ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 17.12.2024
საქმის ნომერი
2კ-228-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
17.12.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330141224010121991

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2281-24 17 დეკემბერი, 2024 წელი

ა-ი რ., 2281-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატ კ. ჩ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პროცედურა:

1.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების მიზნით, 2024 წლის 1 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, თავისუფლების აღკვეთის №10 დაწესებულებიდან შევიდა მსჯავრდებულ რ. ა-ის (პირადი N-) პირადი საქმე.

1.2. პირადი საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 აპრილის განაჩენით, რ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღვეთა 1 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები. რ. ა-ს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 22 მარტიდან. აღნიშნული განაჩენი არ გასაჩივრებულა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ გავრცელდა მსჯავრდებულ რ. ა-ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით და გაითვალისწინა, რომ რ. ა-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითაც (დანაშაული, რომელზეც არ ვრცელდება დასახელებული ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება).

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატ ჩ.ის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინების გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ.

3. კასატორის მოთხოვნა:

3.1. მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატმა – კ. ჩ.ემ – საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რ. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელება.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

4.3. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. ა-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 22 მარტს (ზემოაღნიშნული ამნისტიის კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თარიღამდე).

4.4. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით რ. ა-ისთვის დანიშნულ სასჯელზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი (სასჯელის განახევრება) ვერ გავრცელდება, რადგან საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან ერთად (დანაშაული, რომელზეც ვრცელდება დასახელებული ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება), რ. ა-ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითაც (დანაშაული, რომელზეც არ ვრცელდება დასახელებული ამნისტიის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება). მიუხედავად ამისა, ეს გარემოება მსჯავრდებულს არ უსპობს ხსენებული ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათით სარგებლობის უფლებას.

4.5. ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონის [...] მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) [...] გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა)“.

4.6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, რ. ა-ისთვის დანიშნულ ძირითად სასჯელზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება (სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირება), ვინაიდან მასზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და ამასთან, არ ჩაუდენია ამ კანონის მე-7 მუხლში მითითებული რომელიმე დანაშაული.

4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატ კ. ჩ.ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება უნდა შეიცვალოს.

4.8. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ა-ის ადვოკატ კ. ჩ.ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ოქტომბრის განჩინება შეიცვალოს:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის რ. ა-ისთვის განსაზღვრული სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღვეთა 1 წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შემცირდეს ერთი მეექვსედით და რ. ა-ს სასჯელად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 2 თვით, საიდანაც სასჯელის ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 10 თვით – განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 4 თვით – ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

4. რ. ა-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2024 წლის 22 მარტიდან;

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენი სხვა, მათ შორის, დამატებითი სასჯელის ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე