ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123006907269
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№765აპ-24 4 ოქტომბერი, 2024 წელი
ი. შ, 765აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:
1.1. 2022 წლის 29 დეკემბერს, ღამით, თ-ი, ქ. ჭ-ს ქუჩის N- კორპუსის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლ. გ-მ, გ. გ-ა და გ. კ-ნ ერთად, ხელ-ფეხის სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით, ჯგუფურად სცემეს ა. ლ-ს, რის შემდგომაც ამ უკანასკნელის გაქცევის მცდელობის მიუხედევად, თ–ი, ბ. ჭ--ს ქუჩის N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. გ--მ მის ხელთ არსებული ცივი იარაღის მრავალჯერადი დარტყმით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცხრა ჭრილობა მიაყენა ა. ლ--ს, რომელთაგან ერთი გულმკერდის ღრუშია შემავალი და სიცოცხლისათვის სახიფათო, თუმცა, ლ. გ-მ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, თავისი განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
1.2. 2022 წლის 29 დეკემბერს, ღამით, თ-ი, ბ. ჭ-ს ქუჩის N..- კორპუსის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლ. გ-მ, გ. გ-ა და გ. კ-ნ ერთად, ხელ-ფეხის სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმის შედეგად, ჯგუფურად სცემეს ა. ლ-ს, რის შემდეგაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ უკანასკნელის გაქცევის მცდელობის მიუხედავად, თ-ი, ბ. ჭ-ს ქუჩის N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელმეორედ, გ. კ--ა ხელ-ფეხის რამდენჯერმე დარტყმით, გ. გ-ნ, ლ. გ-სა და შ. ი--ნ ერთად, ა. ლ-ს სცემეს ჯგუფურად, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენით:
2.1. გ. კ-ი, დაბადებული --- წლის ... ნოემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა აეთვალა 2023 წლის 8 ნოემბრიდან.
გ. კ–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო 2023 წლის 17 იანვრიდან 2023 წლის 19 იანვრის ჩათვლით.
2.2. შ. ი. დაბადებული ... წლის ... იანვარს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვით, რომლის მოხდა აეთვალა 2023 წლის 8 ნოემბრიდან.
შ. ი-ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო 2023 წლის 9 იანვრიდან 2023 წლის 11 იანვრის ჩათვლით.
2.3. გ. გ–ი, დაბადებული .. წლის 19 მარტს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა აეთვალა 2023 წლის 8 ნოემბრიდან.
გ. გ. მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო 2023 წლის 9 იანვრიდან 2023 წლის 11 იანვრის ჩათვლით.
2.4. ლ. გ. დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ნაწილში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ლ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან 2023 წლის 13 თებერვლიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განაჩენით:
3.1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილისა და მსჯავრდებულების ლ. გ-ს, შ. ი--ს, გ. კ-ისა და გ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ზ. ბ-ს, მ. ზ-ს, ხ. ა-ა და გ. ღ--ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი – პროკურორი ზურა ბაიდოშვილი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ლ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას; აგრეთვე, მსჯავრდებულების შ. ი-ს, გ. კ-ის, გ. გ-ისა და ლ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ნაწილში უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ლ. გ-ს ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ლ. გ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილია უტყუარი სახის მტკიცებულებითი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. პროკურორი აგრეთვე აღნიშნავს, რომ გ. კ-ის, ლ. გ--ს, გ. გ-ისა და შ. ი-ს მიმართ დანიშნული სასჯელი მათ მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს არ შეესაბამება.
5. მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ა-ა საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გ. კ–ის ნაწილში უცვლელად დატოვება.
5.1. შესაგებელში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი, რადგან გამოტანილია კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ხოლო სასჯელი არის სამართლიანი და მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება:
2. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ითხოვს ლ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას; აგრეთვე, მსჯავრდებულების – შ. ი--ს, გ. კ-ის, გ. გ–ისა და ლ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ნაწილში უფრო მკაცრი სასჯელის მისჯას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარეს საკასაციო საჩივარი სასამართლოში არ წარმოუდგენია.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ის მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა (კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და საგამოძიებო მოქმედების ოქმები), გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით ადასტურებს, მსჯავრდებულების – გ. კ–ის, შ. ი-ს, გ. გ–ისა და ლ. გ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ლ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით მსჯავრდებისათვის კი საკმარისი არ არის, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულმა – ა. ლ-მ ჩვენებაში დაადასტურა, რომ 2022 წლის 29 დეკემბერს ღამით, საკუთარ ძაღლთან ერთად სეირნობდა უბანში (ქ. ჭ-ს ქუჩის N..- კორპუსის მიმდებარედ, სტადიონის ტერიტორიაზე). მისთვის უცნობმა მამაკაცმა სთხოვა სიგარეტი. მისცა, მაგრამ სახეზე არ დაუნახავს, ვინაიდან ღამე იყო. შემდეგ გაემართა იქვე მდებარე მაღაზიისაკენ, რა დროსაც, სამ-ოთხ ბიჭთან მოუვიდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ იცნობს ბრალდებულებს, კონკრეტულად, ლ. გ--ს, რომელიც მისი მეზობელია. დაზარალებულის მონაწილეობით დათვალიერდა ვიდეოჩანაწერი, სადაც საკუთარი თავი ამოიცნო, ხოლო შემდგომ განვითარებულ მოვლენებსა და პიროვნებებთან დაკავშირებით, განმარტა, რომ სავარაუდოდ, ჩხუბობენ, მაგრამ ზუსტად არ იცის, რა მოხდა. არაფერი ახსოვს. დაზარალებულმა უარყო საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას მის მიერ აღწერილი გარემოებები და გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. განაცხადა, რომ მეუღლისათვის მას არ უთქვამს, რომ ლ. გ-მ დაჭრა.
5. დაზარალებულის მეუღლის, მოწმე ქ. ყ-ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ა. ლ. გასული იყო სასეირნოდ. მოგვიანებით, ჩაძინებული შვილმა გააღვიძა და უთხრა, ,,მამას ურტყამენო.“ მათი სახლიდან კარგად ჩანდა სტადიონის ტერიტორია, სადაც მოწმემ დაინახა, რომ მისი მეუღლე სტადიონზე იწვა. ასევე შორიდან გაიგო გინების ხმა. ბინიდან ჩასულმა დაინახა, რომ მის მეუღლეს ჰქონდა სისხლის ლაქები. გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მოგვიანებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა. ლ. იყო დაჭრილი. მოწმემ განმარტა, რომ როგორც მეუღლისგან იცის, ლ. გ-მ სიგარეტი სთხოვა და მოიკითხა, რა დროსაც ა. ლ-მ უთხრა, რომ არ იყო კარგ განწყობაზე. მან სიგარეტი მიაწოდა, რა დროსაც მიღებული პასუხით უკმაყოფილო ლ. გ-მ მის მეუღლეს ,,გაყოლა“ სთხოვა. იქვე გადავიდნენ გზაზე, სხვა ბიჭებთან ერთად, ვისაც ზუსტად არ იცნობდა მისი მეუღლე. მოგვიანებით, მისთვის ცნობილი გახდა იქ მყოფი სხვა პირთა ვინაობა. ვინ ვის დაარტყა, ან რა დაარტყა, ამის თაობაზე მის მეუღლეს არ უსაუბრია.
6. მოწმე გ. ღ-მ ჩვენებაში დაადასტურა, რომ 2022 წლის 28 ან 29 დეკემბერს, თარიღი ზუსტად არ ახსოვს, ღამის სამ საათზე მისი მეგობარი და ნათესავი შ. ი- დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ ჩხუბი მოუვიდა და მისულიყო მასთან. ვინაიდან, შ--ს ხელიდან მოსდიოდა სისხლი, წაიყვანა ,,ა--“-ს კლინიკაში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით. მოწმის განცხადებით, ამის შემდგომ ლ. გ, გ. გ-ი, გ. კი და შ. ი. საკუთარი მანქანით წაიყვანა კ-ში, ს-ს რაიონში, სადაც ისინი დატოვა და თავად და შ. ი. უკან დაბრუნდნენ.
7. მ. გ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ მისი შვილი ლ. გ. 2022 წლის 29 დეკემბერს, საღამოს (დაახლოებით, საღამოს 9 საათზე), არ იმყოფებოდა სახლში. ლ. გ. ასევე სახლში არ იმყოფებოდა, როდესაც დაახლოებით, ღამის სამ საათზე პოლიცია გასაჩხრეკად მივიდა. მოწმის განმარტებით, როგორც მისთვის ცნობილია, დაზარალებული და ლ--- ერთმანეთში შელაპარაკდნენ. დაზარალებულს ვინ მიაყენა ჭრილობები არ იცის.
8. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად (რომელიც ვრცლად მიმოხილულია სააპელაციო სასამართლოს განაჩენში):
ა. ლ-მ მიუთითა პიროვნებაზე და აღნიშნა, რომ არის თვითონ, რომელიც ძაღლს ასეირნებს. მას წინ პირისპირ ეღობება ლ. გ, რის შემდგომაც, ჯერ ა. ლ. და ლ. გ. მიდიან მარცხენა მხარეს, ხოლო შემდეგ მათ უკან მიჰყვებიან 01:32 წუთზე გ. გ–ი და გ. კ–ი. 01:33 წუთზე კადრში მარცხენა მხრიდან შემოდის ა. ლ. ძაღლთან ერთად, იგივე ტანსაცმლით და ჩქარი ნაბიჯით მიემართება მარცხენა მხარეს საავტომობილო გზის მიმართულებით. 01:34 წუთზე მას ჩქარი ნაბიჯით მიჰყვება იგივე ტრაექტორიით ლ. გ-, შემდეგ მოდის რამდენიმე წამში იგივე ტრაექტორიით გ.კ-–ი, რომელიც უკან ტრიალდება და ხელით საუბრობს, მას უკან მოჰყვება ახალგაზრდა მამაკაცი მუქი ტანსაცმლით, გრძელი კაპიუშონიანი ქურთუკით, ღია ფეხსაცმლით, რომელსაც მარჯვენა ხელით უკავია პატარა ბავშვი, რომელიც ფეხით დადის, ხოლო ბოლოში კი იგივე ტრაექტორიით მოდის გ. გ–ი. ყველანი მიემართებიან საავტომობილო გზის მხარეს. ვიდეოჩანაწერში მეოთხე მამაკაცი, როგორც ა. ლ-მ აღნიშნა, არის შ. ი-, რომელიც ბავშვთან ერთად გადაადგილდება.
მეორე ვიდეოჩანაწერში, ა. ლ. ძაღლთან ერთად ტრიალდება უკან, ხელს იქნევს უკანა მიმართულებით, ძაღლთან ერთად კვეთს ქუჩას და გადადის გზაზე. მას უკან იგივე ტრაექტორიით მიჰყვება ლ. გ, ისიც გადადის გზაზე და კვეთს ქუჩას, მიემართება ა. ლ-ს მიმართულებით. იგივე დროს, 01:35 წუთზე, იგივე ადგილიდან გამოდიან და იგივე ტრაექტორიით მიემართებიან პირველი გ. კ-ი, შემდეგ შ. ი-- ბავშვთან ერთად, სადაც გაჩერების მიმდებარედ, მას ბავშვი შორდება და მარტო გადაადგილდება ქუჩის მეორე მხარის მიმართულებით.
შპს ,,კ-წ“ ობიექტში არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერით: გ. კ--ი და ლ გ. იწევენ ა. ლ-სკენ, რომელიც ორივესკენ იქნევს ხელს, იგერიებს, გ. კ-–ი ურტყავს სახის არეში, ლ. გ. ხელსა და ფეხს ურტყავს. ამასობაში გზაზე გადმოდის ორი პირი, ორი მამაკაცი ერთი მაღალი გრძელი ქურთუკით თეთრი ფეხსაცმელით, ღია კაპიუშონით, ა. ლ-ს განმარტებით, ის არის გ. გ-–ი, მეორე კი გრძელი ქურთუკით ღია ფერის ფეხსაცმლით, კაპიუშონით მამაკაცი ა. ლ-ს განმარტებით, ის არის შ ი-. ოთხივენი ა. ლ--ს ურტყავენ ხელებს, მოჩანს მოზრდილი ქვაც, რომელსაც ისვრის, ერთ-ერთი მათგანი და ვარდება ასფალტზე. ლ. გ-ს თავიდანვე უჩანს, ხელში უჭირავს გარკვეული საგანი, რომელიც ირეკლავს შუქს, სავარაუდოდ, მეტალისაა. ოთხივეს შემოტევებისას და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისას, ა. ლ. უკან ტრიალდება და გარბის ზემოთა მხარეს. მას უკან მისდევს ლ. გ, გ. გ–ი, გ. კ-–ი და შ. ი.
10:40 საათზე ჩანს ა. ლ. და მასზე ძალადობის ფაქტი.
9. 2023 წლის 9 მარტის N--- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სს „---“-ს, ივ. ბ--ს სახელობის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N16216/A-დან, მოქ. ა. ლ. აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 29.12.2022წ. 02:02 სთ. (გაეწერა 04.01.23წ. 12:00სთ) სადაც დაესვა: სკალპის ღია ჭრილობა, გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰემოპნევმოთორაქსი, ფილტვის ტრავმა, მუცლის წინა კედლის მრავლობითი ჭრილობები, გულმკერდის წინა და უკანა კედლის, ღვიძლის ტრავმა (ფორმა N100-ში: სკალპის ღია ჭრილობა, გულმკერდის წინა კედლის ღია ჭრილობა, ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, ფილტვის სხვა ტრავმები, მუცლის კედლის ღია ჭრილობა, ბარძაყის ღია ჭრილობა, ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის ტრავმა, ღვიძლის ტრავმული ჰემატომა); დასკვნაში აღწერლია მრავლობითი ჭრილობები და ექსკორციები. მათგან ზურგის ნაწილში მარჯვენა სკაპელარულ ხაზზე, გულმკერდის მარცხენა ნახევარში, წინა აქსილარულ ხაზსა და მარჯვენა ფერდქვეშ არსებული ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და ერთობლივად მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.
10. ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--- დასკვნის თანახმად, „ა. ლ-ს“ წარმოდგენილი ტანსაცმლიდან ქურთუკს, ჯემპრს, სვიტერს, მაისურს, შარვალს, შარვალ-საცვალს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში აღენიშნება ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით მიყენებული დაზიანებები. ქურთუკს ასევე აღენიშნება მექანიკური ზემოქმედების შედეგად, რღვევით განვითარებული დაზიანება, ხასიათდება მორფოლოგიით მყარ (ხორკლიან) ზედაპირთან დინამიური კონტაქტირებისათვის დამახასიათებელი კვლებით და განიცდის ფასონური ელემენტის ნაკლებობას, რომელიც არღვეულია დაკერების მიდამოდან. ტრუსს, ქუდს, ცხვირსახოცს, ორ წყვილ წინდას, ერთ წყვილ ფეხსაცმელს დაზიანება არ აღენიშნება. ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია სათანადო, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკის არარსებობის გამო. გამოსაკვლევი დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
11. სასამართლო მხედევლობაში იღებს, რომ მსჯავრდებულებმა გ. გ-მა, გ. კ--ა და შ. ი-მა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღიარეს, შემთხვევის დღეს ა. ლ-ზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი.
12. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N---- დასკვნით ა ლ--ს ქურთუკის ზედაპირზე აღინიშნება მორუხო-მუქი ლურჯი ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შ. ი--ს სვიტერის ტრიკოტაჟის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე აღინიშნება მოშავო, არათანაბრად შეღებილი ბამბის ბოჭკოები, რომელებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შ. ი-ს ჯინსის შარვლის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან; შ. ი-ს ქურთუკის ზედაპირზე აღინიშნება მოლურჯო-რუხი პოლიაკრილის ბოჭკოები, რომელებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ა. ლ-ს პულოვერის ტრიკოტაჟის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან; გ. გ–ის შარვლისა და ქურთუკის ზედაპირებზე აღინიშნება მოლურჯო-რუხი პოლიაკრილის ბოჭკოები, რომელებსაც გააჩნია საერთო გვარობრივი კუთვნილება ა. ლ-ს პულოვერის ტრიკოტაჟის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან.
13. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--- დასკვნით (ვრცლად მიმოხილულია სააპელაციო სასამართლოს განაჩენში), „შ. ი-ს ტანსაცმელი“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოყავისფრო ლაქებიდან გაკეთებული ანაწმენდები (ობ. N23-25,27-30,305,30ბ) შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ.N30ბ-სა და ქურთუკზე არსებული ბიომასალის 26,31-ის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N23-25,27-30,30ა-ს გენეტიკური პროფილი და ობ. N30გ-ის ერთი წილი ეკუთვნის ა. ლ--ს. ობ. N30%-ს მეორე წილი ეკუთვნის შ ი–ს. ,,...გ. გ–ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოყავისფრო ლაქებიდან (ობ. N45-47) გაკეთებული ანაწმენდები შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ. N45-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი და ობ. N46-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა. ლ-ს.
14. ამდენად, ფაქტი, რომ ურთიერთშელაპარაკების დროს, ლ. გ-მ, სხვა მსჯავრდებულებთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა. ლ-ს დასტურდება შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით (საგულისხმოა, რომ ა. ლ-მ ჩვენებაში დადასტურა, რომ ვიდეოჩანაწერში ასახული პიროვნება არის თავად, ასევე დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს სამ-ოთხ ბიჭთან მოუვიდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება). აღნიშნული ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ ა. ლ-ს მსჯავრდებულები ურტყავენ. თავდამსხმელების შემოტევებისას და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისას, ა. ლ. უკან ტრიალდება და გარბის ზემოთა მხარეს, რა დროსაც მას უკან მიჰყვებიან აღნიშნული პიროვნებები და კვლავ ძალადობენ. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ უტყუარად დადასტურდა 2022 წლის 29 დეკემბერს, ა. ლ.სა და მსჯავრდებულებს, მათ შორის, ლ. გ--ს შორის კონფლიქტი და ა. ლ-ის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებების მიყენების ფაქტი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით, ვერ დადასტურდა უშუალოდ ლ. გ---ს მიერ დაზარალებულისათვის ცივი იარაღით დაზიანებების მიყენება; მოცემულის დამადასტურებელი არცერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოდგენილა. ასეთ ვითარებაში კი, პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს ლ. გ--ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან, ა. ლ-სთან ფიზიკური დაპირისპირების დროს ლ. გ-ს გარდა, მონაწილეობდა სამი პირიც, ხოლო დაზარალებულმა არ დაადასტურა უშუალოდ ლ. გ--ს მიერ, მისი დაჭრის ფაქტი, გარდა ამისა, ამოღებულ დანასთან, ლ. გ-ს შემხელობა არ გამოიკვეთა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და მისი უსაფუძვლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. რაც შეეხება ბრალდების მხარის მეორე მოთხოვნას სასჯელის გამკაცრების ნაწილში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მასზე მსჯელობა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არ არის რელევანტური, ვინაიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება ის პირი, რომელმაც საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა (თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია).
16. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულმა ა. ლ-მ ნოტარიულად დამოწმებული ფორმით, თანხმობა განაცხადა მსჯავრდებულების გ. გ–ის, გ კ-ისა და შ. ი-ს მიმართ როგორც ამნისტიის, ისე მათ მიმართ ყოველგვარი სამართლებრივი შეღავათის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, ხსენებული მსჯავრდებულები ზემოაღნიშნული მოთხოვნების თანახმად, უნდა გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. რაც შეეხება ლ. გ--ს, N17 დაწესებულებიდან გამოგზავნილი ცნობის თანახმად, მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 აპრილის განაჩენით შეფარდებული სასჯელი კალენდარულად უკვე მოიხადა.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის საჩივარი (ლ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებით გამტყუნებისა და ოთხივე მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის გამკაცრების ნაწილში) არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განაჩენში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონზე დაყრდნობით, მსჯავრდებულების გ. კ-ის, შ. ი-სა და გ. გ–ის სასიკეთოდ უნდა შევიდეს ცვლილება და როგორც უკვე აღინიშნა, ისინი უნდა გათავისუფლდნენ დაკისრებული პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. გ. კ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2023 წლის 8 ნოემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2023 წლის 17 იანვრიდან 2023 წლის 19 იანვრის ჩათვლით;
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გ. კ-–ი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;
გ. კ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. კ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გ. კ-ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
4. შ. ი. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2023 წლის 8 ნოემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2023 წლის 9 იანვრიდან 2023 წლის 11 იანვრის ჩათვლით;
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შ. ი. გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;
შ. ი. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ შ. ი-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და შ. ი-ს სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
5. გ. გ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2023 წლის 8 ნოემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2023 წლის 9 იანვრიდან 2023 წლის 11 იანვრის ჩათვლით;
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გ. გ–ი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;
გ. გ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. გ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გ. გ–ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
6. ლ. გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ნაწილში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
ლ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დროიდან 2023 წლის 13 თებერვლიდან.
ლ. გ-ს დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, დღეის მდგომარეობით, აქვს მოხდილი.
7. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
მოწითალო ლაქები, მოწითალო ლაქის ანაწმენდები, შავტარიანი დანა მოწითალო ლაქებით, ქვა მოწითალო ლაქებით, ნერწყვის ნიმუშები, ავტომანქანებიდან ამოღებული: ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ხელის კვლები ცხრა დ/ფირზე, 8 თუნუქის ქილა, 2 ქაღალდის ჭიქა, 2 პლასმასის ჭიქა, 1 ბოთლი, 1 სიგარეტის კოლოფი, სუნის ნიმუშები; 9 თითის კვალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს;
მობილური ტელეფონი მოწითალო ლაქებით, ლ. გ-ს ორი პასპორტი და პირადობის მოწმობა, გ. გ-ის ტანსაცმელი, ა. ლ--ს ტანსაცმელი, შ. ი--ს ტანსაცმელი, ავტომობილი ,,KIA” სახელმწიფო ნომრით ------, გ. გ-ის აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი, შ. ი-ს ქსიაომის ფირმის მობილური ტელეფონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს;
საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები, ავტომანქანების ,,კიას“ და ,,მიცუბიშის“ დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები მოთავსებული 4 ლაზერულ დისკზე, შპს ,,კ“-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები ერთ ლაზერულ დისკზე, მაღაზია ,,ლ---“-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები ერთ დისკზე, მაღაზია ,,ა-ნ“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები ერთ დისკზე, ,,კომერციული ობიექტიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები ერთ დისკზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი