საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100121004806177
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №134აპ-24 ქ. თბილისი
კ. ი. 134აპ-24 29 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. ფ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. კ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2017 წლის 25 აპრილს მოქმედი რედაქცია).
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქალაქ გ–ში, მ–ს ...ს N..-ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ი. კ–მა შურისძიების მოტივით, ნაჯახის გამოყენებით, მ. ქ–ს ეს თავის არეში მიაყენა ოთხი დაზიანება, მათ შორის, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რის შედეგადაც, მ. ქ–ს 2017 წლის 7 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენით ი. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 25 აპრილს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;
3.1. ი. კ–ს სასჯელის ვადა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან და სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო – 2017 წლის 25 აპრილი.
4. 2017 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქალაქ გ–ში, მ–ს ...ს N..-შიმდებარე, მის საცხოვრებელ სახლში, ი. კ–სმა შურისძიების მოტივით, ნაჯახის გამოყენებით, მ. ქ–ს თავის არეში მიაყენა დაზიანებები, მათ შორის, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რის შედეგადაც, მ. ქ–ს 2017 წლის 7 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. კ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. მ–მ. დაცვის მხარემ მოითხოვა ი. კ–ს უდანაშაულოდ ცნობა.
5.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის დაუშვებლად ცნობა, ხოლო დაშვების შემთხვევაში – უცვლელად დატოვება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ვ. ფ–მა, რომელიც ითხოვს ი. კ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
7.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის დაუშვებლად ცნობას, ხოლო დაშვების შემთხვევაში – უცვლელად დატოვებას.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე –იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ და მოითხოვა ი. კ–ს გამართლება, ვინაიდან იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში – მან ჩადენილი ქმედებით დაიცვა თავისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელსაც იმწუთიერი და რეალური საფრთხე ემუქრებოდა, ხოლო ბრალდების მხარემ შესაგებლით – დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, დაშვების შემთხვევაში კი – უცვლელად დატოვება. ამდენად, დავის საგანია საკითხის გარკვევა, ჩაიდინა თუ არა ი. კ–მა მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული – დანაშაული.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მოწმეთა, მათ შორის, მოწმე ლ. ლ–ს, ნ. გ–ს და მ. ლ–ს ჩვენებები, ექსპერტიზების, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები), რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი. კ–მა ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას მსჯავრდებულ ი. კ–სის უდანაშაულობის შესახებ, იმაზე მითითებით, რომ იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მ. ქ–ს ეს ნაჯახის გამოყენებით, თავის არეში მიაყენა დაზიანებები იმწუთიერი და რეალური საფრთხისაგან თავდაცვის მიზნით. ი. კ–სის სახლში, სავარაუდოდ, ქურდობის მიზნით შესულმა მ. ქ–მ , მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა მღვიძარე მსჯავრდებული, შეაგინა და ხელში მომარჯვებული საგანი (ე.წ. არმატურა) თავის მიმართულებით, ზევიდან ქვევით, მოუქნია, რა დროსაც ი. კ–მა მოასწრო მის გვერდით კედელზე მიყუდებული ცულის აღება და მისი ტარის მოქნეული საგნისათვის დახვედრება, თუმცა, ვინაიდან თავდამსხმელმა კიდევ რამდენჯერმე სცადა ხელთნაქონი საგნის თავში ჩარტყმა, ი. კ–მა ამჯერად აქტიური წინააღმდეგობა გაუწია, კერძოდ, ზემოდან ქვემოთ მოქნეულ (დაქნეულ) საგანს თავადაც მოუქნია ცული და მოარტყა ამ საგანს, რა დროსაც თავდამსხმელს საგანი ხელიდან გაუვარდა და ასხლეტით გადავარდა ეზოში, ხოლო თავდამსხმელი ბეტონის ნიადაგზე დაეცა. მხოლოდ ხმაურზე გაღვიძებული და მასთან მისული ოჯახის წევრების მიერ ანთებულ შუქზე დაინახა მსჯავრდებულმა, რომ თავდამსხმელი იყო მის მეზობლად, 100 მეტრში მცხოვრები, მ. ქ–ე. იგი დაბლა ეგდო და კეფიდან სისხლი მოსდიოდა.
11.1. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ: მ. ქ–ს დაზიანების ნაწილი ი. კ–სთან სიგარეტის სათხოვნელად მისვლისას უკვე ჰქონდა და იგი მ. ქ–ს ისათვის ი. კ–ს არ მიუყენებია; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ნაწილი, რომელიც შეეხება აღნიშნული დაზიანებების ხანდაზმულობას გაყალბებულია; ბრალდების მხარემ გაანადგურა ექსპერტების მიერ შემთხვევის ღამეს გადაღებული ფოტოსურათები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მ. ქ–ს ხელზე ეკეთა ხელთათმანი, რაც, თავის მხრივ, დაადასტურებდა მისი ვიზიტის მიზეზს – ქურდობის მცდელობას; ცულზე განზრახ გადაიტანეს ბიოლოგიური მასალა; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქუდი გაჭრეს მ. ქ–ს ისათვის თავზე არსებული დაზიანების ზომის შესაბამისად და სხვა.
12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების, წარმოდგენის და შუამდგომლობის დაყენების უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია – საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის რომელიმე პოზიციას/ვერსიას, არ არის წარმოდგენილი არც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის, კასატორის მტკიცების, რომ ყალბია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017წლის 25 აპრილის N....... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომ „დასკვნაში მითითებული თავის არეში მიყენებული დაზიანებების გარდა, ყველა სხვა დაზიანება ხანდაზმულობით გაცილებით ადრინდელია, ვიდრე 2017 წლის 25 აპრილს მიღებული დაზიანება თავის არეში”, - დასადასტურებლად, რაც სასამართლოს მისცემდა კასატორის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
13. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს შპს „გ–ს“ მიერ გაცემულ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათ N ..... ( გაცემის თარიღი და დრო: 25 აპრილი 2017წ., 04:39სთ), რომლითაც დგინდება, რომ მ. ქ–ს აღენიშნებოდა ნაპობი ჭრილობა სისხლმდენი თხემის არეში ზომით 8X1,5სმ. სისხლმდენი ნაკვეთი ჭრილობა ქვედა ყბის არეში მარჯვნივ ზომით დაახლოვებით 2,5X05, სისხლმდენი ჭრილობა ზედა ტუჩის არეში მარჯვნივ ზომით დაახლოვებით: 1,5X0,5სმ ( იხ. ტ. 1, ს.ფ. 76; 240-304). სასამართლო ასევე ითვალისწინებს რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა 2017 წლის 7 ივნისს (იხ. ტ.1, ს.ფ. 312) და მოწმე ი. ე–ს ჩვენებას.
13.1. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017წლის 25 აპრილის N.......... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას (და ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტის, - პ. ჯ–ს ჩვენებას), რომლითაც ასევე დგინდება, რომ მ. ქ–ს გვამზე არსებული ოთხივე დაზიანება მიყენებული იყო იზოლირებულად და მათი ერთჯერადი ქმედებით მიყენება შეუძლებელია.
14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2017 წლის 8 აგვისტოს დასკვნას (ტ.1, ს.ფ. 349-357), რომლითაც დადგინდა მათ შორის, რომ პაკეტში წარწერით „2.. რუხი ფერის ქუდი..“, მოთავსებულ პანამას ტიპის ქუდზე დეფექტის მიმდებარედ არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N..) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ. ქ–ს ეს (ობ. N..); ასევე ექსპერტ ქ. ქ–ს ჩვენებას და ექსპერტ ლ. კ–ს ჩვენებას ( ქუდზე მეტალიზაციის კვალის არარსებობის შესაძლო მიზეზების განმარტების შესახებ და ქიმიური ექსპერტიზის ჩატარების თარიღს); ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადგინდა, რომ მ. ქ–ს ის კუთვნილი ქუდის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი და შესაძლებელია წარმოქმნილიყო ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანით, ნაჯახით ან სხვა ანალოგიური თვისებების მქონე საგნის ზემოქმედებით; 2017 წლის 25 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რომლითაც მათ შორის ასევე დგინდება, რომ მამაკაცის რუხი ფერის ქუდს (რომელიც ამოღებული და დალუქული იქნა) აღენიშნებოდა ნაკვეთი დაზიანება (იხ. ტ.1. ს.ფ. 23).
15. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მ. ქ–ს ხელებზე ეკეთა ხელთათმანები, ხოლო ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმეს არ დაურთო აღნიშნულის ამსახველი ფოტოსურათები, სასამართლო ითვალისწინებს 2017წლის 25 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ( ტ.1. ს.ფ. 20-25) რომლის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებაში გამომძიებელთან (ა. ე–ი) ერთად მონაწილეობდნენ მსჯავრდებულის ძმა - მოწმე ი. კ–ი და ექსპერტ-კრიმინალისტი ა. ხ–ი. მოწმეს განემარტა უფლება დასწრებოდა გამომძიებლის ყველა მოქმედებას, გამოეთქვა შენიშვნა, დამატება ან შესწორება, რაც აისახებოდა ოქმში (აღნიშნულის განმარტების ფაქტი დასტურდება მოწმის ხელმოწერით), ხოლო ოქმზე რაიმე სახის დამატება/შენიშვნა მითითებული არ არის ( ამასთან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში საერთოდ არ არის საუბარი მ. ქ–ს სხეულის განლაგებაზე, მასზე დაზიანებების არსებობასა თუ სხვა დეტალებზე).
15.1. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს: მოწმე ზ. გ–ს ჩვენებას, ასევე 2017წლის 25 აპრილის ამოღების ოქმს, რომლის თანახმად, „გ-ს“’ მედდისგან - ნ. ხ–სგან ამოღებული იქნა მ. ქ–ს ის ტანსაცმელი და ნივთები, რომელთა შორის იყო ხელთათმანები ( რომლებიც გარედან არის სტაფილოსფერი და აღენიშნებოდა ლაქები) და დანა.
15.2. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2017 წლის 8 აგვისტოს დასკვნის (ტ.1, ს.ფ. 349-357) თანახმად, ხელთათმანებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები ( ობ. 15-17) წარმოადგენს სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ. ქ–ს ეს. ამასთან, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019წლის 30 ოქტომბრის დასკვნის თანახმად, აღნიშნულ ხელთათმანებზე მეტალიზაციის კვალი არ დაფიქსირდა (ტ.2, ს.ფ. 131). იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს რომ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2017 წლის 8 აგვისტოს დასკვნის (ტ.1, ს.ფ. 349-357) თანახმად, ი. კ-სგან ამოღებულ დანის (დანა ამოღებული იქნა ი. კ–სგან, მათი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში მდგარი მაგიდიდან 2017წლის 25 აპრილს. იხ. ტ.1, ს.ფ. 60-63) პირის წვერზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N..) წარმოადგენს სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ. ქ–ს , ასევე „ დანის ქარქაშზე ( ობ. N..) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ. ქ–ს “.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულმა ი. კ–მა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ისარგებლა კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით, ხოლო მისმა ოჯახის წევრებმა, კერძოდ: ნ. კ–მ, ი. კ–მ და ე. კ–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და უარი თქვეს ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
17. ამ პირობებში კი, მოვლენათა განვითარების სხვაგვარი ვერსია (მათ შორის, რასაც კასატორი საჩივარში უთითებს) სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
18. კასატორის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ( თუ მსჯავრდებულთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც ურტყამდნენ წიხლებს დაზარალეულს და სიკვდილის პირას მიიყვანეს, რატომ ყველანი არ იქნენ მიცემულნი სისხლის სამართლის პასუხისგებაში), სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტაცია (მათ შორის სს საქმეში წარმოდგენილი სსიპ 112-დან გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმის და აუდიო ჩანაწერების გათვალისწინებითაც) არ მიუთითებს მსჯავრდებულის უდანაშაულობაზე მისთვის შერაცხულ დანაშაულში.
19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ასევე ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
21. სასამართლო ითვალისწინებს რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება და სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011), არამედ გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, no. 15256/05, § 103, ECtHR, 21/06/2016; Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, ECtHR, 21/07/2015) ). ამასთანავე იმის განსაზღვრისას, საჭიროებდნენ თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების არგუმენტები იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა .. სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, no 21447/11, no. 35839/11, §69, ECtHR, 27/02/2020).
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, ვინაიდან, მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად“ (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
23. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. ხოლო საქმის მასალების შესწავლით არ დგინდება არც: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ვ. ფ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი