საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100122005952622
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №374აპ-24 ქ. თბილისი
ზ. ხ. 374აპ-24 1 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
ხ. ზ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2022 წლის 26 მაისს, ღამის საათებში, ქ.ბ–ში, ...........ის ქუჩა N.., ბინა N..-ში ხ. ზ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჰ. ი–ს, კერძოდ, ძლიერად უჭერდა ხელებს ყელში, სახეში გააწნა სილა, უკბინა მარჯვენა იღლიის მიმდებარედ და კეფის მიდამოში მოუჭირა ხელი, რა დროსაც ჰ. ი–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენით:
3.1. ხ. ზ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. გამართლებულ ხ. ზ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ და მოითხოვა ხ. ზ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
4.1. გამართლებულ ხ. ზ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ე. მ–მ მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე ალექსანდრე ძირკვაძე ითხოვს ხ. ზ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ხ. ზ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-77).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ ხ. ზ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ხ. ზ–ს ბრალად ედება ჰ. ი–ს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
11.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ცემა გულისხმობს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ცემად ვერ შეფასდება ერთი დარტყმა, თუნდაც მან ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს. ერთჯერადი დარტყმა უნდა ჩაითვალოს სხვაგვარ ძალადობად, რაც მართალია არ ცვლის ქმედების კვალიფიკაციას (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლი), თუმცა ცვლის ბრალდების ფორმულირებას.
12. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ჰ. ი–ს ჩვენებას, რომელმაც სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ 2022 წლის 26 მაისს ხ. ზ–თან მოუვიდა კონფლიქტი, ეჩხუბა მას, ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო შემდეგ მოხდა „შეჯახება“, რაშიც გულისხმობს ჩხუბს. კერძოდ, ხ. ზ–მა ჰკრა ხელი და დაეცა, რადგან იყო მთვრალი, შემდეგ ლოყაზე მიარტყა ხელი და სახლიდან კი არ გააგდო, არამედ გაიყვანა და ამით დასრულდა ყველაფერი; საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე პროკურორის მიერ ჩვენების ნაწილის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ დაზარალებულმა მიუთითა, რომ ადასტურებს გამოძიების დროს მიცემული ჩვენების (ბრალდებულმა უკბინა იღლიის ქვეშ, ხოლო როცა გაყავდა სახლიდან, ხელი მოჰკიდა ყელში, არ ახსოვს რომელი ხელი მიარტყა სახეში ბრალდებულმა, რაც იყო მტკივნეული) სისწორეს. ხოლო დაცვის მხარის კითხვებზე განმარტა, რომ მასსა და ბრალდებულს შორის დაიწყო კონფლიქტი, რა დროსაც ერთმანეთს მიარტყეს ხელი, თუმცა ცემას არ ჰქონია ადგილი. ხ. ზ–მა ხელი ჰკრა და წაიქცა და თავი იგრძნო დამცირებულად.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეთა: ი. თ–სა და მ. ზ–ს გამოკითხვის ოქმები პირდაპირია იმ ნაწილში, რაც მათ საკუთარი თვალით იხილეს (დაზარალებულის ემოციური მდგომარეობა შეტყობინებიდან მცირე დროში შემთხვევის ადგილზე მისვლისას - ჰ. ი–ი იყო ძალიან აღელვებული, შეშინებული, ის ძალიან ნერვიულობდა და ტიროდა).
13.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. თ–სა (ინსპექტორ-გამომძიებელი) და მ. ზ–ს (ინსპექტორ-გამომძიებელი) გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია, რომელიც შეეხება დაზარალებულის მონათხრობს მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ვინაიდან, ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი, არ შესწრებიან ფიზიკური ძალადობის ფაქტს, მათთვის ჰ. ი–ს მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცნობილი გახდა დაზარალებულისგან, შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 1 ივნისის N... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტ თ. გ-ს ჩვენებას. ექსპერტის განმარტებით ჰ. ი–ს სხეულზე კბენის კვალი არ აღენიშნებოდა, ამასთან, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების ნაწილი ეწინააღმდეგება, ხოლო ნაწილი არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
15. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ N......... შემაკავებელ ორდერთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სავარაუდო ძალადობის ფაბულაში მითითებულია მხოლოდ ხ. ზ–ს მიერ ჰ. ი–ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, ხოლო შემაკავებელი ორდერის ოქმის მე-12 პუნქტში კითხვაზე პასუხად მითითებულია, რომ მოძალადემ მსხვერპლს 2022 წლის 26 მაისს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; ხოლო მე-15 პუნქტში – რომ მსხვერპლის განმარტებით მოძალადემ მას მოუჭირა ყელში ხელი, რა დროსაც მსხვერპლმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
15.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ხ. ზ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედების (ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჰ. ი–ს, კერძოდ, ძლიერად უჭერდა ხელებს ყელში, სახეში გააწნა სილა, უკბინა მარჯვენა იღლიის მიმდებარედ და კეფის მიდამოში მოუჭირა ხელი, რა დროსაც ჰ. ი–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი) სამტკიცებლად, მოცემული შემაკავებელი ორდერი შეიცავს მწირ ინფორმაციას (მასში მითითებულია მხოლოდ ყელში წაჭერის ფაქტზე).
16. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულ ჰ. ი–სის ჩვენება, ერთი მხრივ, წინააღმდეგობრივი და არათანმიმდევრულია შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების, იქ მყოფი პირებისა და მათი ქმედებების შესახებ გამოძიების ეტაპზე მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციასთან, ხოლო მეორე მხრივ ასევე ეწინააღმდეგება შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმე გ. ა–სა (ხ. ზ–სა და ჰ. ი–ს შელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც ჰ–მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ხ. ზ–ს და სახეში გაარტყა ხელი. ამის შემდეგ ხ. ზ–მმა თმებში ჩაავლო ხელი ჰ–ას და გაიყვანა სახლიდან, რის შემდეგ მიხურა კარები) და გამართლებულ ხ. ზ–ს ჩვენებებს(ჰ–სთან სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ სთხოვა ჰ–ას რომ დაეტოვებინა სახლი, აღნიშნულზე ჰ–მ გაშლილი ხელი დაარტყა სახეში და განაგრძობდა მის შეურაცხყოფას. ჰ–ს ძალით სახლიდან გაყვანის დროს ერთი ხელით გამოაღო კარები, ხოლო მეორე ხელი მიდებული ჰქონდა ჰ–ას კეფაზე, თმებზე, რომ არ წაქცეულიყო, რადგან იგი აწვებოდა ზურგით. ამ დროს ჰ–ა არ წაქცეულა, არანაირი დაზიანება არ მიუღია მას და როგორც კი ჰ–ა აღმოჩნდა მისი კარების ზღურბლს მიღმა, მოხურა კარები).
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ხ. ზ–ს მიერ ჰ. ი–სათვის თმებში ხელის ჩავლების ფაქტი, ერთი მხრივ არ დგინდება (დაზარალებულიც არ უთითებს), რომ სწორედ აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება და იმავდროულად, - ბრალდების მხარე ხ. ზ–ს ედავება ცემას და არა სხვაგვარი ძალადობის ჩადენას.
17.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №230აპ–13 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.1.2.; 2022 წლის 12 სექტემბრის №781აპ-22 განჩინება; 2022 წლის 7 სექტემბრის №748აპ-22 განჩინება).
18. შესაბამისად, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ხ. ზ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის – ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია – ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე – ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ ვასაძე