 2022 წლის 25 აგვისტოს გ. ს–ე გარდაიცვალა. შესაბამისად, დ. დ–მა არ უზრუნველყო მისთვის დაკისრებული ჯგუფის უფროსის ვალდებულებების შესრულება, რაც გამოიხატა მის დაქვემდებარებაში მყოფი ვ. გ–სთვის სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის სამუშაო ცვლის დამთავრებამდე გადაცემასა და აღნიშნული პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების არ გაკონტროლებაში (მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა აღნიშნულის შესაძლებლობა), რამაც საბოლოოდ, პატიმარ გ. ს–ს გარდაცვალება გამოიწვია.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა - ალექსანდრე ჩხეიძემ და მოითხოვა მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
დ. დ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 2 წელი.
2.2. 2023 წლის 20 აპრილს საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა - ალექსანდრე ჩხეიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
2.3. 2023 წლის 28 აპრილს მსჯავრდებულ დ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. წ-მ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორის პოზიციით, დ. დ–სთვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დ. დ–ს ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ასევე ის, რომ პატიმრის სიცოცხლის მოსპობით შეილახა აღნიშნული სამსახურის და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები, რადგან საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს გაუჩნდა გარკვეული ეჭვები სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში. რომ არა დ. დ–ს უყურადღებობა და სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა გ. ს–ე ვერ შეძლებდა სუიციდის განხორციელებას, სწორედ მისი სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად გარდაიცვალა 28 წლის გ. ს–ეე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დ. დ–სის მიმართ დანიშნული სასჯელი არის უსამართლო.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
4.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. დ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში დ. დ–სთვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
4.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დ. დ–ს ბრალი ედება განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში და აღიარებს დანაშაულს. ამასთან, იგი არ არის ნასამართლევი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა დ. დ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის საფუძველი. ამასთან, სასამართლოებმა მსჯავრდებულს განუსაზღვრეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.
4.6. რაც შეეხება ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
4.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
4.8. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
4.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
4.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
4.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ალექსანდრე ჩხეიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე