საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 140100120004200078
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №317აპ-23 10 ივლისი, 2023 წელი
ბ–ი ბ., №317აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ვ–ს, ასევე, ადვოკატ მ. ყ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბ. ბ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა, საქართველოს სსკ-ის 2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, საქართველოს სსკ-ის 2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ.გ–ში, გ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შელაპარაკების გამო, ბ. ბ–მა შ. ბ–ს დანით, მოკვლის მიზნით, გულმკერდის არეში მიაყენა სამი ჭრილობა, მათ შორის ერთი - შემავალი გულმკერდის არეში, მეშვიდე ნეკნთაშორის არტერიისა და ფილტვის ქსოვილის დაზიანებით, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის. სამედიცინო დახმარების შედეგად, შ. ბ–სს შეუნარჩუნდა სიცოცხლე. ამავე დროს ბ. ბ–მა შ. ბ–ს ძმას - ნ. ბ–სა და მამას - რ. ბ–ს, რომლებიც მათ გაშველებას ცდილობდნენ, დანით მიაყენა მსუბუქი დაზიანებები, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განაჩენით ბ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა (საქართველოს სსკ-ის 2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (საქართველოს სსკ-ის 2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ბ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ბ. ბ–ს 5 წლით ჩამოერთვა იარაღის შეძენა, შენახვისა და ტარების უფლება;
2.2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ვ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 7 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ვ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3.3. 2023 წლის 7 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა და ბ. ბ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრლადების აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებაზე გადაკვალიფცირება.
3.4. 2023 წლის 22 მარტს გორის რაიონული პროკურატურის პროკურომა ია მეფარიშვილმა წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორის, მსჯავრდებულ ბ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ვ–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ბ. ბ–ს ბრალეულობას. მართალია მსჯავრდებულმა დაზარალებულებს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება თუმცა მას შ. ბ–ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონდა, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. კერძოდ, მოწმე ხ. ბ–მა განმარტა, რომ 2020 წლის 7 ნოემბერს მისი მეუღლე - გ. ბ–ი იმყოფებოდა სახლის ეზოს გარეთ, ბ. და ნ. ბ–ები კი - ეზოში. დაახლოებით 17:30 საათზე, მას ქუჩიდან შემოესმა ლანძღვა-გინების ხმა, კერძოდ, შ. ბ–სი აგინებდა მეზობლებს. აღნიშნულის გამო ეზოს კართან მდგომმა ბ. ბ–სმა შ. ბ–ს ჰკითხა ,,რა გჭირს ბიჭო, რატომ იგინებიო?“ ამ დროს შ. ბ–მა ბ–ს მიმართულებით დაიწყო გინება და ხელი გაარტყა მას. ისინი გააშველეს იქვე მყოფმა პირებმა. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს გ. ბ–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გაშველების შემდეგ რამდენიმე წუთში ბ–ების ოჯახიდან გამოვიდნენ რ., ნ. და შ. ბ–ები, რომლებიც გაემართნენ მათი მიმართულებით, რა დროსაც შ. ბ–მა ნ. და ბ. ბ–ებს დაუწყო გინება. ფიზიკური დაპირისპირება თავიდან დაიწყო შ. ბ–მა, რომელმაც ნ. ბ–ი ითრია თმით და ხელს არ უშვებდა. ჩხუბში მონაწილეობდნენ დანარჩენი ბ–ებიც და მათთან მყოფი სხვა პირებიც, რომლებიც ურტყამდნენ ბ. და ნ–ს. ჩხუბის დროს პირველი გაჩერდა ბ. ბ–ი, რომელმაც დაკარგა ლინზები და წავიდა სახლისკენ, რა დროსაც მას ხელში რამე ნივთი არ ეჭირა. შემდეგ დანარჩენებიც გაჩერდნენ და შევიდნენ სახლებში, თუმცა სახლში შესვლამდე გ. ბ–მა ნ. ბ–ს მიმართულებით ისროლა გაშლილი დანა, რომელიც შემდეგ ხ. ბ–მა შეიტანა სახლში. მოწმე გ. კ–მაც დაადასტურა, რომ ხელმეორედ ჩხუბის დაწყებისას პირველი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა შ. ბ–სა და ნ. ბ–ს შორის, რომელიც თმით დაითრია შ–მ, ხელს არ უშვებდა და გამალებით ურტყამდა. ბ–ს ურტყამდნენ სხვა ბ–ებიც. ბ. ბ–მა ფიზიკური დაპირისპირების დროს დაკარგა ლინზები, რის გამოც პირველი წავიდა ჩხუბიდან. მოწმე რ. ბ–მა განმარტა, რომ მეორედ ჩხუბის დაწყებისას შ. ბ–ი გამოვარდა სახლიდან, რომელსაც გამოჰყვნენ თვითონ და თავისი ოჯახის წევრები. ჩხუბის დროს მან და მისმა შვილებმა მიიღეს დაზიანებები, რომელიც შენიშნეს ჩხუბის დასრულების შემდეგ, თუმცა როგორ მიიღეს დაზიანებები არ დაუნახვას. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ ბ. ბ–ს ჰქონდა შესაძლებლობა განზრახვის არსებობის შემთხვევაში მოეკლა შ. ბ–ი და ამაში მას ხელს არაფერი უშლიდა, თუმცა მან პირველმა შეწყვიტა ჩხუბი.
4.2. კასატორის, მსჯავრდებულ ბ. ბ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ჩხუბი დაიწყო დაზარალებულმა, რომელიც თავს დაესხა ბ. ბ–ს ოჯახს და დაზიანებები მიაყენა მის ძმასა და მამას. ასევე დადგინდა, რომ მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში ბ. ბ–სს ხელს არაფერი უშლიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დაზარალებული თავისი ფეხით წავიდა ბ–სგან და სახლში მისვლისას მიხვდა რომ დაჭრილი იყო. ბ. ბ–სი ცდილობდა მოეგერიებინა თავდამსხმელები და დაეცვა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე, რომლებსაც ურტყამდნენ ბ–ები. მას რომ მოკვლის განზრახვა ჰქონოდა იგი სახლიდან გასვლისას გაიტანდა დანას, რომლითაც სერიოზულ დაზიანებებს მიაყენებდა დაზარალებულს და არა ფრჩხილის საკვნეტს. მისი სურვილი და მიზანი იყო ახლობლების დაცვა, რა დროსაც გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. ბ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში ბ. ბ–ის უდანაშაულობისა და მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით დაკვალიფიცირების შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულ ბ. ბ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ შემთხვევის დღეს გაიგო, რომ შ. ბ–ი იგინებოდა. იგი გავიდა გარეთ და ჰკითხა ხომ მშვიდობა ჰქონდა, რა დროსაც შ. ბ–სმა მას ხელი დაარტყა და შეაგინა ოჯახის მისამართით. მან თავი აარიდა შ–ს და შევიდა სახლში. დაახლოებით ხუთ-ათ წუთში მას გინებით უკან მიჰყვნენ შ. ბ. და მისი თანმხლები პირები, რომლებიც მის ოჯახის წევრებს აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. იგი ფიზიკურად სუსტია და ვერავის მოერეოდა, ამიტომ აიღო დანა, რომელსაც იქნევდა შ. ბ–სის, გ. ბ–სის, რ.ბ–სა და სხვა პირების მისი ოჯახის წევრებისგან გასარიდებლად. მას ვინმეს მოკვლა არ სურდა, მხოლოდ თავის და ოჯახის წევრების დასაცავად იქნევდა დანას. მას შეეძლო მოეკლა დაზარალებული, მაგრამ ეს განზრახვა არ ჰქონდა. მართალია გინების გამო იყო შ–ზე განაწყენებული, მაგრამ ისე არა, რომ მისთვის განსაკუთრებული ზიანი მიეყენებინა. მას სურდა გამოფხიზლების შემდეგ დალაპარაკებოდა შ–ს. მისთვის შ–ს საქციელის გამო ბოდიში არავის მოუხდია. როცა დაინახა, რომ მისი ოჯახის წევრებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ეზოში აიღო შავტარიანი დანა ე.წ. „პეპელა“, რომელსაც იქნევდა მათ მოსაგერიებლად, რა დროსაც ვიღაცამ დაიძახა „სისხლიო“ და ყველა ერთდროულად წავიდა. იგი მიხვდა, რომ მის მიერ მოქნეული დანა ვიღაცას მოხვდა, თუმცა ვის ან რამდენჯერ მოხვდა ვერ გაიგო. იგი დანას იქნევდა იმიტომ, რომ დაზარალებულები მის ძმასა და მამას ეჩხუბებოდნენ. ამასთან, მისი ძმა ეგდო ძირს და ურტყამდნენ. მას დანა წაართვა დედამ და შეიტანა სახლში. როდესაც დაინახა, რომ შ. ბ–ს ზიანი მიაყენა უკან გამობრუნდა, რადგან არ არის ის ადამიანი, რომ ვინმე მოკლას.
5.5. მოწმეების - გ. და ნ. ბ–ების ჩვენებებით კი ირკვევა, რომ 2020 წლის 7 ნოემბერს სახლში აკეთებდნენ მანქანას, რა დროსაც უბანში მივიდა მთვრალი შ. ბ–ი, რომელიც იგინებოდა უბნის მისამართით. მას ბ. ბ–მა მისცა შენიშვნა, რის შემდეგაც შ. ბ–მა ბ–ს ოჯახის მისამართით შეაგინა და დაარტყა ხელი. თუმცა ბ–მ ეს ყველაფერი მოითმინა. შ. ბ–სი ახლობლებმა შეიყვანეს სახლში. ამის შემდეგ, მათთან ბოდიშის მოსახდელად მივიდა შ–ს დედა, რომელსაც ნ. ბ–მა უთხრა, რომ ბოდიში მას კი არა, მის შვილს უნდა მოეხადა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ შ. ბ–სი მეგობრებთან, ძმასთან და მშობლებთან ერთად წავიდა იერიშზე და მისცვივდნენ გ. ბ–ს. ხმაური გაიგეს ოჯახის წევრებმაც და გავიდნენ გარეთ, სადაც იყო ხმამაღალი საუბარი და გაწევ-გამოწევა, კერძოდ, ბ. ბ–ი და შ. ბ–ი ერთმანეთს იყვნენ ჩაჭიდებულნი და ჩხუბობდნენ. გ. ბ–საც დაარტყეს შ–ო და გ. ბ–სებმა, რომლებსაც გ. ბ–მა ჰკრა ხელი. ამ დროს გ. ბ–მს ხელში ეჭირა გასაშლელი ხელკეტი, რომელიც გამოართვა გ. ბ–სმა და გადააგდო. ეს ხელკეტი გ. ბ–მა მოგვიანებით იპოვა ქუჩაში და სახლში შეიტანა. ნ. ბ–სი მივიდა და ძმას - ბ. ბ–ს მოჰკიდა ხელი, გ. კ–ემ კი გ. ბ–ს შემოხვია ხელები. მათი გამოყვანის დროს ნ. ბ–სი აღმოჩნდა ცუდ სიტუაციაში, რადგან იყო დაბლა და ძალიან ბევრი ადამიანი ურტყამდა. ყველაზე აქტიურად კი შ–ო და გ. ბ–ები ურტყამდნენ. მათთან ერთად იყო კიდევ რამდენიმე ადამიანი. გაშველების შემდეგ შ–ო ბ–ი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა შეიყვანეს სახლში. თვითონაც წავიდნენ სახლისკენ. ამის შემდეგ, გ. ბ–სი გამოვიდა სახლიდან, იგინებოდა და რაღაც მეტალის საგანი ისროლა, რომელიც ნ. ბ–სის ფეხებთან დავარდა, რომელმაც თქვა - „დანაო“. აღნიშნულის შემდეგ ხ. ბ–სი და ბ. ბ–სი დაიხარნენ და ნ. ბ–სმა დაინახა, რომ ერთი დანა ბ. ბ–ს ეჭირა ხელში და იგინებოდა ,,დანებს გვესვრიანო“. ხ–ს კი ეჭირა მეორე დანა. ერთი დანა იყო შავი, მეორე - ვერცხლისფერპირიანი, დიდი დანა. მათ ჩხუბის დროს ან ჩხუბის შემდეგ სხვის ხელში დანა, ან რაიმე სხვა საგანი არ დაუნახავთ. ჩხუბის დროს ბ–ს დანა რომ სჭეროდა დაინახავდნენ. ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმეებმა - ს. ღ–მ, ს. ბ–მა, ხ. ბ–მა, გ. კ–მ და ს. ი–მა. მოწმეებმა დამატებით განმარტეს, რომ ჩხუბის შემდეგ გ. ბ–სი გამოვიდა ეზოდან და მათი მიმართულებით ისროლა გაშლილი დანა. ხ. ბ–სმა აიღო დანა და ჩაიდო ჯიბეში. დაახლოებით ოთხ-ხუთ ნაბიჯში ეგდო მეორე დანა, რომელიც მანვე აიღო და დადო ავტოფარეხის ფანჯრის რაფაზე, რათა არავის აეღო და რამე არ მომხდარიყო.
5.6. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები იმის შესახებ, რომ ჩხუბის დროს ბ. ბ–ს ხელში არაფერი სჭერია, ხოლო ხ. ბ–სმა აიღო გ. ბ–სის მიერ ნასროლი დანა, ასევე ძირს დაგდებული ერთი დანა ეწინააღმდეგება თვითონ ბ. ბ–ს ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ მან ეზოში აიღო შავტარიანი დანა, რომელსაც ჩხუბის დროს იქნევდა, რა დროსაც გაიგო ხმა „სისხლიო“ და მიხვდა, რომ მის მიერ მოქნეული დანა ვიღაცას მოხვდა, თუმცა ვის ან რამდენჯერ მოხვდა ვერ გაიგო. მას დანა წაართვა დედამ და შეიტანა სახლში. ამასთან, მოწმე გ. ბ–მა განმარტა, რომ შ. ბ–ს მშობლებმა შვილის საქციელის გამო მათ მოუხადეს ბოდიში, თუმცა მანვე განმარტა, რომ სწორედ შ. ბ–მ და მისი ოჯახის წევრებმა წამოიწყეს ფიზიკური დაპირისპირება, კერძოდ ,,წამოვიდნენ იერიშზე“, რაც მოკლებულია დამაჯერებლობას. ამასთან, მოწმე ს. ბ–მა განმარტა, რომ გ. ბ–მს ხელში არაფერი სჭერია, რაც ეწინააღმდეგება თვითონ გ. ბ–ს ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ მას ხელში ეჭირა რკინის გასაშლელი ხელკეტი.
5.7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ შ. ბ–სის ჩვენებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ 2020 წლის 7 ნოემბერს იყო მთვრალი, რა დროსაც სახლის წინ გინების გამო მას ბ. ბ–მა მისცა შენიშვნა. ხმაურზე გამოვიდნენ მისი ოჯახის წევრები და შეიყვანეს სახლში. ამის შემდეგ ბ–ებთან ბოდიშის მოსახდელად მივიდა დედამისი, რომელსაც ბ. ბ–მა უთხრა, რომ ბოდიში არ უნდოდა, ასევე უთხრა - „შ. მიწას ითხოვს და მიიღებსო“. დაზარალებულის განმარტებით, იგი აღნიშნულზე გაბრაზდა, კვლავ გავიდა გარეთ, სადაც ბ–ების მისამართით იგინებოდა. მას გაჰყვნენ ოჯახის წევრებიც. ამ დროს ბ. ბ–ის ძმა - ნ. და მამა - გ. გადმოვიდნენ მიკროავტობუსიდან და მისკენ გაიქცნენ. მათ ახლდათ რამდენიმე ადამიანიც. ბ. ბ–ი კი იდგა სახლთან. მას პირველი დაპირისპირება მოუხდა ნ. ბ–სთან. ისინი ერთმანეთს ხელით შეეხნენ. ამ დროს გ. ბ–ს ხელში ეჭირა რკინის ან ხის ხელკეტი. იქვე მყოფი პირები ცდილობდნენ მათ გაშველებას, ზოგი კი ჩხუბობდა. ეზოში შესვლისას შეამჩნია, რომ სისხლი მოსდიოდა და იგრძნო სითბო. მან აიწია მაისური და დაინახა, რომ „წინ ჰქონდა დარტყმული“. მაისურის გახდისას ვიღაცამ თქვა „უკანაც დარტყმული აქვსო“. როგორც იცის მას ეს დაზიანებები მიაყენა ბ. ბ–სმა, თუმცა მის ხელში რაიმე საგანი არ დაუნახავს, რადგან ბევრი ხალხი და ორმხრივი ფიზიკური დაპირისპირება იყო. მას ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა ბ–სთანაც, რომელსაც ხელი დაარტყა. გ. ბ–მა კი ხელკეტი დაარტყა გ. ბ–ს. ამასთან, რ. ბ–ი დაიჭრა მუცელში, თუმცა ვინ მიაყენა დაზიანება არ დაუნახავს. დაზარალებულის განმარტებით მისი დაჭრიდან რამდენიმე წამში გაიგო, რომ დაჭრილი იყო მისი ძმაც. შემდეგ შეიტყო მამამის დაჭრის შესახებ. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს დაზარალებულმა გ. ბ–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ 2020 წლის 7 ნოემბერს დაინახა, რომ მის ძმას - შ. ბ–სა და ბ. ბ–ს მოუხდათ სიტყვიერი კონფლიქტი. მან ძმა შეიყვანა სახლში. რამდენიმე საათის შემდეგ გავიდნენ გარეთ, რა დროსაც ბ. ბ–სი, მისი ძმა - ნ. და მამა - გ. ბ–ი წამოვიდნენ მათკენ. ამ დროს გ. ბ–ის ხელში ეჭირა გასაშლელი ხელკეტი. მათ შორის დაიწყო ჩხუბი, რა დროსაც მას გ. ბ–იმა ხელკეტი ჩაარტყა თავში. ამის შემდეგ დაინახა, რომ ბ. ბ–სმა შ. ბ–სს შავი დანა რამდენჯერმე ჩაარტყა ზურგში, ერთხელ კი გულმკერდის არეში. იგი ცდილობდა ძმა გაერიდებინა იქაურობისთვის, რა დროსაც მას ბ. ბ–სმა თავსა და მარცხენა მხარში დაარტყა დანა. როდესაც იგი ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან გაეყვანა ძმა დაინახა, რომ ბ. ბ–სმა მუცელში მამამისსაც მიაყენა დაზიანება. ჩხუბის დროს მან დანა მხოლოდ ბ–ს ხელში დაინახა, გ–ს კი ხელში ეჭირა რკინის ხელკეტი. როდესაც მას გ. ხელკეტი დაარტყა, თავდაცვის მიზნით მან გ. და ბ–საც დარტყა.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ რ. ბ–ის ჩვენებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ 2021 წლის 7 ნოემბერს მისი შვილი - შ. ბ–სი იყო მთვრალი და იგინებოდა. იგი შეიყვანეს სახლში და დაამშვიდეს. რის შემდეგაც მეუღლესთან ერთად გავიდა და ბოდიში მოუხადა ბ–ებს, რა დროსაც ნ. ბ–სმა მათ დაუწყო გინება. გ. ბ–მა კი რომელსაც ხელში ეჭირა გასაშლელი ხელკეტი უთხრა „ამით უნდა მოგიკლა ბიჭიო“. იგი დაბრუნდა სახლში, რის შემდეგაც შ. ბ–სი ისევ გარეთ გავიდა. მას გაჰყვნენ მისი ძმა და მეგობრები. თვითონაც გავიდა გარეთ და დაინახა, რომ შ. ბ–სი და ნ. ბ–სი ჩხუბობდნენ. გ. ბ–იი კი მოდიოდა ხელკეტით. მათ ახლდათ სამი პირი. იგი ცდილობდა მათ გაშველებას. მან დაინახა, რომ გ. ბ–იმა გ. ბ–ს თავში ჩაარტყა ხელკეტი, რომელიც ნ–მ წაართვა და გადააგდო. ამასთან, ბ. ბ–ი შ. ბ–ს გვერდში ურტყამდა მუშტს. ამ დროს ბ–ს დანა ეჭირა თუ არა ყურადღება არ მიუქცევია. იგი მივიდა, ბ. მოაშორა შ–ს და შვილები წაიყვანა სახლში. ეზოში შესვლისას დაინახა, რომ ნ–ს თავიდან მოსდიოდა სისხლი, შ–ს კი ტანსაცმელზე ჰქონდა სისხლი. ორივე წაიყვანეს საავადმყოფოში. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ კი მან ფერდში იგრძნო სისველე. აიწია ტანსაცმელი და ნახა, რომ თვითონაც დაჭრილი იყო და სისხლი მოსდიოდა. იგი ფიქრობს რომ მას ბ. ბ–სი დაჭრიდა, რადგან სხვასთან ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია. დაზარალებულის განმარტებით ჩხუბის დროს გოგიტა და ნ. ბ–ები იძახდნენ - „დახოცეთო“.
5.9. ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ნ. გ–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ჩხუბის დროს ბ. ბ–ს ხელში ეჭირა რაღაც საგანი, რომელიც დაარტყა შ. ბ–ს. გ. ბ–ს კი ხელში ეჭირა ხელკეტი. სხვა პირის ხელში მას არაფერი დაუნახავს. გაშველების შემდეგ, ნახეს, რომ შ. ბ–ი დაჭრილი იყო დანით. გ. ბ–ს კი სისხლიანი ჰქონდა კეფა და მიხვდნენ, რომ ისიც დაჭრილი იყო. მოგვიანებით გაიგეს, რომ რ. ბ–ი დაჭრილი იყო. მოწმე მ. ბ–მა კი განმარტა, რომ მან ჩხუბის დროს დაინახა, რომ ბ. ბ–ს ხელში ეჭირა შავი დანა, რომელიც ზურგსა და გულმკერდში დაარტყა შ. ბ–ს. გ. ბ–იმა კი გ. ბ–სს თავში ჩაარტყა ხელკეტი. სხვა პირის ხელში არაფერი დაუნახავს. ჩხუბის დროს ნ. ბ–სი ყვიროდა -„მოკალითო“. ჩხუბის ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმე გ. პ–მა, რომელმაც დაატებით განმარტა, რომ იგი ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას და შ–ს გამოყვანას, რომელსაც ხელზე დაუნახა სისხლი. სახლში შესვლისას კი აუწია მაისური და ნახა, რომ შოთა იყო დაჭრილი.
5.10. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ექსპერტიზის დასკვნებზე, კერძოდ: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 6 დეკემბრის ექსპერტიზის №.......... დასკვნით დადგენილია, რომ შ. ბ–სს 2020 წლის 7 ნოემბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დაუდგინდა: 1) ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, ბეჭის შუა ხაზზე, მე-7-მე-8 ნეკნთაშუა სივრცეში, შემავალი გულმკერდის ღრუში, მე-7 ნეკნთაშუა არტერიისა და ფილტვის ქსოვილის დაზიანებით. ჭრილობის არხის მიმართულებაა უკნიდან წინ, ოდნავ ზემოდან ქვემოთ; 2) ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ, ხერხემლის ახლო ხაზთან, მე-5-მე-6 ნეკნების დონეზე, არაშემავალი გულმკერდის ღრუში. ჭრილობის არხის მიმართულებაა უკნიდან წინ; 3) ნაკვეთი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ, იღლიის წინა ხაზზე, მე-9-მე-10 ნეკნების დონეზე, არაშემავალი გულმკერდის ღრუში. ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან, ზემოდან ქვემოთ. ყველა დაზიანება მიყენებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით, რომელთაგან პირველი ჭრილობა ეკუთვნის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ყველა სხვა დაზიანება, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. გარდა აღნიშნულისა, შ. ბ–ს აღენიშნებოდა ექსკორიაციები შუბლისა და მარცხენა მუხლის მიდამოზე, კანქვეშა სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალბუდეზე. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 6 დეკემბრის ექსპერტიზის №.............. დასკვნით კი ირკვევა, რომ გ. ბ–ს 2020 წლის 7 ნოემბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დაუდგინდა ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა მხრისა და კეფის არეში, რომელიც მიყენებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით და როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე, ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 6 დეკემბრის ექსპერტიზის №............. დასკვნით დადგენილია, რომ რ. ბ–ს 2020 წლის 7 ნოემბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დაუდგინდა ნაკვეთი ჭრილობა მარჯვნივ თეძოს არეში, რომელიც მიყენებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით და ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
5.11. გასათვალისწინებელია, რომ ბ. ბ–ს სახლის, ეზოსა და სათავსების ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2020 წლის 8 ნოემბერს ჩატარებული ჩხრეკისას ავტოფარეხიდან ამოღებული იქნა დაახლოებით 10 სმ სიგრძის შავტარიანი დაკეცილი დანა, რომელსაც აქვს ვერცხლისფერი ცალლესილი, მახვილწვერიანი პირი. ასევე, შავი ფერის, ორფრთიანი ტარის მქონე დასაკეცი დანა, შავი ფერის ცალლესილი მახვილი წვერით, დაახლოებით 7,5 სმ სიგრძის. დანის პირზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ეზოში, ავტომანქანის რკინის კონსტრუქციიდან კი ამოიღეს შავი ფერის, დაახლოებით 50 სმ სიგრძის, ლითონის გასაშლელი ხელკეტი. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს 2020 წლის 27 ნოემბრის ექსპერტიზის №........ დასკვნით დგინდება, რომ ბ. ბ–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტოსადგომის ფანჯრის თაროდან და სათავსოდან ამოღებული დანები დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. ბ. ბ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ხელკეტი დამზადებულია ქარხნული წესით და მიეკუთვნება მსხვრევად-დასარტყმელ ცივ იარაღთა კატეგორიას. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2020 წლის 30 დეკემბრის ექსპერტიზის №......... დასკვნით კი დგინდება, რომ შ., რ. და გ. ბ–ების სისხლი მიეკუთვნება I ჯგუფს. გიგა, ნიკა და ბ. ბ–ების სისხლი - III ჯგუფს. ე.წ. „პეპელა“ დანაზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება I ჯგუფს. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2021 წლის 5 თებერვლის ექსპერტიზის №.......... დასკვნით დგინდება, რომ გ. ბ–სის მაისურის მარცხენა სახელოზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. შ. ბ–ს მაისურის და სვიტერის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანებები წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. რ. ბ–ს მაისურის და სვიტერის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანებები წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ- მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნული კი უტყუარად ადასტურებს, რომ შ. ბ–ს მშობლების მიერ ბოდიშის მოხდის მიუხედავად ბ. ბ–ი ნ. გ–ს დაემუქრა შვილის მოკვლით და უთხრა ,,შ–ა მიწას ითხოვს და მიიღებსო“. გარდა ამისა, რ. ბ–ს შვილის მოკვლით დაემუქრა ბ. ბ–ს მამაც, რომელსაც ხელში ეჭირა გასაშლელი ხელკეტი და უთხრა: ,,ამით უნდა მოგიკლა ბიჭიო“. მოცემულ შემთხვევაში, ბ. ბ–მა დანით, შურისძიების მოტივით სცადა შ. ბ–სის მოკვლა, რა დროსაც ჭრილობა მიყენა რ. ბ–ც, რომელიც აშველებდა მოჩხუბრებს. შესაბამისად, ფიზიკური დაპირისპირების მოტივი იყო შურისძიება მთვრალი შ. ბ–ის ქცევის გამო. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დგინდება, რომ ჩხუბის დროს მხოლოდ ბ. ბ–ს ჰქონდა დანა, მამამისს კი ხელკეტი. ჩხუბში ჩართულ სხვა პირს კი ხელში რაიმე ნივთი არ სჭერია. ის ფაქტი, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას მართლაც ჰქონდა ადგილი დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დგინდება, რომ ბ. ბ–სს ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება; გ. ბ–ს აღენიშნება ექსკორაცია და სისხლნაჟღენთი შუბლის არეში, ხოლო ნ. ბ–ს - ექსკორაციები და კანის ნაკაწრები სახის არეში. როგორც გ. ბ–ს, ისე ნ. ბ–სათვის დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ არაერთი პირი ცდილობდა მათ გაშველებას, ამასთან სხვა პირებს დანა არ ჰქონიათ, ბ. ბ–მა შ. ბ–ს დანით მიაყენა სამი ჭრილობა, რასაც წინ უძღოდა მოკვლის მუქარაც. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ შ. ბ–სთვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა და ხარისხი, კერძოდ ის, რომ შ. ბ–ს სამი ჭრილობა მიყენებული აქვს გულმკერდის არეში, რომელთაგან ერთი არის შემავალი, მეშვიდე ნეკნთაშორის არტერიისა და ფილტვის ქსოვილის დაზიანებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, ხოლო სხვა დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ასევე, ჭრილობების ლოკალიზაცია გამორიცხავს თავდაცვის მიზნით დანის უმისამართოდ ქნევას და ადასტურებს, რომ ბ. ბ–სი მოქმედებდა შ. ბ–ს განზრახ მოკვლის მიზნით, რა დროსაც შ. ბ–ს ძმას - გ. ბ–სა და მამას - რ. ბ–ს, რომლებიც ცდილობდნენ მათ გაშველებას დანით მიაყენა მსუბუქი დაზიანებები, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. ბ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა, საქართველოს სსკ-ის 2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
5.14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ვ–ს, ასევე, ადვოკატ მ. ყ–ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე