დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.12.2024
საქმის ნომერი
2კ-250-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.12.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802224010422228

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№250I-24 27 დეკემბერი, 2024 წელი

მ. ე. ი., 250I-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ე. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ე. ი-ს, – დაბადებულის ... წლის .. ივნისს, – მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2. 2024 წლის 13 თებერვალს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კილის ადგილობრივმა სასამართლომ გამოსცა მ. ე. ი-ს დაკავების ორდერი, რომლის თანახმად, იგი ბრალდებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (StGB) 263-ე მუხლის (1) და (5) ქვეპუნქტებით, 22-ე მუხლით, 23-ე მუხლის (1) ქვეპუნქტით, 25-ე მუხლის (2) ქვეპუნქტით და 53-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის სიმრავლის – 4 ეპიზოდის ჩადენისათვის.

3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მ. ე. ი. ბრალდებულია დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომელიც გამოიხატა შემდეგით:

მ. ე. ი-მ თანამზრახველებთან – ი-სთან, ბ-სთან, დ-სთან და სხვა პირებთან – ერთად შექმნა დაჯგუფება პერმანენტულად, განმეორებით და სისტემატურად დანაშაულების ჩადენის მიზნით. დანაშაულებრივი ჯგუფის მიზანი იყო, მოტყუებით გამოეძალათ დანაზოგი, ძირითადად, ხანდაზმულებისგან, პოლიციელებად თავის მოჩვენების გზით. ისინი ატყუებდნენ დაზარალებულებს, რომ თითქოსდა, ფულის გადახდა იყო საჭირო დაზარალებულთათვის არახელსაყრელი გარემოებების გამო, სავარაუდო გადაუდებელი გართულებების გამოსწორების მიზნით. დანაშაულის ჩამდენი პირები დაზარალებულებს ავალებდნენ, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებისთვის გადაეცათ ძვირადღირებული აქტივები (ნაღდი ფული, ძვირფასეულობა, ოქრო). აღნიშნული სქემის ფარგლებში, მ. ე. ი., როგორც „უცხოელი ლოგისტიკოსი“, კოორდინაციას უწევდა დაზარალებულებისაგან ნივთების წამოღებაზე პასუხისმგებელ პირებს და თანამზრახველებთან სატელეფონო კონსულტაციის შემდგომ, აცნობებდა მათ ნივთების განთავსების ლოკაციას და შემდეგ მოაწყობდა ისე, რომ ნადავლი გადაეგზავნათ თურქეთში.

2022 წლის 6 აპრილს გ-ში, ნ-ში მცხოვრებ დაზარალებულს – ე. ზ-ს – რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იყო 82 წლის, 02:30 საათზე ფიქსირებულ ტელეფონზე დაუკავშირდა უცნობი პირი, რომელმაც დაარწმუნა, თითქოს, იყო პოლიციელი, სახელად – ო. რ. კ-დან და თ-ში მდებარე სატელეფონო მომსახურების ცენტრიდან მუშაობდა. პირმა ქალბატონს მოუთხრო მოგონილი ისტორია, რომ თითქოსდა, ე. ზ-ს საცხოვრებელი სახლის ახლოს გამოვლენილი იქნა მძარცველთა ჯგუფი. მანვე მოატყუა, თითქოს, ერთ-ერთ დაკავებულს აღმოაჩნდა ჩანაწერი, სადაც ე. ზ-ს სახლის მისამართი იყო მითითებული, ხოლო დანარჩენი სამი დამნაშავე კვლავ იძებნებოდა. შემდეგ გარემოებები კიდევ უფრო გააზვიადეს და შედეგად, ე. ზ-ს, საბოლოოდ, გამოსძალეს, დაახლოებით, 2500 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა და ნაღდი ფული. მ. ე. ი-ს დავალებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 03:00-დან – 03:30 საათამდე მონაკვეთში მივიდნენ ე. ზ-ს სახლის მისამართზე, თითქოსდა, საიდუმლო გამომძიებელი ქ-ს სახელით დაზარალებულისგან წამოიღეს ძვირადღირებული ნივთები.

2022 წლის 6 აპრილს, 10:00 საათზე, გერმანიაში, კ-ში მცხოვრებ დაზარალებულს – გ. ჰ. ჰ-ს – რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იყო 91 წლის, ფიქსირებულ ტელეფონზე დაუკავშირდა ქალი, რომლის ვინაობა დაუდგენელია და დაზარალებული დაარწმუნა, რომ თითქოსდა, იყო პოლიციელი „რ. ბ-დან“ და მუშაობდა თ-ს სატელეფონო მომსახურების ცენტრიდან, ასევე – მოტყუებით დაარწმუნა, თითქოსდა, მისი ფული კუთვნილ საბანკო ანგარიშზე უსაფრთხოდ აღარ იყო. გარემოებების გაზვიადების შემდეგ, დაზარალებულმა გადაწყვიტა, ბანკიდან თანხის გამოტანა და ბანკში წავიდა. ამასობაში, დაჯგუფების წევრები – ი. და შ. – მივიდნენ დაზარალებულის სახლთან. ი. გ. ჰ. ჰ-ს წარუდგა, როგორც საიდუმლო გამომძიებელი, სახელად – მ. ქ.. მათ დაზარალებული მიიყვანეს კილში, „შ-ს“ ბანკში და შემნახველი ანგარიშიდან გამოატანინეს 30000.00 ევრო. დაჯგუფების წევრებმა დაზარალებული დაარწმუნეს, რომ მას ბანკში ფულის ყალბი კუპიურები მისცეს და აუცილებელი იყო თანხის ჩამორთმევა. დაჯგუფების წევრებმა დაზარალებული მანქანიდან ჩამოსვეს და ფულთან ერთად გაუჩინარდნენ. მათ მ. ე. ი-ს დავალებით, მოპოვებული ფულადი თანხა გადასცეს მესამე პირს.

2022 წლის 19 აპრილს, დაახლოებით, 13:00 საათზე, გ-ში, გ-ში მცხოვრებ დაზარალებულს – ზ. ე. შ-ს – რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იყო 75 წლის, დაუკავშირდა დაუდგენელი პირი და მოტყუებით დაარწმუნა, თითქოსდა, იყო პოლიციელი სახელად – რ. და მუშაობდა თ-ს სატელეფონო მომსახურების ცენტრიდან, ასევე – დაარწმუნა დაზარალებული, თითქოსდა, მის სახლთან ახლოს, ორი დამნაშავე დააკავეს. ერთ-ერთ დამნაშავეს აღმოაჩნდა დაზარალებულის სახლის მისამართის ჩანაწერი. შესაბამისად, მის ქონებას საფრთხე ემუქრებოდა. ასევე – უთხრეს, თითქოსდა, ბანკში სადაც ზიგრიდ ე. შ. თანხას ინახავდა, მუშაობდნენ დანაშაულში მონაწილე პირები და ამის გამო იქ მოთავსებულ მის ქონებას საფრთხე ემუქრებოდა. ამასობაში, 2022 წლის 19 აპრილს, 15:26 საათზე, მ. ე. ი. დაუკავშირდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრს – დ-ს – იმ ვარაუდით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ზ. ე. შ-სგან ძვირფასი ნივთების მოპოვება და მას ,,WhatsApp-ის“ საშუალებით გაუგზავნა შ-ს მონაცემები. მ. ე. ი-მ აღნიშნა, რომ ნივთების ჩაბარება მეორე დღეს, 9:00 საათიდან 10:00 საათამდე დროის მონაკვეთში იქნებოდა შესაძლებელი და მას სჭირდებოდა პირი, რომელიც შეძლებდა ნივთების წამოღებას. დ-მ მ. ე. ი-ს გაუგზავნა ბ-ს საკონტაქტო ინფორმაცია. ძვირფასი ნივთები ზ. შ-მ არ გადასცა დამნაშვეთა ჯგუფს, ვინაიდან დანაშაულებრივი ჯგუფის დაუდგენელმა წევრმა დაურეკა შ-ს, რადგან იგი გაბრაზებული იყო მ. ე. ი-ზე მასთან კამათის გამო და დაზარალებულს შეატყობინა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა თაღლითობის მცდელობას.

2022 წლის 30 მაისს, გ-ში, რათინგენში მცხოვრებ დაზარალებულს – ი. კ-ს – რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იყო 85 წლის, ფიქსირებულ ტელეფონზე დაუკავშირდა დაუდგენელი პირი რომელიც მოტყუებით აცხადებდა, რომ იყო პოლიციელი და თ-ში მდებარე სატელეფონო მომსახურების ცენტრიდან მუშაობდა. პირმა ი. კ-ს მოატყუა, თითქოს, მისი ქონება საფრთხეში იყო და დაარწმუნა, რომ გამოეტანა დანაზოგების წიგნაკები და საბანკო დოკუმენტები მისი საძინებლის სეიფიდან და მათთვის გადაეცა. ამავდროულად, 2022 წლის 29 მაისს, 23:20 საათზე, მ. ე. ი. დაუკავშირდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრს – დ-ს – და აცნობა, რომ შესაძლებელი იყო კ-სგან ძვირფასი ნივთების მოპოვება, აცნობა კ-ს პირადი მონაცემები და სთხოვა, რომ ნივთები ჩაებარებინა. ბრალდებული საბოლოოდ დაუკავშირდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრს – ბ-ს. მ. ე. ი-ს დავალებით, 2022 წლის 30 მაისს, შუადღის საათებში, ბ. მივიდა კ-ს სახლთან და გამომძიებელ – ი. შ. წარუდგინა თავი. იგი შევიდა დაზარალებულის საძინებელში და ამავდროულად, მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა მ. ე. ი.. მან ი. კ-ს განუმარტა, რომ კუთვნილი დანაზოგების წიგნაკები და საბუთები უნდა ჩამოერთმიათ დოკუმენტების ავთენტურობის დასადგენად. როდესაც ბ. დაზარალებულის სახლიდან წასვლას აპირებდა, ქალს ეჭვი გაუჩნდა და დაჟინებით მოსთხოვა ბ-ს, დაუყოვნებლივ დაებრუნებინა ნივთები. თაღლითური სქემის გამჟღავნების შიშით, ბ-მ ნივთები უკან დააბრუნა და სახლი დატოვა.

4. 2024 წლის 11 მარტიდან მ. ე. ი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

5. მ. ე. ი-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

6. 2024 წლის 24 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ე. ი..

7. 2024 წლის 27 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მ. ე. ი-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვით.

8. 2024 წლის 23 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო მ. ე. ი-ს ექსტრადიციის თაობაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.

9. 2024 წლის 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მ. ე. ი-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა – 3 თვით, 2024 წლის 24 ოქტომბრიდან 2025 წლის 24 იანვრამდე.

10 მ. ე. ი. ამჟამად მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

11. 2024 წლის 15 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა მ. ე. ი-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის (4 ეპიზოდი), რომლებიც აღწერილია 2024 წლის 13 თებერვლის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კილის ადგილობრივი სასამართლოს მიერ გამოცემულ მ. ე. ი-ს დაკავების ორდერში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (StGB) 263-ე მუხლის (1) და (5) ქვეპუნქტებით, 22-ე მუხლით, 23-ე მუხლის (1) ქვეპუნქტით, 25-ე მუხლის (2) ქვეპუნქტით და 53-ე მუხლით (თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის სიმრავლე).

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი:

მ. ე. ი-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის (4 ეპიზოდი), რომლებიც აღწერილია 2024 წლის 13 თებერვლის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კილის ადგილობრივი სასამართლოს მიერ გამოცემულ მ. ე. ი-ს დაკავების ორდერში და დასჯადია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (StGB) 263-ე მუხლის (1) და (5) ქვეპუნქტებით, 22-ე მუხლით, 23-ე მუხლის (1) ქვეპუნქტით, 25-ე მუხლის (2) ქვეპუნქტით და 53-ე მუხლით (თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის სიმრავლე).

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ე. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ქ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინების გაუქმებასა და მ. ე. ი-ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას. კასატორის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლო, ერთ მხრივ, არ დაინტერესებულა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაემუქრებოდა თუ არა საფრთხე მ. ე. ი-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან დაექვემდებარებოდა თუ არა იგი წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას, მაშინ, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის, დაშინებისა და სხვა უკანონო ქმედებების გამო, ისინი იძულებულნი გახდნენ დაბრუნებულიყვნენ თურქეთში, რათა თავი უსაფრთხოდ ეგრძნოთ; მეორე მხრივ, მ. ე. ი-ს დაკავებისას განემარტა თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურები, თუმცა სასამართლოს მსჯელობით, ვინაიდან ექსტრადიციას ითხოვს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, რომლის მოქალაქეც არ არის მ. ე. ი., საქართველოს სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი მისცეს მას თავშესაფარი. ამავდროულად, ვერც თავშესაფრის მიცემა დააბრკოლებდა მ. ე. ი-ს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციას, რადგან იგი თურქეთის მოქალაქეა. კასატორის მითითებით, საჩივარში გამოკვეთილი საკითხები მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის განვითარების, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ნორმათა განმარტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, რის გამოც, სასურველია, განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას მნიშვნელოვანი განმარტების გასაკეთებლად.

14. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ე. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ქ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

15. ბრალდების მხარემ წარმოადგინა თავისი პოზიცია დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მ. ე. ი-ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:

5. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005). აღსანიშნავია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში მითითებულია მ. ე. ი-ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ზოგად საფრთხეებზე, მაგრამ გაცხადებული რისკების არსებობა ან/და რეალურობა არ არის გამყარებული კონკრეტული დამადასტურებელი მტკიცებულებებით, რისი მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მ. ე. ი-ს სიცოცხლის მოსპობის ან მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რეალური საფრთხე და ვერც ის დგინდება, რომ ასეთი საფრთხის შემთხვევაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას.

6. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს. ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს, არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ. ე. ი. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება არც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, 2024 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კი, მას უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე – ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ხაზგასასმელია, რომ სტატუსის მაძიებლობა, განსახილველ შემთხვევაში, თავის მხრივ, არც წარმოადგენს ექსტრადიციის დასაშვებობის დამაბრკოლებელ გარემოებას, რამეთუ მ. ე. ი. არ არის მომთხოვნი სახელმწიფოს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, არამედ – თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №8I-22, პუნქტი 20-21).

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის შესახებ კასატორის მოთხოვნა არ არის სათანადოდ არგუმენტირებული, ვინაიდან საჩივარში მითითებული საკითხები არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. ამ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა (იხ. მაგალითად: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები საქმეებზე: №8I-22; №8I-24; №20I-24), რომლის შეცვლის საფუძველი არ არის გამოკვეთილი.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ე. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი