საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.10.2023
საქმის ნომერი
2კ-729აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.10.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100121005105949

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №729აპ-23 23 ოქტომბერი, 2023 წელი

ა-ი ა., №729აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ა–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

ა. ა–ი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, კავშირი აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან: გ. ვ–თან, ა. შ–სთან, თ. ჭ–თან, ს. ტ–ისა და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, ქალაქ რ–სა და ქალაქ თ–ში მონაწილეობას იღებდა „ქურდულ გარჩევებსა“ და „ქურდულ შეკრებებში“, რომლებიც შეეხებოდა პირთა ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა-გადაწყვეტას. დანაშაულის ჩადენითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობდა, მიეღო ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინა უპირატესობა, ძალაუფლება და გავლენა. გამოხატავს მზადყოფნას, მომავალში გააგრძელოს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობა, კერძოდ:

2021 წლის 27 მარტს, ქალაქ რ–ში შედგა „ქურდული გარჩევა“, რომელსაც შ. შ–ს მხრიდან ესწრებოდნენ „ქურდული სამყაროს“ წევრები: გ. ვ–ი, ა. ა–ი, ა. შ–ე, ხოლო გ. თ–ს მხრიდან - ბ. ს–ე. „ქურდული გარჩევის“ შედეგად, გადაწყდა, რომ ავტომანქანა ეკუთვნოდა შ. შ–სს. სანაცვლოდ, ამ უკანასკნელმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს - გ. ვ–ს, ა. ა–სა და ა. შ–ს გადასცა 5000 ლარი.

ა. ა–იმა, უპირატესობის მოპოვების მიზნით, იძალადა კ. კ–ს მიმართ, კერძოდ, კ. კ–ს პრეტენზია წაუყენა ჯვარედინი კითხვების დასმის გამო, რაც, მისი განმარტებით, არ იყო „ქურდული“. სატელეფონო კრებსში ისმის ყვირილის ხმა, რომ გაწიოს ხელი. ა. ა–ი კ. კ–სეს ეუბნება, რომ მასთან მარტო ქურდული აკავშირებს.

ა. ა–ი გამოხატავს მზადყოფნას, რომ მოსახლეობას გამოსძალოს ფული და დასაშინებლად გაყოლას სთხოვს თ. ჭ–ის, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ დაიჭერენ და ცოტა ხანი მოიცადოს.

ა. ა–ის, როგორც „ქურდული სამყაროს“ წევრს, ა. გ–საგან თანხის ამოღების მიზნით, მიმართა უ. ნ–მ. ა. ა–მა გამოიყენა თავისი კრიმინალური ავტორიტეტი და ა. გ–ს უთხრა, რომ უ. ნ–ს ვალი თავად გადაიბარა და აღნიშნული თანხა მისთვის უნდა მიეტანა. გავლენის მოხდენის მიზნით, ეკითხებოდა, თუ ვის იცნობდა ლ-ს მასშტაბით „მომავლებს“, უსახელებდა კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირებს. ა. გ–ი იძულებული გახდა, მალე გაესტუმრებინა ვალი, ვინაიდან შეეშინდა შესაძლო პრობლემების, რასაც შეუქმნიდა ა. ა–ი, როგორც „ქურდული სამყაროს“ წევრი.

2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისამდე, საქართველოში არსებული პენიტენციური დაწესებულებიდან ზ. კ–ო უკავშირდებოდა „ქურდული სამყაროს“ წევრს - ა. ა–ის და ეუბნებოდა, რომ მოეწყო „ქურდული გარჩევა“, რომელიც შეეხებოდა მის უთანხმოებას ი. შ–სთან. ზ. კ–ს განმარტებით, ი. შ–ს ქმედებები პენიტენციურ დაწესებულებაში არ იყო „ქურდული“ და არ წარმოადგენდა „კაი ბიჭის“ საქციელს. ა. ა–ის შეატყობინა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სამი ქურდი უკვე საქმის კურსში ჩააყენა. ა. ა–ი გამოხატავდა მზადყოფნას, რომ გაუწევდა ორგანიზებას და მოაწყობდა „ქურდულ გარჩევას“, სადაც განიხილავდნენ აღნიშნულ საკითხს.

1.2. ა. შ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

ა. შ–იე აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, კავშირი აქვს „ქურდული სამყაროს“ წევრებთან: გ. ვ–თან, ა. ა–თან, თ. ჭ–თან, ს. ტ–სა და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, ქალაქ რ–სა და ქალაქ თ–ში მონაწილეობდა ქურდულ გარჩევებსა და ქურდულ შეკრებებში, რომლებიც შეეხებოდა პირთა ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტას. დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობდა, მიეღო ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინა უპირატესობა, ძალაუფლება და გავლენა, გამოხატავს მზადყოფნას, მომავალშიც გააგრძელოს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობა. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებით პრეტენზიას უყენებდა სხვა პირებს და „ქურდული სამყაროს“ წევრის - გ. ვ–ის დახმარებით, პრეტენზიის გაბათილების სანაცვლოდ ცდილობდა, მიეღო ფინანსური სარგებელი, კერძოდ:

2021 წლის 27 მარტს, ქალაქ რ–ში შედგა „ქურდული გარჩევა“, რომელსაც შ. შ–ს მხრიდან ესწრებოდნენ ქურდული სამყაროს წევრები: გ. ვ–ი, ა. ა–ი და ა. შ–ე, ხოლო გ. თ–ს მხრიდან - ბ. ს–ე. ქურდული გარჩევის შედეგად გადაწყდა, რომ ავტომანქანა ეკუთვნოდა შ. შ–ს, რის სანაცვლოდაც, შ. შ–სმა ქურდული სამყაროს წევრებს - გ. ვ–ს, ა. ა–სა და ა. შ–ს გადასცა 5000 ლარი.

ა. შ–ე გ. ვ–თან ერთად მონაწილეობდა მეუღლის კუთვნილი ავტომანქანის შეკეთებასთან დაკავშირებულ „ქურდულ გარჩევაში“. კერძოდ, ა. შ–ს მეუღლემ ავტომანქანა შესაკეთებლად დაუტოვა დ. ს–ს, რომელმაც ავტომანქანის შეკეთებამდე ა. შ–ს მეუღლე კუთვნილი ავტომანქანით გაუშვა სახლში. აღნიშნულით განაწყენებულმა ა. შ–მ და გ. ვ–მა თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით მოსთხოვეს დ. ს–ს გადახდილი 500 აშშ დოლარის დაბრუნება. დ. ს–მ, თავის მხრივ, საქმის კურსში ჩააყენა „გავლენიანი“ პირები.

გ. ვ–იი ა. შ–სთან ერთად გეგმავდა, 100 აშშ დოლარის სანაცვლოდ, როგორ გაებათილებინათ ვინმე „მ–სთვის“ ა. შ–ს მიერ წაყენებული პრეტენზია „არაქურდულ“ ქმედებასთან დაკავშირებით.

ა. შ–იე, გ. ხ–ე და გ. ვ–ი, ამ უკანასკნელის ავტომანქანაში საუბრობდნენ „ქურდულ გარჩევაზე“. ამ დროს, ს. ტ–ს - იგივე „ყ–ს“ თან ჰქონდა „მაკაროვი“. აღნიშნულმა პირებმა ისაუბრეს ახალი „ქურდული გარჩევის“ მომზადებაზე, რომელიც შეეხებოდა თ. ჭ–ს საკნიდან გაქცევას და არჩევდნენ ადგილს, სადაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები არ დაადგებოდნენ. ასეთ ადგილად მიიჩნიეს სარდაფი.

ა. შ–მ ვინმე „ს–ს“ საუბრისას უთხრა, რომ მისი საქციელი არ იყო „ქურდული“.

ა. შ–ე ა. ა–ს ესაუბრობოდა ვინმე მ–ზე, რომელთანაც ციხის „თემებთან“ დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზია. უთხრა, რომ ასო „კ-ს“ (გულისხმობდა „კაი ბიჭებს“) ხსენების უფლება არ ჰქონდა იმის გამო, რაც მან „გაატარა“ და წავიდა სახლში. ა. შ–ს შეკითხვაზე, თუ რა სურდა მას ამის შემდეგ, ა. ა–იმა უპასუხა, რომ გ. ვ–ს ნახვა სურდა. ა. შ–ე გახდა აგრესიული, დაიწყო გინება და თქვა, „ვინც გინდა, ის ნახე. მას ვერსად ექნება პრეტენზია „კაი ბიჭობაზე“.

1.3. გ. ვ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ. ვ–ი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, კავშირი აქვს „ქურდული სამყაროს“ წევრებთან: ა. შ–სთან, ა. ა–თან, თ. ჭ–თან, ს. ტ–სა და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, ქალაქ რ–სა და ქალაქ თ–ში მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევებსა“ და „ქურდულ შეკრებებში“, რომელიც შეეხებოდა პირთა ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტას. დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობდა, მიეღო ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინა უპირატესობა, ძალაუფლება და გავლენა. გამოხატავდა მზადყოფნას, მომავალშიც გაეგრძელებინა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობა. აცხადებდა, რომ „წართმევები“ უნდა დაიწყოს, ყველას ყველაფერი უნდა წაართვას და ვინც „ქურდულს“ გადაუხვევს, შესაბამისად მიუდგება. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული სხვა პირები იყენებდნენ მის სახელს და მიმართევდნენ საკითხების გადასაწყვეტად, კერძოდ:

2021 წლის 27 მარტს, ქალაქ რ–ში გაიმართა „ქურდული გარჩევა“, რომელსაც შ. შ–ს მხრიდან ესწრებოდნენ „ქურდული სამყაროს“ წევრები: გ. ვ–ი, ა. ა–ი, ა. შ–ე, ხოლო გ. თ–სის მხრიდან - ბ. ს–ე. ქურდული გარჩევის შედეგად გადაწყდა, რომ ავტომანქანა ეკუთვნოდა შ. შ–ს, რის სანაცვლოდაც, შ. შ–სმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს: გ. ვ–ის, ა. ა–სა და ა. შ–ს გადასცა 5000 ლარი.

გ. ვ–ს ავტომანქანაში, ამ უკანასკნელსა და ს. ტ–ის შორის მოხდა „ქურდული გარჩევა“, რა დროსაც, ს. ტ–ის დაურეკეს ტელეფონზე და მიაწოდეს ინფორმაცია ქ. რ–ში „ქურდული გარჩევის“ შესახებ. ს. ტ–მა მიუგო, რომ „თემა“ გააჩერონ და მივლენ. ამის შემდეგ განიხილეს გ. ვ–ს ბიძაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობა, რასთან დაკავშირებითაც გ. ვ–ის „პრეტენზიები“ ჰქონდა ს. ტ–ითან.

ს. ტ–იი, ბ. ხ–სი, გ. ვ–იი ქ. რ–ში, მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევაში“, სადაც ვინმე „ბ–ს“ და „რ–ს“ პრეტენზიები ჰქონდათ ერთმანეთთან. ბ. ხ–მა გ. ვ–სა და ს. ტ–ის უთხრა, რომ ისინი არიან მომავალი „ქურდები“, რაზედაც გ. ვ–იი გაბრაზდა და გაამეორებინა წინადადება. ამის შემდეგ, ბ. ხ–მა მათ დაუდასტურა, რომ არიან ცხოვრებით „ქურდები“ და „ქურდი ბიჭები“.

გ. ვ–ი მონაწილეობდა ა. შ–ს მეუღლის კუთვნილი ავტომანქანის შეკეთებასთან დაკავშირებულ „ქურდულ გარჩევაში“, კერძოდ, ა. შ–ს მეუღლემ ავტომანქანა შესაკეთებლად დაუტოვა დ. ს–ს, რომელმაც ავტომანქანის შეკეთებამდე, ა. შ–ს მეუღლე კუთვნილი ავტომანქანით გაუშვა სახლში. აღნიშნულით განაწყენებულმა ა. შ–მ და გ. ვ–იმა, თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, დ. ს–ს მოსთხოვეს გადახდილი 500 აშშ დოლარის დაბრუნება. თავის მხრივ, დ. ს–მ საქმის კურში ჩააყენა „გავლენიანი“ პირები.

გ. ვ–მა გამოიყენა რა თავისი „კრიმინალური ავტორიტეტი“, ტელეფონზე მოსაუბრეს უთხრა, რომ მიშა მარიამიძე არ ეცემათ, დაედოთ ვალი და მერე რამეში გამოიყენებდნენ.

გ. ვ–მა „ქურდული წესებით“ გადაწყვიტა ქ. რ–ში, მე-.. მიკრო რაიონში გამოძიებით დაუდგენელ პირებს შორის არსებული კონფლიქტი, კერძოდ, ავტომანქანაში, კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთ პირს „ქურდული წესების“ თანახმად აუხსნა, თუ რა „შეეშალა“ მეორე მხარესთან. საუბრით დადგინდა, რომ მეორე მხარის წარმომადგენელს ხელში ეჭირა გადაჭრილი ბოთლი, რის გამოც, მას ავტომანქანაში მყოფმა პირმა ჰკითხა, „ხომ იყო მშვიდობა“, რის გამოც, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. გ. ვ–მა აუხსნა, რომ ამ საკითხში ორივე მხარე გამტყუნდება და მიიღებენ შენიშვნებს. საუბარი დასრულდა იმით, რომ გ. ვ–ი აღნიშნულ პირთან ერთად ავტომანქანიდან გადავიდა საკითხის „ქურდული წესების“ შესაბამისად გადასაწყვეტად.

გ. ვ–ი გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისათვის, კერძოდ, აცხადებს, რომ დაშინებითა და მუქარით უნდა აიძულოს ბენზინგასამართი სადგურები, ჩაუსხან საწვავი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ააფეთქებს მათ. თქვა, რომ უნდა დაიწყოს „წართმევები“, „ყველას ყველაფერი უნდა წაართვას“. სხვა პირებთან ერთად, ავტომანქანაში დაგეგმა, თუ როგორ უნდა ჩაისხან საწვავი. თქვეს, რომ ერთ-ერთ ბენზინგასამართი სადგურის მესაკუთრე არის კარგი კაცი, ესმის „განაბური“ და დაელაპარაკებიან, რომ საწვავი უფასოდ ჩაუსხან.

გ. ვ–ი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და, თავის მხრივ, „ქურდული სამყაროც“ აღიარებს მას. გ. ხ–მ, იგივე „მ–მ“, ტელეფონზე დაურეკა და უთხრა: „ქურდებს, ძველებს, განაბებს, გ–ა განაგებს“. ავტომანქანაში, გამოძიებით დაუდგენელმა პირმა უთხრა, რომ დაურეკეს და ჰკითხეს, ციხეში ვინმე ხომ არ ჰყავდა, რაზედაც უპასუხა, რომ ჰყავდა გ. ვ–ი, რომელიც არის „ქურდი“. ავტომანქანაში ასევე უთხრეს, რომ მისი სახელი ბევრჯერ სმენიათ. ასევე ისაუბრეს იმაზე, რომ მათ პოლიცია აწუხებს, რაც იმით ახსნეს, რომ „მათნაირები“ ცოტანი დარჩნენ, მათი „რასკლადი“ არის „ქურდული“, რაც ვიღაცეებს არ აწყობთ.

გ. ვ–მა უთხრა გ. ხ–ს, რომ დიდი შეკრება უნდა მოაწყონ, რათა იცოდნენ, რომ აქ არიან, რაზეც გ. ხ–ე დაეთანხმა და ეუბნება, რომ მერე უფრო საინტერესო კითხვები დაისმება ვიღაცეებისაგან და „რასკლადიც“ სხვანაირად დალაგდება. გ. ვ–მა განუცხადა, რომ ქუჩაში ვინმეს „ქურდულიდან“ გადახვევას არ აპატიებს.

გ. ვ–მა ა. შ–სთან ერთად დაგეგმა, 100 აშშ დოლარის სანაცვლოდ, როგორ გაებათილებინათ ვინმე „მ-ს“ ა. შ–იის მიერ წაყენებული პრეტენზია „არაქურდულ“ ქმედებასთან დაკავშირებით.

ა. შ–იე, გ. ხ–ე და გ. ვ–ი, ამ უკანასკნელის ავტომანქანაში საუბრობდნენ „ქურდულ გარჩევაზე“. ამ დროს, ს. ტ–ის - იგივე „ყ–ს“ თან ჰქონდა „მაკაროვი“. აღნიშნულმა პირებმა ასევე ისაუბრეს ახალი „ქურდული გარჩევის“ მომზადებაზე, რომელიც შეეხებოდა თ. ჭ–ს საკნიდან გაქცევას და არჩევდნენ ადგილს, სადაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები არ დაადგებოდნენ. ასეთ ადგილად მიიჩნიეს სარდაფი.

1.4. ბ. ხ–ი (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია ქურდული სამყაროს საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს ქურდული სამყაროს განხორციელებას) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

ბ. ხ–სთვის ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ, კავშირი აქვს „ქურდული სამყაროს“ წევრებთან: გ. ვ–ითან, ა. შ–სთან, თ. ჭ–თან, მ. ჭ–სთან, ს. ტ–ისა და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, ქალაქ რ–ში თავისი აქტიური ქმედებებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას - მათ შორის, მონაწილეობდა ქურდულ გარჩევებში, ქურდული სამყაროს წევრებს აწვდიდა ინფორმაციას კონკრეტული პირების შესახებ, რომლებიც არ მოიქცნენ „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად, გამოხატავდა მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად ამოეღო თანხები, ცდილობდა, დაეცვა მისი სტატუსი „ქურდულ სამყაროში“ და აცხადებდა, რომ „ჩირქი უნდათ მოსცხონ“ და წლების წინ 60 ლარის „ჩაუბარებლობას“ ედავებიან. ბ. ხ–ს მისცეს დავალება და უთხრეს, რომ ერთმა თ–მა ბიჭმა მის ოჯახის წევრ გოგოს გამოართვა 13000. როცა ფულის დაბრუნება მოსთხოვეს, მან უპასუხა, რომ თ–ში იყო „ძმებთან“. ბოლოს გაირკვა, რომ ეს პირი თ–ში კი არა, ს–ში იყო შეყვარებულთან ერთად. ბ. ხ–ს დაავალეს, რომ ჩაესვა ოთხი-ხუთი ბიჭი და თავზე დადგომოდა. ბ. ხ–სმა იკითხა, რა ექნა, თუკი ფული არ აღმოაჩნდებოდა, რაზედაც უპასუხეს, რომ „მოეტანინებინა“.

ბ. ხ–სმა დააყენა საკითხი, რომ „ქურდული სამყაროს წევრი“ თ. ჭ–იი ციხეში მომხდარი ერთ-ერთი დაპირისპირების დროს საკნიდან გაიქცა, რაც „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად არ არის სწორი საქციელი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ს. ტ–ს სარდაფში შედგა „ქურდული გარჩევა“.

ბ. ხ–სი, ს. ტ–ი და გ. ვ–ი ქ. რ–ში მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევაში“, სადაც ვინმე „ბ–ს“ და „რ–ს“ პრეტენზიები ჰქონდათ ერთმანეთთან. ბ. ხ–მა გ. ვ–ისა და ს. ტ–ის უთხრა, რომ ისინი არიან მომავალი „ქურდები“, რაზედაც გ. ვ–ი გაბრაზდა და წინადადება გაამეორებინა. ამის შემდეგ ბ. ხ–სმა დაუდასტურა, რომ ისინი არიან ცხოვრებით „ქურდები“ და „ქურდი ბიჭები“.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 აპრილის განაჩენით:

2.2. ა. ა–ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ა. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

2.3. ა. შ–ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ა. შ–იე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

2.4. ბ. ხ–ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ბ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბ. ხ–ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ბ. ხ–ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;

2.5. გ. ვ–ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

გ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ. ვ–ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და გ. ვ–ის განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით.

2.6. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ა–ი, ა. შ–ე, ბ. ხ–ი და გ. ვ–ი 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, ქალაქ რ–ში და ქალაქ თ–ში, სხვადასხვა შეხვედრებზე, სხვადასხვა პირებთან საჯაროდ - ზეპირად და გამოხატვის სხვა საშუალებებით გამოხატავდნენ მხარდაჭერას „ქურდული სამყაროს“ და „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდების“ მიმართ, რითაც რეალური და არსებითი საფრთხე შეიქმნა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების.

2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ა. ა–ს, ა. შ–სა და გ. ვ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ხოლო ბ. ხ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში მკაცრი სასჯელის დანიშვნა. მსჯავრდებულ ბ. ხ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ხ. ხ–მა მოითხოვა ბ. ხ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:

4.2. ა. ა–ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ა. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

4.3. ა. შ–ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

ა. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

4.4. ბ. ხ–ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ბ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბ. ხ–ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ბ. ხ–ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;

4.5. გ. ვ–ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

გ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ. ვ–ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და გ. ვ–ის განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრათავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით.

საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ვ–ის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდა განესაზღვრა აკად. ..........ის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (........) არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა განესაზღვრა საერთო წესით.

4.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ა. ა–ს, ა. შ–სა და გ. ვ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ხოლო ბ. ხ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

4.7. მსჯავრდებულმა ბ. ხ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ხ. ხ–მა წარმოადგინეს შესაგებელი და მოითხოვეს, რომ არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი.

5. კასატორის არგუმენტები:

5.1. ბრალდების მხარის განმარტებით, საქმეში არსებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალით უტყუარად დასტურდება, ერთი მხრივ, ბ. ხ–ს მიერ „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა, რაც გამოიხატება აქტიური ქმედებით „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობაში, ხოლო მეორე მხრივ, გ. ვ–ს, ა. ა–სა და ა. შ–ს მიერ „ქურდული სამყაროს“ აღიარება, მასთან კავშირის ქონა და აშკარად გამოხატული ნიშნების არსებობა, რომ თავიანთი ქმედებით გამოხატავენ მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

6.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

6.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. ხ–სის, გ. ვ–ს, ა. ა–სა და ა. შ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების სამართლებრივი შეფასების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ა. ა–ს, ა. შ–სა და გ. ვ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ბ. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:

6.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ქურდული სამყაროს“ წევრად მიიჩნევა პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული კი გულისხმობს ნებისმიერი ქმედებას (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა), ჩადენილს იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას. ამდენად, საქართველოს სსკ-ის როგორც 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობები მოითხოვს პირის მიერ გარკვეული - შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას, ხოლო „ქურდული სამყაროს“ მარტოოდენ აღიარება არ გვაძლევს ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობას.

6.4. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ა. ა–ს, ა. შ–სა და გ. ვ–ს ედავება „ქურდულ გარჩევებში“ მონაწილეობას, თუმცა, სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა - გ. თ–სემ, მ. რ–მ, დ. ს–მ, უ. ნ–მ, ა. გ–მა, შ. შ–მა, ს. ტ–იმა, გ. ხ–მ, თ. ჭ–მა, მ. ჭ–მა და თ. ტ–მა თავიანთ ჩვენებებში არ დაადასტურეს ბრალდების დადგენილებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და გამორიცხეს ა. შ–ს, გ. ვ–სა და ა. ა–ს ქურდული სამყაროს წევრობა. მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება არც ბ. ხ–ს მიერ რაიმე აქტიური ქმედების ჩადენა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

6.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ ა. ა–ი, ა. შ–ე, გ. ვ–ი და ბ. ხ–ი კარგად იცნობენ „ქურდული სამყაროს“ წესებს, იციან კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტით მოსარგებლე პირთა ვინაობა, მოსწონთ და მხარს უჭერენ მათი ცხოვრების წესს, განიხილავენ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას და მათ მიერ მოგვარებულ კონფლიქტებს, აღიარებენ ამ სამყაროს და მხარს უჭერენ მის საზოგადოებაში გავრცელებას. ამასთან, კომუნიკაციის სხვადასხვა მონაწილეებთან შეხვედრებზე და სატელეფონო საუბრებში საჯარო მხარდაჭერასა და პატივისცემას გამოხატავდნენ „ქურდული სამყაროს“ და „ქურდული სამყაროს წევრების“/„კანონიერი ქურდების“ მიმართ, რაც ქმნის „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

6.6. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებული გარემოებები, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა მსჯავრდებულთა ქმედებები.

6.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, ECtHR, no 49684/99, §30, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.

6.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

6.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

6.10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე