საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.11.2023
საქმის ნომერი
2კ-879აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.11.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100123007133982

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №879აპ-23 ქ. თბილისი

ა. გ. 879აპ-23 6 ნოემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2023 წლის 26 თებერვალს, საღამოს საათებში, ქალაქ რ–ში, შ–ს გამზირის N...-ის საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, ქ. ს–ს კუთვნილ ტელეფონის ნომერზე 5.......... არაერთხელ დაურეკა ყოფილმა მეუღლემ – გ. ა–მა ტელეფონის ნომრიდან 5.........., ამასთან გაუგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინებები, რითაც არ შეასრულა მის მიმართ 2023 წლის 24 თებერვალს გამოცემული N..... შემაკავებელი ორდერით დაკისრებული მოთხოვნები და ვალდებულებები, რომელთა თანახმად, მას 30 დღით აეკრძალა ქ. ს–სთან ნებისმიერი სახის, მათ შორის, ტელეფონისა და სოციალური ქსელის გამოყენებით კომუნიკაცია.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენით:

3.1. გ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 205 საათით;

3.2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გ. ა–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, 2023 წლის 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით (3 დღე), შეუმცირდა დანიშნული სასჯელის ვადა და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 საათით, რომლის სახეც უნდა განსაზღვროს პრობაციის ბიურომ;

3.3. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, გ. ა–ს მიმართ განაჩენის აღსრულების კონტროლი დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

3.4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულს განემარტა, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადის დასრულებამდე, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის N1-290-23 განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს დაემატა პუნქტი შემდეგი რედაქციით:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, სს საქმეზე ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში).

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენში ცვლილება და გ. ა–სისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – მ. ა–მ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელიც ითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. ა–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

7.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ა–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენების უცვლელად დატოვება.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი საჩივრით ითხოვს სასჯელის დამძიმებას. ვინაიდან, გ. ა–სის მიერ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, გასათვალისწინებელია დაზარალებულის პოზიცია, არ არის შერიგებული გ. ა–სთან, მსჯავრდებულს განესაზღვრა ყველაზე მსუბუქი სახის სასჯელი, რაც ენააღმდეგობა როგორც საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე – სასჯელის დანიშვნის ნორმებს.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ. ა–სის მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში მსჯავრდებულ გ. ა–სის აღიარებასთან ერთად წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: ქ. ს–ს განცხადება, ქ. ს–ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, ქ. ს–სა და გ. ა–ს მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმები, 2023 წლის 24 თებერვალს გამოცემული N...... შემაკავებელ ორდერი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. ა–მა ჩაიდინა მსჯავრად შერაცხული ქმედება.

11. კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით - მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

12. სასამართლო, ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - ჯარიმას (საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს ამ კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან ამავე კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის) ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

12.1. „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ..... თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96).

12.2. დაზარალებულის პოზიციასთან დაკავშირებით სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ დაზარალებულთან შერიგება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების მიმართულებით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა per se არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ან/და სასჯელის გამკაცრების საფუძველს, რადგან პატიმრობის ultima racio ხასიათიდან გამომდინარე სასჯელის სახით პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც, თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა.

13. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. ა–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა გ. ა–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელსაც აღიარებს, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი.

14. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე