დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802224008915922
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№14I-24 ქ. თბილისი
ა-ი ჩ, 14I-24 4 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჩ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. კ-ისა და გ. ძ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 21 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჩ. ა-ის მიმართ ყ-ის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2023 წლის 8 აგვისტოს ყ-ის რესპუბლიკის ქალაქ ა-ას პოლიციის დეპარტამენტის ს-ის რაიონის პოლიციის განყოფილების გამომძიებლის დადგენილებით ჩ. ა-ი ცნობილ იქნა ეჭვმიტანილად ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 296-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, მათი ანალოგების უკანონო დამზადება, გადამუშავება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა გასაღების მიზნის გარეშე).
1.2. 2023 წლის 25 აგვისტოს ყ-ის რესპუბლიკის ქალაქ ა-ას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩ. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
1.3. 2023 წლის 18 სექტემბერს ყ-ის რესპუბლიკის ქალაქ ა-ას სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოცხადდა ჩ. ა-ის საერთაშორისო ძებნა.
1.4. 2023 წლის 24 ოქტომბერს გამოცხადდა ჩ. ა-ის ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ჩ-ს ა-ის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2.1. 2024 წლის 1 იანვარს ჩ. ა-ი ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
2.2. 2024 წლის 3 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ჩ. ა-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2.3. 2024 წლის 17 იანვარს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ჩ. ა-ის ექსტრადიციის თაობაზე ყ-თის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2.4. 2024 წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ჩ. ა-ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2024 წლის 1 აპრილიდან იმავე წლის 1 ივლისამდე. მას საექსტრადიციო პატიმრობის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან - 2024 წლის 1 იანვრიდან.
2.5. ამჟამად ჩ. ა-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ყ-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:
3.2. 2023 წლის 3 ივნისს ჩ. ა-მა ყ-ის რესპუბლიკის ქალაქ ა-ში ყოფნისას, ონლაინ, ,,Telegramm-ის“ სოციალური ქსელის გამოყენებით, გასაღების მიზნის გარეშე, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების ანალოგი, რომელიც აიღო ქალაქ ა-ში, ო-ის ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამავე დღეს ჩ. ა-ი ქალაქ ა-ში, ჟ-ის ქუჩაზე გადაადგილდებოდა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, რომელშიც უკანონოდ ინახავდა და გადაჰქონდა უკანონოდ შეძენილი ფსიქოტროპული ნივთიერების ანალოგი, 15 ცალ პაკეტში დაფასოებული თეთრი ფერის ფხვნილი, რომელიც შეიცავდა 18,96 გრამ მეფედრონს. აღნიშნული პაკეტები ქალაქ ა-ში, ჟ-ის გამზირზე, №14-ის მიმდებარედ, ავტომანქანის ჩხრეკისას, ამოიღეს ა-ას პოლიციის თანამშრომლებმა.
4. 2024 წლის 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა ჩ. ა-ის ყ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა.
5.1. დასაშვებად იქნა ცნობილი ჩ. ა-ის ყ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ყ-ის რესპუბლიკის ქალაქ ა-ას პოლიციის დეპარტამენტის ს-ის რაიონის პოლიციის განყოფილების 2023 წლის 8 აგვისტოს გამომძიებლის დადგენილებაში ჩ. ა-ის ეჭვმიტანილად ცნობის თაობაზე და ისჯება ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 296-ე მუხლის მე-4 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, მათი ანალოგების უკანონო დამზადება, გადამუშავება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა გასაღების მიზნის გარეშე).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჩ. ა-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ი. კ-მა და გ. ძ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმება.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ჩ. ა-ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 21 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.
7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ჩ. ა-ის ყ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ:
7.2. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა „არსებით საფუძვლებს ვარაუდისთვის“, რომ პირი ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას;
7.3. ყ-ის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს წარმოუდგინა შემდეგი გარანტიები: სპეციალობის წესის დაცვა; პოლიტიკური დევნისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილება; გარანტია, რომ იგი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას; საჭიროების შემთხვევაში, მას გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და სამედიცინო დახმარება; გარანტია, რომ იგი უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლებით; საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, მას მიეცემა დაცვის ყველა შესაძლებლობა, ამასთან, იგი უზრუნველყოფილი იქნება ადვოკატის მომსახურებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ყ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჩ. ა-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2024 წლის 1 იანვარს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჩ. ა-ის ყ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:
5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
5.2. მოცემულ შემთხვევაში, ექსტრადიციას დაქვემდებარებული ქმედება დასჯადია ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 296-ე მუხლის მე-4 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, მათი ანალოგების უკანონო დამზადება, გადამუშავება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა გასაღების მიზნის გარეშე), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით.
5.3. ამასთან, აღწერილი დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს იურისდიქციაში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
5.4. ამდენად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჩ. ა-ის მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედება დანაშაულად ითვლება და ისჯება როგორც საქართველოს, ისე - ყ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:
6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ჩ. ა-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრებ, მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის ყ-ის რესპუბლიკის მოქალაქე.
7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:
7.1. ყ-ის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო საქმის მასალა ცხადყოფს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჩ. ა-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ ყ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადგილი ექნება მისი უფლებების დარღვევას. მართალია, ჩ. ა-ი თავს არიდებდა საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებში განხილვას, მაგრამ მისი დამცველი ადვოკატი ჩართული იყო სისხლის სამართლის საქმეში. იგი მონაწილეობას იღებდა ჩ. ა-ს მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განხილვის სასამართლო სხდომაში.
7.2. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ ყ-ის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა.
7.3. ჩ. ა-ს ყ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
8. ხანდაზმულობის ვადა:
8.1. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, აგრეთვე დაცულია საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადებიც („სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი).
8.2. ამ შემთხვევაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადისა, ,,ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, აუცილებელია, შეფასდეს ექსტრადიციის თხოვნის გამომგზავნი ქვეყნის კანონმდებლობაც.
8.3. ჩ. ა-ის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებას, რომლისთვისაც მოითხოვება მისი ექსტრადიცია ყ-ის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იგი მძიმე კატეგორიის დანაშაულია.
8.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ზემოაღნიშნული ქმედება ჩ. ა-მა, სავარაუდოდ, ჩაიდინა 2023 წლის 3 ივნისს. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
8.5. ამასთან, ყ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩ. ა-ის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებაზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 10 წლით. სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა აითვლება სავარაუდო ქმედების ჩადენიდან.
შესაბამისად, ყ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.
9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:
9.1. სტატუსი:
9.1.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“
9.1.2. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირს - ჩ. ა-ს არ აქვს საქართველოში მიცემული თავშესაფარი და არც საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, რაც დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით. ამდენად, არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
9.2. ამნისტია:
9.2.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“
9.2.2. ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულთან დაკავშირებით.
9.3. შეწყალება:
9.3.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“
9.3.2. წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.
10. პრინციპი ,,Non bis in idem“:
10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
10.2. ჩ. ა-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,non bis in idem“ პრინციპის დარღვევა.
11. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:
11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“
11.2. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
11.3. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).
11.4. ჩ. ა-ის ადვოკატები - ი. კ-ი და გ. ძ-ძე არ ეთანხმებიან მის ექსტრადიციას ყ-ის რესპუბლიკაში. დაცვის მხარეს საქმეში წარმოდგენილი აქვს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ არსებული ანგარიშები, სტატიები და მათზე დაყრდნობით ცდილობენ ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკის წარმოჩენას. ადვოკატებმა საკასაციო საჩივარში ჩ. ა-ის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხის წარმოსაჩენად მიუთითეს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი წარსულში თავად მუშაობდა სამართალდამცავ ორგანოებში, რის გამოც, იგი შიშობს, რომ ახლა დაექვემდებარება წამებას და არასათანადო მოპყრობას.
11.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, საფუძვლიანად მიუთითებდეს, რომ ჩ. ა-ი ყ-ის რესპუბლიკაში იდევნება რაიმე ნიშნით ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე.
11.6. ინფორმაცია ჩ. ა-ის წარსული პროფესიული საქმიანობის თაობაზე არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით. ამასთან, აღნიშნული გარემოება არ ადასტურებს პირის მიმართ არასათანადო მოპყრობის და წამების საფრთხეს და არ არის რელევანტური ექსტრადიციის საკითხის განხილვისას.
11.7. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ ჩ. ა-ის შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com) და მის მიმართ დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტის ღია წყაროებში.
11.8. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყ-ის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს წარმოუდგინა გარანტია შემდეგ საკითხებზე: სპეციალობის წესის დაცვასთან დაკავშირებით; პოლიტიკური დევნისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილების თაობაზე; გარანტია, რომ იგი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას; საჭიროების შემთხვევაში, მას გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და სამედიცინო დახმარება; გარანტია, რომ იგი უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლებით, საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად, მას მიეცემა დაცვის ყველა შესაძლებლობა, ამასთან, უზრუნველყოფილი იქნება ადვოკატის მომსახურებით.
11.9. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მითითებული გარანტია გაცემულია კომპეტენტური ორგანოს, კერძოდ, ყ-ის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ; ამასთან, მისი შინაარსი არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „კლეინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Klein v. Russia), N24268/08, §55 და ,,ჩაჰალი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ,“ (Chahal v. The United Kingdom), N22414/93, §105). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს იგი.
11.10. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მანძილზე, ყ-ის რესპუბლიკამ მიიღო არაერთი ზომა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რაც, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული ეფექტური და კარგად გამართული სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და ინსტიტუციების შექმნაში. შედეგად, ყ-ის რესპუბლიკის იურისდიქციაში არსებული პირები სარგებლობენ ადამიანის უფლებათა მონიტორინგის, ინდივიდუალური საჩივრის და ადამიანის უფლებების დაცვის სხვა მრავალი ეფექტური მექანიზმით, რომელთა შორისაა წამების საწინააღმდეგო კომიტეტი და სხვა.
11.11. ყ-ის რესპუბლიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო ორგანოა ადამიანის უფლებათა საპრეზიდენტო კომისია, რომელიც განიხილავს და იძიებს საჩივრებს, გასცემს რეკომენდაციებს, მეთვალყურეობს ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშებს ადამიანის უფლებების შესახებ. აღნიშნული კომისიის საქმიანობაც მიმართულია სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის ამაღლებისკენ.
11.12. 2008 წელს ყ-ის რესპუბლიკა მიუერთდა გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის (UNCAT) ფაკულტატურ ოქმს (OPCAT). უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული დოკუმენტი წამების პრევენციის ეფექტურ მექანიზმად აღიქმება ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წრეებში. ოქმის მიზანია წამების, სხვა სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების მიზნით ,,თავისუფლების აღკვეთის ადგილებში რეგულარული ვიზიტების სისტემის შექმნა, რომლებიც დამოუკიდებელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ.“
11.13. ადგილობრივ დონეზე წამების თავიდან აცილების მიზნით, ოქმის მე-17 მუხლის თანახმად, ოქმის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, რომ შექმნიან პრევენციის სულ მცირე ერთ ეროვნულ მექანიზმს (National Preventive Mechanism - NPM), რომელიც შეესაბამება ფაკულტატური ოქმით დადგენილ მოთხოვნებს. პრევენციის ეროვნული მექანიზმი (NPM) ახორციელებს ვიზიტებს დაკავებულთა მოთავსების დაწესებულებებში. ვიზიტები ხორციელდება ასეთ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა წამებისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გაძლიერების მიზნით. პრევენციის ეროვნული მექანიზმი სისტემატურად ამოწმებს ასეთ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა მდგომარეობას და შესაბამის ორგანოებს უგზავნის რეკომენდაციებს ამ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. შესაბამისი ორგანოები ვალდებულები არიან, განიხილონ პრევენციის ეროვნული მექანიზმის რეკომენდაციები და ჩაერთონ დიალოგში ამ რეკომენდაციების იმპლემენტაციის მიზნით. ფაკულტატური ოქმის მონაწილე სახელმწიფო იძლევა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციური დამოუკიდებლობისა და ყველა საჭირო რესურსით მისი უზრუნველყოფის გარანტიას. გაეროს წამების კომიტეტს პირდაპირი და, საჭიროების შემთხვევაში, კონფიდენციალური კონტაქტი აქვს პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან და დახმარებას უწევს მისი მიზნების განხორციელებაში. ყ-ში წამების წინააღმდეგ ეროვნული მექანიზმი ამოქმედდა 2014 წლის მარტში.
11.14. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, „არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ყ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ჩ. ა-ის მიმართ განხორციელდება დევნა, იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და მოხდება მისი სიცოცხლის ხელყოფა.
12. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:
12.1. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).
12.2. საექსტრადიციო საქმის მასალის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - ჩ. ა-ი არის ყ-ის რესპუბლიკის მოქალაქე და მას საქართველოში ხანგრძლივი პერიოდით არ უცხოვრია. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათსა და ლეგიტიმურ მიზანს - ჩ. ა-ი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.
13. საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის საოქმო განჩინება, რომლითაც არ იქნა განხილული დაცვის მხარის შუამდგომლობა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჩ. ა-ის აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის შეცვლის თაობაზე, შეესაბამება საპროცესო სამართლის ნორმებს და წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ გამოვლენილა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო საჩივარში მითითებული არ არის რაიმე დამატებითი სახის არგუმენტზე ხსენებულ საოქმო განჩინებასთან მიმართებით. შესაბამისად, დაცვის მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 21 მარტის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჩ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ი. კ-სა და გ. ძ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 21 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი