ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 21.11.2024
საქმის ნომერი
2კ-142-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.11.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №1421-24 21 ნოემბერი, 2024 წელი

მ-ე ტ., 1421 -24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. მ-ის ადვოკატ ბ. მ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პროცედურა:

1.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების მიზნით, 2024 წლის 2 ოქტომბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში, თავისუფლების აღკვეთის №- დაწესებულებიდან შევიდა მსჯავრდებულ ტ. მ-ის (პირადი N-) პირადი საქმე.

1.2. პირადი საქმის მასალებით ირკვევა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მარტის განაჩენით, ტ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 4 ნოემბრიდან. აღნიშნული განაჩენი არ გასაჩივრებულა.

1.3. პირადი საქმის მასალების თანახმად, ტ. მ-ე ზემოხსენებული განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის – 2023 წლის 3 ნოემბერს – ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ გავრცელდა მსჯავრდებულ ტ. მ-ის მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით და გაითვალისწინა, რომ ტ. მ-ე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი.

3. კასატორის მოთხოვნა:

3.1. მსჯავრდებულ ტ. მ-ის ადვოკატმა – ბ. მ-მა – საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, მოითხოვა ტ. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირება.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

4.3. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ტ. მ-ემ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2023 წლის 3 ნოემბერს (ზემოაღნიშნული ამნისტიის კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თარიღამდე).

4.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ტ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ფარგლებში, თუმცა ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით (სასჯელის განახევრება) სარგებლობისთვის აუცილებელია სამი პირობის კუმულაციურად დაკმაყოფილება. კერძოდ:

• მსჯავრდებული უნდა იყოს განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე;

• დაზარალებულმა ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობა უნდა განაცხადოს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია;

• მსჯავრდებული თანახმა უნდა იყოს მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი.

4.5. კანონმდებელმა ზემოაღნიშნული წინაპირობების დადგენით, ფაქტობრივად იმპერატიულად დააწესა, რომ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პირობის დაუკმაყოფილებლობისას გამოირიცხება დასახელებული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სასჯელის განახევრების შესაძლებლობა.

4.6. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ტ. მ-ე დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულისთვის, ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული დაზარალებულის და ბრალდებულის თანხმობების არსებობის მიუხედავად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება. შესაბამისად, ამ ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა საფუძვლიანია, თუმცა ეს გარემოება მსჯავრდებულს არ უსპობს ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათით სარგებლობის უფლებას.

4.7. ხსენებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

4.8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ტ. მ-ის მიერ ჩადენილია ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაული, რაც ამავე კანონის მე-7 მუხლში ლოგიკურად არ არის მითითებული. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მსჯავრდებულ ტ. მ-ის თანხმობა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი. აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობა, ტ. მ-ისთვის დანიშნული სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირების კანონისმიერი საფუძველია.

4.9. რაც შეეხება დამცავ ორდერს, რომელიც ამნისტიის შედეგად შემცირებული სასჯელის ვადით უნდა გამოიცეს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან (მათ შორის, ამნისტიის გამოყენებაზე დაზარალებულის თანხმობიდან) გამომდინარე, დამცავი ორდერის მოქმედების ფარგლებში, ტ. მ-ის მიმართ უნდა დაწესდეს შემდეგი შეზღუდვები:

• ტ. მ-ეს (პირადი N-; რეგისტრირებული: ქ. თ-ი, მ-ას ქუჩა N-/-, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რ-ი, ფ-ის ქუჩა N-, ბინა N-) აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, რომელშიც ცხოვრობს ა. ქ-ი (პირადი N-, მცხოვრები: ქ. რ-ი,-ის ქუჩა N-, ბინა N-); აგრეთვე, – იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ა. ქ-ი იმყოფება;

• ტ. მ-ეს აეკრძალოს ა. ქ-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

• ტ. მ-ეს აეკრძალოს თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა;

• ტ. მ-ეს დაევალოს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

4.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ტ. მ-ის ადვოკატ ბ. მ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება უნდა შეიცვალოს.

4.11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ტ. მ-ის ადვოკატ ბ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება შეიცვალოს:

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ტ. მ-ისთვის განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 6 თვით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შემცირდეს ერთი მეექვსედით და ტ. მ-ეს სასჯელად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით და 3 თვით;

4. ტ. მ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 4 ნოემბრიდან;

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ტ. მ-ის მიმართ 3 თვით გამოიცეს დამცავი ორდერი, შემდეგი პირობებით:

• ტ. მ-ეს (პირადი N-; რეგისტრირებული: ქ. თ-ი, მ-ას ქუჩა N-/-, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რ-ი, ფ-ის ქუჩა N-, ბინა N-) აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება, რომელშიც ცხოვრობს ა. ქ-ი (პირადი N-, მცხოვრები: ქ. რ-ი, ფ-ის ქუჩა N-, ბინა N-); აგრეთვე, – იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ა. ქ-ი იმყოფება;

• ტ. მ-ეს აეკრძალოს ა. ქ-თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

• ტ. მ-ეს აეკრძალოს თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა;

• ტ. მ-ეს დაევალოს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

7. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე და მისი მოქმედების ვადა აითვლება მსჯავრდებულ ტ. მ-ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;

8. დამცავი ორდერის პირობების დარღვევა გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას;

9. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე