საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123007394096
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №955აპ-24 ქ. თბილისი
ქ. ჯ. 955აპ-24 24 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ჯ. ქ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. 2023 წლის აპრილში, შუადღის საათებში, ქ. თ–ში, გ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ. ქ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ხ. ა–ს. კერძოდ, განუცხადა, რომ გამოჭრიდა ყელს და მოკლავდა. აღნიშნული მუქარა ხ. ა–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.2. 2023 წლის 17 აპრილს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ხ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მყოფ ხ. ა–ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წარსულში მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი ჯ. ქ–ი. კერძოდ, განუცხადა, რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა ხ. ა–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.3. 2023 წლის 18 აპრილს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, ხ–ს ქუჩა N.., ბინა ..-ში მყოფ ხ. ა–ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წარსულში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი ჯ. ქ–ი. კერძოდ, განუცხადა, რომ გამოჭრიდა ყელს და მოკლავდა. აღნიშნული მუქარა ხ. ა–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:
3.1. ჯ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. ჯ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 17 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. ჯ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯ. ქ–ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. ჯ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 18 აპრილიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ და მოითხოვა ჯ. ქ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ჯ. ქ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. თ–მმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი შოთა ბარამია ითხოვს ჯ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ჯ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
8.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ჯ. ქ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – მუქარის ჩადენა, მხარეთა შორის დავის საგანია ჯ. ქ–მა მუქარა ჩაიდინა თუ არა ოჯახის წევრის მიმართ და იმყოფებოდა თუ არა წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში დაზარალებულ ხ. ა–სთან.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ჯ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ ჯ. ქ–ი და ხ. ა–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში ან/და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
11.1. სასამართლო ითვალისწინებს, დაზარალებულ ხ. ა–ს განმარტებას, რომ ჯ. ქ–სთან ურთიერთობა ჰქონდა 9 წლის მანძილზე, ისინი პერიოდულად ცხოვრობდნენ ერთად, ჯ. ქ–ი გადასახადებს არაფერს არ იხდიდა, ერთი კვირა - ათი დღე რჩებოდა, მერე მიდიოდა თავისი სახლი ჰქონდა, ხან კ–ში მიდიოდა, აქაც ცხოვრობდა გ–ში ქირით, მასთან მუდმივად არ უცხოვრია, მაგრამ სულ ერთად იყვნენ, ის ბავშვებთან ერთად მიდიოდა მათთან სახლში და ისინიც - დედამისი და მამამისი მოდიოდნენ მასთან, ოჯახურად იცნობდნენ ყველა ერთმანეთს. 4 წლის წინ კი გაწყვიტეს ურთიერთობა, რის შემდეგაც ერთმანეთს ურეკავდნენ მოკითხვის მიზნით.
11.2. მოწმე ლ. ა–ს განმარტებით, დროის გარკვეულ პერიოდში, ჯ. ქ–ს დედამისთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა და პერიოდულად ჯ. ქ–ი მათთან სახლში რჩებოდა.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხოლოდ დაზარალებულის განმარტება, იმის შესახებ, რომ ჯ. ქ–ი რამდენიმე წლის მანძილზე პერიოდულად რჩებოდა მათთან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს, რომ ჯ. ქ–ი და ხ. ა–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში ან/და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, მითუფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავად დაზარალებულის განმარტებით ჯ. ქ–ი არ იხდიდა გადასახადებს, მასთან მხოლოდ პერიოდულად რჩებოდა და შემდეგ მიდიოდა თავის სახლში. ამასთან, ხ. ა–მა სსიპ 112-ში შეტყობინების გაკეთებისას ოპერატორთან განაცხადა, რომ მოკვლით ემუქრებოდა ყოფილი მეგობარი მამაკაცი, მუქარის მოტივი კი უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ ჯ. ქ–სის მიზანი იყო ცოლად შეერთო ხ. ა–ს შვილი ლ. ა–ი.
13. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ჯ. ქ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების – მუქარის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენა.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივრი საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი