საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.09.2023
საქმის ნომერი
2კ-386აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.09.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№386აპ-23 თბილისი

მ–ა ს., 386აპ-23 5 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. მ–სას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. პ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 იანვრის განაჩენით ს. მ–სა, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განაჩენით შეიცვალა: ს. მ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3221-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; ს. მ–ს სახელზე გაცემული №............ პასპორტი (ე.წ. „... პასპორტი“) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. მ–მ ჩაიდინა უცხო ქვეყნის მოქალაქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის 3 ივლისიდან 2022 წლის 10 ოქტომბრამდე, ზუსტი თარიღი უცნობია, რ–ს ფედერაციის მოქალაქე ს. მ–სა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით, რ–ს ფედერაციიდან საქართველოს ოფიციალური ორგანოების გვერდის ავლით გადავიდა ა–ს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც ჩავიდა ............ სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ა–ს გაერთიანებულ საემიროებში გასამგზავრებლად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. პ–მ, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და ნივთიერი მტკიცებულების – ს. მ–ს პირადი ნივთის (ა-ის პასპორტის) მსჯავრდებულისათვის დაბრუნება.

5. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი მარიამ ნიკოლაშვილი შესაგებლით ითხოვს ადვოკატ ნ. პ–ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მსჯავრდებულ ს. მ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმითა და ამოღებული დოკუმენტებით, ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, დათვალიერების ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

9. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა მოითხოვა მხოლოდ პირადი ნივთის – ე.წ. „ა..ი პასპორტის“ ს. მ–სათვის დაბრუნება, რადგან მას მსჯავრდებულისათვის აქვს ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების ფასი.

10. სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია“. აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განაჩენში ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტისას და ადგენს დანაშაულის იარაღის ან საგნის (რომელსაც არა აქვს რაიმე ღირებულება) განადგურების ვალდებულებას და არა – შესაძლებლობას. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

11. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას, მათ შორის – ნივთმტკიცებათა საკითხის გადაწყვეტის ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის მოთხოვნებს.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. პ–სას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე