საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121004570857
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №283აპ-23 ქ. თბილისი
გ.ე. 283აპ-23 26 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. ე. გ–სას, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.1.1. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2021 წლის 5 მარტის ეპიზოდი) დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;
1.1.2. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2021 წლის 8 მარტის ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;
1.2. ვ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა:
1.2.1. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2021 წლის 5 მარტის ეპიზოდი) დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;
1.2.2. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (2021 წლის 8 მარტის ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ე. გ–სა და ვ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 5 მარტს, გ–ს რაიონის სოფელი კ–ში, მე-.. ქუჩაზე (დასახლება გ–ი) ვ. ა–მა და ე. გ–მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად უკანონოდ შეძენილი და შენახული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი, წონით - 17,109015 გრამი, უკანონოდ გაასაღეს ე. ა–ზე, რაც საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა 2021 წლის 8 მარტს ამოიღეს.
2.2. ვ. ა–მა და ე. გ–მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს და 2021 წლის 8 მარტს უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 262,57044 გრამს, გ–ს რაიონის სოფ. კ–ში, მე-6 ქუჩაზე, N.. კორპუსის N.. ბინაში. ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 5,52 გრამს, 2021 წლის 9 მარტს უკანონოდ ინახავდნენ ქ. მ–ში, გ–ს ქუჩაზე, N.. კორპუსის N.. ბინაში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს ჩატარებული საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენით:
3.1. ე. გ–სა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის 5 მარტის - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.1.1. ე. გ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა (2021 წლის 8 მარტის ეპიზოდი) - ამოერიცხა მითითება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა;
3.1.2. ე. გ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
3.1.3. ე. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 9 მარტიდან;
3.1.4. ე. გ–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
3.2.1. ვ. ა–ი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2021 წლის 5 მარტის - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2.2. ვ. ა–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (2021 წლის 8 მარტის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;
3.2.3. ვ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;
3.2.4. ვ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 8 მარტიდან.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ:
4.1. ე. გ–მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინი, წონით - 262,57022 გრამი, საიდანაც ნაწილს - 257,05022 გრამს, უკანონოდ ინახავდა მისამართზე: გ–ს რაიონის სოფელი კ–ი, მე-.. ქუჩა, N.. კორპუსი, ბინა N.., რაც საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს 2021 წლის 8 მარტს ჩატარებული ბინის ჩხრეკის შედეგად, ხოლო ნაწილს - 5,52 გრამს, ინახავდა მისამართზე: ქ. მ–ი, გ–ს ქუჩა, N.. კორპუსი, ბინა N.., რაც ამოღებული იქნა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ 2021 წლის 9 მარტს ჩატარებული ბინის ჩხრეკის შედეგად.
4.2. ვ. ა–სმა ნამდვილად იცოდა, რა რომ ე. გ–სა გ–ს რაიონის სოფ. კ–ში, მე-.. ქუჩაზე, N.. კორპუსის N.. ბინაში და ქ. მ–ში, გ–ს ქუჩა N.. კორპუსის N.. ბინაში უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს, დამალა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
5.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ მოითხოვა ე. გ–სასა და ვ. ა–ს - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (2021 წლის 5 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (2021 წლის 8 მარტის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობა და მათთვის შესაბამისი სასჯელების შეფარდება.
5.2. ვ. ა–ს ადვოკატმა - კ. ჩ–მ მოითხოვა მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა;
5.3. ე. გ–ს ადვოკატმა - რ. ჩ–მ მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ, რომელიც ითხოვს ე. გ–სა და ვ. ა–ს - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (2021 წლის 5 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (2021 წლის 8 მარტის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობას და მათთვის შესაბამისის სასჯელების შეფარდებას;
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, კერძოდ, პროკურორი ითხოვს მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველი კვალიფიკაციით - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; 2021 წლის 5 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; 2021 წლის 8 მარტის ეპიზოდი). ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია ვ. ა–ს და ე. გ–ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით დასტურდება 2021 წლის 5 მარტს ვ. ა–სა და ე. გ–ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ აღნიშნული ბრალდების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ მოწმე ე. ა–ს გათქმითი ჩვენება და ამავე მოწმის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები.
10.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის/მოწმის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).
10.2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია მოწმე ე. ა–ზემა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას ვ. ა–ს და ე. გ–ს მიმართ ყალბად მხილების რაიმე პირადი ინტერესი - წყენა ან მტრობა, არ გააჩნია; ასევე ითვალისწინებს ე. გ–ს განმარტებას, რომ იგი ე. ა–ს სთხოვდა შვილის გათავისუფლებაში დახმარების მიზნით გადახდილი 20 000 ლარის დაბრუნებას და აღნიშნულის დაბრუნებამდე დაიტოვა მისი კუთვნილი ავტომობილი; იმავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში სხვა პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ვ. ა–მა ან/და ე. გ–მ უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და გაასაღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, არის მხოლოდ ვარაუდი. საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას (საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
11. რაც შეეხება ვ. ა–ს და ე. გ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის მეორე - 2021 წლის 8 მარტის ეპიზოდს, კერძოდ, ვიდიდი ალიევის და ე. გ–ს მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ბრალდებას, საკასაციო სასამართლო საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის დანაწესის მხედველობაში მიღებით ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს საქმეში არ წარმოუდგენია არცერთი - არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვ. ა–ს და ე. გ–ას ბრალად შერაცხული დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენას. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, მსჯავრდებულ ე. გ–სას განმარტებას, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნოდა მის გარდაცვლილ მეუღლეს, რომელიც შემთხვევით მან აღმოაჩინა გარდაცვლილის ტანსაცმელში და დამალა დივნის ბალიშსა და მეუღლის ქურთუკში, აღნიშნულის შესახებ მის გარდა არავინ იცოდა. მსჯავრდებულმა კატეგორიულად გამორიცხა ამ ნივთიერებებთან ვ. ა–ს შემხებლობა.
11.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ვ. ა–ს და ე. გ–ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თუმცა უტყუარად დასტურდება ე. გ–სას მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
11.2. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას 2021 წლის 8 მარტის ეპიზოდთან მიმართებით ვ. ა–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირების თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 8 ივლისის N............. დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: „...შესაფუთი ორი პოლ. პაკეტი...“ მოთავსებულ ორ ცალ მთლიანობადარღვეულ შესაფუთზე (ობ. N..) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ვ. ა–ს; პაკეტში, წარწერით: „...შესაფუთი პოლიეთილენის პაკეტები...“ მოთავსებულ ექვს ცალ პოლიეთილენის მთლიანობადარღვეულ შესაფუთებზე (ობ. N..) აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა, შერეული გენეტიკური პროფილებით; ობ. N..-ის პროფილების მაჟორული წილი, ობ. N..-ის მინორული წილი და ობ. N..-ის პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ვ. ა–სს (ობ. N..); ობ. N..-ის მაჟორული წილი ეკუთვნის ვ. ა–სს (ობ. N..) და ე. გ–სას (ობ. N..; პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებულ იქნა ბრალდებულ ე.(არ იკითხება) გ.“), მინორულ წილში 12 STR ლოკუსით ვლინდება ა. გ.ს (ობ. N..) გენეტიკური თანამონაწილეობა; ობ. N..-ში 15 STR ლოკუსით ვლინდება ვ. ა–სის (ობ. N..) და ე. გ–სას (ობ. N..), ხოლო 14 STR ლოკუსით ა. გ–ს (ობ. N..) გენეტიკური თანამონაწილეობა, ასევე უდავოდ ცნობილი მოწმეების - ს. გ–ს, თ. ა–ს, უ. ი–ს გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ ვ. ა–სმა და ე. გ–მ ერთობლივად იქირავეს და ცხოვრობდნენ იმ ბინებში, საიდანაც ამოიღეს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, შესაბამისად, ბიოლოგიური ექსპერტიზის მხედველობაში მიღებით დგინდება, რომ ვ. ა–მა ნამდვილად იცოდა, რომ ე. გ–სა უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, დამალა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი და არ შეატყობინა ამ დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს.
11.2.1. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ვ. ა–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების (2021 წლის 8 მარტის ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილშიც, ვინაიდან ვ. ა–მა ნამდვილად იცოდა, რომ ე. გ–სა უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს, დამალა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
13. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
14. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
16. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 თებერვლის განაჩენზე გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე