საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100121004285497
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №616აპ-23 ქ. თბილისი
დ. ვ. 616აპ-23 17 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. დ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. დ–მაის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. დ–ს, - დაბადებულს 1.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. დ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 11:30 საათზე, ვ. დ–ი, ტელეფონით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ო. ყ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.2. 2020 წლის 8 მარტს, ქ. თ–ში, ბ–ს ქ.№..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ. დ–მა თავის ყოფილ მეუღლეს, ო. ყ–ს, მათი არასრულწლოვანი შვილის - ს. ყ–ს – თანდასწრებით, დაარტყა სახეში, რა დროსაც ო. ყ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 იანვრის განაჩენით:
3.1. ვ. დ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით - 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
3.1.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით - 250 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 250 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება და მასზე კონტროლი დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
4.1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა ვ. დ–სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ მსჯავრდებულ ვ. დ–სათვის სასჯელის რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრა;
4.2. მსჯავრდებულ ვ. დ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ. დ–მა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ვ. დ–ს გამართლება;
4.3. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ვ. დ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. დ–მა, რომელმაც მოითხოვა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და ვ. დ–ს გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ვ. დ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. დ–მა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განაჩენის გაუქმება და ვ. დ–ს გამართლება.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დაცვის მხარე ითხოვს ვ. დ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები(მათ შორის, დაზარალებულ ო. ყ–ს, მოწმეების: ს. ყ–ს, მ. ბ–ს ჩვენებები, ო. ყ–ს მიერ საგამოძიებო ორგანოში წარდგენილი განცხადება, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N..... დასკვნა, N....... შემაკავებელი ორდერი და სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ვ. დ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ო. ყ–სა და შემთხვევის (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული) თვითმხილველი მოწმის: არასრულწლოვან ს. ყ–ს ჩვენებები სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილ სტანდარტებს და თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. დაზარალებულმა და მოწმემ თანხვდენილად განმარტეს, მსჯავრდებულ ვ. დ–ს მიერ ო. ყ–ს მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ფაქტობრივი გარემოებები. დაზარალებულმა ო. ყ–მ მოწმის სახით ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ ვ. დ–სთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2020 წლის 8 მარტს ვ. დ–მა სახეში დაარტყა ხელი ძალიან ძლიერად, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი, ფაქტს შეესწრო მისი შვილი, ს. ყ–ა, და მეგობარი ვ. ს–ი. ო. ყ–ს ვ. დ–ს დაშორდა 2020 წლის ივნისის დასაწყისში. დაშორების შემდეგ ვ. დ–სი მუდმივად დარაჯობდა ეზოში, ეუბნებოდა, რომ მანქანასთან ერთად დაწვავდა. 2020 წლის 10 დეკემბერს, ზუსტი დრო არ ახსოვს, რამდენჯერმე დაურეკა ვ. დ–მა და დაემუქრა. ზარების განხორციელებისას ტერიტორიულად სად იმყოფებოდა არ ახსოვს. დაზარალებულის ჩვენება თანხვდენილია არასრულწლოვანი მოწმის - ს. ყ–ს ჩვენებასთან, რომლის თანახმადაც 2020 წლის 8 მარტს ვ. დ–მა დაუწყო ყვირილი დედას - ო. ყ–ს და სახეში ძალიან ძლიერად დაარტყა ხელი. დაშორების მიუხედავად ვ. დ–სი დედას არ ანებებდა თავს, ტელეფონზე ურეკავდა და ემუქრებოდა. 2020 წლის 10 დეკემბერს დედა სახლში მივიდა შეშინებული და უთხრა, რომ ვ. დ–მა დაურეკა, რომელიც დაემუქრა მოკვლით.
11. დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს სასამართლო დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ვინაიდან ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე არ წარმოადგინა 2020 წლის 8 მარტის ძალადობის თვითმხილველი მოწმე ვ. ს–ი და მისი მეუღლე, არ არსებობს ვ. დ–ს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს საქართველოს სსსკ-ით დადგენილ ვადაში გაეცვალა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის ვ. ს–ს გამოკითხვის ოქმი(მისი მეუღლე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არ გამოკითხულა და არცერთი მოწმე არ მიუთითებს მასზე, როგორც ძალადობის ფაქტის თვითმხილველზე), შესაბამისად, დაცვის მხარეს ჰქონდა სათანადო დრო და შესაძლებლობა აღნიშნული მოწმე შეეყვანა თავის მტკიცებულებათა ნუსხაში და დაეკითხა სასამართლოში, არ დასტურდება, რომ რაიმე საფუძვლით დაცვის მხარეს არ მიეცა აღნიშნული შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის ზემოთ აღნიშნული პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
12. სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N.......... დასკვნასა და ექსპერტ მ. ბ–ს ჩვენებას, რომლითაც დასტუდება, რომ ო. ყ–ს ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ო. ყ–მ მეუღლის - ვ. დ–ს მხრიდან ჩადენილი ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა(იხ.: ტ.2, ს.ფ. 37-42).
12.1. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არ გაზიარების შესახებ, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ სამართალწარმოების ფარგლებში არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რაც ექსპერტის კვალიფიციურობაში ან/და დასკვნის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა; ხოლო ექსპერტიზის ფარგლებში გამოსაყენებელი კვლევის მეთოდებისა და დასასმელი კითხვების შერჩევა სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტის კომპეტენციაა.
13. სასამართლო ითვალისწინებს, №.......... შემაკავებელი ორდერის ოქმს, რომლის თანახმადაც, 2020 წლის 10 დეკემბერს, მისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობისას, მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ყოფილი მეუღლე - ვ. დ–ი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მასში, ასევე, აღწერილია ამგვარი მუქარების პერიოდული ხასიათი ვ. დ–ს მხრიდან. ოქმში ასევე მითითებულია, რომ 2020 წლის მარტში, ბ–ს ქ. N..-ში ურთიერთშელაპარაკებისას ვ. დ–მა ო. ყ–ს გაშლილი ხელი დაარტყა სახეში (იხ. ტ.1, ს.ფ. 7-12).
14. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ. დ–ს მიერ მისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვ. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. დ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი