საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100122006001786
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №433აპ-24 ქ. თბილისი
ზ–ა ფ., 433აპ-24 2 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ.. ზ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ფ. ზ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ–მა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრებით მოითხოვს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას იმ საფუძვლით, რომ იგი არ უარყოფს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას, უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებები და წარსულში ნასამართლევი არ არის. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მის მიმართ შეფარდებული სასჯელი ზედმეტად მკაცრია. მსჯავრდებული ასევე მოითხოვს, რომ სასჯელი შეუმცირდეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ფ. ზ–ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ფ. ზ–ს სასჯელად განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
გაუქმდა ფ. ზ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
ფ. ზ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 21 ივნისიდან;
ფ.. ზ–სას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ.. ზ–მ ჩაიდინა: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ფ. ზ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ფ. ზ–მ საზღვარგარეთ ყოფნისას, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ბარგში შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 28,8877 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც 2022 წლის 21 ივნისს, ამოიღეს ფ. ზ–საგან თ–ში, .......... საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. ზ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. ა–მა. დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მითითებაზე, რომ მსჯავრდებული ფ. ზ–ა პირველადაა სამართალში, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან, რის გამოც, ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს სწორედ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მოსახდელად განესაზღვრა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქციებით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელები, შესაბამისად – 15 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით – რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი – თავისუფლების აღკვეთას ვადით – თხუთმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას); ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი (ნარკოტიკული საშუალების სახეობა და ოდენობა) და სასჯელის მიზნების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ფ.. ზ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად იზიარებს.
9. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად პროკურორი უფლებამოსილია ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. ამდენად, საპროცესო შეთანხმება პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა და მხარეებს შორის ამგვარი პროცესუალური გარიგების დადების/არდადების მიზანშეწონილობაზე მსჯელობა ცდება სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ფ. ზ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი