დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142223701150668
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №19აგ-23 ქ. თბილისი
ტ. ზ. 19აგ-23 23 ოქტომბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ლ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენით:
1.1. ზ. ტ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ და ,,ი’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
1.2. ზ. ტ–ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება;
1.3. ზ. ტ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ლ–ს შუამდგომლობა, გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
3. 2021 წლის 12 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ზ. ტ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ლ–მ და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით, მსჯავრდებულ ზ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ლ–ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ლ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.
6. 2023 წლის 15 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ზ. ტ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ. ლ–მ და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ლ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ტ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ლ–მ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმებას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ვინაიდან მითითებულ ნორმაში განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული - დაუშვებელია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლის არარსებობის პირობებში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა იმ საკითხის ხელახალი შეფასების მიზნით, რომლებიც საქართველოს სსსკ-ის თანახმად ფასდება შესაბამისად - საქმეზე არსებითი განხილვის დროს, სააპელაციო ან/და საკასაციო წარმოების ფარგლებში, მათ შორის საქმეში არსებული მტკიცებულებების სარწმუნოობის ან/და საკმარისობის შემოწმება გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინება N46აგ-19, II-10).
3. როგორც საქმის მასალებით დგინდება, გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენით ზ. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ და ,,ი’’ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). მართალია, იმ დროისათვის ზ. ტ–ი იყო ძებნილი, მაგრამ, ხსენებული საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - მ. დ–ი და გ. ტ–ი, რომელთათვისაც ცნობილი გახდა მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მსჯავრდების ფაქტი.
4. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კასატორის, ადვოკატ მ. ლ–ს მტკიცებით, მის მიერ შუამდგომლობაზე თანდართული მასალით დგინდება, რომ მსჯავრდებულმა ზ. ტ–მა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენის თაობაზე შეიტყო - 2021 წლის 22 მარტს. აღნიშნულის შემდეგ, დაცვის მხარემ დაახლოებით ერთ თვეში, კერძოდ, 2021 წლის 20 აპრილს, გორის რაიონულ სასამართლოში შეიტანა სააპელაციო საჩივარი და შუამდგომლობა - გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ტ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ლ–ს შუამდგომლობა გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და განჩინებაში მიღებული გადაწყვეტილების მოტივად მიეთითა - საქართველოს სსსკ-ის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დანაწესის დაუცველობა (გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობა სასამართლოში წერილობით უნდა იქნეს შეტანილი საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან 1 კვირის განმავლობაში). შესაბამისად, დაცვის მხარემ მიიჩნია, რომ მას უკვე ამოწურული ჰქონდა სააპელაციო წესით განაჩენის გასაჩივრების უფლება. ამასთან, რადგან საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით განაჩენის გადასინჯვის საფუძველი იკვეთებოდა, დაცვის მხარემ მიმართა სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით - და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა.
5. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ზ. ტ–ს მიმართ გამოტანილი გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრების ყველა სამართლებრივი მექანიზმი ამოწურული არ არის. კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვეში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
5.1. ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს გასაჩივრების ვადების ათვლის ალტერნატიულ წესებს. შესაბამისად, როდესაც ძებნილი მსჯავრდებული არ სარგებლობს განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში მისი მონაწილეობის გარეშე გასაჩივრების შესაძლებლობით (მათ შორის არასაპატიო მიზეზით გასაჩივრების ვადის გაშვების გამო), მას კვლავ რჩება დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან განაჩენის 1 თვის ვადაში გასაჩივრების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარის არგუმენტი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის შესახებ საფუძველს მოკლებულია.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ლ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ლ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. ლ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე