საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100122006178931
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №813აპ-23 ქ. თბილისი
კ-ა ნ, 813აპ-23 10 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. კ-ს, - დაბადებულს .. წლის ... მარტს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში, საღამოს, თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში მდებარე მ. ბ-სა და ნ. კ-ს მფლობელობაში არსებულ სახლში, ნ. კ-მ ჩათვალა, რომ მამას უჭერდა მხარს მშობლების კამათში, იცოდა რა მისი ასაკი, მარჯვენა ლოყაში გაშლილი ხელის ორჯერ დარტყმითა და ყელში ხელის მოჭერით ფიზიკურად იძალადა თავისი არასრულწლოვან შვილზე - ა. ბ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2022 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში მდებარე მ. ბ-ისა და ნ. კ-ას მფლობელობაში არსებულ სახლში, ნ. კ-მ, ეჭვიანობის გამო, გაყინული წყლით სავსე ბოთლის მუცელსა და მარჯვენა ფეხში დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - მ. ბ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრო მ. ბ-სა და ნ. კ-ას არასრულწლოვანი შვილი - ა. ბ-ი.
· 2022 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში მდებარე მ. ბ-სა და ნ. კ-ას მფლობელობაში არსებულ სახლში, ნ. კ-ა, ეჭვიანობის გამო, დანის დემონსტრირებითა და სიტყვებით: „წადი, თორემ მოგკლავ“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ. ბ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2022 წლის 7 აგვისტოს, დღისით, თ-ოს მუნიციპალიტეტის სოფელ წ-ში მდებარე მ. ბ-სა და ნ. კ-ს მფლობელობაში არსებულ სახლში, ნ. კ-მ, სახლში მისვლის გამო, იცოდა რა მისი ასაკი, მარჯვენა ლოყაში გაშლილი ხელის ორჯერ დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა თავის არასრულწლოვან შვილზე - ა. ბ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენით:
2.1. ნ. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის აგვისტოს დასაწყისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ნ. კ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ნ. კ-ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განაჩენის გაუქმება, ნ. კ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნ. კ-ს მიერ ძალადობისა და მუქარის ჩადენას.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა - მ. ბ-მა და ა. ბ-მა, ასევე მოწმეებმა - ი. კ-მა (გამართლებულის მამა), თ. კ-მა (გამართლებულის დედა) არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ნ. კ-ს წინააღმდეგ.
8. კასატორი - პროკურორი გიორგი სახიაშვილი საკასაციო საჩივრით მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ შეტყობინება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები საკმარისი მტკიცებულებებია ნ. კ-ს ბრალდების დასადასტურებლად ოჯახური ძალადობისა და მუქარის თითოეულ ეპიზოდში.
9. №... შეტყობინების თანახმად, 2022 წლის 7 აგვისტოს თ-ოს რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა თ-ოს რაიონის სოფელ წ-ში მცხოვრები მ. ბ-ი თავის მცირეწლოვან შვილთან - ა. ბ-ნ ერთად. მან განაცხადა, რომ მამა-შვილი სახლიდან გამოაგდო მისმა მეუღლემ - ნ. კ-მ, რომელმაც 2022 წლის 7 აგვისტოს ფიზიკურად, სახეში ხელის დარტყმით იძალადა თავის მცირეწლოვან შვილზე - ა. ბ-ზე და სამი დღის წინ მ. ბ-ს ჩაარტყა ბოთლი სახის არეში (ტ.1.ს.ფ.2).
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეტყობინების ოქმში აღწერილია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც საუბრობდნენ დაზარალებულები გამოძიების ეტაპზე. მ. ბ-მა და ა. ბ-მა არ მისცეს სასამართლოს ახლო ნათესავის - ნ. კ-ს მამხილებელი ჩვენება, შესაბამისად, არც უარყვეს და არც დაადასტურეს შეტყობინების ოქმში მოყვანილი ფაქტები. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც იქნებოდა ალტერნატიული წყაროსგან მიღებული ინფორმაციის შემცველი, ბრალდების მხარეს საქმეში არ წარმოუდგენია.
11. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, რაზეც აპელირებს კასატორი, არასრულწლოვან ა. ბ-ნ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ მ. და ა. ბ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, საცხოვრებელ სახლსა და საქონლის სადგომს შორის, ა. ბ-მა მიუთითა ადგილი, სადაც 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, დედამ - ნ. კ-მ მას მარჯვენა ლოყაში ორჯერ დაარტყა, შემდეგ კი - დანა ესროლა. აღნიშნულის შემდეგ, ა. ბ-მა, იქვე, ეზოში უჩვენა ადგილი, სადაც თვითონ იდგა, როდესაც დედამ - ნ. კ-მ ხის სკამი და ხის ჯოხი ესროლა, თუმცა მითითებული ნივთები მას არ მოხვედრია. ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე აივანზე, ა. ბ-მ უჩვენა ადგილი, სადაც იდგა, რა დროსაც დედა მივიდა მასთან, ერთი ხელი ძლიერად მოუჭირა ყელის არეში, ხოლო მეორე ხელი პირზე ააფარა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ა. ბ-მა განმარტა, რომ 2022 წლის 5 აგვისტოს იგი შეესწრო მშობლების - მ. ბ-სა და ნ. კ-ს ჩხუბს, რა დროსაც დაინახა, რომ დედამისმა მაცივრიდან გამოღებული პლასტმასის ბოთლი ესროლა მამამისს - მ. ბ-ს, რომელსაც ნასროლი ბოთლი მოხვდა ფეხის არეში. სახლის პირველ სართულზე არსებულ სამზარეულო ოთახში, ა. ბ-მა აჩვენა ადგილი, სადაც დედამისმა აღნიშნული ბოთლი ესროლა მამამისს. მანვე, ეზოში მუთითა ადგილზე, სადაც 2022 წლის 7 აგვისტოს, მისი სახლში დაბრუნების გამო გაბრაზებულმა დედამ - ნ. კ-მ ორჯერ დაარტყა ხელი მარჯვენა ლოყაში, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი (ტ.1.ს.ფ. 37-42).
12. მ. ბ-ნ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, მან მიუთითა იმ ადგილზე, სადაც იდგა, რა დროსაც სამზარეულოს ფანჯრიდან წყლით სავსე ბოთლის გასროლით მასზე ფიზიკურად იძალადა მეუღლემ - ნ. კ-მ, რის შემდეგაც ამავე სამზარეულოში, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მეუღლე. შეშინებული მ. ბ-ი სამზარეულოდან გავიდა და აივნის გავლით შევიდა საძინებელში, რომელშიც შეყვა ნ. კ-ა დანით ხელში და იქაც დაემუქრა (ტ.1.ს.ფ. 44-50).
12.1. მოცემულ შემთხვევაში 2022 წლის 8 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა არასრულწლოვანი ა. ბ-ისა და მ. ბ-ან მიღებული ჩვენებების შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 129-ე-130-ე მუხლებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დაზარალებულებს მიეცათ წინადადება - დეტალურად აღედგინათ საქმის ვითარება. წარმოდგენილი ოქმის თანახმად, დაზარალებულებმა აღადგინეს ის ვითარება, რაც გამომძიებელს მანამდე უამბეს, ხოლო დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა.
12.2. იმ პირობებში, როდესაც არასრულწლოვანმა ა. ბ-მა და მ. ბ-მა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურეს/არც უარყვეს საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, მოცემული ოქმი ნ. კ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
12.3. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. №424აპ-16, №561აპ-15; №682აპ-21), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გარკვეულ შემთხვევებში გააჩნია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა:
12.3.1. N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“ ე.ი. ამ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
12.3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ამ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).
12.3.3. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩნდება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს.
13. ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში 2022 წლის 8 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები არ შეესაბამება არცერთ ზემოაღწერილ შემთხვევას, მასში გადმოცემულია მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებები, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ისინი ნ. კ-ს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.
14. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ყურადღებას მიაქცევს მთელ რიგ წინააღმდეგობებზე, კერძოდ:
14.1. საქმის მასალების თანახმად, ბრალდების მხარე ნ. კ-ს ედავება არასრულწლოვანი შვილის მიმართ 2022 წლის აგვისტოსა და 2022 წლის 7 აგვისტოს ჩადენილ ფიზიკური ძალადობის ორ ეპიზოდს, ხოლო მეუღლის მიმართ - ფიზიკურ ძალადობასა და 2022 წლის 5 აგვისტოს ჩადენილ მუქარას. ნიშანდობლივია, რომ მ. ბ-ს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს არ მიუთითებია მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების თარიღი და არაფერი უთქვამს შვილის - ა. ბ-ის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე. ამასთან, მ. ბ-ს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს არ მიუთითებია, თუ სად მოხვდა მეუღლის მიერ ნასროლი ბოთლი; შეტყობინების თანახმად, მას მეუღლემ ბოთლი ჩაარტყა სახის არეში; არასრულწლოვან ა. ბ-ის განმარტებით კი, მამას ბოთლი მოხვდა ფეხში, ხოლო პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. კ-ს ბრალი ედება მეუღლის მიმართ ძალადობის ჩადენაში გაყინული წყლით სავსე ბოთლის მუცელსა და მარჯვენა ფეხში დარტყმის გზით. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ა. ბ-ის განმარტება, რომ შეესწრო დედის მხრიდან მამის მიმართ ძალადობის ფაქტს, თუმცა, იმავე ინციდენტის ფარგლებში, სავარაუდოდ ჩადენილ მუქარაზე, დანის დემონსტრირებით, არაფერს ამბობს.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეში დაუდგენელი რჩება ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის ფაქტი, ხოლო ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მოითხოვს - დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20). „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ - ობიექტურ კრიტერიუმებზეც - ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი (მაგ.,იხ:საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის N627აპ-19 განჩინება; 2020 წლის 29 ოქტომბრის 443აპ-20 განაჩენი; 2021 წლის 3 თებერვლის 1003აპ-20 განაჩენი).
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v. Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.
18. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
20. განსახილველ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა - მ. ბ-მა და ა. ბ-მა, ასევე მოწმეებმა - ი. კ-მა (გამართლებულის მამა), თ. კ-მა (გამართლებულის დედა) არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ნ. კ-ს წინააღმდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის ჩადენის შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
22. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ნ. კ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
23. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი