დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330802223008009260
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№49I-23 27 ნოემბერი, 2023 წელი
ი–უ ბ., 49I-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ბ. (B-I) ი–ს (YOGURTCU) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ზ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბ. ი–ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2006 წლის 24 აპრილს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქ. რ–ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებული პირების მხრიდან განხორციელებულ ჩხუბსა და შეურაცხყოფაზე საპასუხოდ, ბ. ი–მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რომელსაც ატარებდა შესაბამისი ნებართვის გარეშე, მოკლა შ. და ჰ. ი–ები.
1.2. თურქეთის რესპუბლიკის ქ. რიზეს სისხლის სამართლის უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის N2007/24-2012/162 განაჩენით ბ. ი–უ ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 კანონის 29-ე მუხლთან ერთობლიობაში 81-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (განზრახ მკვლელობა) ორი ეპიზოდის და N6136 კანონის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (არალიცენზირებული იარაღის ტარება) ჩადენაში. იმავე განაჩენით, ბ. ი–ს სასჯელის სახედ და ზომად განზრახ მკვლელობის ორი ეპიზოდისთვის განესაზღვრა 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო არალიცენზირებული იარაღის ტარებისთვის - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ფაქტობრივად უნდა მოიხადოს 16 წელი, 10 თვე და 29 დღე.
1.3. თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენი ძალაში იქნა დატოვებული, რითაც მიიღო საბოლოო სახე.
1.4. ზემოაღნიშნული სასჯელის მოხდის მიზნით, ბ. ი–უ 2012 წლის 18 მარტიდან 2014 წლის 4 მარტამდე, აგრეთვე, 2014 წლის 4 მარტიდან 2015 წლის 9 ნოემბრამდე მოთავსებული იყო შესაბამის სასჯელისაღსრულების დაწესებულებაში. 2015 წლის 9 ნოემბერს მისი სასჯელის მოხდა გადავადდა 3 თვით, თუმცა ბ. ი–უ აღარ გამოცხადებულა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებაში და თავი აარიდა სასჯელის შემდგომ მოხდას.
1.5. 2016 წლის 13 იანვარს გამოიცა ბ. ი–ს დაკავების ბრძანება.
1.6. 2016 წლის 18 აგვისტოდან ბ. ი–უ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ბ. ი–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2016 წლის 28 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ბ. ი–ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები;
2.2. 2016 წლის 22 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ბ. ი–უ;
2.3. 2016 წლის 24 ივნისს, მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ბ. ი–ს შეეფარდა გირაო 150000 ლარის ოდენობით;
2.4. 2016 წლის 29 ივნისს, ზემოაღნიშნული გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ა. კ–ს, ე. მ–ს, ზ. მ–ს და ნ. მ–ს უძრავ ქონებას; 2016 წლის 30 ივნისს ბ. ი–უ გათავისუფლდა პატიმრობიდან;
2.5. 2018 წლის 25 აპრილს, ზემოაღნიშნული გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ლ. გ–ს, ზ. გ–ს, თ. გ–ს, ლ. გ–ს და ო. გ–ს უძრავ ქონებას;
2.6. 2022 წლის 10 მაისს, ზემოაღნიშნული გირაოს თანხის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ბ. ი–ს უძრავ ქონებას;
2.7. 2021 წლის 28 სექტემბერს და 2023 წლის 7 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია და გარანტიები ბ. ი–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით;
2.8. 2021 წლის 8 ოქტომბერს და 2023 წლის 21 ივლისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა დამატებითი ინფორმაცია და გარანტიები ბ. ი–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
2.9. 2023 წლის 17 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ბ. ი–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ქ. რიზეს სისხლის სამართლის უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის N2007/24-2012/162 განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით.
2.10. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ბ. ი–უ და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი - ლ. ზ–ე არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.
2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ბ. ი–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ქ. რიზეს სისხლის სამართლის უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის N.......... განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით.
2.12. 2023 წლის 11 ნოემბერს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ბ. ი–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ზ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინების გაუქმება.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. კასატორის პოზიციით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ბ. ი–ს მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გარდაუვალ რისკებს. ბ. ი–ს გააჩნია ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომ მისი ექსტრადიცია აშკარად არ შეესაბამება ადამიანური მოპყრობის ძირითად სტანდარტს. ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში იგი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას. ბ. ი–უ არის თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად ქართველი, ს–ში ჰყავს ოჯახი, ასევე გააჩნია სოლიდური უძრავი ქონება, მან ს–ში ყოფნის პერიოდში შეიცვალა რელიგია (იყო ი–ი რელიგიის მიმდევარი), მოინათლა და გახდა მართლმადიდებელი ქრისტიანი. თ–ს რესპუბლიკაში საპატიმრო სასჯელის მოხდის პერიოდში არაერთხელ გამხადარა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, იმის გამო, რომ მან ცუდად მოიხსენია თ–ს სახელმწიფოს ხელმღვანელი, აღნიშნულის გამო, სისხლის სამართლის დევნაც კი დაიწყეს მასზე. მართალია იგი საპატიმრო დაწესებულებიდან დროებით გამოუშვეს სამკურნალოდ, თუმცა მისი გათავისუფლება მოხდა იმის გამო, რომ საპატიმრო დაწესებულებებში მის მიმართ განხორციელებული ცემის, წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად იგი მძიმედ დაავადდა და მისი გათავისუფლება ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს, რომ საპატიმრო დაწესებულებაში არ დაფიქსირებულიყო მისი გარდაცვალება. საპატიმრო დაწესებულებიდან დროებით გათავისუფლების შემდეგ ბ. ი–უ მუდმივად მკურნალობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. აღნიშნულის დასადასტურებლად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი „ვ–ს“ 2023 წლის 10 ნოემბრის ექსპერტის N....... დასკვნა, ბ. ი–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობს მთელი რიგი სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ბ. ი–სუ არ უნდა იქნეს ექსტრადირებული თ–ს რესპუბლიკაში.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ბ. ი–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი ბ. ი–უ 2016 წლის 22 ივნისს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ბ. ი–ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ბ. ი–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
5. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობა), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - უვადო თავისუფლების აღკვეთას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთას; ამდენად, ბ. ი–ს მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენით მას სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ვადით.
7. ამდენად, მოცემულ საქმეში ბ. ი–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულებისათვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, დაცულია „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის და აღნიშნულზე არც თავად დაცვის მხარე აპელირებს.
8. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.
9. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ბ. ი–სუს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებია.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე და 76-ე მუხლების პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები. მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ათ წელში - მძიმე დანაშაულისთვის, ხოლო თხუთმეტ წელში - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს ან/და თავი აარიდა სასჯელის მოხდას, როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა ბ. ი–უ სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და 2015 წლის 9 ნოემბერს სასჯელის მოხდა გადაუვადდა 3 თვით, თუმცა იგი აღარ გამოცხადებულა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებაში. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. ასევე, თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციით, არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები. ამდენდად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.
11. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ.“ ასევე, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
12. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.
13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ბ. ი–უ შესაძლოა დაექვემდებაროს წამებასა ან/და არაადამიანურ მოპყრობას, მათ შორის დისკრიმინებული ან/და რელიგიური ნიშნით, ვინაიდან საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ იგი რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას რელიგიური მრწამსის შეცვლის გამო, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ბ. ი–უ თურქეთის რესპუბლიკაში სასჯელის მოხდის პერიოდში დაექვემდებარა წამებასა ან/და არაადამიანურ მოპყრობას. აღსანიშნავია, რომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, ბ. ი–ს მიმართ გამოყენებული იქნა შეღავათი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იგი გარკვეული პერიოდით გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ამასთან, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ვერ მოიძია ინფორმაცია ბ. ი–ს მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში მისი უფლებების დარღვევის თაობაზე. გასათვალისწინებელია თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
14. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ბ. ი–ს უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი, მათ შორის მოიცავს გარანტიას იმის თაობაზე, რომ ბ. ი–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იგი უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სამედიცინო მომსახურებით და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია კვლავ იქნეს განხილული მის მიმართ შეფარდებული სასჯელის გადავადების ან მისი სრულად შეწყალების საკითხი.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე ( Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
16. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“
17. ბ. ი–უ არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. ბ. ი–ს უარი ეთქვა საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით. მითითებული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული სასამართლოს მიერ. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.
18. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
19. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები თურქეთის რესპუბლიკაში ბ. ი–ს მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია და დაცვის მხარის აპელირება ამ საკითხზე მოიცავდა მხოლოდ ზოგად განმარტებებს თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ.
20. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ბ. ი–ს საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე. აღსანიშნავია, რომ იგი მონაწილეობდა საქმეების განხილვაში და უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით. ამასთან, დაცვის მხარემ ისარგებლა განაჩენის ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით.
21. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ბ. ი–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ ბ. ი–ს გააჩნია ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომ მისი ექსტრადიცია აშკარად არ შეესაბამება ადამიანური მოპყრობის ძირითად სტანდარტს, ვინაიდან პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებებისას, სერიოზული ავადმყოფობის დროსაც კი, გასათვალისწინებელ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს სახელმწიფოს შესაძლებლობა უზრუნველყოს მსჯავრდებული ციხეში ან/და სამოქალაქო დაწესებულებაში შესაბამისი ხარისხის მკურნალობით.
23. მოცემულ შემთხვევაში თურქეთის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილია გარანტია, რომ ბ. ი–უ სასჯელის მოხდის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სამედიცინო მომსახურებით და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია კვლავ იქნეს განხილული მის მიმართ შეფარდებული სასჯელის გადავადების ან მისი სრულად შეწყალების საკითხი. აღნიშნული გარანტიის შესრულების წინაპირობას წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ საქმის მასალების თანახმად, თურქეთის რესპუბლიკაში სასჯელის მოხდის პერიოდში ბ. ი–ს გაეწია სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავდა, ოპერაციულ ჩარევასაც კი, შესაბამისად დაცვის მხარის მითითება, რომ ბ. ი–ს ექსტრადიცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეესაბამება ადამიანური მოპყრობის ძირითად სტანდარტს, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია.
24. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
25. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.
26. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ. ი–უ მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში და გამოყენებული შეღავათის მიუხედავად, მან თავი აარიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მიიმალა. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით მის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენს საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოს, რომელთანაც მოქმედებს უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, საქართველოში მყოფ ბ. ი–ს ოჯახის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაბრკოლებების გარეშე გადალახონ თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი და მოინახულონ იგი, მით უფრო, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის განმარტებით, მისი შვილები და შვილიშვილები ცხოვრობენ თ–ში. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ ბ. ი–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლში ჩარევა არ მოხდება.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ბ. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ზ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ბ. (B-I) ი–ს (Y–U) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ზ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: შალვა თადუმაძე
ლევან თევზაძე