საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№243აპ-23 თბილისი
ხ. მ., №243აპ-23 15 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს პროკურორების – სალომე ჩიქობავასა და გიორგი მიქავას, მსჯავრდებულ ა. წ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. წ-ის, ასევე მსჯავრდებულების – მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს ბრალად დაედოთ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ფლობა, კონვერსია და გადაცემა) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე – მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. წ-ს ბრალად დაედო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარება, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემაში დახმარება (ქონებით სარგებლობა, ფლობა, კონვერსია და გადაცემა) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე – მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, საკუთრების უფლებების დამალვა და შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, მ. ხ-ის, ბ. ჯ-ისა და ა. წ-ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2008 წლის აპრილში - „თ. ბ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მ. ხ-ემ და მისმა მოადგილემ ბ. ჯ-ემ განიზრახეს, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდნენ - „თ. ბ-ის“ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. შემუშავებული გეგმის თანახმად, მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს უნდა აერჩიათ ისეთი იურიდიული პირები, რომელთაც აღნიშნული დროისათვის ჰქონდათ დიდი ოდენობით ერთობლივი წლიური შემოსავალი, ბანკის წინაშე სარგებლობდნენ დადებითი რეპუტაციითა და საბანკო ისტორიით, შესაბამისად, ამ იურიდიულ პირებზე, ვითომდა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე, ბანკიდან გაიცემოდა თანხები, რომლებიც მოგვიანებით, ლეგალიზაციის მიზნით, გადაირიცხებოდა მათივე პირად ანგარიშებზე.
· არსებული საბანკო რეგულაციების ფორმალურად დაცვისა და დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად ასევე აუცილებელი იყო, მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის მიერ შერჩეულ იურიდიულ პირებს - „თ. ბ-ში“ წარედგინათ „სესხად მისაღები“ თანხების მიზნობრიობის შესახებ ცრუ ინფორმაცია. ამავე დროს, ბანკის მენეჯმენტის მოსატყუებლად, გაცემული სესხების ვითომდა უზრუნველსაყოფად, ფორმალურად იპოთეკით უნდა დატვირთულიყო სხვადასხვა უძრავი ქონება, ხოლო მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის მიერ ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დანაშაულებრივად დაუფლების შემდეგ კი – პერიოდულად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, იპოთეკით დატვირთული ქონება არსებული ვალდებულებებისაგან გათავისუფლდებოდა.
· განზრახვის აღსასრულებლად 2008 წლის გაზაფხულზე მ. ხ-ემ და ბ. ჯ-ემ - „თ. ბ-თვის“ სესხის გასაცემად მისაღებ იურიდიულ პირებად შეარჩიეს მათი საერთო მეგობრის – ა. წ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა ბანკს ადრეც ჰქონდა, მათ შორის – ხსენებულ საწარმოებთან აფორმებდა სესხის გენერალურ ხელშეკრულებებს, რაც, თავის მხრივ, დანაშაულებრივად მოქმედ პირებს ბანკის მოტყუებას და მისი კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას კიდევ უფრო გაუადვილებდა.
· მ. ხ-ემ და ბ. ჯ-ემ დახმარება სთხოვეს მეგობარს – ა. წ-ს. დახმარების საფუძველზე ა. წ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს ბანკის მოტყუებით, თითქოსდა საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნით, -- „თ. ბ-დან“ უნდა მიეღოთ ვითომდა „სესხი“, ჯამურად – 16 664 000 აშშ დოლარი, რომლის განკარგვის საშუალებაც მათ ერთობლივად ექნებოდათ.
· შეთანხმებისამებრ, ა. წ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანია “ს---მა“ - „თ. ბ-ში“ წარადგინა მოთხოვნა სესხის გაცემაზე და თანხის მიღების მიზნობრიობად მიუთითა ცრუ იფორმაცია – „საბრუნავი სახსრების შევსება“, რის საფუძველზეც -- „თ. ბ-მა“ შპს “ს---ზე“ შესაბამისი მიზნობრიობით გასცა მოკლევადიანი (6-თვიანი) სესხი – 9 100 000 აშშ დოლარი, 15%-იანი საპროცენტო სარგებლით. სესხის ვითომდა უზრუნველსაყოფად, იპოთეკით ფორმალურად, დროებით დაიტვირთა სხვადასხვა სახის უძრავი ქონება. ხელშეკრულების თანახმად, სესხის დაფარვის ბოლო ვადა განისაზღვრა 2008 წლის 21 ოქტომბრით.
· ანალოგიურად, 2008 წლის 7 მაისს -- „თ. ბ-სა“ და ა. წ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მეორე კომპანია – შპს “ს. თ-ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ორი ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც შპს “ს. თ-ზე“ ჯამურად გაიცა სესხი – 7 564 000 აშშ დოლარი. ამ შემთხვევაშიც – 6 თვის ვადით, 15% საპროცენტო სარგებლით და კომპანიის „საბრუნავი სახსრების შევსების“ მიზნით. სესხის ვითომდა უზრუნველსაყოფად გამოიყენეს სხვადასხვა ფიზიკური პირის პირადი თავდებობა.
· შედეგად შპს “ს---ს“ 2008 წლის 21 აპრილს ჩაერიცხა 7 800 000 აშშ დოლარი, 29 აპრილს კი – 1 300 000 აშშ დოლარი, ხოლო შპს “ს. თ-ს“ 2008 წლის 7 მაისს – 7 564 000 აშშ დოლარი. მ. ხ-ე, ბ. ჯ-ესა და ა. წ-თან ერთად, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნულ თანხებს და მიეცა მათი განკარგვის შესაძლებლობა. აღნიშნული ქმედებით -- „თ. ბ-ს“ მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რომელიც ხანდაზმულია), (ბრალდების მხარის ვერსიით, აქ დასრულდა თაღლითობა).
· მოგვიანებით, 2008 წლის 21 ოქტომბერს და 2008 წლის 7 ნოემბერს ისე, რომ შპს “ს---სა“ და შპს “ს. თ-ს“ ბანკიდან მიღებული „სესხის“ დაფარვა არ დაუწყიათ, კრედიტის გადახდის ვადა ფორმალურად გაუგრძელდათ 1 წლით, ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, „სესხის“ გადახდის ვალდებულების დადგომამდე, -- „თ. ბ-მა“ ხსენებულ საწარმოებზე გაცემულ სესხებს მიანიჭა „უიმედო კლასიფიკაცია“ და გადაიტანა გარე საბალანსო ანგარიშზე. უფრო მეტიც, ბანკმა არ მოითხოვა სესხების უზრუნველსაყოფად გამოყენებული თავმდები პირებისათვის თანხის ანაზღაურება, საწარმოების საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა ან/და სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული სხვადასხვა ქონების ჩამორთმევა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, -- „თ. ბ-მა“ გარკვეული პერიოდულობით იპოთეკისაგან გამოათავისუფლა შპს “ს---სა“ და შპს “ს. თ-ის“ სესხების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, 2012 წლის აგვისტოში კი საერთოდ გაათავისუფლა ზემოაღნიშნული კომპანიები არსებული სასესხო ვალდებულებისაგან და, ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე, ჩაანაცვლა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში მცირე ფინანსური აქტივიც არ გააჩნდა.
· მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს, განიზრახეს დანაშაულებრივი თანხისათვის კანონიერი სახის მიცემა, წარმოშობის წყაროს, განთავსების, რეალური მესაკუთრისა და მისი ნამდვილი ბუნების შენიღბვის მიზნით. განზრახვის აღსასრულებლად აუცილებელი გახდა ა. წ-ის დახმარებით მიღებული თანხების კონვერტაცია, დანაწევრება და არაერთჯერადი ტრანზაქციები სხვადასხვა ფიქციური ხელშეკრულების საფუძველზე.
· დასახული მიზნის რეალიზაციისათვის ა. წ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების – შპს “ს---სა“ და შპს “ს. თ-ის“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღესვე, შეთანხმებისამებრ, თანხა დაკონვერტირდა ლარად და გადაირიცხა მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის პირად საბანკო ანგარიშებზე იმავე ბანკში.
· კერძოდ: შპს “ს---ს“ ანგარიშზე 21 აპრილს ჩარიცხული 7 800 000 აშშ დოლარის კონვერტაციის შედეგად მიღებული 11 321 700 ლარიდან 7 693 095,15 ლარი გადაირიცხა მ. ხ-ის, ხოლო 3 628 604,85 ლარი – ბ. ჯ-ის საბანკო ანგარიშებზე, ხოლო 29 აპრილს ჩარიცხული 1 300 000 აშშ დოლარის კონვერტაციის შედეგად მიღებული 1 898 000 ლარიდან – 1 289 691 ლარი გადაირიცხა მ. ხ-ის, 608 309 ლარი კი – ბ. ჯ-ის საბანკო ანგარიშებზე. ანალოგიურად, შპს “ს. თ-ის“ ანგარიშზე 7 მაისს ჩარიცხული 7 564 000 აშშ დოლარის კონვერტაციის შედეგად მიღებული 11 043 440 ლარიდან – 7 504 017,48 ლარი გადაირიცხა მ. ხ-ის, ხოლო 3 539 422,52 ლარი – ბ. ჯ-ის საბანკო ანგარიშებზე.
· ანგარიშებზე ჩარიცხული ფულადი თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, მხარეებს შორის, ერთი მხრივ, შპს “ს---სა“ და შპს “ს. თ-ს“, ხოლო მეორე მხრივ, მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს შორის გაფორმდა სესხის ფორმალური ხელშეკრულებები.
· თავის მხრივ, მ. ხ-ემ და ბ. ჯ-ემ დასახელებული კომპანიებისაგან მიღებული თანხები ჩარიცხვისთანავე (ჩარიცხვის დღეებში) განკარგეს, დაანაწილეს და სხვადასხვა ხელშეკრულების საფუძველზე გადარიცხეს პირადი ვალდებულებების (სესხების) დასაფარად საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ: მ. ხ-ემ შპს “ს---დან“ 2008 წლის 21 აპრილს მიღებული 7 693 095,15 ლარიდან იმავე დღეს 1 282 182,53 ლარი გადარიცხა “O. L. S.-ის“, 3 846 547,58 ლარი –”B. M--ის“ და 2 564 365,05 ლარი – “L. J. M. R.-ის“ ანგარიშებზე, ხოლო 2008 წლის 29 აპრილს მიღებული 1 289 691 ლარი იმავე დღეს დააკონვერტირა აშშ დოლარად, 2008 წლის 30 აპრილს – კვლავ ლარად და მიღებული 1 291 457,7 ლარი სრულად გადარიცხა “A. O. S.-ის“ ანგარიშზე.
· ბ. ჯ-ის მიერ შპს “ს---დან“ 2008 წლის 21 აპრილს მიღებული 3 628 604,85 ლარიდან იმავე დღეს 604 767,48 ლარი გადარიცხა “O. L. S.-ის“, 1 814 302,43 ლარი –”B. M--ის“ და 1 209 534,95 ლარი – “L. J. M. R.-ის“ ანგარიშებზე, ხოლო 2008 წლის 29 აპრილს მიღებული 608 309 ლარი იმავე დღეს დააკონვერტირა აშშ დოლარად, 2008 წლის 30 აპრილს – კვლავ ლარად და მიღებული 609 142,3 ლარი სრულად გადარიცხა “A. O. S.-ის“ ანგარიშზე.
· რაც შეეხება შპს “ს. თ-იდან“ მიღებულ თანხებს, ბ. ჯ-ის მიერ აღნიშნული ორგანიზაციიდან 2008 წლის 7 მაისს მიღებული თანხა – 3 539 422,52 ლარი სრულად დაკონვერტირდა 2 424 262 აშშ დოლარად და იმავე დღეს სრულად გადაირიცხა მ. ხ-ის კუთვნილ ანგარიშზე.
· მ. ხ-ის მიერ შპს “ს. თ-იდან“ 2008 წლის 7 მაისს მიღებული თანხა – 7 504 017,48 ლარი ანალოგიურად დაკონვერტირდა 5 139 738 აშშ დოლარად და იმავე დღეს აღნიშნული თანხა და ბ. ჯ-ისაგან ჩარიცხული 2 424 262 აშშ დოლარი, ჯამურად – 7 564 000 დოლარი მ. ხ-ის კუთვნილი ანგარიშიდან გადაირიცხა “L. W.-ის“ ანგარიშზე საზღვარგარეთ, “F. I. B. (C.) N....-ში“ არსებულ ანგარიშზე.
· ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად მ. ხ-ე და ბ. ჯ-ე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრ ა. წ-თან ერთად მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ - „თ. ბ-ის“ კუთვნილ 16 664 000 აშშ დოლარს, ხოლო შემდგომში ა. წ-ის დახმარებით მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით განხორციელებული ტრანზაქციების, კონვერსიის, გადაცემის, ასევე – მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, მოძრაობისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის გზით მისცეს კანონიერი სახე.
4. მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ა. წ-ს – საქართველოს სსკ-ის 25,194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის განაჩენით:
6. მ. ხ-ის, –, და ბ. ჯ-ის, –ქმედება საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე. მ. ხ-ე და ბ. ჯ-ე ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდნენ, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო.
7. ა. წ-ის,– ქმედება საქართველოს სსკ-ის 25,194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე. ა. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო.
8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ხ-ემ და ბ. ჯ-ემ ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხოლო ა. წ-მა – თაღლითობაში დახმარება, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
9. მ. ხ-ის, ბ. ჯ-ისა და ა. წ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2008 წლის აპრილში - „თ. ბ-ის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მ. ხ-ემ და მისმა მოადგილე ბ. ჯ-ემ განიზრახეს, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდნენ - „თ. ბ-ის“ კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. შემუშავებული გეგმის თანახმად, მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს უნდა აერჩიათ ისეთი იურიდიული პირები, რომელთაც აღნიშნული დროისათვის ჰქონდათ დიდი ოდენობით ერთობლივი წლიური შემოსავალი, ბანკის წინაშე სარგებლობდნენ დადებითი რეპუტაციითა და საბანკო ისტორიით. შესაბამისად, ამ იურიდიულ პირებზე, ვითომდა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე, ბანკიდან გაიცემოდა თანხები, რომლებიც მოგვიანებით გადაირიცხებოდა მათივე პირად ანგარიშებზე.
· არსებული საბანკო რეგულაციების ფორმალურად დაცვისა და დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად ასევე აუცილებელი იყო, მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის მიერ შერჩეულ იურიდიულ პირებს - „თ. ბ-ში“ წარედგინათ „სესხად მისაღები“ თანხების მიზნობრიობის შესახებ ცრუ ინფორმაცია. ამავე დროს, ბანკის მენეჯმენტის მოსატყუებლად, გაცემული სესხების ვითომდა უზრუნველსაყოფად, ფორმალურად უნდა დატვირთულიყო სხვადასხვა უძრავი ქონება იპოთეკით, ხოლო მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის მიერ ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების დანაშაულებრივად დაუფლების შემდეგ კი – პერიოდულად, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, იპოთეკით დატვირთული ქონება არსებული ვალდებულებებისაგან გათავისუფლდებოდა.
· განზრახვის აღსასრულებლად 2008 წლის გაზაფხულზე მ. ხ-ემ და ბ. ჯ-ემ - „თ. ბ-თვის“ სესხის გასაცემად მისაღებ იურიდიულ პირებად შეარჩიეს მათი საერთო მეგობრის – ა. წ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა ბანკს წინარე პერიოდშიც გააჩნდა, მათ შორის – ხსენებულ საწარმოებთან გაფორმებული ჰქონდა სესხის გენერალური ხელშეკრულებები, რაც, თავის მხრივ, დანაშაულებრივად მოქმედ პირებს ბანკის მოტყუებას და მისი კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას კიდევ უფრო გაუადვილებდა.
· მ. ხ-ემ და ბ. ჯ-ემ ზემოაღნიშნულში დახმარება სთხოვეს მეგობარს – ა. წ-ს. დახმარების საფუძველზე ა. წ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიებს ბანკის მოტყუებით, თითქოსდა საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნით, -- „თ. ბ-დან“ უნდა მიეღოთ ვითომდა „სესხი“, ჯამურად – 16 664 000 აშშ დოლარი, რომლის განკარგვის საშუალებაც მათ ერთობლივად ექნებოდათ.
· შეთანხმებისამებრ, ა. წ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანია “ს---მა“ - „თ. ბ-ში“ წარადგინა მოთხოვნა სესხის გაცემაზე და თანხის მიღების მიზნობრიობად მიუთითა ცრუ იფორმაცია – „საბრუნავი სახსრების შევსება“, რის საფუძველზეც -- „თ. ბ-მა“ შპს “ს---ზე“ შესაბამისი მიზნობრიობით გასცა მოკლევადიანი (6-თვიანი) სესხი – 9 100 000 აშშ დოლარი, 15%-იანი საპროცენტო სარგებლით. სესხის ვითომდა უზრუნველსაყოფად იპოთეკით ფორმალურად, დროებით დაიტვირთა სხვადასხვა სახის უძრავი ქონება. ხელშეკრულების თანახმად, სესხის დაფარვის ბოლო ვადა განისაზღვრა 2008 წლის 21 ოქტომბრით.
· ანალოგიურად, 2008 წლის 7 მაისს -- „თ. ბ-სა“ და ა. წ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მეორე კომპანია – შპს “ს. თ-ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ორი ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც შპს “ს. თ-ზე“ სესხად გაიცა ჯამურად – 7 564 000 აშშ დოლარი. ამ შემთხვევაშიც სესხები გაიცა 6 თვის ვადით, 15% საპროცენტო სარგებლით და მათ მიზნობრიობასაც წარმოადგენდა კომპანიის „საბრუნავი სახსრების შევსება“. სესხის ვითომდა უზრუნველსაყოფად გამოიყენეს სხვადასხვა ფიზიკური პირის პირადი თავდებობა.
· შედეგად შპს “ს---ს“ 2008 წლის 21 აპრილს ჩაერიცხა 7 800 000 აშშ დოლარი, 29 აპრილს კი – 1 300 000 აშშ დოლარი, ხოლო შპს “ს. თ-ს“ 2008 წლის 7 მაისს – 7 564 000 აშშ დოლარი.
· მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიეცათ ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის განკარგვის შესაძლებლობა, დასახული მიზნის საბოლოოდ რეალიზაციისათვის ა. წ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების – შპს “ს---სა“ და შპს “ს. თ-ის“ ანგარიშზე, თანხის ჩარიცხვის დღესვე, შეთანხმებისამებრ, თანხები დაკონვერტირდა ლარად და გადაირიცხა მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის იმავე ბანკში არსებულ პირად საბანკო ანგარიშებზე,· კერძოდ: შპს “ს---ს“ ანგარიშზე 2008 წლის 21 აპრილს ჩარიცხული 7 800 000 აშშ დოლარის კონვერტაციის შედეგად მიღებული 11 321 700 ლარიდან 7 693 095,15 ლარი გადაირიცხა მ. ხ-ის, ხოლო 3 628 604,85 ლარი – ბ. ჯ-ის საბანკო ანგარიშებზე, ხოლო 29 აპრილს ჩარიცხული 1 300 000 აშშ დოლარის კონვერტაციის შედეგად მიღებული 1 898 000 ლარიდან – 1 289 691 ლარი გადაირიცხა მ. ხ-ის, 608 309 ლარი კი – ბ. ჯ-ის საბანკო ანგარიშებზე. ანალოგიურად, შპს “ს. თ-ის“ ანგარიშზე 7 მაისს ჩარიცხული 7 564 000 აშშ დოლარის კონვერტაციის შედეგად მიღებული 11 043 440 ლარიდან – 7 504 017,48 ლარი გადაირიცხა მ. ხ-ის, ხოლო 3 539 422,52 ლარი – ბ. ჯ-ის საბანკო ანგარიშებზე.
· რის თაობაზეც მხარეებს შორის, ერთი მხრივ, შპს “ს---სა“ და შპს “ს. თ-ს“, ხოლო მეორე მხრივ, მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს შორის გაფორმდა სესხის ფორმალური ხელშეკრულებები.
· თავის მხრივ, მ. ხ-ემ და ბ. ჯ-ემ დასახელებული კომპანიებისაგან მიღებული თანხები ჩარიცხვისთანავე (ჩარიცხვის დღეებში) განკარგეს და სხვადასხვა ხელშეკრულების საფუძველზე გადარიცხეს პირადი ვალდებულებების (სესხების) დასაფარად საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ:
· მ. ხ-ემ შპს “ს---დან“ 2008 წლის 21 აპრილს მიღებული 7 693 095,15 ლარიდან იმავე დღეს 1 282 182,53 ლარი გადარიცხა “O. L. S.-ის“, 3 846 547,58 ლარი –”B. M--ის“ და 2 564 365,05 ლარი – “L. J. M. R.-ის“ ანგარიშებზე, ხოლო 2008 წლის 29 აპრილს მიღებული 1 289 691 ლარი იმავე დღეს დააკონვერტირა აშშ დოლარად, 2008 წლის 30 აპრილს – კვლავ ლარად და მიღებული 1 291 457,7 ლარი სრულად გადარიცხა “A. O. S.-ის“ ანგარიშზე.
· ბ. ჯ-ის მიერ შპს “ს---დან“ 2008 წლის 21 აპრილს მიღებული 3 628 604,85 ლარიდან იმავე დღეს 604 767,48 ლარი გადარიცხა “O. L. S.-ის“, 1 814 302,43 ლარი –”B. M--ის“ და 1 209 534,95 ლარი – “L. J. M. R.-ის“ ანგარიშებზე, ხოლო 2008 წლის 29 აპრილს მიღებული 608 309 ლარი იმავე დღეს დააკონვერტირა აშშ დოლარად, 2008 წლის 30 აპრილს – კვლავ ლარად და მიღებული 609 142,3 ლარი სრულად გადარიცხა “A. O. S.-ის“ ანგარიშზე.
· რაც შეეხება შპს “ს. თ-იდან“ მიღებულ თანხებს, ბ. ჯ-ის მიერ აღნიშნული ორგანიზაციიდან 2008 წლის 7 მაისს მიღებული თანხა – 3 539 422,52 ლარი სრულად დაკონვერტირდა 2 424 262 აშშ დოლარად და იმავე დღეს სრულად გადაირიცხა მ. ხ-ის კუთვნილ ანგარიშზე.
· მ. ხ-ის მიერ შპს “ს. თ-იდან“ 2008 წლის 7 მაისს მიღებული თანხა – 7 504 017,48 ლარი ანალოგიურად დაკონვერტირდა 5 139 738 აშშ დოლარად და იმავე დღეს აღნიშნული თანხა და ბ. ჯ-ისაგან ჩარიცხული 2 424 262 აშშ დოლარი, ჯამურად – 7 564 000 დოლარი მ. ხ-ის კუთვნილი ანგარიშიდან გადაირიცხა “L. W.-ის“ ანგარიშზე საზღვარგარეთ, “F. I. B. (C.) N....-ში“ არსებულ ანგარიშზე.
· ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად მ. ხ-ე და ბ. ჯ-ე ჯგუფურად, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ა. წ-ის დახმარებით დაეუფლნენ - „თ. ბ-ის“ კუთვნილ 16 664 000 აშშ დოლარს, რომელიც მოგვიანებით გადარიცხეს პირად ანგარიშებზე და გამოიყენეს პირადი ვალდებულებების დასაფარად.
· მოგვიანებით, 2008 წლის 21 ოქტომბერს და 2008 წლის 7 ნოემბერს, ისე, რომ შპს “ს---ს“ და შპს “ს. თ-ს“ ბანკიდან მიღებული „სესხის“ დაფარვა არ დაუწყიათ, კრედიტის გადახდის ვადა ფორმალურად გაუგრძელდათ 1 წლით, ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, „სესხის“ გადახდის ვალდებულების დადგომამდე, -- „თ. ბ-მა“ ხსენებულ საწარმოებზე გაცემულ სესხებს მიანიჭა „უიმედო“ კლასიფიკაცია და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. საქართველოს გენერალური პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორები – სალომე ჩიქობავა, გიორგი მიქავა და არჩილ ტყეშელაშვილი ითხოვდნენ განაჩენის შეცვლას, მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის – საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ა. წ-ის – სსკ-ის 25,194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავეებად ცნობას, ა. წ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. წ-ი, ასევე – მ. ხ-ე და ბ. ჯ-ე და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატები – ზ. კ-ე, ე. ე-ა და მ. ჭ-ი – გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. წ-ის, მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
13. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მ. ხ-ის, ბ. ჯ-ისა და ა. წ-ის ქმედება არასწორად დააკვალიფიცირა. ბრალდება არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას, რომ ფულის გათეთრების წინმსწრებ – პრედიკატულ დანაშაულს რეგულარული/ორგანიზებული სახე უნდა ჰქონდეს და ამის ფონზე უკანონო შემოსავლის საგანს მრავალჯერადი და სისტემატური დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ქონება უნდა წარმოადგენდეს.
14. საერთაშორისოდ აღიარებული და საქართველოსათვის სავალდებულო FATF-ის რეკომენდაციებისა და მათი განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელიც აწესებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სტანდარტებს), ფულის გათეთრების წინმსწრები პრედიკატული დანაშაული შეიძლება იყოს შემოსავლის მიღებით მოტივირებული ნებისმიერი დანაშაული, მაგ.: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, ყალბი ფულის დამზადება, კორუფციული დანაშაულები, სამსახურებრივი საყალბე, ფალსიფიკაცია, გადასახადებისაგან თავის არიდება, ნარკოტიკებით, იარაღითა და ადამიანით ვაჭრობა და სხვა. ეს დანაშაულები, შესაძლოა, იყოს როგორც რთული/ორგანიზებული, ისე – მარტივი ხასიათის, ხოლო ამ დანაშაულების შედეგად მიღებული შემოსავლები თანაბარმნიშვნელოვნად არის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საგანი.
15. იმავეს ითვალისწინებს „ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის შესახებ“ სტრასბურგის კონვენციის 1-ლი მუხლი და „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ვარშავის კონვენციის 1-ლი მუხლი, რომელთა თანახმად, პრედიკატული დანაშაული ნიშნავს ნებისმიერ სისხლის სამართლის დანაშაულს, რის შედეგადაც მიღებულ იქნა შემოსავალი, რომელიც შეიძლება გახდეს ფულის გათეთრების დანაშაულის ობიექტი.
16. ბრალდების მხარე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რადგან განზოგადებულად იმის თქმა, რომ პრედიკატული დანაშაული გარდაუვლად ორგანიზებული/რეგულარული საქმიანობის ელემენტებს მოიცავს ფულის გათეთრების მიზნებისათვის, ცალსახად არასწორი სამართლებრივი მსჯელობაა. მცდარი და დროგადასულია სასამართლოს შეფასებაც, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია სამი სავალდებულო სტადიისაგან შედგება, ესენია: განთავსება, ფენების გაჩენა და ინტეგრაცია/დაბრუნება და სწორედ ეს ელემენტი განასხვავებს ფულის გათეთრებას სხვა დანაშაულებისაგან.
17. კასატორთა აზრით, ფულის გათეთრების ამგვარი განსაზღვრება და მისი აღქმა სამეტაპიან დანაშაულად, უხეშად ეწინააღმდეგება მის კონვენციურ განმარტებას და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საყოველთაოდ აღიარებულ სავალდებულო სტანდარტებს (FATF). თანამედროვე სამყაროში არალეგალური და დანაშაულებრივი ფულადი სახსრები იშვიათად თუ გადის ზემოთ დასახელებულ ყველა ეტაპს მათთვის ლეგალური სახის მიცემის პროცესში. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა საკითხი უკავშირდება მაღალი სირთულისა და კომპლექსური ხასიათის ფულის გათეთრების დანაშაულებრივ სქემებს, რომლებსაც ძირითად შემთხვევაში პროფესიონალი ფულის გამთეთრებლები წარმართავენ.
18. კასატორთა შეფასებით, თანამედროვე სამყაროში ფულის გათეთრების დანაშაული, ხშირ შემთხვევაში, გამოიხატება სრულიად მარტივ სქემებსა თუ ქმედებებში, რომლებიც დანაშაულებრივ ანდა დაუსაბუთებელ შემოსავალს აძლევს კანონიერ სახეს და, ამავდროულად, ქმედითად ნიღბავს მის დანაშაულებრივ ბუნებას. იგი, შესაძლოა, გამოიხატოს მარტივ და კარგად აპრობირებულ ერთ ან ორსაფეხურიან ქმედებაში, რითიც მიღწეულ იქნება თანხის არალეგალური წარმომავლობის შენიღბვის მიზანი, მაგალითად: კომერციული მოსყიდვის შედეგად დაპირებულ თანხას დამნაშავე იღებს ფიქციური მომსახურების ან სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ანდა თაღლითური გზით მიღებულ თანხას დამნაშავე საბანკო სისტემაში წარდგენილი ყალბი ხელშეკრულების ან ინვოისის საფუძველზე გადარიცხავს საზღვარგარეთ მასთან დაკავშირებული პირის ანგარიშზე. ეს მაგალითები ფულის გათეთრების მარტივი და გავრცელებული ფორმებია, რომლებზეც არსებობს კარგად ჩამოყალიბებული პრაქტიკა საქართველოშიც და საზღვარგარეთის ქვეყნებშიც.
19. ამდენად, ბრალდების მხარის პოზიციით, ქმედების ფულის გათეთრებად დაკვალიფიცირებისათვის სულაც არ არის სავალდებულო სამსაფეხურიანი სტადიის გავლა, ვინაიდან თუნდაც ერთი ან ორი ეტაპის არსებობა, შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს არალეგალური შემოსავლის გათეთრებისათვის. ფულის გათეთრების დანაშაული დასრულებულად მიიჩნევა მაშინ, როდესაც პირი დანაშაულებრივ თანხას ცრუ დანიშნულებით ათავსებს თავის საკუთრებაში არსებული ფიქციური კომპანიის ანგარიშზე, რა დროსაც ლეგალურ ბრუნვაში შეაქვს დანაშაულებრივი თანხა შენიღბული ფორმით, რომ, თითქოსდა, იგი სესხის სახით ლეგალური გზითაა მიღებული. ასეთ შემთხვევაში მარტივი ფორმითაა მიღწეული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მისი წარმომავლობის შენიღბვის მიზანი, ხოლო ამ თანხის შემდგომი გადარიცხვა სხვა კომპანიის ანგარიშზე ყალბი ხელშეკრულების საფუძველზე დამატებითი გარემოებითი მტკიცებულებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ფულის გათეთრების დანაშაულებრივ მიზანს.
20. სხვა შემთხვევაში დამნაშავე მიმართავს ფულის გათეთრების მარტივ – ერთსაფეხურიან გზას და დანაშაულებრივ შემოსავალს, თითქოსდა, ქონების შეძენის ყალბი მიზნობრიობით აგზავნის საზღვარგარეთ თავისივე კონტროლირებად ანგარიშზე. ამ შემთხვევაში დანაშაულებრივი თანხა სწრაფი ფულადი გზავნილის სერვისის გამოყენებით შედის ლეგალურ/აღრიცხვად ბრუნვაში, იმავდროულად – ინიღბება ქონების შეძენის ყალბი გარიგებით გადარიცხვის შეუფერხებლად განსახორციელებლად და დანიშნულების ადგილას (საზღვარგარეთ) დამნაშავე მას იღებს, როგორც კონკრეტული მიზნობრიობით გადარიცხულ თითქოსდა ლეგალურ თანხას.
21. ზემოაღნიშნული მაგალითებიდან ცხადია, რომ ფულის გათეთრების ფართოდ გავრცელებული ფორმები არ საჭიროებს სამეტაპიან პროცესს. ხშირ შემთხვევებში, სწორედაც რომ მარტივი პროცედურებით გამოიხატება ფულის გათეთრების დანაშაულის თანამედროვე ფორმები მსოფლიოში ხელმისაწვდომი მრავალფეროვანი სერვისების ფონზე.
22. გარდა ამისა, ფულის გათეთრების სავალდებულო კომპონენტად სამსაფეხურიანი სისტემის გამოცხადება ეწინააღმდეგება ფულის გათეთრების ეფექტიანი გამოძიების საჯარო ინტერესს და ამ მიმართულებით სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, რომელიც მას დაწესებული აქვს FATF-ის სავალდებულო რეკომენდაციებითა და დადგენილი პრაქტიკით. აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემულ საქმეში --------ოს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტიც პირდაპირ ადასტურებს ბრალდების მხარის პოზიციის მართებულობას ამ ნაწილში, სადაც მითითებულია, რომ „როგორც წესი, ფულის გათეთრების სამი ეტაპი არსებობს, თუმცა ფულადი სახსრები ყოველთვის არ გადის დასახელებულ ეტაპებს“. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა, რომელიც ფულის გათეთრების დანაშაულს ერთმნიშვნელოვნად წარმოაჩენს როგორც ლეგალიზაციის კომპლექსურ სამეტაპიან პროცესს და უგულებელყოფს მის მარტივ, ფართოდ გავრცელებულ ფორმებს, იმთავითვე მცდარია.
23. სწორედ ამ მცდარი და არასწორი განმარტების საფუძველზე არასწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ ბ. ჯ-ის, მ. ხ-ისა და ა. წ-ის ქმედებები თაღლითობად და არა – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად. თუმცა სააპელაციო პალატა იძულებულია, აღიაროს „განთავსების“ სტადიის არსებობა, რაც მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის მხრიდან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალურ ფინანსურ ინსტიტუციაში (საბანკო ანგარიშებზე) ინტეგრაციის გზით განხორციელდა, თუმცა პალატა ცდილობს, თავი აარიდოს „ფენების გაჩენის“ სტადიის არსებობას იმ საფუძვლით, რომ, თითქოსდა, სადავო თანხის წვრილ ოდენობად დაშლა და მრავალჯერადი ტრანზაქციები არ განხორციელებულა და ამასთანავე, აღნიშნული მაკონტროლებლისაგან მალულად არ მომხდარა. სააპელაციო პალატის ეს არგუმენტი უსუსურია, რადგან ფაქტია, რომ 16 664 000 აშშ დოლარი ათ ნაწილად დანაწევრდა და გადაირიცხა რამდენიმე ფიზიკური პირისა და ერთი იურიდიული პირის ანგარიშებზე და ამ ყველაფერს წინ ფულის გათეთრების დანაშაულის დამადასტურებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება უძღოდა – ა. წ-ის კომპანიებსა და ხ-ე-ჯ-ეს შორის ფიქციური სესხის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის შესრულება მხარეებს არასდროს სურდათ და რომლის უმთავრესი როლი ბანკისაგან დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხის რეალური ბუნების შენიღბვა და მისი სახეცვლილი ფორმით – თითქოსდა, ა. წ-ის კომპანიებისაგან ლეგალურად მიღებულის – წარმოჩენა გახლდათ. ხელშეკრულებების ფიქციურობა თავად სადავო თანხის დანაშაულებრივი წარმომავლობიდან გამომდინარეობს.
24. შესაბამისად, ცხადია, რომ “თ. ბ-ის“ ფონდიდან თანხების გამოდინების მომენტიდან ეს თანხები არასდროს ყოფილა ლეგალურად ინტეგრირებული საბანკო სისტემაში და დანაშაულებრივ (ბანკისაგან თაღლითურად მიღებულ) თანხებს წარმოადგენდა. მისი დანაშაულებრივი წარმომავლობის შენიღბვა და სახეცვლილება კი ერთობლივად – ა. წ-ის კომპანიებისაგან ფიქციური სესხის ხელშეკრულებების გაფორმებით, ამის საფუძველზე მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის ანგარიშებზე ამ თანხების განთავსებით, შემდგომში – დანაწევრებით, კონვერტაციითა და მრავალჯერადი ტრანზაქციებით განხორციელდა, რაც დროის მცირე მონაკვეთში უწყვეტად მიმდინარეობდა.
25. სასამართლო არასწორად განმარტავს ე.წ. „ინტეგრაციის“ კომპონენტს, როცა მას აიგივებს ბრალდებულების მიერ გაწმენდილი თანხების საკუთარ ანგარიშებზე დაბრუნებასთან. „ინტეგრაცია“ სულაც არ გულისხმობს მხოლოდ დამნაშავის მიერ დანაშაულებრივი თანხების საკუთარ ანგარიშზე საბოლოო დაბრუნებას და იგი იმავე წარმატებით შეიძლება განხორციელდეს ლეგალურ ეკონომიკაში დანაშაულებრივი თანხების ჩაბრუნების სხვადასხვა ფორმით: უძრავი ქონების ანდა ძვირფასეულობის შეძენა, ბიზნესკომპანიებში ინვესტირება, ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება და სხვ.. გაუგებარია ისიც, თუ რაზე დაყრდნობით მიიჩნევს სასამართლო დამნაშავის მიერ წარმომავლობაშეცვლილი დანაშაულებრივი თანხების საკუთარ ანგარიშებზე დაბრუნებას ფულის გათეთრების დასრულებულ შემადგენლობად, ხოლო მსგავსი კატეგორიის თანხებით ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებას კი – დანაშაულებრივი თანხების გამოყენებად აკვალიფიცირებს. თუ უდავოა, რომ წინარე ეტაპმა/ეტაპებმა შენიღბა თანხის დანაშაულებრივი წარმომავლობა და ყურადღების მიღმა დატოვა ის ძირითადი უკანონო საქმიანობა, რა გზითაც ეს თანხები მიიღეს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, მ. ხ-ემ და ბ. ჯ-ემ ეს თანხები საკუთარ ანგარიშებზე დაიბრუნეს, ფინანსური ვალდებულებები გაისტუმრეს თუ ბიზნესში დააბანდეს. ფაქტია, რომ მათ სახეცვლილი დანაშაულებრივი შემოსავალი გამოიყენეს ფინანსური ვალდებულებების გასასტუმრებლად ისე, თითქოსდა ეს თანხები ა. წ-ისაგან ლეგალური გზით მიიღეს. ამდენად, ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებას ჰქონდა იგივე ფინანსური თუ სამართლებრივი ეფექტი, რაც დამნაშავის მიერ ამ თანხების საკუთარ ანგარიშებზე დაბრუნებას ექნებოდა.
26. სააპელაციო პალატამ უხეში შეცდომა დაუშვა ბრალდებულებისათვის ინკრიმინირებული ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილში, რაც განაჩენს უკანონოს ხდის. აღნიშნული განპირობებულია სასამართლოს არასწორი წარმოდგენებით ფულის გათეთრების დანაშაულის არსსა და მის სავალდებულო ელემენტებზე/სტადიებზე.
27. ბრალდების მხარის პოზიციით, უდავოა, რომ მ. ხ-ემ და ბ. ჯ-ემ, ვიდრე დანაშაულებრივი შემოსავლებით სასესხო ვალდებულებებს დაფარავდნენ, დანაშაულებრივი ქონება ლეგალურ ფინანსურ ინსტიტუციაში განათავსეს, რა დროსაც ა. წ-ის კომპანიებთან ფიქციური სესხის ხელშეკრულებები გააფორმეს და ამ გზით არალეგალური თანხები საკუთარ საბანკო ანგარიშებზე გადმოირიცხეს, ხოლო შემდგომ ეტაპზე – თანხები დაანაწევრეს, დააკონვერტირეს და მრავალჯერადი ფინანსური ტრანზაქციები განახორციელეს. დასახელებული ეტაპებით, სასესხო ვალდებულებების დაფარვამდე, დანაშაულებრივი თანხების წარმომავლობა შეინიღბა და სახე იცვალა. ე.ი. აშკარაა ფულის გათეთრების დანაშაულის კლასიკური შემადგენლობა უკლებლივ ყველა სავალდებულო ელემენტით.
28. ამდენად, უტყურადაა დადასტურებული მსჯავრდებულებისათვის ინკრიმინირებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დანაშაულის ჩადენის ფაქტი თუნდაც იმ პირობებსა და საზღვრებში, რასაც სააპელაციო სასამართლო საკუთარ მსჯელობაში იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით უკანონოა და ამ საკითხის გადაწყვეტა ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ფულის გათეთრების დანაშაულთან მიმართებით ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორები – სალომე ჩიქობავა და გიორგი მიქავა ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას, მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის – საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ა. წ-ის – სსკ-ის 25,194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავეებად ცნობას.
30. ა. წ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. წ-ი საკასაციო საჩივრით მიიჩნევენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
31. სამწლიანი განხილვის შემდეგ სასამართლომ დაიჯერა, რომ მ. ხ-ე და ბ. ჯ-ე, თითქოს ა. წ-ის დახმარებით, თაღლითურად დაეუფლნენ საკუთარ თანხებს. “თ. ბ-ში“ მომუშავე პირების (თ. ნ-ის, გ. შ-ის, თ. ლ-ის, ა. ჩ-ის, ლ. ზ-ას, კ. ჭ-ისა და სხვ.) ჩვენებების მიხედვით, ბ. ჯ-ე და მ. ხ-ე არ ერეოდნენ ბანკის ადმინისტრაციულ საკითხებში და არ მიუციათ მითითებები შპს “ს---ისა“ და შპს “ს. თ-ისათვის“ სესხების გაცემისა და ჩამოწერის პროცესში; ბ. ჯ-ესა და მ. ხ-ეს რაიმე კავშირი, როლი, უფლებამოსილება არ ჰქონდათ ასეთი საკითხების გადაწყვეტაში ან, სამსახურებრივი ავტორიტეტიდან გამომდინარე, არ შეეძლოთ სესხის გაცემასა და ჩამოწერასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება; ამ მოწმეების ჩვენებებით არ დასტურდება ბრალდებულთა ბრალეულობა და უტყუარად არ დგინდება ფაქტობრივი გარემოებები.
32. კასატორთა აზრით, მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლომ სათანადოდ არ იმსჯელა 2008-2012 წლებში “თ. -დან“ კრედიტის მიღებაში, შემდგომში ამ კრედიტის მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ისათვის გადაცემაში, მათ მიერ მიღებული თანხების განკარგვაში, “თ-ის“ წინაშე არსებული ვალდებულებების გადავადებასა და იპოთეკით დატვირთული ქონების გამოთავისუფლებაში ა. წ-ის მონაწილეობის შესახებ. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნულ პროცესში ა. წ-ის რაიმე ფორმით მონაწილეობა უარყვეს “თ. ბ-ის“ კორპორაციულმა მენეჯერმა გ. გ-ემ, ფინანსურმა ანალიტიკოსმა კ. ჭ-მა, საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე პ. ჩ-ემ, შპს “გ---ის“ დირექტორმა გ. ძ-ემ, “თ. ბ-ის“ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გ. ლ-ამ, ნოტარიუსმა მ. გ-ამ, “თ. ბ-ის“ კორპორაციული დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსმა ანალიტიკოსმა ლ. ა-ემ, გენერალური დირექტორის მოადგილე გ. ა-მა, პრობლემური სესხების სამსახურის უფროსმა გ. კ-მა, --ის ვიცეპრეზიდენტმა ე. გ-ამ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარმა აუდიტორმა გ. ბ-ემ და ---ის პრეზიდენტმა გ. ქ-ემ (2008 წლის მონაცემებით).
33. მოწმეების: თ. ნ-ის, ა. ჩ-ის, თ. ლ-ის, გ. შ-ის, ზ. ბ-ის, გ. გ-ის, ნ. წ-ას, თ. ს-ის, ლ. ჩ-ას, გ. ა-ის, გ. კ-ის, გ. ქ-ის, ე. გ-ასა და მ. გ-ას ჩვენებებით დადასტურდა, რომ ამ სესხების გაცემის დროს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციები არ დარღვეულა; თანხის გადასესხება ჯდება „საბრუნავი საშუალებების“ მიზნობრიობაში; კრედიტებზე მუშაობის პროცესში ა. წ-ის მიერ ბანკში ყალბი დოკუმენტების ან მცდარი ინფორმაციის წარდგენის ფაქტი არ გამოკვეთილა; ამ სესხებთან დაკავშირებით ფულის გათეთრების, ფინანსური ოპერაციების ან თანხების წარმომავლობის შენიღბვის ნიშნები არ გამოვლენილა; სიყალბის ან სხვა დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში აცნობებდნენ სამართალდამცავ ორგანოებს. სასამართლომ არაარსებით მტკიცებულებად შეაფასა “თ. ბ-ის“ გენერალური დირექტორის ვ. ბ-ის ჩვენება, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 წლის ნოემბერში შედგენილ - „თ. ბ-ის“ საკრედიტო პორტფელის შემოწმების აქტსა და შემოწმებაში მონაწილე ეროვნული ბანკის თანამშრომლების ჩვენებებს „არაინფორმაციული“ და „არარელევანტური“ უწოდა, რაც სასამართლოს არაობიექტურობასა და ტენდენციურობაზე მეტყველებს.
34. საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 19 ნოემბრის №---შემოწმების აქტსა და შემმოწმებელი თ. ა-ისა და დ. ტ-ის ჩვენებებზე დაყრდნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბანკის მოქმედებით ნათლად იკვეთება მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის მიზნები. აღნიშნული შემოწმება ჩატარდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 13 სექტემბრის განკარგულების საფუძველზე და შესწავლილ იქნა შპს “ს---სა“ და შპს “ს. თ-ის“ დაკრედიტებისას ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეები და არა – ფულის გათეთრების ან თაღლითობის ნიშნები. შემოწმების აქტი და --- ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის ა. გ-ას ჩვენება შეეხება კრედიტის გაცემის პროცედურულ საკითხებს და მასში არსადაა ნახსენები ტყუილი ან ფულის გათეთრების ნიშნები. ტყუილზე (რის გარეშეც თაღლითობა არ არსებობს) საუბარია ბრალდების მხარისა და სასამართლოს შეფასებაში და არა – თავად აქტში და ამ შეფასებაშიც ა. წ-ის გვარი ნახსენებია კომპანიების მართვის კონტექსტით. ბანკის რაიმე ფორმით მოტყუებაში ა. წ-ის რაიმე ფორმით მონაწილეობაზე არც აქტში არაა მითითებული და არც ბრალდების მხარის შეფასებაში.
35. აქტის მიხედვით, ა. წ-ის მონაწილეობა გამოიხატა მხოლოდ უზრუნველყოფის სახით გაცემულ პირად თავდებობაში; არ გამოვლენილა სესხების არამიზნობრივად ხარჯვის, ასევე – ა. წ-ის, “ს---სა“ და “ს. თ-ის“ მიერ “თ. ბ-თვის“ არასწორი ინფორმაციის წარდგენის არ მოტყუებით ფაქტები; კრედიტები იყო რეალური და “თ. -დან“ თანხები ისესხეს “ს---მა“ და “ს. თ-მა“; ყველა გამოვლენილი გადარიცხვა შეესაბამებოდა რეალურ შინაარსს; შემმოწმებლებმა არ იცოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 19 აგვისტოს № ბრძანების შინაარსი, რომლითაც იურიდიულ პირს ეკრძალებოდა ფიზიკური პირისათვის თანხის უცხოური ვალუტით გადარიცხვა.
36. ა. წ-ის მონაწილეობას სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს დ. ჭ-ას, ნ. თ-ასა და ზ. ბ-ის ჩვენებებიდან გამომდინარე, რომლებმაც განმარტეს, რომ „კომპანიების მიერ აღებული სესხის გადასესხებას თავიდანვე გეგმავდნენ მ. ხ-ეზე და ბ. ჯ-ეზე“. ზ. ბ-მა, “ს---სა“ და “ს. თ-ის“ დირექტორების მიერ გაცემული მინდობილობების საფუძველზე, როგორც ამ კომპანიების წარმომადგენელმა, 2012 წელს ხელი მოაწერა სამმხრივ ხელშეკრულებებს “მ. გ-სა“ და “თ. ბ-თან“. სასამართლოში მან განმარტა, რომ კრედიტების აღებისას მან შენიშნა რისკები, რომლებიც დაანახა ჯერ კომპანიების დირექტორებს, შემდეგ ა. წ-თან, მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ესთან პირადი შეხვედრისას მათაც აუხსნა არსებული სიტუაცია; რამდენიმეთვიანმა კონსულტაციებმა ისინი მზა ხელშეკრულების პროექტამდე მიიყვანა. ამრიგად, ამგვარი ხელშეკრულების გაფორმების ინიციატორი იყო თავად ზ. ბ-ი და ყველა ზემოაღნიშნული პირობა მიუთითებს ხელშეკრულებების რეალურობაზე. ხელშეკრულება, რომელიც მზადდება მხარეთა ჩართულობით თვეების განმავლობაში, ვერ იქნება ფიქციური, მითუმეტეს, ამ ხელშეკრულების შედეგად “თ. ბ-ს“ აუნაზღაურდა თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი და ამჟამად ბანკს “მ. ჯ-ის“ წინააღმდეგ შეტანილი აქვს სამოქალაქო სარჩელი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით. ამასთან, მნიშვნელოვანია ზ. ბ-ის ჩვენების დეტალები, კერძოდ: სამმხრივი ხელშეკრულებების მომზადება რაიმე უკანონობასთან არ იყო დაკავშირებული და ფულის გათეთრების ნიშნები არ უნახავს; სესხის ხელშეკრულებები “ს. ჯ-სათვის“ იყო მომგებიანი; ამ საკითხზე ბ. ჯ-ე, მ. ხ-ე და ა. წ-ი რაზე და როგორ შეჯერდნენ, არ იცის; მისთვის არაფერია ცნობილი 2008 წელს “ს---ისა“ და “ს. თ-ის“ მიერ ჯამურად 16 664 000 აშშ დოლარის სესხის აღების დროს რაიმე მონაცემის გაყალბებისა და ა. წ-ის მიერ ბანკის მოტყუების, თაღლითობის ან ფულის გათეთრების თაობაზე; არანაირი გარემოება არ მიუთითებს იმაზე, რომ 2008 წელს “თ-დან“ “ს---სა“ და “ს. თ-ზე“, ხოლო შემდგომში – “ს---ისა“ და “ს. თ-ის“ მიერ მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეზე მომგებიანი სესხის გაცემა იყო ფიქცია, არარეალური ოპერაცია.
37. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ნ. თ-ასა და დ. ჭ-ას ჩვენებების ნაწილი, რომელიც გამორიცხავდა ამ პროცესში ა. წ-ის უშუალო მონაწილეობას, კერძოდ: მათი ჩვენებებიდან ცალსახაა, რომ სესხები “თ. -დან“ აიღო და შემდგომში ხ-ე/ჯ-ეზე გაასხვისა არა უშუალოდ ა. წ-მა, არამედ კომპანიებმა – “ს---მა“ და “ს. თ-მა“ და სესხები იყო რეალური.
38. ა. წ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 16 664 000 აშშ დოლარის სესხის მისაღებად “ს---სა“ და “ს. თ-ს“ “თ. ბ-ის“ მოტყუება არაფერში სჭირდებოდათ, რადგან ჰქონდათ მოქმედი საკრედიტო ხაზი; თანხები მან კი არ გაასესხა, არამედ მისი რეკომენდაციით – კომპანიებმა; მას ხელი არაფერზე მოუწერია; 2008 წლამდე თანხები არაერთხელ უსესხებია ხ-ე/ჯ-ისათვის, რომლებიც ყოველთვის ასრულებდნენ ნაკისრ ვალდებულებებს; 2008 წელს “ს---ისა“ და “ს. თ-ის“ მიერ გაცემული კრედიტები იყო მომგებიანი, რადგან ამ კომპანიებს საკრედიტო ხაზი ჰქონდათ 15%-ში, ხოლო გაასესხეს – 16%-ად და შემდეგ კიდევ 1% დაემატა; “ს---სა“ და “ს. თ-ს“ 16 მილიონი ჰქონდა ა-ში მიწის შესაძენად და სასტუმროს ასაშენებლად, მაგრამ, ვინაიდან მოლაპარაკება ჩაიშალა, კრედიტი კი დარჩა, ამიტომ ამ საკრედიტო ხაზიდან ასესხეს მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს თანხა; ომისა და ფინანსური კრიზისის გამო კომპანიებმა ვერ შეძლეს ბანკისათვის ვალის დაბრუნება, რის გამოც მოხვდნენ გადახდისუუნაროთა სიაში; თანხების დაბრუნება ვერ მოახერხა ვერც მ. ხ-ემ და ვერც ბ. ჯ-ემ; ბანკის წინაშე კომპანიების ვალდებულებებისა და კომპანიების წინაშე ხ-ე-ჯ-ის ვალდებულებების გადასაბარებლად მოიძია ი-ის კომპანია “მ. გ.“, რომელთანაც სამმაგი ხელშეკრულების გაფორმებისა და ვალდებულებების გადაბარების დეტალები მოაგვარა ზ. ბ-მა. ა. წ-ს მონაწილეობა არ მიუღია მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის მიერ ნასესხები თანხების შემდგომ მოძრაობაში; ვინაიდან კომპანია ფიზიკურ პირს თანხას ვერ გადაურიცხავდა უცხოური ვალუტით, სავალდებულო იყო კონვერტაცია ლარად; მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს ლარი გადაერიცხა მოხდა ავტომატურად, ა. წ-ის მონაწილეობის გარეშე.
39. მ. ხ-ის განმარტებით, მან არ იცოდა, რომ მასზე გასესხებული თანხები “ს---სა“ და “ს. თ-ს“ მიღებული ჰქონდათ “თ. ბ-იდან“; ვინაიდან კრედიტი ვერ დააბრუნა, “ს. ჯ-ს“ შეექმნა ფინანსური პრობლემები; მას და ბ. ჯ-ეს ა. წ-ისაგან 2008 წლამდეც უსესხიათ თანხა; ნასესხები თანხის შემდგომ მოძრაობაში ა. წ-ს მონაწილეობა არ მიუღია; სესხი იყო პროცენტიანი; სამმხრივი ხელშეკრულებების პირობებს დასთანხმდა, რათა “ს. ჯ-ს“ ფინანსური პრობლემები შეემსუბუქებინა. ანალოგიური დაადასტურა ბ. ჯ-ემაც. ამ ჩვენებებიდან გამომდინარე, სესხი იყო რეალური, რისი შეფასებაც სასამართლომ არ მოინდომა. კასატორის მოსაზრებით, უდანაშაულობის მტკიცების ტვირთი სასამართლომ დაცვის მხარეს დააკისრა, რაც სისხლის სამართალწარმოებისათვის სრულიად მიუღებელია.
40. ბრალდებულების ქმედებები გაყოფილია ორ ნაწილად: პირველი – პრედიკატული დანაშაული (თაღლითობა, რომელიც ხანდაზმულია) და მეორე – ფულის გათეთრება. მეორე ნაწილში სასამართლომ გამორიცხა ფულის გათეთრების ნიშნები და მიიჩნია, რომ ის პრედიკატული დანაშაულის გაგრძელებაა და არა – ახალი დანაშაული. უდავოა, რომ თაღლითობა დასრულებულია პირის მიერ ქონების ფაქტობრივად დაუფლებისთანავე. სწორედ ამიტომ, პროკურატურამ 2019 წელს მიიღო დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებები და ამ ნაწილში სასამართლომ განაჩენი ვერ გამოიტანა, თუმცა იტვირთა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს ფუნქცია და „ფულის გამოყენებად“ შეფასებული ეპიზოდი დამოუკიდებელ დანაშაულად დააკვალიფიცირა, რითაც გადაამეტა სასამართლოს უფლებამოსილებას. დანაშაულებრივად მიღებული ქონების გამოყენება ვერ მიიჩნევა დამოუკიდებელ დანაშაულად, თაღლითობა კი დამთავრდა თანხის “ს---ისა“ და “ს. თ-ის“ ანგარიშებზე ჩარიცხვით. ფაქტობრივად, სასამართლომ ა. წ-ი გაასამართლა ე.წ. „გადარიცხვების“ ეპიზოდისთვის. სასამართლოს უნდა გამოეკვეთა, თუ როგორ, რა ფორმით დაეხმარა ა. წ-ი მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს თანხების კონვერტაციასა და გადარიცხვებში. ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით (რასაც ვერ გასცდება სასამართლო), ა. წ-ის ქმედება დასრულდა თანხების კომპანიების ანგარიშებზე ჩარიცხვით. შესაბამისად, განაჩენი დაუსაბუთებელია ე.წ. „გადარიცხვების“ ეპიზოდთან მიმართებით, რადგან ა. წ-ი ამას არაფრით უკავშირდებოდა, რაც დასტურდება თავად სასამართლოს მიერ თანხების კონვერტაციისა და შემდგომი გადარიცხვების ფაქტის აღწერით, სადაც არაფერი მითითებულა ა. წ-ის რაიმე ფორმით მონაწილეობაზე, ამიტომ მისი ქმედების დანაშაულში დახმარებად შეფასება დაუსაბუთებელია. საერთოდ გაუგებარია, ა. წ-ი მონაწილეობდა თუ არა თანხის დაკონვერტირებისა და მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის ანგარიშებზე გადარიცხვის პროცესში.
41. სასამართლომ და ბრალდების მხარემ საერთოდ არ შეაფასეს ის გარემოება, რომ იმ დროს მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 19 აგვისტოს №- ბრძანების (რომელიც ამჟამად ძალადაკარგულია) მე-3, მე-4 და მე-9 მუხლებიდან გამომდინარე, არ არებობდა არცერთი ისეთი გარემოება, რომლის პირობებშიც “ს...“ და “ს. თ-ი“ შეძლებდნენ სესხის გაცემასა და გადარიცხვას პირდაპირ უცხოური ვალუტით; საქართველოს ტერიტორიაზე რეზიდენტებს შორის უცხოური ვალუტით ანგარიშსწორება პირდაპირაა აკრძალული. ამდენად, თანხა უცხოური ვალუტიდან ავტომატურად ლარად უნდა დაკონვერტირებულიყო, როგორც მოხდა კიდეც.
42. სესხის გამოყენების მიზნობრიობის შეფასებისას სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 12 ივნისისა და იმავე წლის 2 ოქტომბრის თემატური რევიზიის დასკვნები, რომლებიც შედგენილია მთავარი აუდიტორის – გ. ბ-ის მიერ. 2019 წლის 12 ივნისის დასკვნაში აღწერილია “ს---სა“ და “ს. თ-ის“ ანგარიშებზე 2008 წელს ჯამურად 16 664 000 აშშ დოლარის ბრუნვა და 2012 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 2 აგვისტომდე “მ. გ-ის“ ანგარიშებზე თანხების მოძრაობა, ხოლო 2019 წლის 2 ოქტომბრის დასკვნაში – 2007 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის მიერ “თ. ბ-ის“ კაპიტალში შენატანის, იმავე პერიოდში შეძენილი აქციებისა და თანხების მიღების წყაროების თაობაზე ინფორმაცია. არცერთ დასკვნაში არ არის ნახსენები ა. წ-ი.
43. გ. ბ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ დოკუმენტების შესწავლის შედეგად დარწმუნდა, რომ სესხი გაიცა რეალურად და არა – ფიქციურად; “ს---სა“ და “ს. თ-ს“ ტრანზაქციების შედეგად უნდა მიეღოთ სარგებელი 1%; ამ კომპანიებმა და ხ-ე-ჯ-ემ მანამდეც შეასრულეს მსგავსი ოპერაცია, რის შედეგადაც “ს---მა“ და “ს. თ-მა“ მიიღეს შემოსავალი; სესხის არამიზნობრივი ხარჯვით დაირღვა “თ. ბ-ის“ გენერალური დირექტორის 2007 წლის 30 ნოემბერს დამტკიცებული „საკრედიტო პოლიტიკის დანართი ბიზნესის დაფინანსების ძირითადი პრინციპების შესახებ“, რაც არ არის კანონდარღვევა და არ ითვალისწინების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას; მისი სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში არაერთხელ გამოუვლენია კრედიტის არამიზნობრივი ხარჯვის შემთხვევები, თუმცა მსგავსი ფაქტები არასოდეს შეფასებულა ფულის გათეთრებად; არაფერი იცის ა. წ-ის მიერ ბანკის მოტყუების, თაღლითობის ან ფულის გათეთრების შესახებ.
44. მოცემული საქმის ფარგლებში სასამართლომ უკანონოდ შეითავსა დაზარალებულის გამოვლენისა და დანაშაულებრივად მიღებული თანხების განკარგვის ეტაპის დამოუკიდებელ დანაშაულად შეფასების უფლებამოსილება. დაცვისათვის გაურკვეველია სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბრალდებულების მოქმედებებით ზიანი მიადგა როგორც -- „თ. ბ-ს“, ისე – აქციონერთა იმ ნაწილს, რომელიც დარჩენილ აქციათა დაახლოებით 22%-ს ფლობდა (78%-ს ფლობდნენ მ. ხ-ე და ბ. ჯ-ე), რაც დაუფლებული თანხიდან დაახლოებით 3 600 000 აშშ დოლარზე მეტია. ე.ი. სასამართლომ, ბრალდების ფუნქციასთან ერთად, შეითავსა გამოძიებისა და რევიზიის ფუნქციაც.
45. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ ქმედების გადაკვალიფიცირებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ გაიფართოვა საკუთარი უფლებამოსილება და მიუთითა სსსკ-ის 269-ე მუხლზე, რომლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებით. ქმედების გადაკვალიფიცირებაზე ამ ნორმაში არაფერია ნათქვამი. თავად ქმედების ფულის გათეთრებიდან თაღლითობად გადაკვალიფიცირება ეწინააღმდეგება როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ისე – საქართველოს სასამართლოების პრაქტიკას.
46. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, ბრალდებულს სრულად უნდა ეცნობოს ბრალდების შესახებ, ბრალდების ცვლილების ჩათვლით, რათა სათანადოდ მოემზადოს დაცვისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისათვის მაშინაა წინასწარ განჭვრეტადი, როდესაც ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია. ამ დებულებების საფუძველზე საქართველოს სასამართლოებმა დაადგინეს, რომ „აღნიშნული პრინციპი ირღვევა მაშინ, როდესაც ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა ხდება სხვადასხვა სისხლისსამართლებრივი უმართლობის ფარგლებში“ (მაგ.: 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი №1/1041-19 საქმეზე, 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენი №1/4499-18 საქმეზე, 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენი №1/1418-18 საქმეზე). სწორედ მითითებულ გადაწყვეტილებებში შეფასებულ დარღვევას უკავშირდება საკითხი, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დაცვის ობიექტია სამეწარმეო და სხვა ეკონომიკური საქმიანობა, ხოლო 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისა – საკუთრება.
47. ა. წ-ის, მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის ქმედებებს ზიანი არ მიუყენებიათ სამეწარმეო ურთიერთობებისათვის. თაღლითობა ვერ იქნება მიჩნეული ე.წ. „ფულის გათეთრების“ ეპიზოდის ორგანულ შემადგენელ ელემენტად. შესაბამისად, ქმედების გადაკვალიფიცირება ეწინააღმდეგება სასამართლო პრაქტიკას. ის მნიშვნელოვნად არღვევს ბრალდებულის დაცვის უფლებას, ვინაიდან დევნა არ განხორციელდა და სასამართლო განხილვა არ მიმდინარეობდა თაღლითობის ბრალდებასთან დაკავშირებით. ამ ეპიზოდში ბრალდება არ იყო „უცვლელი“ და „განჭვრეტადი“, ხოლო დაცვის მხარის არგუმენტები სრულად იყო ფოკუსირებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებაზე და მას არ მიეცა შესაძლებლობა, სათანადოდ დაეცვა თაღლითობის ბრალდებასთან მიმართებით, ვინაიდან ამ ნაწილში ბრალდების სახელწიფო ორგანომ მიიღო დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. „ფულის გათეთრების“ ეპიზოდში მტკიცების საგანი არ ყოფილა თაღლითობის ელემენტების არსებობა ან ა. წ-ის, მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის მიერ მისი შესაძლო ჩადენის ფაქტი. ბრალდებულებმა დაამტკიცეს თავიანთი უდანაშაულობა ფულის გათეთრებაში, მაგრამ დამნაშავეებად გამოცხადდნენ თაღლითობაში, რომელზეც პროკურატურამ განუცხადა, რომ დევნას აღარ დაიწყებდა. შედეგად დევნა უკანონოდ დაიწყო სასამართლომ.
48. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. აღნიშნული მუხლის მოთხოვნები სასამართლოს მიერ იგნორირებულ იქნა და ქმედება გადაკვალიფიცირდა არა კონკრეტულ სამართლებრივ ნორმაზე მითითებით, არამედ – სასამართლოს დასკვნის საფუძველზე, რომლის მიხედვით, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მას „არ ეკრძალება“.
49. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა. წ-სა და ადვოკატ კ. წ-ს მიაჩნიათ, რომ ა. წ-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რის გამოც ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის განაჩენის გაუქმებას და ა. წ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
50. მსჯავრდებულების – მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. კ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
51. პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი არ დაამყარა: მოწმეების: თ. ნ-ის, გ. შ-ის, თ. ლ-ის, ა. ჩ-ის, ლ. ზ-ას, კ. ჭ-ის, ლ. ა-ის, გ. კ-ის, პ. ჩ-ის, თ. მ-ის, გ. გ-ეს, გ. ლ-ას, პ. ღ-სა და გ. ა-ის ჩვენებებზე, ვინაიდან ეს ჩვენებები არ შეიცავს ინფორმაციას ბრალდებულების მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების დადასტურების თვალსაზრისით; საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს 2008 წლის ნოემბრის - „თ. ბ-ის“ საკრედიტო პორტფელის შემოწმების აქტსა და ამ შემოწმებაში მონაწილე პირების – ნ. წ-ას, გ. გ-ის, მ. წი-ის, ზ. ბიწკინაშვილის, თ. ს-ისა და ლ. ჩ-ას ჩვენებებზე, რადგან აღნიშნული მტკიცებულებები ბრალად წარდგენილ ქმედებებთან მიმართებით არაინფორმაციულია და ქმედებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით – შეუსაბამო; მოწმეების – თ. ხ-ის, ი. ცანავას, ლ. ც-ას, გ. მ-ის, ბ. ქ-ისა და თ. გ-ის ჩვენებებზე, რადგან მათ დაადასტურეს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და სინამდვილე; ვ. ბ-ის ჩვენებაზე, ვინაიდან იგი არაარსებითი მტკიცებულებაა; ა. ო. შ-ის, ო. ლ. შ-ის, დ. პ-ის, ლ. ჯ. მ. რ-ის, ვ. წ-ისა და გ. ქ-ის ჩვენებებზე იმ მოტივით, რომ ამ მოწმეთა მოსაზრებები ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის ჩაუდენლობის თაობაზე ვერ შეცვლის მ. ხ-ის, ბ. ჯ-ისა და ა. წ-ის საქმეზე არსებულ ფაქტობრივ მოცემულობას; მოწმეების – დ. ჭ-ას, ნ. თ-ას, ი. ფ-ას, ხ. ლ-ისა და ზ. ბ-ის ჩვენებებზე, რომლებმაც დაადასტურეს სესხის აღების, გადასესხების ფაქტები და სამმხრივი ხელშეკრულებების ნამდვილობა; 2008 წლის 21 აპრილის საბანკო კრედიტის №- ხელშეკრულებაზე, 2008 წლის 7 მაისის საბანკო კრედიტის №- და №- ხელშეკრულებებზე, ამ ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებულ გადარიცხვებზე, სესხის ხელშეკრულებებზე “თ. -დან“ “ს---სა“ და “ს. თ-ზე“, “ს---ს“, “ს. თ-სა“ და მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს შორის და მათ საფუძველზე “ს---დან“ და “ს. თ-იდან“ მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის ანგარიშებზე გადარიცხვებზე, ხელშეკრულებებზე მ. ხ-ეს, ბ. ჯ-ესა და ა. ო. შ-ის, ო. ლ. შ-ის, დ. პ-ის, ლ. ჯ. მ. რ-ის, ბ. მ-სა და მათ კუთვნილ კომპანიებს შორის და ამ ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებულ გადარიცხვებზე, ვინაიდან ამ მტკიცებულებებს სადავოდ არც დაცვის მხარე არ ხდიდა; “თ. ბ-ს“, “მ. გ-სა“ და “ს. თ-ს“ შორის, “თ. ბ-ს“, “მ. გ-სა“ და “ს---ს“ შორის 2012 წლის 9 აგვისტოს ვალის დაკისრების თაობაზე სამმხრივ ხელშეკრულებებზე, “მ. გ-სა“ და “ს. თ-ს“ შორის მოთხოვნის დათმობის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებებსა და “მ. გ-სა“ და “ს---ს“ შორის მოთხოვნის დათმობის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებებზე, როგორც უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებზე; მ. ხ-ის, ბ. ჯ-ისა და ა. წ-ის ჩვენებებზე, ვინაიდან მათი შეფასებისას სასამართლო მიუთითებდა არა ბანკის მოტყუებაზე, არამედ – ვითომდა დომინანტობის გამოყენებაზე.
52. მტკიცებულებათა ერთადერთი ჯგუფი, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლო უთითებდა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად და რაც სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა, არის საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 19 ნოემბრის №- შემოწმების აქტი და მასზე ხელმომწერი პირების – ა. გ-ას, ნ. ქ-ის, თ. ა-ისა და დ. ტ-ის ჩვენებები, რომელთა შეფასების შემდეგ სასამართლომ დაასკვნა, რომ “თ. ბ-ის“ მოტყუება არის: “თ. ბ-ის“ მიერ ადმინისტრატორებთან “ს---ისა“ და “ს. თ-ის“ დაახლოებულ საწარმოებად არცნობა; ბანკის მიერ სესხების 110%-ით იპოთეკით არუზრუნველყოფა; ბანკის მიერ უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების ჩამოწერილი სესხების დასაფარად მიუმართაობა; “თ. ბ-ის“ მიერ “ს---ისა“ და “ს. თ-ისათვის“ სესხების ჩამოწერა 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის დაფარვის ვადის გადაცილებამდე; “თ. ბ-ის“ მიერ “ს---ისა“ და “ს. თ-ის“ დაკრედიტება და ძალიან ახლო პერიოდში სესხების კვლავ დამტკიცება/გაცემა მათზე, კერძოდ, 2008 წლის 4 დეკემბერს შპს “ს. თ-ზე“ კვლავ გაიცა სესხი – 1 000 000 აშშ დოლარი, რაც დაიფარა 2009 წლის 14 მაისს. ამდენად, სასამართლოს ლოგიკით, თაღლითობა არის თვით “თ. ბ-ის“ მიერ გარკვეული ქმედებები ან უმოქმედობა.
53. 2007 წლიდან ეროვნულმა ბანკმა “თ. ბ-ს“ მოსთხოვა კაპიტალის გაზრდა, ვინაიდან ბანკი, სწრაფად ზრდის გამო, არღვევდა კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტს, ასევე – ამ მოთხოვნის შესრულებამდე (რაც საჭიროებდა ჯამურად 100 მილიონი დოლარის მოზიდვას) სესხების გაცემის შეჩერება. მ. ხ-ემ და ბ. ჯ-ემ, რომლებიც იმ დროისათვის ფლობდნენ 80%-მდე აქციებს, დაიწყეს მათ მიერ შესავსები 80 მილიონი დოლარის მოძიება. ამ პროცესის პარალელურად 2007 წელს მათ დაიწყეს მოლაპარაკება გაერთიანებული ირლანდიის ბანთან -, რომელიც გაგრძელდა 2008 წლის აპრილამდე და დასრულდა შეთანხმებით ძირითად პირობებზე. ეს შეთანხმება, გარდა ი-ი ბანკის მიერ “თ. ბ-ის“ კაპიტალში განსახორციელებელი ინვესტიციისა, ითვალისწინებდა მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის სასარგებლოდ 80 მილიონი დოლარის სესხის გაცემას მათ მიერ კაპიტალის შესავსებად აღებული ვალდებულებების 80 მილიონის გასასტუმრებლად.
54. კაპიტალში შეტანილი 80 მილიონამდე აშშ დოლარი მ. ხ-ემ და ბ. ჯ-ემ ისესხეს: 60 მილიონი დოლარი – J.. ჯ. ..ი მ-სგან, 3 მილიონი – ფრანგი ინვესტორის – ჟ. ფ-ისგან, 16 მილიონი – ჰოლანდიელი/ბრიტანელი ინვესტორებისაგან (როგორც ფიზიკური პირებისაგან, ისე – კომპანიებისაგან), 1 მილიონი – ო. ლ. შ-საგან, 2 მილიონი – ლ. ჯ. მ. რ-აგან, 6 მილიონი – ბ. მ-გან, 6,1 მილიონი – დ. პ-გან.
55. 2008 წლის აპრილ-მაისში უცხოელი კრედიტორების ვალდებულებების დასაფარად მ. ხ-ემ და ბ. ჯ-ემ აიღეს მოკლევადიანი სესხები ა. წ-ის კუთვნილი კომპანიებიდან: “ს---იდან“ – 9 100 000 აშშ დოლარი (2008 წლის 21 აპრილს), “ს. თ-იდან“ – 7 564 000 აშშ დოლარი (2008 წლის 7 მაისს). თავის მხრივ, “ს---მა“ და “ს. თ-მა“ ეს სესხები მიიღო “თ. ბ-იდან“. მოკლევადიანი სესხები მ. ხ-ემ და ბ. ჯ-ემ სთხოვეს ა. წ-ს, რომელსაც ასევე გააცნეს დაფარვის წყარო – ი. ბანკთან ხელმოწერილი შეთანხმება სწორედ იმის გამო, რომ ძირითადი ხელშეკრულება ი. ბანკთან უნდა გაფორმებულიყო 2008 წლის სექტემბერში და დახურულიყო ტრანზაქცია, სესხი გაფორმდა 6 თვის ვადით. ა. წ-ის კომპანიებისაგან ნასესხები თანხებით მ. ხ-ემ და ბ. ჯ-ემ დაფარეს უცხოელი ინვესტორების ვალდებულებები.
56. 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიისა და საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოში წარმოიშვა ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც შეეხო როგორც “თ. ბ-ს“, ისე – “ს---სა“ და “ს. თ-ს“. ერთი მხრივ, კომპანიები ვერ ემსახურებოდნენ ბანკის წინაშე არსებულ ვალდებულებებს, მეორე მხრივ კი, ბანკს წარმოეშვა დაახლოებით 200 მილიონის პრობლემური პორტფელი. ბანკში შეიქმნა პრობლემური სესხებისა და მსხვილი მსესხებლების სარეაბილიტაციო განყოფილება.
57. 2008 წლის სექტემბრიდან დაიწყო გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რასაც მოჰყვა მსოფლიოს წამყვანი ბანკების, მათ შორის – გაერთიანებული ირლანდიის ბანკის გაკოტრება, რამაც ჩაშალა შეთანხმება “თ. ბ-ში“ მისი შემოსვლის შესახებ.
58. 2008 წლის ბოლოსთვის ბანკისთვის უკვე ცნობილია, რომ “ს---მა“ და “ს. თ-მა“ “თ. ბ-ისგან“ მიღებული სესხები ასესხა ბ. ჯ-ესა და მ. ხ-ეს. 2009 წლის მარტიდან მსხვილი საკრედიტო პორტფელის გაფუჭებისა და გარე საბალანსო ანგარიშზე გატანის შემდეგ, “თ. ბ-ში“ აქციონერებად შემოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი --, ჰოლანდიის განვითარების ბანკი --, გერმანიის განვითარების ბანკი --, -- საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (მსოფლიო ბანკი). აღნიშნული ინვესტორების შემოსვლის შედეგად მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს შეუმცირდათ “თ. ბ-ში“ წილი 30%-მდე იმ მიზეზით, რომ პრობლემური სესხები არ იქნა გათვალისწინებული და გარიგების ფასში გამოიქვითა.
59. 2012 წელს ზ. ბ-ის იდეის საფუძველზე და ა. წ-ის ინიციატივით მოიძებნა რამდენიმე კომპანია, რომლებიც მუშაობდნენ და დაინტერესებული იყვნენ სესხებისა და მოთხოვნების შეძენით. კომპანიები, ერთი მხრივ, ყიდულობდნენ მოთხოვნას ბ. ჯ-ისა და მ. ხ-ის მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, კისრულობდნენ ვალდებულებას “თ. ბ-ის“ წინაშე, შეესრულებინათ “ს---ისა“ და “ს. თ-ის“ ვალდებულებები. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები დასრულდა ბანკს, “ს---სა“ და “ს. თ-სა“ და “მ. ჯ-ს“ შორის სამმხრივი შეთანხმებით. შესაბამისად, გაცოცხლდა ხანდაზმულობის ვადა, რომელიც “ს---ის“ კომპანიებს გასული ჰქონდა “თ. ბ-ის“ წინაშე.
60. კასატორის აზრით, აღსანიშნავია ისიც, რომ 2008 წლის შემდეგ “თ. ბ-ი“ შემოწმებულია და ეს ტრანზაქციები მოხვედრილია: 2009 წელსა და შემდგომ წლებში ეროვნული ბანკის შემოწმებებში; 2014 წელს ლონდონის ბირჟაზე “თ. ბ-ის“ აქციების განთავსებასთან დაკავშირებით გავლილ შემოწმებაში; 2019 წელს მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის “თ. ჯ---ის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ და მოადგილედ ხელახლა არჩევასთან დაკავშირებით აქციონერთა დაკვეთით ჩატარებულ შემოწმებაში.
61. ამდენად, ცხადია, რომ სასამართლოებს არავითარი საფუძველი არ ჰქონდათ მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის მიმართ თაღლითობის ფაქტზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. გარდა გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი ერთობლიობის არქონისა, სასამართლოებმა უგულებელყვეს საპროცესო ნორმები და სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფუძემდებლური პრინციპები. მეტიც, სააპელაციო სასამართლო შეეცადა, საკუთარი არგუმენტაციით გაემყარებინა და შეელამაზებინათ პირველი ინსტანციის სასამართლოს უკანონო ქმედება, კერძოდ: მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს ბრალდება ედავებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ჯგუფურად, ხოლო პრედიკანტულ დანაშაულზე – თაღლითობაზე გამოიტანა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება. პროკურატურამ არ დაიწყო დევნა თაღლითობის მუხლით, თუმცა სასამართლომ საკუთარ თავზე აიღო ეს უფლებამოსილება, გასცდა წარდგენილი ბრალდების ფარგლებს და თაღლითობაში დამნაშავეებად ცნო მ. ხ-ე და ბ. ჯ-ე, ანუ სასამართლომ თავად იკისრა ბრალმდებლის როლი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფუნქციის განმახორციელებელმა ორგანომ უარი თქვა თაღლითობის მუხლით დევნის დაწყებაზე. აღნიშნულის გამო საქმეზე ვინმეს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გამოტანილი არ იყო, მეტიც, პროკურატურამ პოტენციური დაზარალებულის – “თ. ბ-ის“ გენერალური დირექტორი ვ. ბ-ე ამოიღო მოწმეთა სიიდან და მხოლოდ დაცვის მხარის ინიციატივით იქნა გამოკვლეული მისი დეტალური ჩვენება, რომლითაც დადასტურდა მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის სიმართლე. სასამართლომ ვ. ბ-ის ჩვენება არ მიიჩნია ბრალდებულების მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებთან მიმართებით არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად.
62. პირველი ინსტანციის სასამართლო მიხვდა, რომ დაზარალებულის გარეშე თაღლითობის ბრალდებით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და შემოთავაზებული პასაჟით, რომელიც ფუნდამენტალურად ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პრინციპებს, სისხლის სამართლის პროცესში შემოიტანა პრინციპი – „რაც კანონით აკრძალული არ არის, დაშვებულია“. კერძოდ, სასამართლომ თქვა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება დაზარალებულად ცნობის დადგენილება; პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება, რის შემდეგაც დაზარალებულს ენიჭება საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები; სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის უფლებისა, რაიმე ფორმით სასამართლოს შეზღუდვა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად განსაზღვროს იმ პირთა/იურიდიულ პირთა წრე, რომელთაც დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი, არ არსებობს. ამ მსჯელობას დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოც.
63. ანუ სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, ასეთი პროცესუალური უფლება არ გააჩნია, მაგრამ, რადგან რაიმე არ კრძალავს, შეუძლია ამ უფლების შექმნა და გამოყენება. სასამართლომ ხანდაზმულად დადგენილ დანაშაულში, რომლის გამოძიებასა და დევნაზე პროკურატურამ უარი თქვა, საკუთარი ინიციატივით დაადგინა დაზარალებულიც და დამნაშავეებიც, რაც სისხლისსამართლებრივი თვალსაზრისით წარმოუდგენელია და უხეშად არღვევს სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.
64. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, თვითონ დაედგინა დაზარალებული, რისი პროცესუალური უფლებაც მას არ გააჩნია და დაზარალებულად „დანიშნა“ “თ. ბ-ი“, რომლის გენერალური დირექტორის – ვ. ბ-ის ჩვენების გონივრულად წაკითხვაც საკმარისია იმის გასარკვევად, რომ “თ. ბ-ი“ თავს დაზარალებულად არ მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, სასამართლოები გაკვრით ახსენებენ ვ. ბ-ის ჩვენებას, როგორც საქმისათვის უმნიშვნელოს.
65. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმის თაობაზე, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლს არაერთხელ შეეხო ამნისტია, ვინაიდან განაჩენის გამოტანის მომენტისათვის გასული იყო ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა. ბოლო ამნისტიის კანონით სსკ-ის 180-ე მუხლზე ამნისტია ვრცელდება მხოლოდ დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში, რომელიც ამ საქმეში არ გვყავს.
66. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით მინიჭებული უფლება ქმედების გადაკვალიფიცირებისთან მიმართებით. სსსკ-ის 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენში უნდა მიეთითოს – „თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძველი და მოტივები“. ქმედების არასწორად დაკვალიფიცირების შემთხვევაში სასამართლოს აქვს უფლება, შეცვალოს კვალიფიკაცია მხოლოდ ბრალდებულის სასარგებლოდ.
67. ბრალდება მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს ედავებოდა ფულის გათეთრებას, რომელიც დაიწყო პრედიკატული დანაშაულის – თაღლითობის დამთავრების შემდეგ. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გამოტანის გამო ბრალდება მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს არ/ვერ ედავება თაღლითობას, მეტიც, ამბობს, რომ თაღლითობა დამთავრდა ა. წ-ის კომპანიებისათვის თანხის ჩარიცხვისთანავე და ამ მომენტიდან ფულის კონვერტაციით დაიწყო ფულის გათეთრება. შესაბამისად, სასამართლოს არ გააჩნდა არავითარი პროცესუალური უფლება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციით დაკვალიფიცირებული ქმედებები გადაეკვალიფიცირებინა ფულის გათეთრების დაწყებამდე უკვე დამთავრებულ თაღლითობაზე. სასამართლოს ეს ქმედება ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მისთვის მინიჭებულ უფლებას, არამედ – „ბრალდების უცვლელობის პრინციპს“.
68. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ დანაშაულის კვალიფიკაციის არასწორი შეცვლით ბრალდებულებისათვის თაღლითობისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამის მუხლებს. აშკარაა ისიც, რომ ბ. ჯ-ესა და მ. ხ-ეს არ წარდგენიათ ბრალი დანაშაულის შეცვლილი კვალიფიკაციით და მათ არ მისცემიათ საკმარისი დრო და საშუალება დაცვის მომზადებისათვის იმ მიზეზით, რომ დანაშაულის კვალიფიკაცია შეიცვალა მოსამართლის მიერ სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ.
69. გასაჩივრებულ განაჩენში „ბრალდების უცვლელობის პრინციპის“ დაცვაზე საუბარი წარმოუდგენელია, რადგან ბრალდებულებმა მთელი სასამართლო განხილვისას იციან, რომ თაღლითობის ბრალდებით ჯერ კიდევ გამოძიებაში გამოტანილია სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე დადგენილება ხანდაზმულობის გამო. სამწლიანი განხილვის დროს ისინი თავს იცავდნენ მხოლოდ ერთი ბრალდებისაგან – ფულის გათეთრებისაგან. საქმეში არ არის დაზარალებული, რომლის ყოფნა-არყოფნა ფუნდამენტალურად განასხვავებს ფულის გათეთრებასა და თაღლითობას, რადგან პირველ შემთხვევაში არ არის აუცილებელი კონკრეტული დაზარალებული, რადგან დანაშაული მიმართულია ფულად-საკრედიტო სისტემის წინააღმდეგ, ხოლო მეორე შემთხვევაში – აუცილებელია დაზარალებული, რომლის მოტყუებასაც ითვალისწინებს თაღლითობის შემადგენლობა.
70. მიუხედავად ამ არგუმენტებისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ისინი და განაჩენის 68-ე-69-ე გვერდებზე მიუთითა, რომ არ გამოვლენილა დაცვის მხარის ნება, შეწყვეტილიყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რომ დაცვის მხარე მხოლოდ გამამართლებელ განაჩენს მოითხოვდა. დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს მოითხოვდა ფულის გათეთრების ბრალდებასთან დაკავშირებით, რადგან სხვა ბრალდება არც ყოფილა და მასზე არც ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდებოდა; რაც შეეხება თაღლითობას, დაცვა როგორ მოითხოვდა დევნის შეწყვეტას, როცა თვით ბრალდებას ჰქონდა გამოტანილი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება.
71. დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის 52-66 გვერდებზე, სადაც საუბარია, რომ თაღლითობა არის განზრახი დანაშაული და მისი ჩადენის ხერხია მოტყუება. სასამართლო ასკვნის, რომ მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს ა. წ-ი დასჭირდათ იმიტომ, რომ მათ, როგორც ბანკის ადმინისტრატორებს, აკრძალული ჰქონდათ სესხის აღება. აკრალვა არ ნიშნავს, რომ ისინი სესხს ვერ აიღებდნენ. უბრალოდ, მაშინდელი რეგულაციებით, ამისათვის იყო ჯარიმა – 50 000 ლარი. ეს ადმინისტრაციული დარღვევაა და “თ. ბ-მა“ გადაიხადა ეროვნული ბანკის მიერ ამ ტრანზაქციების გამო 11 წლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმა. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ კიდევ რაღაც სჭირდება ქმედებებს, რათა გასცდეს ადმინისტრაციული დარღვევის ფარგლებს და იქცეს ისეთ სისხლისსამართლებრივ დანაშაულად, როგორიც თაღლითობაა.
72. სასამართლოს მსჯელობით, ასეთი ნიშანია მოტყუების წინასწარი განზრახვა, მ. ხ-ემ და ბ. ჯ-ემ იმიტომ კი ვერ დააბრუნეს სესხი, რომ ომი და მსოფლიო ფინანსური კრიზისი დაიწყო, არამედ ისინი თავიდანვე არ აპირებდნენ ამას. სწორედ ეს განზრახვაა თაღლითობის მაკვალიფიცირებელი მთავარი ნიშანი. დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა დამფუძნებელი აქციონერების შეთანხმება ირლანდიურ ბანკთან, სადაც წერია, რომ, გარდა “თ. ბ-ში“ განსახორციელებელი ინვესტიციისა, ირლანდიური ბანკი დამფუძნებელ აქციონერებზე – მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეზე გასცემდა პირად სესხს – 80 მილიონ დოლარს, მათივე წილის უზრუნველყოფით. სასამართლოზე განიმარტა, რომ მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს ჰქონდათ არა მარტო ა. წ-ის კომპანიების, არამედ – სხვა პირებისა და საბანკო დაწესებულებების ვალი, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა ბანკის გადარჩენა და რომელიც უნდა დაფარულიყო ირლანდიური ბანკისაგან მიღებული პირადი სესხით. გაუგებარია, რატომ შეწყვიტა სასამართლომ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულების გაცნობა შუაში და რატომ არ ნახა ის ნაწილი, რომელიც აღარ ხდის დაცვის მხარის მტკიცებას ალოგიკურს, პირიქით, გამორიცხავს მოტყუების განზრახვის არსებობას, რადგან მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს ა. წ-ის კომპანიებისაგან ვალის აღებისას უკვე ჰქონდათ ამ ვალდებულებების დაფარვის წყარო.
73. მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის მიერ ბანკის მოტყუების წინასწარი განზრახვის არსებობის დასადასტურებლად სასამართლოს მოჰყავს ის გარემოება, რომ ვითომ ბანკმა არ მოითხოვა სესხის გადახდა, არ გაყიდა მსესხებლის ქონება და ჩამოაწერა მას სესხი. ამასთანავე, მტკიცებით ფორმაში დადგენილად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ე და ბ. ჯ-ე ბანკში არავის არაფერს არ ავალებდნენ აღნიშნულ სესხებთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ მოყვანილი მტკიცებულების ბოლომდე გაცნობა გამორიცხავს სასამართლოს მსჯელობას სესხების დაფარვის წყაროს არარსებობაზე; ასევე – “თ. ბ-ის“ მოტყუების განზრახვას ადასტურებს თვით “თ. ბ-ის“ მიერ გარკვეული ქმედებები ან უმოქმედობა, რომელთაც, სასამართლოსვე მტკიცებით, მ. ხ-ე და ბ. ჯ-ე არაფრით უკავშირდებიან. ამდენად, ზემოთ მითითებული გარემოებები გამორიცხავს ბანკის მოტყუების, ანუ სესხის დაუბრუნებლობის წინასწარი განზრახვის ფაქტს, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის მიერ თაღლითობის ჩადენას.
74. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატ ზ. კ-ეს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის, სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისად, ის უკანონო და დაუსაბუთებელია, ამიტომ უნდა გაუქმდეს და მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
75. ადვოკატი კ. წ-ი შესაგებელში აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე საკასაციო საჩივარში შემოიფარგლა მხოლოდ თეორიული მსჯელობით, რომ შესაძლებელია ფულის გათეთრება მარტივი სქემებით და პოზიციის გასამყარებლად მოჰყავს თეორიული მაგალითები, რომლებიც არ შეესაბამება საქმის გარემოებებს. ბრალდება საკასაციო საჩივარში მტკიცებულებებს სრულად არ აანალიზებს, რომ სასამართლო დაარწმუნოს ფულის გათეთრების შემადგენლობის არსებობაში და ეს გასაგებიცაა, ვინაიდან ამგვარი მტკიცებულებები არ არსებობს. ამის საწინააღმდეგოდ დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა გამოკვლეულ მტკიცებულებათა სრული ანალიზი, რომელიც აბათილებს ბრალდების არგუმენტებს და გამორიცხავს ა. წ-ის, მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის ქმედებებში რაიმე დანაშაულის არსებობას. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი სასამართლოს დაეხმარება ობიექტური გადაწყვეტილების მიღებაში – ა. წ-ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანაში.
76. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
77. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის არცერთი წინაპირობა და ყველა საკითხი, რაც სათანადოდ შეისწავლა სააპელაციო სასამართლომ, არ საჭიროებს გამეორებას. საჩივრების ძირითადი აქცენტებიდან გამომდინარე კი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ ძირითად ასპექტებზე.
78. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
79. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მხარეთა მითითებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულების – მ. ხ-ის, ბ. ჯ-ისა და ა. წ-ის ქმედებები არასწორად დააკვალიფიცირა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც დაადგინა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდა მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ა. წ-ის მიერ – სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
80. საკასაციო პალატა აღნიშნავს: საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 4 მაისის №- ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს, როგორც ბანკის ადმინისტრატორებს, არ ჰქონდათ უფლება, ბანკიდან სესხად აეღოთ მათთვის საჭირო თანხა – 16 664 000 აშშ დოლარი, რადგან ბანკს ეკრძალებოდა სესხის ან სხვა ვალდებულებების მიცემა ბანკის ადმინისტრატორებისათვის, მონათესავე საწარმოს ან მათთან დაკავშირებული პირებისათვის, თუ მათთვის მიცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს აღემატებოდა. 16 664 000 აშშ დოლარი კი საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს მნიშვნელოვნად აჭარბებდა, ამიტომ მ. ხ-ემ და ბ. ჯ-ემ დახმარებისათვის მიმართეს ა. წ-ს. სწორედ მათი მოთხოვნის შემდეგ აიღეს ა. წ-ის კომპანიებმა – შპს “ს---მა“ და შპს “ს. თ-მა“ “თ. -დან“ იმ ოდენობის სესხები, რამდენი თანხაც ესაჭიროებოდათ მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს. ამ კომპანიებისათვის ჩარიცხული თანხები ზუსტად იმავე დღეს ირიცხებოდა მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის ანგარიშებზე, რომლებიც ანალოგიურად იმავე ან მომდევნო დღეს რიცხავდნენ ფულს სხვადასხვა ანგარიშზე პირადი ვალდებულებების გასასტუმრებლად. აღნიშნული გარემოებები ნათლად მოწმობს, რომ ა. წ-ის კომპანიების მიერ სს “თ. ბ-თან“ და ამ კომპანიებთან მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის მიერ დადებული სესხის ხელშეკრულებები იყო ფიქციური. შემდგომშიც, სწორედ ერთსა და იმავე პერიოდში იცვლებოდა ხელშეკრულებების შინაარსი და, როგორც შპს “ს---სა“ და შპს “ს. თ-ს“ გადაუვადდათ ბანკიდან კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა, ანალოგიურად, იმავე პერიოდით, მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ესაც გადაუვადდათ შპს “ს---დან“ და შპს “ს. თ-იდან“ აღებული სესხების დაფარვის ვადები.
81. საყურადღებოა, რომ ვალდებულებები არცერთმა მხარემ არ შეასრულა – ვერც – შპს “ს---მა“ და შპს “ს. თ-მა“ დაიბრუნეს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები და, შესაბამისად, ვერც მათ დაფარეს -- „თ. ბ-დან“ აღებული სესხები. ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად მიუთითებს, რომ ა. წ-ის კომპანიებმა საბრუნავი თანხის გაზრდის მიზნით ნასესხები ფული კი არ ასესხეს მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს, არამედ ერთადერთი მიზანი იყო მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ისათვის გადაცემა. ამდენად, შპს “ს---მა“ და შპს “ს. თ-მა“ სესხი აიღეს -- „თ. ბ-დან“ ბანკის მოტყუების – შეცდომაში შეყვანის გზით, მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ისათვის გადასესხების მიზნით, რასაც ადასტურებენ მოწმეები: დ. ჭ-ა და ნ. თ-ა.
82. დადასტურებულია მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის ქმედებებში წინასწარი განზრახვის არსებობაც, რომ ისინი არ დააბრუნებდნენ შპს “ს---ისა“ და შპს “ს. თ-ისაგან“ სესხად აღებულ ფულს და, თავის მხრივ, აღნიშნული კომპანიებიც არ შეასრულებდნენ ბანკის წინაშე არსებულ ვალდებულებებს, რითაც მ. ხ-ე და ბ. ჯ-ე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლებოდნენ - „თ. ბ-ის“ კუთვნილ ქონებას და განკარგავდნენ საკუთარი სურვილისამებრ, კერძოდ: მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს არ დაუწყიათ შპს “ს---ისა“ და შპს “ს. თ-ისაგან“ აღებული სესხების გადახდა და აღნიშნული ვალდებულება დღემდე აქვთ უკვე ჩანაცვლებული კომპანიის – “მ. გ-ის“ წინაშე, რაც მოწმობს, რომ ამ კომპანიების მიერ გაცემული სესხები არ იყო ორიენტირებული მოგების მიღებაზე. შპს “ს---ისა“ და შპს “ს. თ-ის“ თანადამფუძნებლები და ხელმძღვანელი პირები ადასტურებენ, რომ მათ მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ისათვის არასდროს მოუთხოვიათ სესხის დაბრუნება. რაც შეეხება შეთანხმებას ი. ბანკთან - „თ. ბ-ის“ კაპიტალში 80 000 000 აშშ დოლარის ინვესტიის განხორციელებასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი ინვესტიციის განხორციელებით გაიზრდებოდა - „თ. ბ-ის“ კაპიტალი და ფიზიკურ პირებს – ბ. ჯ-ესა და მ. ხ-ეს თანხა არ გადაეცემოდათ პირადი ვალდებულებების შესასრულებლად. ამდენად, ცხადია, რომ ზემოთ მითითებული ყველა ნაბიჯი წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის ნაწილია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ბ. ჯ-ე და მ. ხ-ე, ხოლო ა. წ-ი ეხმარებოდა მათ და, სესხების თანხის მოთხოვნის ნაცვლად, ყველანაირად ცდილობდა, სხვა გზებით გადაერჩინა თავისი კომპანიები, შეენარჩუნებინა რეპუტაცია, ქონება და ფინანსური მდგომარეობა.
83. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შემდეგ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში შეაფასა საქმეში არსებული მასალები და დაასკვნა, რომ ა. წ-ის დახმარებით მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის მიერ “თ. -დან“ თანხების მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება არ დასრულებულა ამ თანხების შპს “ს---ისა“ და შპს “ს. თ-ის“ ანგარიშებზე ჩარიცხვით და შემდგომი ქმედებები არის მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი თაღლითობის გაგრძელება. მ. ხ-ესა და ბ. ჯ-ეს თანხების სურვილისამებრ განკარგვის შესაძლებლობა მიეცათ მხოლოდ შპს “ს---იდან“ და შპს “ს. თ-იდან“ თავიანთ პირად ანგარიშებზე ჩარიცხვის შემდეგ. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან შეიძლება თაღლითობის დასრულებულ ქმედებად მიჩნევა და სასამართლო არ სცდება წარდგენილი ბრალდების ფარგლებს.
84. ამდენად, მ. ხ-ის, ბ. ჯ-ისა და ა. წ-ის ბრალეულობა დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: მოწმეების – ნ. თ-ას, დ. ჭ-ას, ხ. ლ-ის, ზ. ბ-ის, თ. ლ-ის, მ. გ-ასა და სხვათა ჩვენებებიდან, 2008 წლის 21 აპრილის საბანკო კრედიტის №-, 2008 წლის 7 მაისის საბანკო კრედიტის №- და №- ხელშეკრულებებიდან, 2008 წლის 7 მაისის სესხის ხელშეკრულებებიდან, 2008 წლის 7 ნოემბრის ხელშეკრულებებიდან, 2012 წლის 9 აგვისტოს ვალის გადაკისრების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულებიდან, ამოღების ოქმებიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის №- აქტიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული წერილებიდან, -- „თ. ბ-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციიდან და საქმეში არსებული სხვა მასალებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
85. საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობითა და მათი ანალიზის შემდეგ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის ქმედებები საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან სწორად გადააკვალიფიცირეს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე, ხოლო ა. წ-ის ქმედება სსკ-ის 25,194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან – სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნულით არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, მათ შორის – არც მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა (ყველა ბრალდებულს უფლება აქვს, მისთვის გასაგებ ენაზე იყოს სწრაფად და დეტალურად ინფორმირებული მის წინააღმდეგ ბრალდების ხასიათსა და მიზეზის შესახებ) და იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (ყოველ ბრალდებულს უნდა მიეცეს ადეკვატური დრო და საშუალება, რათა მოემზადოს დაცვისათვის) კუთხით, რადგან მხარეებს ჰქონდათ განაჩენის გასაჩივრების კიდევ ორი ეტაპი მისი კანონიერების შემოწმების მიზნით. ევროპული სასამართლო კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გარანტირებულ უფლებებს ერთმანეთს უკავშირებს და აცხადებს, რომ ისინი ბრალდებულის მიერ დაცვის მომზადების უფლების ჭრილში უნდა იქნეს განხილული. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრების ეტაპზე სრულად განიხილა საქმე, რითაც გამოსწორდა ხარვეზები და ბრალდებულს მიეცა შესაძლებლობა, მოემზადებინა დაცვა ახალი ბრალდების ირგვლივ, მე-6 მუხლის დარღვევა არ დადგინდება. მაგალითად, სიპავიჩიუსის (Sipavičius v. Lithuania (განაცხადი N 49093/99; 21.02.2002) Sipavicius)) საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ მომჩივანს ჰქონდა შესაძლებლობა, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების წინაშე მოემზადებინა საკუთარი დაცვის პოზიცია ახალი ბრალდების ფარგლებში. სტრასბურგის სასამართლომ ეროვნულ დონეზე განხორციელებული სამართალწარმოების სრულად შემოწმებისას დაასკვნა, რომ საქმისწარმოების პროცესში არსებული და გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება შესაძლებელი იყო საქმის ზემდგომ ინსტანციებში გადასინჯვის შედეგად. შესაბამისად, სასამართლომ ერთხმად დაასკვნა, რომ მომჩივნის უფლება – დეტალურად გასცნობოდა ბრალდების არსსა და საფუძველს და ჰქონოდა საკმარისი შესაძლებლობა დაცვის მოსამზადებლად – არ დარღვეულა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა სასამართლომ ასევე საქმეზე „დალოსი უნგრეთის წინააღმდეგ“ (Dallos v. Hungary (განაცხადი N 29082/95; 01.03.2001)).
86. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს ანალოგიურ (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული, გასაჩივრებულ განაჩენში კი დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი როგორც ბრალდების, ისე – დაცვის მხარეების ყველა არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მათი გამეორება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
87. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)).
88. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), No18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის დაუშვებლად ცნობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების არაგონივრულ შეზღუდვად იმ პირობებში, როდესაც მომჩივნის რელევანტური არგუმენტები შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ (Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, § 34, ECtHR, 2/09/2014). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, იმ საფუძვლით რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, № 15256/05, §103, 2016 წლის 21 ივნისი, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84; და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 2015 წლის 21 ივლისი).
89. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ეროვნული სააპელაციო სასამართლო არ შეიძლება, იყოს ვალდებული, ვრცლად იმსჯელოს, როდესაც ის უბრალოდ იყენებს საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ კონკრეტულ საკანონმდებლო დებულებას (იხ. მაგალითად, „ნერსესიანი სომხეთის წინააღმდეგ“ (გადაწყვეტილება), № 15371/07, 2010 წლის 19 იანვარი; §23 და 24; „Burg and Others v. France“ (dec.), No. 34763/ 02, ECHR 2003-II; Gorou v. 2006; „გლენდერი შვედეთის წინააღმდეგ“ (დეკ.), No 28070/03, 2005 წლის 6 სექტემბერი; „Jaczkó უნგრეთის წინააღმდეგ“, No 40109/03, § 29, 18 ივლისი 2006; „მარინი ალბანეთის წინააღმდეგ“, No. 3738/02, § 106, ECHR 2007-XIV (ამონაწერები).
90. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ იკვეთება.
91. შესაბამისად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
92. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს პროკურორების – სალომე ჩიქობავასა და გიორგი მიქავას, მსჯავრდებულ ა. წ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. წ-ის, ასევე – მსჯავრდებულების: მ. ხ-ისა და ბ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. კ-ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. ფაფიაშვილი