საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.08.2024
საქმის ნომერი
2კ-599აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.08.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100122005940127

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №599აპ-24 ქ. თბილისი

ყ–ი დ., 599აპ-24 21 აგვისტო, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ყ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ყ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. ქ–მ, რომელიც მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, როგორც დანაშაულის კვალიფიკაციის, ასევე – სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი, უსამართლო და ითხოვს მის შეცვლას. კერძოდ: დ. ყ–სათვის წარდგენილი ბრალდებების: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან, ამავე კოდექსის 116-ე მუხლზე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან, ამავე კოდექსის 19,108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას, სასჯელის მინიმალური ზომის გამოყენებას და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის, შთანთქმის პრინციპით განსაზღვრას. კასატორის მტკიცებით, დ. ყ–ი მოქმედებდა ზ. ქ–ს მოკვლის განზრახვით, ხოლო ი. შ–ს გაუფრთხილებლად მოუსპო სიცოცხლე. მსჯავრდებულის ჩვენების მიხედვით, შემთხვევის დღეს, შელაპარაკება მოუხდა ზ. ქ–სთან, რომელიც ოთახიდან გაჰყვა, ზურგზე შეახტა, დაცემულს კი დააშარდა. იგი შინ წავიდა, იარაღი აიღო და ფერმაში ზ. ქ–ს მოსაკლავად დაბრუნდა. სულ სამი ვაზნა ჰქონდა – ორი ქარხნული, ერთი კუსტარული. ორი ვაზნა ზ. ქ–ს ესროლა და, არ უარყოფს, რომ სურდა მისი მოკვლა. უნდოდა მესამე, საკონტროლო გასროლაც, მაგრამ როდესაც თოფი გადახსნა, მარცხენა ლულაში მასრა იყო გაჭედილი, ვაზნა მარჯვენა ლულაში ჩადო, მაგრამ თოფი ვეღარ დახურა და შემთხვევის ადგილი დატოვა. შესაბამისად, დ. ყ–სათვის უცნობია, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა ი. შ–ი, რომლისთვისაც იარაღიდან არ უსვრია და არც დაუნახავს, გარდაცვლილი ოთახში იყო თუ არა საერთოდ. კასატორის მითითებით, სადავო არაა, რომ დ. ყ–ი შემთხვევის ადგილზე ზ. ქ–ს განზრახ მოკვლის მიზნით დაბრუნდა. ნათელია, რომ იგი თავიდანვე არ ითვალისწინებდა ი. შ–ს ან თუნდაც სხვა პირის მკვლელობის განზრახვას, რის გამოც, მისი ქმედება უნდა შეფასდეს ცალკეულ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებისა და შედეგის ერთობლივი ანალიზით. მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში – ორი პირის მიმართ – ან ასეთი ქმედების მცდელობა იმთავითვე გულისხმობს ორივე პირის მიმართ განზრახვის არსებობას. ამავდროულად, მოტივიც, ორივეს მიმართ უნდა იყოს დადგენილი. განსახილველ შემთხვევაში კი, ი. შ–ის მკვლელობა დ. ყ–ს აზრადაც არ მოსვლია, არამედ – შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, იგი ზ. ქ–ის მიმართულებით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ამდენად, დ. ყ–ს ი. შ–ის მოკვლის მიზანი ცალსახად არ ჰქონია, მით უმეტეს, რომ ოთახში გარდაცვლილის ყოფნის შესახებ არაფერი იცოდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პოზიცია, რომ დ. ყ–ს არა ზ. ქ–ს, არამედ – ორი ან მეტი პირის მკვლელობის განზრახვა ჰქონდა – მცდარია. შესაბამისად, დ. ყ–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 19,108-ე მუხლზე, ხოლო ი. შ–ს ეპიზოდი, დამოუკიდებლად უნდა შეერაცხოს, როგორც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა და მისი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან, უნდა გადაკვალიფცირდეს ამავე კოდექსის 116-ე მუხლზე.

2. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი – ზვიად ფხაკაძე – საკასაციო შესაგებლით ითხოვს, მსჯავრდებულ დ. ყ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ–ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ხოლო საქმის განხილვის შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ყ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: განზრახ მკვლელობა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. 2022 წლის 9 მარტს გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში, ე.წ. ,,ფ–ს“ ტერიტორიაზე არსებულ ა. ი–ს კუთვნილ შენობაში, იმყოფებოდნენ ი. შ–ი, ზ. ქ–ე, ვ. ქ–ე, გ. გ–ი და დ. ყ–ი და მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს. ამ დროს, დ. ყ–ი სუფრასთან მყოფ ზ. ქ–ს შეელაპარაკა, რაც მათ შორის კონფლიქტში გადაიზარდა. შემდეგ კი დ. ყ–მა დატოვა ტერიტორია.

3.2. დ. ყ–ი, მომხდარი კონფლიქტის გამო, ზ. ქ–სა და სუფრის სხვა წევრების მიმართ განაწყენდა და შურისძიების მოტივით, მათი განზრახ მოკვლის მიზნით, მალევე, დაახლოებით, 19:30 საათზე, სანადირო თოფითა და ვაზნებით შეიარაღებული, მივიდა ზემოხსენებულ ტერიტორიაზე, სადაც, ზ. ქ–სა და ი. შ–ს მიმართულებით, ხელთარსებული თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა. შედეგად კი, ი. შ–მა გულმკერდისა და მუცლის არეში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო და ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ზ. ქ–მ მარცხენა მხრისა და გულმკერდის არეში მიიღო ასევე სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები, თუმცა იგი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს. დ. ყ–მა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვ. ქ–სის მიმართ გასროლების შედეგად, მისთვის რაიმე დაზიანების მიყენება ვერ შეძლო.

4. დ. ყ–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დ. ყ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 19,108-ე მუხლზე; დ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, დ. ყ–ს, საბოლოოდ მიესაჯა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ყ–მა ჩაიდინა ი. შ–ს განზრახ მკვლელობა და ზ. ქ–ს განზრახ მკვლელობის მცდელობა.

7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა – გიორგი ღონღაძემ, რომელიც ითხოვდა დ. ყ–ის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადშერაცხილი კვალიფიკაციით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ დ. ყ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. ქ–მ, რომელიც ითხოვდა დ. ყ–სათვის წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლიდან, ამავე კოდექსის 116-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას და სასჯელის შემსუბუქებას.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა; დ. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და ამავე კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – დაცვის მხარის – მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, რამეთუ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად დგინდება, რომ დ. ყ–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები და, შესაბამისად, მისი მსჯავრდება კანონიერი და სამართლიანია.

12. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს: სადავოდ არ გამხდარა, რომ 2022 წლის 9 მარტს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში, ე.წ. ,,ფ–ს“ ტერიტორიაზე არსებულ შენობაში, დ. ყ–ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლების შედეგად, ი. შ–ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზ. ქ–მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები, თუმცა გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, იგი სიკვდილს გადაურჩა.

13. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით დადგენილია, რომ:

14. ი. შ–ს სიკვდილის მიზეზია: მარცხნივ გულმკერდისა და მუცლის ღრუების ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობებით გამოწვეული მწვავე სისხლნაკლებობა, მარცხენა ფილტვის ქვედა წილის და ელენთის დაზიანება. გარდაცვლილს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების ზემოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები: მარცხნივ გულმკერდისა და მუცლის გარეთა ზედაპირების ბრმა ცეცხლნასროლი მრავლობითი ჭრილობები, (№1 ჭრილობა) მე-8, მე-9 ნეკნების მოტეხილობით, ამავე არეში პლევრის ფურცლებისა და ფილტვის ქვედა წილის მრავლობითი დაზიანებით; ელენთისა და მარცხნივ პერიტონიუმის ფურცლების გაგლეჯვა; მრავლობითი ლითონის უცხო სხეული (3 ცალი) მარცხენა ფილტვის ქვედა წილში, პლევრის ღრუში, მარცხენა დიაფრაგმის გუმბათის სისქესა და მუცლის ღრუში; ნაფლეთოვანი ჭრილობა მარცხენა წინამხრის ზემო მესამედის წინა/გარეთა ზედაპირიდან ამავე იდაყვის სახსრამდე კანის, კუნთების და სისხლძარღვების დაზიანებით, რომლებიც მიზეზობრივად დუკავშირდება დამდგარ შედეგს – სიკვდილს, ასევე – მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, სიცოცხლისდროინდელი, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში მიყენებული მსუბუქი ხარისხის დაზიანებები: ნაჭდევები მარცხენა მხრის ქვემო მესამედის წინა/შიგნითა ზედაპირებსა და შუა მესამედის წინა ზედაპირზე.

15. ზ. ქ–ს აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების ზემოქმედებით მიყნებული, სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები: მრავლობითი სისხლმდენი ნაფლეთოვანი ჭრილობები ზურგზე, მარცხენა მხრის სარტყლისა და ზემო კიდურის არეში და დაუდგინდა: მრავლობითი მეტალის უცხო სხეულები, მარცხენა ზედა კიდურისა და გულ-მკერდის არეებში, მარცხნივ, მარცხენა მხრის ძვლის თავის ცეცხლნასროლი დამსხვრეული მოტეხილობა, ცდომით, მარცხენა იდაყვის ძვლის ცეცხლნასროლი დამსხვრეული მოტეხილობა ფრაგმენტების ცდომით, მრავლობითი ნაფლეთოვანი ჭრილობები მხრისა და სახსრის არეში, მხრის არტერიის ტრავმა, პოსტჰემორაგიული ანემია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მხრის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა, ჰემოპნევმოთორაქსი და ტრავმული შოკი.

16. კასატორის მტკიცებით, დ. ყ–ი არ მოქმედებდა ორი ან მეტი პირის მოკვლის განზრახვის, არამედ – მხოლოდ ზ. ქ–ს მკვლელობა სურდა, ხოლო ი. შ–ს ზ. ქ–სათვის მიზანმიმართულმა გასროლამ მოუსპო სიცოცხლე გაუფრთხილებლობით. სააპელაციო სასამართლომ კი არასწორად მიიჩნია, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა, როგორც ზ. ქ–ს, ასევე – ი. შ–ს მოკვლის განზრახვით, თუმცა მისი ქმედების შედეგად მხოლოდ ი. შ–ი გარდაიცვალა, ხოლო ზ. ქ–ე, მსჯავრდებულისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, გადაურჩა სიკვდილს.

17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი მიხედვით, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: კასატორმა, მსჯავრდებულის ქმედებაში ი. შ–ს მკვლელობის განზრახვის გამოსარიცხად, რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება გამოკვეთა, კერძოდ: დაცვის მხარის მტკიცებით, დ. ყ–ი მხოლოდ ზ. ქ–ს მოკვლის სურვილით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და, ცეცხლსასროლი იარაღიდან მისთვის მიზანმიმართული სროლის დროს, საერთოდ არ იცოდა, რომ ოთახში იმყოფებოდა ი. შ–ც, რომელსაც გაუფრთხილებლად მოუსპო სიცოცხლე; მსჯავრდებულს სულ სამი ვაზნა ჰქონდა, აქედან ორი გაისროლა ზ. ქ–ს მიმართულებით, ხოლო მესამის გასროლა ვეღარ შეძლო, რადგან მარცხენა ლულაში მასრა გაიჭედა, ხოლო მარჯვენა ლულაში ვაზნის ჩადების შემდეგ თოფი ვეღარ დახურა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

19. დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ დანაშაულის კვალიფიკაციასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, №527აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29). ამასთან, მკვლელობის სურვილი შესაძლებელია, წარმოიშვას იმწუთიერად და დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის, რომ განზრახვა დროის ხანგრძლივი ინტერვალით უსწრებდეს წინ ქმედებას (იხ. Mutatis mutandis საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი №379აპ-18 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 28).

20. დაცვის მხარის მტკიცების საპირისპიროდ, რომ ზ. ქ–სათვის მიზანმიმართული სროლის დროს, დ. ყ–მა საერთოდ არ იცოდა, იმყოფებოდა თუ არა ოთახში ი. შ–ი, დადგენილია, რომ მომხდარი კონფლიქტის გამო განაწყენებული დ. ყ–სი წავიდა შინ, შეიარაღდა თოფითა და ვაზნებით, დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და ოთახის გარედან ესროლა დამიზნებით ზ. ქ–ს, სიტყვებით: „ – დაგხოცავთ!“ სასამართლომ, სადავოდ გამხდარი საკითხის გამორკვევისას, მართებულად მიაქცია ყურადღება დაზარალებულ ზ. ქ–ს ჩვენებას, რომლითაც დასტურდება, რომ პირველივე გასროლის შედეგად იგი მხარში დაიჭრა და გონება დაკარგა, რისი გათვალისწინებითაც, პირველი გასროლისას ი. შ–სი ზ. ქ–სა და მსჯავრდებულს შორის არ მდგარა და, შესაბამისად, დაზიანებას ვერ მიიღებდა. აღნიშნულის შემდეგ, როგორც მოწმეების – ვ. ქ–სა და გ. გ–ს ჩვენებებითა და მათივე მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებითაა დადგენილი, დ. ყ–მა ერთხელ გაისროლა ოთახის გარეთ მყოფი ვ. ქ–ს მიმართულებით ჰაერში. ამით მიუთითა მას, რომ ხელი არ შეეშალა, შევიდა ოთახში და კიდევ ორჯერ გაისროლა, როგორც შესასვლელიდან მარცხენა მხარეს მყოფი ი. შ–ს, ასევე – მაგიდასთან მჯდომი ზ. ქ–ს მიმართულებით. საყურადღებოა შემთხვევის დროს ი. შ–სისა და ზ. ქ–ს ოთახში განლაგება, რამეთუ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გარდაცვლილი ი. შ–ი იწვა შესასვლელი კარიდან მარცხნივ, ფეხებით – კარისკენ, ხოლო დაზარალებული ზ. ქ–ე იჯდა შესასვლელი კარის პირდაპირ, მაგიდასთან მდგარ სკამზე და, ამდენად, ზ. ქ–ე და ი. შ–ი, მათზე შეიარაღებული თავდასხმისას, ერთმანეთთან ახლოს არ ყოფილან და, შესაბამისად, ზ. ქ–სათვის დამიზნებით ნასროლი ტყვია ან თუნდაც საფანტი ვერაფრით მოხვდებოდა შემთხვევით ი. შ–ს, რომელსაც, როგორც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითაა დადგენილი, ახლო მანძილიდან (თითქმის მიბჯენით), ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა ტყვია დ. ყ–მა, რის შედეგადაც ი. შ–ი ადგილზევე გარდაიცვალა.

21. დაცვის მხარის მეორე საკვანძო არგუმენტთან დაკავშირებით, რომ, თითქოსდა დ. ყ–ს მხოლოდ სამი ვაზნა ჰქონდა თან, აქედან – ორი დამიზნებით ესროლა ზ. ქ–ს, რომლის მოკვლაც სურდა, მესამე კი – ვეღარ, რადგან ვაზნის ჩადების შემდეგ თოფი ვერ დახურა, – საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დაკითხული ნეიტრალური მოწმეების – ვ. ქ–სა და გ. გ–ს ჩვენებეზე, რომლებიც შემთხვევის დროს იქვე იყვნენ, დერეფანში და დაადასტურეს, რომ ოთახიდან გასვლის შემდეგ, რამდენიმე წამში, ზურგს უკან გაიგეს გასროლის ხმა, როდესაც მიიხედეს, დაინახეს დ. ყ–ი, რომელიც იდგა ღია კარის წინ, კარიდან, დაახლოებით, 5 მეტრში, მას ორლულიანი თოფი დაემიზნებინა ოთახისაკენ. დაინახეს სროლის შედეგად თოფიდან გამოფრქვეული კვამლიც. დ. ყ–ი გასროლის დროს იგინებოდა და ყვიროდა, დაგხოცავთო. პირველი გასროლის შემდეგ დ. ყ–ი გაემართა კარისკენ ოთახში შესასვლელად, რა დროსაც ვ. ქ–ე შეეცადა მის შეჩერებას, დაუძახა, დავით რას აკეთებ, არ ისროლოო. მსჯავრდებული შეჩერდა, მიბრუნდა ვ. ქ–სკენ, მიუტრიალა თოფი და ჰაერში გაისროლა, რის გამოც, ვ. ქ–ე ძირს დაიხარა, დ. ყ–ი კი შევიდა ოთახში, რომელშიც მხოლოდ ზ. ქ–ე და ი. შ–ი იმყოფებოდნენ. რამდენიმე წამში ორჯერ გაისროლა, შემდეგ გამოვიდა ოთახიდან და, თოფით ხელში, გაიქცა. დაახლოებით, 50 მეტრში კი ისევ გაისროლა. ამდენად, ვ. ქ–სა და გ. გ–ს მტკიცებით, რომელშიც ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი, საქმის მასალებით არ გამოკვეთილა, დ. ყ–მ გაისროლა სულ ხუთჯერ, აქედან სამჯერ იმ ოთახში, რომელშიც ი. შ–ი და ზ. ქ–ე იყვნენ, ხოლო ორჯერ – მის გარეთ.

22. ამრიგად, ზემოთ განხილული ყველა ფაქტობრივი გარემოება ცალსახად გამორიცხავს, რომ დ. ყ–მა გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე ი. შ–ს და მის ქმედებაში ორი პირის – ზ. ქ–სა და ი. შ–ს – მკვლელობის ერთიანი განზრახვა იკვეთება. აქედან – ი. შ–ს მიმართ დამნაშავის განზრახვა აღსრულდა, ხოლო ზ. ქ–ს მიმართ – ვერა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის – დაზარალებულისათვის დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების – გამო.

23. საკასაციო სასამართლო მოწმე ვ. ქ–ს განმარტების კვალდაკვალ, ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვით, ოთახში ერთი გასროლის შემდეგ, დ. ყ–მა, ვ. ქ–ს მიმართულებით გაისროლა ჰაერში. ამავდროულად, ვ. ქ–სვე მითითებით, მსჯავრდებული იმდენად ახლოს იდგა მასთან, რომ შეეძლო დამიზნებითაც ესროლა, მაგრამ ასე არ მოქცეულა, რითაც, ცხადია, ვ. ქ–ს მიანიშნა მხოლოდ, რომ არ მიახლოებოდა და ხელი არ შეეშალა განზრახვის აღსრულებაში. შესაბამისად, იარაღიდან ვ. ქ–ს მიმართულებით, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა, როდესაც დ. ყ–ს ჰქონდა ყველანაირი შესაძლებლობა დამიზნებით, დაბრკოლების გარეშე, პირდაპირ ესროლა მისთვის, შეუძლებელია, შეერაცხოს მას ვ. ქ–ს მკვლელობის მცდელობად, რასაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ასევე ედავებოდა ბრალდების მხარე დ. ყ–ს.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ყ–ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, კანონიერი და დასაბუთებულია.

25. ასევე სადავოდ გამხდარ სასჯელთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი იმპერტიული მოთხოვნიდან (დანაშაულის იარაღის გამოყენებით ჩადენის დროს, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) მხედველობაში მიღებით, დ. ყ–ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქებას, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით, თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, არ აქვს კანონიერი გამართლება.

26. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია: როდესაც საკითხი ეხება ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელებას, მთლიანი სამართალწარმოება, მათ შორის, სასამართლო განხილვა, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს, კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე. მაშინ, როდესაც არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ ყოველი ბრალდების საქმე დამთავრდეს პირის მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელის დანიშვნით, ეროვნული სასამართლოები არ უნდა იყვნენ განწყობილი იმისთვის, რათა დაუშვან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაუსჯელად დატოვება. სასამართლოს ამოცანა, შესაბამისად, შემოიფარგლება იმის განხილვით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი სათანადო ყურადღება გამოიჩინეს და რომ სასამართლოს, როგორც შემაკავებლის როლი და ამ როლის ის მნიშვნელობა, რაც მას ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევების პრევენციაში, არ შერყეულა (იხ. მაგალითად: Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, §242, Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07, § 84).

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

28. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მსჯავრდებულ დ. ყ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ.გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი