საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.05.2024
საქმის ნომერი
2კ-203აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.05.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100120003412198

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №203აპ-24 ქ. თბილისი

თ. ა. 203აპ-24 27 მაისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 იანვრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ა. თ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2019 წლის ნოემბერში ყოველდღიურად, ასევე 2019 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით, 19:00 საათსა და 2019 წლის 2 დეკემბერს, დილის საათებში, ქალაქ ბ–ში, ....ის N.., ბინა N..-ში ყოფნისას, ალკოჰოლით მთვრალი ა. თ–ი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სისტემატურად ძალადობდა თავისი ოჯახის წევრის – მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ. ჩ–ს მიმართ, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. კერძოდ: ალკოჰოლით მთვრალი ა. თ–ი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის არეში მუშტების დარტყმით, თმების მოქაჩვით, ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დარტყმით, სისტემატიურად ძალადობდა თავისი ოჯახის წევრის – მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, მ. ჩ–ის მიმართ, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რითაც დაზარალებულს მიაყენა სხეულის დაზიანებები და ამ უკანასკნელის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. ა. თ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2019 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდი);

3.2. ა. თ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 1 დეკემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 115 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 2 დეკემბრიდან 2019 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, ა. თ–ს დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 100 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

3.4. საქართველოს სსკ-ის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალა შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალა პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;

4. სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქალაქ ბ–ში, .....ის ქუჩა N.., ბინა N..-ში ყოფნისას, ალკოჰოლით მთვრალმა ა. თ–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის არეში მუშტების დარტყმით, თმების მოქაჩვით, ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს – მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ჩ–ს, რის შედეგადაც მ. ჩ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

5.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა ითხოვა ა. თ–სის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ე ნაწილით და მისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრა, რაც თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული;

5.2. მსჯავრდებულმა ა. თ–მა და კ. ნ–მ მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ა. თ–ს გამართლება და უდანაშაულოდ ცნობა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 იანვრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვს ა. თ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით და მისთვის მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრას, რაც თავისუფლების აღკვეთის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან იქნება დაკავშირებული.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ა. თ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით დაკვალიფიცირებას და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

10. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ა. თ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა; გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისტემატური ცემის შემადგენლობა გულისხმობს მის ჩადენას, სულ მცირე, სამჯერ მაინც დროის ხანმოკლე ინტერვალით. ამასთან, ცემის სისტემატიური ხასიათი უნდა განსაზღვრავდეს დაზარალებულის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას და თითოეული ეპიზოდი უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობით, რაც დააკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ა. თ–ს მიერ 2019 წლის 1 დეკემბერს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე – მ. ჩ–ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი. მხარეთა შორის დავის საგანია ა. თ–ი ფიზიკურად ძალადობდა თუ არა მ. ჩ–ზე 2019 წლის ნოემბერში ყოველდღიურად და ასევე ფიზიკურად იძალადა თუ არა 2019 წლის 2 დეკემბერს, რაც ა. თ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით – სისტემატური ძალადობით კვალიფიკაციას განაპირობებდა.

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა მ. ჩ–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის – ა. თ–სის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ა. თ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი – სისტემატური ძალადობის ჩადენას.

14. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს დაზარალებულ მ. ჩ–ს განცხადების შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს არ დაუდასტურებია მითითებული ინფორმაცია შეუძლებელია, მოცემული განცხადება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლო ერთი მხრივ თვალისწინებს, რომ განცხადების დაზარალებულის მიერ წარმოდგენა დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა (იხ. ი. მ-ს ჩვენება). იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დაზარალებულის განცხადება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, რადგან განცხადებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

14.1. მოწმეები ნ. კ–ე, დ. ბ–ე, თ. ა–ე, ი. მ–ე და ლ. ზ–ე 2019 წლის ნოემბერში სისტემატური ძალადობისა და 2019 წლის 2 დეკემბრის ძალადობის ფაქტებს არ შესწრებიან, მათთვის მ. ჩ–ს მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტების შესახებ ცნობილი გახდა დაზარალებულისგან, შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომელმა ა. ს-მ კი დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

14.2. N..... შემაკავებელი ორდერი, მართალია ხელმოწერილია როგორც დაზარალებულის, ასევე ა. თ–ს მიერ, და გასაჩივრებული არ ყოფილა მსჯავრდებულის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში არ არის საკმარისი ა. თ–ს მიერ 2019 წლის ნოემბერში და 2019 წლის 2 დეკემბერს მ. ჩ–ს მიმართ ძალადობის მტკიცებისა და მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 12-ელი ნაწილით კვალიფიკაციისთვის.

15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 14 იანვრის N..... სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ. ჩ–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (02.12.2019წ.) გარეგნულად სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 21 იანვრის N....... ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგენილი საქმის მასალების (მოწმეთა ჩვენებები) და შემდგომ მ. ჩ–ს მიერ კვლევის დროს გადმოცემული ფაქტების წინააღმდეგობრივი, ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების გამო ვერ ხერხდება მასალების შეჯერება.

16. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს სსსკ-ი არ ადგენს განსხვავებულ (უფრო დაბალ) მტკიცებით სტანდარტს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის, 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

17. სასამართლო ითვალისწინებს რომ “ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (იხ.:Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).

18. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.

19. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციების სასამართლოებისგან განსხვავებით, საქმეს მთლიანად არ იხილავს. მაგალითად, ის არ ახდენს ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასებას, რომლებსაც დაეყრდნენ ქვედა ინსტანციის სასამართლოები და მისი განხილვის ფარგლები შეზღუდულია კონკრეტული სამართლებრივი საკითხებით (იხ. Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, paras. 41, 76, ECtHR, 21/09/2017). არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს განჩინება საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/20202).

20. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 იანვრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი