საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №350აპ-23 თბილისი
ნ. ა., 350აპ-23 27 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ნ-ის ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ა. ნ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ნ-ს განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 24 აგვისტოდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. განაჩენის მიხედვით, ა. ნ-ს მსჯავრი დაედო:
ü ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, ჩადენილი დიდი ოდენობით; ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვაში;
ü ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობაში.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o ა. ნ-მა, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობისათვის, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომელთა ნაწილი - 0.029751 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“; 0.0157 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების - კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებული „ADB-BUTINACA-სა“ და „5 Fluoro-MDMB-PICA-ს“ შემცველი 3300.0 მლ ხსნარი, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2021 წლის 24 აგვისტოს ამოიღეს თ-ში, ვ-ის მე- მკ/რ-ის, --ე კორპუსის ბინა №-ში მდებარე ა. ნ-ის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ხოლო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებული „ADB-BUTINACA-სა“ და „5-Fluoro-MDMB-PICA-ს“ შემცველი 1800.0 მლ და 900.0 მლ ხსნარები, ამოიღეს თ-ში, სოფელ პ. ლ-ში, ა-ის ქუჩის მარჯვნივ გადასახვევიდან დაახლოებით 300 მეტრში. ასევე, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებული „ADB-BUTINACA-სა“ და „5-Fluoro-MDMB-PICA-ს“ შემცველი 1800.0 მლ ხსნარი ამოიღეს თ-ში, სოფელ პ. ლ-ში, ა-ის ქუჩის მარჯვნივ გადასახვევიდან დაახლოებით 400 მეტრში;
o ა. ნ-ი უკანონოდ შეძენილ და შენახულ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს უკანონოდ ასაღებდა, კერძოდ: ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით, დებდა თ-ის სხვადასხვა უბანში, რომლის ადგილმდებარეობის ფოტოებს, საკომუნიკაციო აპლიკაციის მეშვეობით უგზავნიდა მის თანამზრახველს. ამ მიზნით, ა. ნ-მა უკანონოდ შეძენილი - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებული „ADB-BUTINACA-სა“ და „5-Fluoro-MDMB-PICA-ს“ შემცველი 1800.0 მლ და 900.0 მლ ხსნარები, შემდგომი გასაღების მიზნით, დააფასოვა და განათავსა თ-ში, სოფელ პ. ლ-ში, ა-ის ქუჩის მარჯვნივ გადასახვევიდან დაახლოებით 300 მეტრში, ხოლო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებული „ADB-BUTINACA-სა“ და „5-Fluoro-MDMB-PICA-ს“ შემცველი 1800.0 მლ ხსნარი, შემდგომი გასაღების მიზნით, დააფასოვა და განათავსა თ-ში, სოფელ პ. ლ-ში, ა-ის ქუჩის მარჯვნივ გადასახვევიდან დაახლოებით 400 მეტრში. მიუხედავად იმისა, რომ ა. ნ-ის ქმედება მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღების ნაწილში მან დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა, ვინაიდან 2021 წლის 24 აგვისტოს, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა მითითებული ნივთიერებები ამოიღეს აღნიშნული მისამართებიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ნ-მა და მისმა ადვოკატებმა შ. ხ-ამ და გ. მ-ემ, რომლებმაც საჩივრებით მოითხოვეს ა. ნ-ის გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ მსჯავრდებაში, ხოლო ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში - მინიმალური სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ა. ნ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. ა. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ნ-ს განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 24 აგვისტოდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. ნ-ის მიერ არა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობა, არამედ გასაღების მომზადება. დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართულია დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, ხოლო დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა. განსახილველ საქმეში არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რაც პირდაპირ დაადასტურებდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობას. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ ა. ნ-მა ჩაიდინა კონკრეტული ქმედება ნივთიერებების გასაღების მიზნით, კერძოდ - არ არის დადგენილი ნივთიერებების გასაღების მიზნით მისი ვინმესთან კონტაქტი; თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა; ადგილმდებარეობის ფოტოსურათების გადაგზავნა და ა.შ. სააპელაციო პალატამ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიიჩნია მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა. ნ-მა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღებისათვის პირობები განზრახ შექმნა (მოამზადა) და შესაბამისად მას აღნიშნული ქმედებისათვის დასდო მსჯავრი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ნ-ის ადვოკატმა გ. მ-ემ, რომელიც ითხოვს ა. ნ-ის გამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდებაში.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ნ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ა. ნ-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით; მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში), რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას - მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009)).
11. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა - ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, იმ საფუძვლით რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 2016 წლის 21 ივნისი, აგრეთვე - Moreira Ferreira, §84; და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 2015 წლის 21 ივლისი).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ნ-ის ადვოკატ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე