საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100122005846521
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №335აპ-24 9 ივლისი, 2024 წელი
კ–ა თ., №335აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძისა და მსჯავრდებულ თ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ს–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. კ–ს (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის იანვრის თვიდან თ. კ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს – ა. ა–ს, აგინებდა და ლანძღავდა მას. 2022 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ–ში, ს–ს ქუჩაზე, კორპუსი N.., ბინა N..-ში საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკების დროს თ. კ–სმ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით თავდაპირველად, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ა. ა–ს, ხოლო შემდეგ იძალადა მასზე, კერძოდ, თავდაპირველად შეაგინა, მარცხენა ხელით სწვდა თმაში, მოქაჩა, მარჯვენა ხელის მუშტი რამდენჯერმე დაარტყა ზურგის არეში, შემდეგ მარჯვენა მკლავში მოჰკიდა ხელი და თავის, სახის და ტანის არეში რამდენჯერე დაარტყა მუშტი.
თ. კ–ს მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
1.3. 2022 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ–ში, ს–ს ქუჩაზე, კორპუსი N.., ბინა N..-ში, მას შედეგ, რაც თ. კ–სმ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა მეუღლის – ა. ა–ს მიმართ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, რომ ყელს გამოჭრიდა და საკუთარ სისხლში აბანავებდა შვილის თანდასწრებით რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით თ. კ–ს დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა. ასევე, თ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან ამოურიცხა სისტემატური შეურაცხყოფისა და არასრულწლოვნის თანდასწრებით ქმედების ჩადენა და სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. კ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ–ში, ს–ს ქუჩაზე, კორპუსი N.., ბინა N..-ში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკების დროს თ. კ–მ, მეუღლე ა. ა–ზე განახორციელა ძალადობა, კერძოდ, სახის და ტანის არეში რამდენჯერმე დაარტყა. თ. კ–ს მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენით თ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
თ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
თ. კ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ლაშა გამყრელიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, თ. კ–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თ. კ–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად უდანაშაულოდ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენით თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძისა და მსჯავრდებულ თ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ს–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 20 თებერვალს, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, თ. კ–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. 2024 წლის 20 მარტს, მსჯავრდებულ თ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ს–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორის, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი თ. კ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით გამართლების და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირების ნაწილში უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა თ. კ–ს ბრალეულობა. საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს წარდგენილი ბრალდების თითოეულ ეპიზოდს. მართალია, დაზარალებულმა ა. ა–მ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება, არ მიეცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, თუმცა საქმეში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა – თ. მ–ს, რ. ე–ს, ა. კ–ს, თ. ფ–ს, . მე–ს, შ. ჩ–ს, მ. მ–ს, ა.ა წ–ს ჩვენებებით, ასევე შემაკავებელი ორდერითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული თ. კ–ს მიმართ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი. ოჯახური ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულები ლატენტური ბუნებისაა, შესაბამისად, არ ახასიათებს მოწმეთა სიმრავლე, ვინაიდან არ სცდება პირად სივრცეს, ეს ყველაფერი კი არ უნდა ტოვებდეს დამნაშავის დაუსჯელობის მოლოდინს. სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება მსხვერპლის უფლებები ეფექტურად იქნას დაცული, ამასთან უნდა არსებობდეს სხვა მექანიზმები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს მართლმსაჯულებას, ირიბ მტკიცებულებზე დაყრდნობით, რეაგირების გარეშე არ დატოვოს ჩადენილი დანაშაული და დამნაშავემ კანონის წინაშე აგოს პასუხი.
4.2. კასატორის, მსჯავრდებულ თ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ს–ს პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენი უკანონია, ვინაიდან თ. კ–ს მსჯავრდება ეფუძნება ა. ა–სს განცხადებას, რომლითაც ის უთითებს, რომ მეუღლემ – თ. კ–მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გამომძიებლების – რ. ე–ის და ა. კ–ს ჩვენებებს, შემაკავებელ ორდერს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და დასკვნის გამცემი ექსპერტის ჩვენებას. ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება არის ირიბი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. პალატამ გაიზიარა მოსაზრება, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მართალია, დგინდება დაზიანებათა არსებობა დაზარალებულის სხეულზე, თუმცა იგი ვერ ადგენს, თუ ვინ მიაყენა აღნიშნული დაზიანებები გამოსაკვლევ პირს, თუმცა ამასთანავე აღნიშნა, რომ მითითებული დაზიანებების ლოკალიზაცია ემთხვევა დაზარალებულის მიერ სხვადასხვა მტკიცებულებაში აღწერილ ძალადობის გარემოებებს, ასევე, მოწმეთა თვალით დაზარალებულის სხეულზე ხილულ დაზიანებებს. ხოლო მათი წარმოშობის ალტერნატიულ წყაროზე დაცვის მხარეს არ მიუთითებია, რაც მტკიცების ტვირთის დაცვის მხარეზე გადმოტანაა. სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე უდავოა, რომ არ არის წარმოდგენილი საქმესთან დაკავშირებული, არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც განიხილებოდა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობად. ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის სავალდებულო, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ არის დაკმაყოფილებული.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს თ. კ–ს ბრალეულობას ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის ვერსიას თ. კ–ს სრულად უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
5.4. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ დაზარალებული და მსჯავრდებული არიან ოჯახის წევრები, კერძოდ, მეუღლეები.
5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თ. კ–ს უდანაშაულობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან დაზარალებულმა ა. ა–მ უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში არ მოიპოვება არცერთი უტყუარი მტკიცებულება და განაჩენი ემყარება ვარაუდებს. მართალია, დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს თ. კ–სს ბრალეულობას.
5.6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ კანონით მინიჭებული ზემოხსენებული უფლებით სარგებლობის პირობებში სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი უკან დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს. აღნიშნული დასკვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, კერძოდ, 2020 წლის 13 თებერვლის N766აპ-19 განჩინებაში სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან უფლების რეალიზება არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე (მაგ. გამოკითხვის ოქმში) მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას და არ ადასტურებს დანაშაულებრივი ქმედების არარსებობას... ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე.
5.7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება საააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით – მოწმეების თ. მ-ს, რ. ე–ს, ა. კ–ს ჩვენებებით, სამედიცინო სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, შემაკავებელი ორდერითა და თანდართული ოქმით, უტყუარად დასტურდება თ. კ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
5.8. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს დაცვის მხარის მიერ საჩივარში მითითებულ მტკიცებულებებზე, და ამ მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ: კასატორის პოზიციით, თ. კ–სთვის ბრალადშერაცხილი ოჯახში ძალადობის ეპიზოდი, რომელშიც მსჯავრდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი არ დასტურდება, არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით და გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე გაჩენილ ეჭვებსა და ვარაუდებს. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ამგვარ განმარტებას, ვინაიდან სასამართლო მტკიცებულებებს არ აფასებს განყენებულად, პირიქით, ერთობლივი ანალიზის შედეგად ადგენს ფაქტობრივ გარემოებებს და შესაბამისად, მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი თითოეული მნიშვნელოვანი გარემოება დასტურდება სხვადასხვა მტკიცებულების შინაარსობრივი ანალიზით, რომლითაც დანაშაულის განვითარების ლოგიკური ჯაჭვი და მიმდინარეობა არ დაკარგულა.
5.9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის მითითებას, რომ ბრალდების მხარემ თ. კ–ს ბრალეულობის დასამტკიცებლად სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა და აღნიშნავს, რომ მსჯავრადშერაცხილი ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ, მოწმეთა ჩვენებების გარდა, რომელთა უტყუარობაზეც სააპელაციო სასამართლომ უკვე იმსჯელა, სასამართლოს წარმოუდგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 13 მაისის N........... სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 2 მაისის N......... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ა. ა–ს მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი.
5.10. ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად თანხვდება მოწმეების – თ. მ–ს, რ. ე–სა და ა. კ–ს ჩვენებებს. მოწმეები გადმოცემენ შემთხვევის დღეს დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ადასტურებენ მის სახესა და სხეულზე ხილული დაზიანებების არსებობას და ამ დაზიანებების თ. კ–ს მიერ მიყენების ფაქტს. მართალია, აღნიშნული მტკიცებულებები დაზარალებულის მიმართ ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად ან უარსაყოფად ვერ გამოდგება, რადგან არის ირიბი – ემყარება სწორედ დაზარალებულის მონათხრობს, თუმცა ძალადობის შედეგად მსხვერპლის მძიმე ემოციურ მდგომარეობასთან და ხილულ დაზიანებებთან მიმართებით – არის პირდაპირი, რაც შესაძლოა, საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
5.11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.12. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ საკითხის შეფასება და გადაწყვეტა – ესა თუ ის მტკიცებულება წარმოადგენს თუ არა პირდაპირ ან არაპირდაპირ მტკიცებულებას, ანდა უტყუარად ცნობილი მტკიცებულებების ერთობილობა საკმარისია თუ არა გადაწყვეტილების მისაღებად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უნდა მოხდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევისადმი ინდივიდუალური მიდგომით, კონკრეტული ფაქტების, გარემოებებისა და მომხდარი შემთხვევის კონტექსტის გათვალისწინებით. მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას ნებისმიერი შემთხვევისათვის მხოლოდ ზოგადი ნორმატიული მოთხოვნებია სავალდებულო, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს დაცული, მაგრამ კონკრეტული შემთხვევის განხილვისას ცალკეული მტკიცებულებისა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობის სტატუსის განსაზღვრა მთლიანად სასამართლო შეფასების საკითხია, ისევე, როგორც ეს ხდება მტკიცებულების უტყუარობის შეფასებისას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი, საქმე №346აპ-19).
5.13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის, დაცვის მხარის არგუმენტს, რომ თითქოს, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო მხოლოდ დაზარალებულის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაცია, ვინაიდან საქმეში ასევე არსებობს სხვა, სარწმუნო, ობიექტური მტკიცებულებები, რომლებშიც დეტალურად არის აღწერილი ის დაზიანებები, რომლებიც მსჯავრდებულმა ძალადობრივი ქმედებით მიაყენა დაზარალებულს.
5.14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულება, ფაქტი ან მონაცემი, რომელიც შეიძლება საფუძველი გახდეს გონივრული ეჭვისთვის, რათა დაზარალებულს შესაძლოა, დაზიანებები მიეღო სრულიად სხვა ვითარებაში, სხვა დროს, სხვა პირისგან და არა – მსჯავრდებულის მიერ მის მიმართ ჩადენილი ქმედებების შედეგად.
5.15. რაც შეეხება, ბრალდების მხარის პოზიციას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით მეუღლის მიმართ 2022 წლის იანვრის თვიდან სისტემატური შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განხორციელებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში ვერ დადასტურდა თ. კ–ს მიერ ა. ა–ზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი არასრულწლოვნის თანდასწრებით.
5.16. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, პუნქტი 4.1.2.)
5.17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების შესაბამისად, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე თ. კ–ს ედავება მეუღლის – ა. ა–ს სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტს. თუმცა ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2022 წლის იანვრის თვიდან თ. კ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს, აგინებდა და ლანძღავდა მას. ბრალდების შესახებ დადგენილება არ შეიცავს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერას, კერძოდ, როდის, რა ვითარებაში და რა ინტენსივობით გამოიხატებოდა თ. კ–ს მიერ ა. ა–ზე შესაძლო სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტები. მხოლოდ ზოგადი მითითება შეუძლებელს ხდის დადასტურებულ იქნეს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებშიც ქმედებას ჰქონდა ადგილი.
5.18. ამასთან, საკასაციო პალატას, ასევე მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში ვერ დადასტურდა თ. კ–ს მიერ ა. ა–ზე შესაძლო სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი. მტკიცებულებები, მათ შორის, შემაკავებელი ორდერი და მისი თანდართული ოქმი, ბრალდების ამ ეპიზოდთან მიმართებით, შეიცავს მწირ ინფორმაციას, რომელიც ვერ გამოდგება ბრალდების ამ ეპიზოდის დასადასტურებლად, ამასთან, ასეთის რეალურად არსებობის შემთხვევაშიც, არცერთი მტკიცებულება არ შეიცავს ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც სუბიექტური ტესტით შესაძლებელს გახდიდა დადგენილიყო, რომ ა. ა–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია.
5.19. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება თ. კ–ს მიერ ა. ა–ს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის, 2022 წლის 22 აპრილს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი არასრულწლოვნის თანდასწრებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა თ. კ–ს სასარგებლოდ.
5.20. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.22. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძისა და მსჯავრდებულ თ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. ს–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე