საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1225აპ-23 თბილისი
ე-ი ლ., 1225აპ-23 19 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, ბიძინა სტურუა
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ე-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 აპრილის განაჩენით ლ. ე-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადა აეთვალა 2022 წლის 31 აგვისტოდან.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ლ. ე-მა ჩაიდინა ცრუ ინფორმაციის მიწოდება, ე.ი. მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის – დაზარალებულის – მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 13 ივლისს ლ. ე-მა მის მიმართ გ. ჩ-ის მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის სისხლის სამართლის №-- საქმეზე, რომელშიც გ. ჩ-ს ბრალდება წარედგინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ლ. ე-ისათვის ცნობილი იყო მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ფაქტობრივი გარემოებები, გამოძიებას განზრახ მიაწოდა ცრუ ინფორმაცია და განმარტა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ დეტალები მისთვის უცნობი იყო და არ ახსოვდა. კერძოდ, გამოკითხვისას ლ. ე-მა განაცხადა, რომ 2022 წლის 1 ივლისს, დაახლოებით, 22:00 საათზე, თ-ში, ს-ის გამზირზე მდებარე რესტორან „ქ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მასა და გ. ჩ-ს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების და მისთვის გ. ჩ-ის მხრიდან – მხოლოდ სახის არეში ხელის დარტყმის – ფაქტს, ხოლო მისთვის უცნობი იყო და არ ახსოვდა, თუ სად და რა ვითარებაში მიიღო ან ვინ მიაყენა გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობა, ასევე, მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სხვა ფაქტობრივი გარემოებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ლ. ე-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ნ-ე საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. ე-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა კასატორის – მსჯავრდებულ ლ. ე-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ნ-ის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში ლ. ე-ის ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა: მოწმეების – ა. მ-ის, გ. ვ-ის, ზ. გ-ის, დ. კ-ის, ნ. ზ-ისა და სხვათა ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ფონოსკოპიური ექსპერტიზის №-დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და მისი დათვალიერების ოქმები, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, ფარული აუდიოჩანაწერებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ცრუ ჩვენების მიცემისთვის, რაც ქმნის მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის აბსტრაქტულ საფრთხეს და ისჯება, იმისდა მიუხედავად, კონკრეტულ შემთხვევაში შეუშალა თუ არა ხელი ამ მოქმედებამ სასამართლოში ობიექტური რეალობის დადგენას. ჩვენება ითვლება ცრუდ, თუ მასში მთლიანად ან ნაწილობრივ დამახინჯებულია ის ფაქტები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ საქმის ობიექტურად გადაწყვეტისათვის.
9. ლ. ე-ის 2022 წლის 13 ივლისის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2022 წლის 1 ივლისს თ-ში ს-ის გამზირზე, რესტორან „ქ-ი“ აღნიშნავდნენ მეგობრის – გ. ვ-ის – შვილის დაბადებას; ეზოში ჩასვლისას გ. ჩ-ს (რომელსაც იცნობს, დაახლოებით, 2 წელია, მეგობრობს მასთან და აპირებს დანათესავებას) ესაუბრებოდა, რა დროსაც გადაწყვიტა ოჯახის წევრებთან დარეკვა; ნომრის აკრეფისას გ. ჩ-მა მიაძახა სიტყვები: „– ოე, სად მიდიხარ“ და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო კამათისას ხელი ჰკრა და მარჯვენა ხელი გაარტყა სახის არეში; მათთან მივიდნენ ზ. გ., დ. კ. და ა. უ.; შემდეგ ახსოვს, რომ იწვა სასწრაფო დახმარების მანქანაში, კლინიკაში შეყვანის მომენტი არ ახსოვს; რომ გამოეღვიძა, ნახა, რომ მარცხენა მხარეს ჰქონდა ჭრილობა და ექიმები უმუშავებდნენ; რესტორანში მისი ან სხვა სუფრის წევრებთან კონფლიქტი არ ჰქონია; შეხლა-შემოხლა ჰქონდა გ. ჩ-თან; მასთან კონფლიქტის დაწყებამდე გულმკერდის ან სხეულის სხვა არეში რაიმე დაზიანება არ ჰქონია; გ. ჩ-ის ან იქ მყოფი ახლობლების ხელში რაიმე საგანი არ შეუნიშნავს; აღნიშნული დაზიანება როგორ მიიღო, არ ახსოვს; კონფლიქტი გაგრძელდა, დაახლოებით, 2-3 წუთს.
10. აღსანიშნავია, რომ ლ. ე-ი ჩვენების მიცემამდე გააფრთხილეს ცრუ დასმენისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის საქართველოს სსკ-ის 370-ე, 373-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე, რასაც მან ხელი მოაწერა. ლ. ე-მა გამომძიებლისათვის მიცემული თავისი ჩვენება წაიკითხა და მიწოდებული ინფორმაციის სისწორე დაადასტურა ხელმოწერით. გამოკითხვის ოქმში ცვლილების შეტანა ან შენიშვნის დამატება მას არ მოუთხოვია, რაც, თავის მხრივ, დაადასტურა გამომძიებელმა ა. ჩ-ემ. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ ლ. ე-მა გ. ჩ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენება მისცა უფლებამოსილ პირს და იგი გაფორმდა კანონით დადგენილი წესით.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ ლ. ე-მა გამოძიებას განზრახ მიაწოდა ცრუ ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ედებოდა ბრალი, და მან ეს გააკეთა გააზრებულად. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული კრებსითი მასალით დადგინდა, რომ ლ. ე-ი ერიდებოდა მობილურ ტელეფონზე კომუნიკაციას, რათა არ მომხდარიყო მისი ფარული მიყურადება და ჩაწერა. იგი სოციალური ქსელების მეშვეობით საუბრობდა გ. ჩ-ის მიერ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის რეალურ გარემოებებზე, ასევე – მისი მხრიდან გამოძიებისათვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნული კი მიუთითებს ლ. ე-ის სურვილზე, არ გაემხილა გამოძიებისათვის საჭირო ინფორმაცია და ამით ხელი შეეშალა მართლმსაჯულებისათვის, რაც გამორიცხავს ფაქტების არასწორად აღქმას, გამოწვეულს ჯანმრთელობისა და მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობით. ამასთან, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აუდიოგრამებსა და ვიდეოგრამაში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება; ჩანაწერებში მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ლ. ე-ის ხმა ერთმანეთის იდენტურია.
12. ამდენად, საქმეზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული ლ. ე-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No.2) no.12686/03, §§37,41, ECtHR,20/03/2009), ხოლო, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვა (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ე-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ბ. სტურუა