დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010142222700729847
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №27აგ-23 თბილისი
ო. კ., 27აგ-23 10 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ო-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 მარტის განაჩენით დაკმაყოფილდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნანა ხუჯუას შუამდგომლობა და დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ კ. ო-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
კ. ო, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვით შეეფარდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი – 9 (ცხრა) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლითა და 9 (ცხრა) თვით გამოსაცდელი ვადით.
კ. ო-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება 3 (სამი) წლით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აპრილის განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ დავით ჩხენკელის შუამდგომლობა და დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ კ. ო-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
კ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით – ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 (ხუთი) წელი და 6 (ექვსი) თვე;
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით – ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ, კ. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი და თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 (ხუთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
კ. ო-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენით კ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და კ. ო-ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;
მსჯავრდებულ კ. ო-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
კ. ო-ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 3 ოქტომბრიდან.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 მაისის განაჩენით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ვახტანგ ჭუმბურიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მსჯავრდებულების - გ. და კ. ო-ს ადვოკატის ი. ჯ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება და კ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და კ. ო-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობით მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და ჯარიმა - 130,84 ლარი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და ჯარიმა - 130,84 ლარი;
მსჯავრდებულ კ. ო-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, 10 წლით - იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
კ. ო-ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 3 ოქტომბრიდან.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულების - კ. და გ. ო-ების ინტერესების დამცველი ადვოკატის, ი. ჯ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა კ. ო-მ, რომელმაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის 2013 წლის 5 აპრილის განაჩენების გადასინჯვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ კ. ო-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ო-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინება და მიეთითა სააპელაციო სასამართლოს, რომ დაუშვას მსჯავრდებულ კ. ო-ს შუამდგომლობა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ო-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაშვებულ იქნა განსახილველად.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ კ. ო-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:
მსჯავრდებულ კ. ო-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის მსჯავრიდან ამოერიცხა დიდი ოდენობით – 0,0001942 გრამი – ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ უკანონო შეძენა, შენახვა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. ო-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აპრილის განაჩენის გაუქმებას. კასატორს მიაჩნია, რომ სადავო განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებები, დღეის მდგომარეობით, აღარ წარმოადგენს დანაშაულს, შესაბამისად, აღნიშნულის საფუძველზე, მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ამასთან, მას მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, მაგრამ, სინამდვილეში, მითითებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა მოსახმარად გამოუსადეგარი იყო. რაც შეეხება 273-ე მუხლით მსჯავრდებას, ამ დანაშაულისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა აღარ არის გათვალისწინებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ 2021 წლის 5 მარტის საქართველოს კანონით, ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის, მცირე ოდენობად განისაზღვრა – 0,001 გრამზე მეტი.
4. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განაჩენით, კ. ო-ს მსჯავრი დაედო – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ასევე ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, კერძოდ, მას მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით - 0,0001942 გრამი ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინისა“ და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - „დიჰიდრომორფინის“ უკანონო შეძენა-შენახვისათვის და „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის.
5. იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, დღეის მდგომარეობით, 0,001 გრამამდე „დეზომორფინი“ (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება მცირე ოდენობად, ხოლო აღნიშნულ ოდენობაზე მეტი, 0,01 ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით), ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, კ. ო-ს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განაჩენით ბრალიდან ამოერიცხა დიდი ოდენობით – 0,0001942 გრამი – ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ უკანონო შეძენა, შენახვა.
6. რაც შეეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – „დიჰიდრომორფინის“ უკანონო შეძენა-შენახვასა და „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებაში მსჯავრდებას, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ აღნიშნულ ქმედებებთან მიმართებით კ. ო-ს მსჯავრდების შემდეგ, რაიმე ცვლილება, რაც გააუმჯობესებდა მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას კანონმდებლობაში არ შესულა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში კანონიერად დარჩა უცვლელად.
7. გარდა ამისა, კ. ო-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განაჩენით მსჯავრი ასევე დაედო – ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, კერძოდ, მას მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების ,,ოპიუმის ჯგუფის ალკალოიდების“ (მორფინი) უკანონო მოხმარებისათვის. მსჯავრდების აღნიშნულ ნაწილშიც, კ. ო-ს მსჯავრდების შემდეგ ამ დანაშაულთან მიმართებით რაიმე ცვლილება, რაც გააუმჯობესებდა მის სამართლებრივ მდგომარეობას, არ განხორციელებულა.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ კ. ო-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი