საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 30.11.2023
საქმის ნომერი
2კ-1014აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.11.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100123007269489

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1014აპ-23 30 ნოემბერი, 2023 წელი

ლ–ე რ., №1014აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. ლ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეუნქტით (ორი ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2023 წლის 7 აპრილს, დაახლეობით 23:00 საათზე, თ–ში, ...........ის ქ.№...-ში მდებარე ლ–ების საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა რ. ლ–მ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ. ლ–ს და რძალს - ა. ი–სს. იგი, დანის დემონსტრირებით, სიტყვებით - „ყელს გამოგჭრით და მოგკლავთ“ - სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრებს, რა დროსაც ნ. ლ–სა და ა. ი–ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. 2023 წლის 8 აპრილს, დაახლეობით 21:00 საათზე, თ–ში, ...........ის ქ.№...-ში მდებარე ლ–ების საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი რ. ლ–ე უმიზეზოდ ეჩხუბა მეუღლეს - ნ. ლ–ს და რძალს - ა. ი–ს, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და სიტყვებით - „თავებს მაინც დაგაჭრით და მოგკლავთ“ - სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრებს. რ. ლ–ს მუქარა ნ. ლ–მ და ა. ი–მა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენით რ. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 7 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, დაუდგინდა სასჯელის ნაწილის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობითად;

2.2. რ. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ. ლ–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, დაუდგინდა სასჯელის ნაწილის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. რ. ლ–ს, როგორც ალკოჰოლზე დამოკიდებულ და ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალა ალკოჰოლიზმის მკურნალობისა და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ლ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ–მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ რ. ლ–სათვის უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 აგვისტოს განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. რ. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 7 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილის - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

3.3. რ. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ. ლ–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. რ. ლ–ს, როგორც ალკოჰოლზე დამოკიდებულ და ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალა ალკოჰოლიზმის მკურნალობისა და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

3.5. 2023 წლის 29 აგვისტოს მსჯავრდებულ რ. ლ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ბ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 აგვისტოს განაჩენით რ. ლ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 2023 წლის 7 აპრილის ეპიზოდში დანიშნული სასჯელის შემცირება, 1 წლითა და 3 თვემდე ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, რ. ლ–სთვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და სიმძიმეს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რომ მსჯავრდებული 65 წლისაა, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ასევე არ გაითვალისწინა დაზარალებულების - ა. ი–სა და ნ. ლ–ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ 65 წლის მსჯავრდებულისთვის 6 თვით იზოლაცია გარესამყაროსთან სრულიად საკმარისია ჩადენილი დანაშაულის არსისა და შედეგის გასაცნობიერებლად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების, მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

5.4. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ რ. ლ–სთვის სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა ჩადენილი ქმედებების სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, ოჯახის წევრების მიმართ), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა (დანაშაულების ჩადენა დროის მცირე მონაკვეთში) დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, მისი ასაკი, აგრეთვე ის გარემოება, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მტკიცებულებები გახადა უდავო, ასევე, დაზარალებულების მიერ გამოხატული ნება შემცირებოდა დანიშნული სასჯელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რ. ლ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

5.5. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მართალია სააპელაციო სასამართლომ ორივე მუხლით მსჯავრდებისას რ. ლ–ს სასჯელის სახედ დაუნიშნა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, რაც სასჯელის ყველაზე მკაცრ სახეს წარმოადგენს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რ. ლ–მ აღიარა ჩადენილი დანაშაულები და ითანამშრომლმა გამოძიებასთან, დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ნახევარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განუსაზღვრა, ხოლო ნახევარი ჩაუთვალა პირობითად. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის გათვალისწინებით წარმოადგენს რ. ლ–ს მიერ განხორციელებული ქმედებების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ლ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე