საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №70აპ-24 თბილისი
გ. მ., 70აპ-24 4 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ-ის ადვოკატ ზ. ბ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ თეა ბერიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად მ. გ-ეს ბრალად დაედო:
• ყალბი საგადასახადო დოკუმენტისა და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი);
• წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა და გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები);
• უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი, უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა-შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები).
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენით:
§ მ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებისათვის;
§ მ. გ-ე, -- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. გ-ეს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 20 სექტემბრიდან.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მ. გ-ეს მსჯავრად დაედო:
• ყალბი საგადასახადო დოკუმენტისა და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი;
• წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა და გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
o 2019 წლის 26 თებერვალს მ. გ-ემ დააფუძნა “შპს ბ--“. 2019 წლის 26 თებერვლიდან 2020 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში, მ. გ-ემ, აღნიშნული სამეწარმეო სუბიექტის სახელით, დაამზადა და გამოიყენა ხე-ტყის შიდაგადაზიდვის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, ასევე, დაამზადა და გამოიყენა ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლებშიც ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებად დააფიქსირა ერთი და იმავე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ნომრები, რომლებითაც საწარმოს მასალა უკვე რეალიზებული ჰქონდა, ხოლო ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება/გამოყენებით სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებს მიჰყიდა 35356.02 ლარად ღირებული, 58.84 კუბ.მ. ხე-მასალა, რომლის მოპოვების დოკუმენტები საწარმოს არ გააჩნდა;
o მ. გ-ემ, როგორც შპს შპს “ბ---ის“ დირექტორმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე შეიძინა დიდი ოდენობით, წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება – ხემასალა და გადაწყვიტა სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებზე მისი გასაღება/რეალიზაცია მაშინ, როდესაც არ გააჩნდა ხემასალის კანონიერად მოპოვებისა თუ შეძენის შესაბამისი დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. მან შპს შპს “ბ---ის“ სახელით დაამზადა და გამოიყენა ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები. ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მიუთითა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში უკვე გამოყენებული დოკუმენტის/საბუთის ნომრები, რომლებითაც უკვე გაყიდული ჰქონდა ხემასალა, კერძოდ: 2019 წლის 26 თებერვლიდან 2020 წლის 26 აგვისტომდე პერიოდში, მ. გ-ემ, შპს “შპს ბ---ის“ სახელით, დაამზადა და გამოიყენა ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლებითაც სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებზე გაასაღა 35356.02 ლარად ღირებული, 58.84 კუბ.მ. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და მის მიერ შეძენილი ქონება, რომლის მოპოვების დოკუმენტები საწარმოს არ გააჩნდა.
5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
Ш მსჯავრდებულ მ. გ-ის ადვოკატმა – ზ. ბ-ემ, რომელმაც მოითხოვა მ. გ-ის გამართლება;
Ш საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა – თეა ბერიძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; მ. გ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
§ მ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებებისათვის;
§ მ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 20 სექტემბრიდან.
7. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მ. გ-ეს მსჯავრად დაედო ყალბი საგადასახადო დოკუმენტისა და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
Ш მსჯავრდებულ მ. გ-ის ადვოკატმა – ზ. ბ-ემ, რომელიც ითხოვს მ. გ-ის გამართლებას;
Ш საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა – თეა ბერიძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; მ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი; წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
11. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს, ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. გ-ის ბრალეულობას მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „In dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
12. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, მ. გ-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.
13. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება მ. გ-ის, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებისათვის უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებასთან დაკავშირებით.
14. ამასთან, სასჯელთან მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მ. გ-ეს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.
15. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატის მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
16. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. გ-ის ადვოკატ ზ. ბ-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორ თეა ბერიძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
ლ. თევზაძე