საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.11.2024
საქმის ნომერი
2კ-940აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100121005060595

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№940აპ-24 ქ. თბილისი

ა-ე ზ. , 940აპ-24 12 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – მ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მ, რომელიც ითხოვს გამამატყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. ა–ს უდანაშაულოდ ცნობას, შემდეგ არგუმენტებზე მითითებით: სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ, საქმის წარმოების საწყის ეტაპზევე გადასცა დაცვის მხარეს შემთხვევის ადგილზე მყოფ პირთა გამოკითხვის ოქმები. შესაბამისად, დაცვის მხარეს შეეძლო, ეს მოწმეები თავისი მტკიცებულების ჩამონათვალში მიეთითებინა და სასამართლოში დაეკითხა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სამხილების გაცვლის დროს დაცვის მხარეს აქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბრალდების მხარე მხოლოდ ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებებით არ შემოფარგლავს მისი სამხილების მოცულობას. მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მოწმეები, რომელთა დაკითხვაზეც დაცვის მხარე აპელირებდა, იყვნენ მსჯავრდებულის თანამგზავრები, რაც საეჭვოს ხდის მათ მიუკერძოებლობას, ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობას, რომლის მიხედვით, არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია. ზ. ა–ს მსჯავრდებას საფუძვლად დაედო მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებები, რომლებიც ვერ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო, გონივრულ ეჭვს მიღმა, სტანდარტს.

2. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი – ხატია გოგრიჭიანი, საკასაციო შესაგებლით ითხოვს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენზე, მსჯავრდებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – მ. მ–ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მაისის განაჩენით ზ. ა–სე, – დაბადებული 19.. წლის 8 ივლისს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 5000 ლარი. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე – 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. ა–მ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. 2019 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით, 18:20 საათზე, თ–ს რაიონის სოფელ კ–ს საავტომობილო გზაზე, მიკროავტობუსით მოძრაობდა გ. ჭ–ე და გადაჰყავდა სოფელ ა–ს მაცხოვრებლები, მათ შორის – ზ. ა–ე, ზ. გ–ი და სხვები. იმავდროულად, საავტომობილო გზაზე, „ნისან ტიდას“ მარკის ავტომანქანით მოძრაობდა ლ. ა–ი. მოძრაობისას, არასწორი მანევრირების გამო, გ. ჭ–მ და ლ. ა–მა ერთმანეთს დაუსიგნალეს. მალევე ლ. ა–ი გაჩერდა სოფელ კოდის ცენტრში არსებულ სასურსათო მაღაზიასთან. ლ. ა–იზე ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, ზ. გ–მა გ. ჭ–ს დაუზიანა მიკროავტობუსის სალონი, რითაც ზ. გ–მა, ზ. ა–მ და სხვა პირებმა გ. ჭ–ე აიძულეს, გაჩერებულიყო ამავე სოფლის ცენტრში, ლ. ა–ს მანქანის სიახლოვეს. ზ. გ–ი გადავიდა მიკროავტობუსიდან, მიუახლოვდა ლ. ა–ის, მოჰკიდა ხელი ტანსაცმელზე, უკმაყოფილება გამოთქვა დასიგნალების გამო და თავი ჩაარტყა სახეში. პარალელურად, მიკროავტობუსიდან ასევე ჩამოიდნენ ზ. ა–ე და სხვა მგზავრები, რომლებმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ლ. ა–ს, კერძოდ აგინებდნენ, ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს. ზ. ა–ს, ზ. გ–ს და მიკროავტობუსის სხვა მგზავრების აგრესიამ, ძალადობამ და გამოწვეულმა უწესრიგობამ, მოქალაქეებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებამ, ყვირილმა და გინებამ, მიიპყრო როგორც სოფლის ცენტრში, ასევე –ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ მყოფი საზოგადოებისა და მანქანებით მოძრავი მოქალაქეების ყურადღება. ზ. ა–ს, ზ. გ–ს და მიკროავტობუსის სხვა მგზავრების დანაშაულებრივი ქმედებები დაინახა ლ. ა–ს მეგობარმა ბ. ყ–მა, რომელიც გაშველების მიზნით მივიდა მასთან, თუმცა ზ. გ–მა, ზ. ა–მ და მიკროავტობუსიდან ჩამოსულმა სხვა პირებმა მასაც დაუწყეს გინება და ცემა. ფიზიკური ძალადობის შედეგად, ლ. ა–მა და ბ. ყ–მა მიიღეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებები. ზ. გ–ი, ზ. ა–სე და მიკროავტობუსის სხვა მგზავრები, დაახლოებით, 5 წუთის განმავლობაში, სოფლის ცენტრში, იქ შეკრებილი საზოგადოების წინაშე აგინებდნენ ლ. ა–ის და ბ. ყ–ს, და მათ მიმართ ძალადობდნენ, რითაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და საზოგადოებისადმი გამოხატეს აშკარა უპატივცემულო დამოკიდებულება.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მაისის დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ზ. ა–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ:

9. სააპელაციო სასამართლომ, ზ. ა–ს ბრალეულობის საკითხის გამორკვევისას, მართებულად მიუთითა, რომ მსჯავრდებულის ჩვენების საპირისპიროდ, დაზარალებულმა ლ. ა–მა დაადასტურა, რომ ზ. გ–მა, სამარშრუტო ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე, უსაყვედურა სიგნალის გამო, ჯერ სახეში ძლიერად დაარტყა ხელი, შემდეგ კი თავი ჩაარტყა და დაიწყეს ჩხუბი. მათ გაშველებას ცდილობდა ბაჩო ყელბერაშვილი, რომელსაც, თავის მხრივ, ზ. ა–ე სცემდა; იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა დაზარალებულმა ბ. ყ–მაც და აღნიშნა, რომ როდესაც გასაშველებლად მივიდა, უცნობმა მამაკაცმა მასაც დაარტყა, შემდეგ კი ხალხი ისე აირია, ვეღარ გაიგო ვინ ვის ურტყამდა. ხმაურზე მოძრაობა შეფერხდა და ხალხიც მოგროვდა; დაზარალებულების ჩვენებები სრულად თანხვდენილია და დასტურდება დანაშაულის შემსწრე, თვითმხილველი მოწმეების: ვ. დ–სა და ნ. ა–ს განმარტებებთან, რომლებიც ცხადყოფს ზ. ა–სა და ზ. გ–ს დაზარალებულებზე თავდასხმისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტს; მოწმე ვ. დ–ს მტკიცებით, დაზარალებულებს ნამდვილად სცემდა ორი მამაკაცი, ხოლო მოწმე ნ. მ–ს მითითებითა, მოგვიანებით გაიგო, რომ დაზარალებულებს სვანებმა სცემეს, რომლებსაც ლ. ა–ი იცნობდა. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულებისა და მოწმეთა ზემოაღნიშნულ ჩვენებების სანდოობაში დაეჭვების გონივრულ საფუძველს ვერც კასატორი უთითებს თავის საკასაციო საჩივარში და არც საქმის მასალებით დადგენილა, ხოლო საკასაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ დასაკითხ პირთა სიიდან კონკრეტული მოწმეების მოხსნასთან დაკავშირებით გაცხადებულ პრეტენზიაზე, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა, იმთავითვე ვერ შეფასდება მსჯავრდებულის გამამართლებელ მოცემულობად, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ზ. ა–ს ინტერესებს იცავდა ადვოკატი და დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენ სამხილებზე და თავად დაეკითხა მათი პოზიციის გამამყარებელი მოწმეები, ასეთის საჭიროების შემთხვევაში და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება №970აპ-21 საქმეზე, პუნქტი 8).

10. ამავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი არ ექცევა ამავე კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩამონათვალში და, ამავდროულად მასზე არ ვცრეცლდება ამავე კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა). ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ ვრცელდება ზ. ა–ს მიმართ შეფარდებულ ჯარიმასა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვაზე.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ – მ. მ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ნ. სანდოძე

მ. გაბინაშვილი